სისხლი და ქვიშა


მცირე პრეისტორია

ჯერ იყო თაყვანისცემა და მსხვერპლად შეწირვა, შემდეგ რელიგიური დღესასწაულების და სამეფო ქორწილების დროს მცირე გართობის სახე ჰქონდა, მოგვიანებით კი მიიზიდა რა ხალხის ყურადღება, კორიდა მასშტაბური სანახაობა, ეროვნული მოვლენა და ესპანური კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.

პირველად როგორც სანახაობა 1726 წელს შედგა, სადაც არა ცხენზე ამხედრებული, არამედ ქვეითი ტორერო ებრძოდა ხარს, რაც ასევე პირველად მოხდა ამ წელს და დამკვიდრდა როგორც ორთაბრძოლის ტრადიცია.

 

ისტორია I

პირველი ძლიერი შთაბეჭდილება მივიღე 1989 წელს გადაღებული ესპანური ფილმით სისხლი და ქვიშა (მთავარ როლში ქრისტოფერ რიდელი და შერონ სთოუნი), მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ არსებობს ამავე სახელწოდების კიდევ სამი ფილმი (1922, 1941, 1987 (ფრანგული)).

ოთხივე ფილმი ესპანელი მწერლის ვისენტე ბლანკო იბანიესის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა.

გამიკვირდა და რამოდენიმე ხნის წინ, სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში ქართულ ენაზე ნათარგმნსაც წავაწყდი, თურმე ბორის მირცხულავას შემოეთარგმნა 1963 წელს და მინდა გითხრათ საკმაოდ კარგი თარგმანია.

წიგნში ზედმიწევნით რეალისტურად არის გადმოცემული ამ მოვლენის მნიშვნელოვანი შტრიხები, მისი მონაწილეები, გარეშე მაყურებლები, ემოციები, ფიქრები, მთელი თავისი დადებითი თუ უარყოფითი ორომტრიალით.

მაშინდელი ტორერო ფაქტობრივად შეგვიძლია დღევანდელ გლამურულ კინოვარსკვლავსაც შევადაროთ. სრულიად ღარიბი ფენიდან წამოსული ადამიანი დიდი მონდომებით, შრომისმოყვარეობით და ბრძოლისუნარიანობით უეცრად პოპულარული, მდიდარი და პატივსაცემი ადამიანი ხდებოდა.

იბანიესის გმირიც სწორედ ასეთია, უბრალო, ღარიბი ხალხის წრიდან გამოსული, მეწაღის შვილი – ხუან გალიარდო; თუმცა სწრაფად მიღწეული სწრაფადვე უკუსვლას იწყებს, იწყება პიროვნული გაორება, გმირი წყდება მშობლიურ ადამიანებს და კიდევ უფრო შორდება უკვე მიახლოებულ არისტოკრატიულ ფენას, რომლისთვისაც ის მხოლოდ გასართობი სათამაშოა და მეტი არაფერი, გალიარდო საკუთარ თავთან ბრძოლაში უკანასკნელ ძალებს და ნებისყოფას  ხარჯავს და ხართან გადამწყვეტ შეხვედრაზე ღონემიხდილი მიდის.

დასუსტებული გარშემომყოფებთან ბრძოლით, გულგატეხილი და განადგურებულია,  მან უღალატა მეუღლეს, მეგობრებს, მიეძალა სასმელს, სიგარეტს, დაკარგა ჩვეული ფიზიკური ფორმა, ხალხის თვალში კი სახელი, ყველაფერი დევს სასწორზე, ყველაფერი დამოკიდებულია ბოლო ორთაბრძოლაზე.

აი ხარი კი საუკეთესო ფორმაშია, სპეციალურად გამოზრდილი, ნაკვები, მოვლილი, უკვე პიკადორის და ბანდერილიეროს ეტაპები ჩავლილია, ხარი გააფთრებულია, ახლა ტორეროს ჯერია, მან უნდა დასცეს საბოლოოდ ხარი ქვიშაზე.

სასწორის პინა ხარის სასარგებლოდ იხრება, ტორეროს დაშნა სასურველ მიზანს სცდება, ხარის რქენა კი ზუსტი და სასიკვდილოა გალიარდოსთვის.

საინტერესო და შთამბეჭდავია ბოლო სცენა – გალიარდოს სიკვდილი, ხარი, მისი მეგობრის სახით გამოხატული მთელი ამ ფარსის უაზრობა  და უსაშველოობა; უცვლელად გადმომაქვს წიგნის ბოლო პასაჟები:

 ”უეცრად ნასიონალს შეზიზღდა ყველაფერი, განსაკუთრებით ხალხი, რომლის მეშვეობითაც გზას იკაფავდა ეს დაწყევილილი ხელობა . . . .”

”ფიქრში წასულმა ნასიონალმა დაინახა დასისხლიანებული ხარი, რომელსაც სარბიელიდან მოათრევდნენ. პირუტყვს კისერი ამობურცვოდა, ფეხები გაშეშებოდა და უსიცოცხლო თვალები ლაჟვარდოვანი ცისკენ აღეპყრო.”

”ამ სანახაობამ კედლებს მიღმა მყოფი მეგობარი გაახსენა. იმასაც ხელ-ფეხი გაშეშებული ჰქონდა. პერანგს ქვემოთ დაფლეთილი მუცელი მოუჩანდა და უსიცოცხლო თვალები ჩამუქებოდა”

”უბედური ხარი! უბედური ტორერო!

ცირკიდან მხიარული ყიჟინა მოისმა. ხალხი ახალ სანახაობას ეგებებოდა, თვალდახუჭულმა ნასიონალმა მუშტები მოკუმშა.

ღრიალებდა მხეცი – ერთადერთი, ნამდვილი მხეცი”

ისტორია II

მეორე შთაბეჭდილებაც  ისევ ფილმით მივიღე, (მთავარ როლში ედრიან ბროუდი და პენელოპა კრუსი), ფილმი ბიოგრაფიულია, ძველი ფოტოებიდან, დოკუმენტური კადრებიდან თითქმის ზედმიწევნით არის გადმოტანილი რეალობა – ასე გავიცანი მანოლეტე   – ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტორერო.

ჯაჭვი უცვლელია, ჯერ პიკადორი და ბანდერილიერო ახელებს ხარს პატარა დაშნებით, შემდეგ ტორერო წითელი ნაჭრის ფრიალით და საბოლოო დარტყმასაც სწორედ ის აყენებს, თუმცა არ ვიცი ამ ჯაჭვში სად ჩავსვა ქალი, რომელიც ტორეროს ახელებს ან რა სახელი დავარქვა.

არანორმალური სიმამაცის და სიყვარულის ისტორია, მუდმივი კონფლიქტი საყვარელ ქალთან, რომელიც არ მოსწონდათ მის მეგობრებს, დედას, ნათესავებს და უშლიდნენ მასთან ურთიერთობას. ქალი, რომელიც მის სასიკვდილო სარეცელთანაც კი არ მიუშვეს მისი სიკვდილისწინა დაქორწინების შიშით.

1947 2ლიწ 28 აგვისტოს, არენაზე დაახლოებით 10,500 ადამიანი ელოდა მანოლეტეს, რომელიც იმ დღეს თავის მეორე ხარს ხვდებოდა – ყველაზე გამხეცებულ, უზარმაზარ (495 კგ), განთქმულ მიურას ხარს – ისლეროს. მიურას ფერმის პატრონმა მანოლეტე გააფრთხილა, რომ ხარს ცუდი მხედველობა ჰქონდა, მარჯვენა რქით რქენას იყო შეჩვეული და სთხოვა მალე დაესრულებინა ბრძოლა.

ხალხი ბობოქრობდა, ადგილს ვერ პოულობდნენ, სიცხე უფრო და უფრო აჭერდა არენას.

სასიკვდილოდ განწირული ცხოველი უკანასკნელ ბოლთას სცემდა ცალი ფლოქვით, წითელი ნაჭერიც უტიფრად ფრიალებდა მზის გულზე, ტორერომ უკანასკნელად დაუმიზნა დაშნა და მოდიან, დაშნა ცხოველში და ისლეროს მარჯვენა რქა ტორეროში, როგორც ძველები არ იტყვიან, მომაკვდავი ხარის რქებიც კლავენ ხოლმე . . . . დაიცალა მანოლეტე! სასიკვდილო სარეცელზე მხოლოდ საყვარელი ქალის სახელს ჩურჩულებდა.

ყველა კვდება ფილმშიც, წიგნშიც და რეალობაშიც . . .

ცრემლები ნიკაპთან ინასკვება . . . .

და რა გინდა ამ დროს? გინდა რომ მანოლეტეს საყვარელი ქალისთვის დაეჯერებინა, ის არ გასულიყო უკანასკნელ ბრძოლაში, თუმცა გადარჩებოდა მხოლოდ მანოლეტე, ხარს მაინც მოკლავდნენ, სხვა ტორერო მოკლავდა, ახალგაზრდა და ამბიციური ტორერო . . .  რომელიც მოვიდა კიდეც მოგვიანებით და მანოლეტოს სიკვდილის შემდეგ თავი ნომერ პირველ მებრძოლად გამოაცხადა.

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

გენერალმა ფრანკომ რამოდენიმე დღიანი გლოვა გამოაცხადა ესპანეთში.

ხალხი შოკში იყო, ისეთ შოკში, რომ ვერც ხვდებოდნენ როგორ შექმნეს გმირი, როგორ აგოგმანეს ხელიხელ და შემდეგ როგორ მოკლეს ის.

ძვირად ფასობს ესპანეთში ლამაზი ქალის მიერ გახელებული ტორეროს  მოკლული ხარის ყვერები, ოდენ ძვირფასი და სასურველი დელიკატესია.

აღტკინებული ტურისტებიც მრავლად აწყდებიან სისხლიან ორთაბრძოლას  . . .

ტემპერამენტიანი ესპანელები კორიდაზე იცლებიან . . .

ხარებსაც და ტორეროებსაც დაბადებიდან ზრდიან ორთაბრძოლისთვის . . .

ქვიშასაც უხვად ყრიან, ის ხომ ყველაზე კარგად ნთქავს სისხლს . . .

———–

კადრი ფილმიდან ”სისხლი და ქვიშა” (1989)

მარცხნივ მანოლეტე, მარჯვნივ ედრიან ბროუდი ფილმში ”მანოლეტე”

რითაც გამორჩეული იყო – საოცრად ახლოს, სხეულ-სხეულ ხართან შეხება და თითქმის უძრავი თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა 

კადრი ფილმიდან ”მანოლეტე” – 2007 

Advertisements

9 comments on “სისხლი და ქვიშა

      • რამდენიმე ფრაზა მახსოვს განსაკუთრებით – როდესაც მოკლული ხარის სისხლის ყვითელ ქვიშას ერეოდა მას ეჩვენებოდა რომ თითქოს ხედავდა ნაციონალური დროშის ფერებს, ასე ამაყად რომ ფრიალებდა კორიდაზე. და ის კიდევ .. ო მზის ქვეყანავ… წარმტაცო ესპანეთო… რამდენ სისულელეს არ ჩაადენინებ ადამიანს… და კიდევ … მათ მიაჩნდათ რომ თუ ანდალუზიური ღვინო არ სვი და კორიდაზე არ იარე , მაშინ ესპანეთში დაბადებას აზრი არ აქვს..

  1. მე არ მაქვს წაკითხული წიგნი, მხოლოდ ფილმი ვნახე…
    კორიდას მიმართ კი ცალსახად უარყოფითად ვარ განწყობილი. ეს ჩემთვის არც სიმამაცის გამოჩენის საშუალებაა, არც სანახაობა. უაზროდ და უმიზნოდ დაღუპული ცხოველები და ადამიანები… სისხლმოწყურებული ბრბოს დაკმაყოფილების საშუალება 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s