ქაირო – მტვერში დაკარგული ბრილიანტი


მოვედით, მოვედით, – შემომესმა გიდის ხმა, მთელი ღამის ნამგზავრმა ძლივს გავახილე თვალი, ხუმრობა ხომ არ იყო 500 კილომეტრი გავიარეთ და აი როგორც იქნა დილის შვიდ საათზე ქაიროში შევედით. პირველი რაც დავინახე იყო საშინელი ნისლი, თუმცა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა უცებ ვერ გამოვარკვიე, რომ ეს ნისლი კი არა საშინელი მტვრის ჯანღი ედგა მთელ ქაიროს თავზე. დილის შვიდი საათი და 25 მილიონიანი ქალაქი დუღდა, ხალხი მოძრაობდა, გვერდებ მიჩეჩეჩქვილი მანქანები უკვე ჩვეული საცობის ფორმირებას იწყებდნენ. მიჩეჩქვილი მანქანაც და საცობიც ჩვეულებრივი ამბავი იყო ამ უზარმაზარ და უშუქნიშანო ქალაქში. მოძრაობის მარეგულირებელი სამი ფერი  მხოლოდ მერიასთან დავლანდე წრიულზე.

პირდაპირ გეტყვით, ფეშენებელური სასტუმროდან გამოსვლის, 500 კილომეტრი გაზიმზიმებული ტრასის გავლის შემდეგ ქაიროში შესვლა იყო სრული შოკი. დაახლოებით ისე მეჩვენებოდა, რომ მეოთხე დონის (ყველაზე ბოლო) სიზმარში მოვხვდი, ისე როგორც ფილმში ”დასაწყისი”; ნაცრისფერი, ასფალტისფერი, მტვრისფერი – ფერების სიძუნწე შემომაგება ქაირომ, ნახევრად ან მთლიანად ჩამოგრეული შენობებიც არ დაენანა; შიგადაშიგ ქალები უზარმაზარ თავზე წამოდებულ ბოხჩებს ეზიდებოდნენ, თავით ფეხებამდე შემოსილები, თუმცა ბურქით ერთი-ორი ვნახე მხოლოდ ქაიროს მუზეუმთან, ჩემსავით ტურისტები იყვნენ ისინიც. პერიოდულად ხან ცხვრები და ხან თხები ჩანდნენ, რომელთაც ადგილობრივი მწყემსები ჰყავდათ. ნილოსის შემალული ადგილები ფაქტობრივად სანაგვედ ჰქონდათ ქცეული, გიზასკენ კი შეჭაობებულმა ადგილებმა და ნაგავმაც იმატა, უმეტეს წილად ღარიბი უბნები, რაღაც დახლები, პირამიდები რომ გამოჩნდა ჩემ თვალსაწიერში, ასე იყო მარჯვნივ პირამიდები და მარცხნივ ელიავა, თვალებს არ ვუჯერებდი, ქვეყანა, რომელიც ასეთი სიმდიდრეს ფლობდა, სრულ სიდუხჭირეში და ჭუჭყში იხრჩობოდა. ყველა სარეკლამო ბილბორდს თუ ბანერს, ფერი გაჰხუნებოდა და მძიმე მტვერი დასდებოდა, გაოგნებულმა ჩავუარე გვერდი კოკა-კოლას სარეკლამო სტენდს, რომელიც სასტუმროს თავზე იწონებდა თავს.

ფერები მხოლოდ სამი სახის ბილბორდზე დამხვდა, რომელიც უხვად იყო ქალაქში მიმობნეული:

1) უბერებელი მუბარაკის

2) სარეცხი მანქანის რეკლამის და

3) ანდრეა ბოჩელის

ჰო, სწორედ იმ დროს ქაიროს ოპერაში იყო მოწვეული კონცერტის გასამართად და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადგილობრივ მოსახლეობას ახსენებდნენ პრეზიდენტს, სარეცხის რეცხვას და ბოჩელის კონცერტს.

გიდს ძალიან ხშირად ვხვდებოდით, მეტად მოვშინაურდით, გვესაუბრებოდა ადგილობრივი ხალხის სიდუხჭირეზე, სოციალურ მდგომარეობაზე, წარმოგიდგენიათ მინიმალური ხელფასი ეგვიპტეში არის თვეში 6 დოლარი (შედარებისთვის: კოკა-კოლა რკინის ქილით 3 დოლარი ღირს); ხალხის ძირითადი მასა დაკავებულია ტურისტულ სექტორში, კერძოდ კი ზღვისპირა კურორტებზე მდებარე სასტუმროებში; სასტუმროში მუშაობა მეტად პრესტიჟულია, თუ ცოტა ინგლისური იცი, კარგ ადგილსაც მოგცემენ – მაგალითად მენეჯერის, ხელფასიც ასე 150-200 დოლარი ექნება, ხალხის დანარჩენი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, სხვადასხვა მდიდარი ადამიანების მამულებში.

– არ მოგწყინდათ ეს პრეზიდენტი? – ვეკითხები გიდს.

– (იცინის) ხო შეიძლება, მაგრამ რა გინდა რომ გააკეთო, რაც დავიბადე მაგას შევცქერი, შევეჩვიე კიდეც (იცინის კვლავ)

– და ხალხი არ გამოთქვამს პრეტენზიას? ასეთი სიღარიბე, უმუშევრობა . . .

– კი აქა-იქ ყველა წუწუნებს, მაგრამ ერთიანობა არ აქვთ, ეშინიათ, მეც ახლა არ უნდა ვლაპარაკობდე ამდენს, რა დარწმუნებული ვარ რომელიმე თქვენგანი მოგზავნილი არ არის (უყვარდა ასეთი ხუმრობა ჩვენს გიდს) J

ამ დრომდე მომყვება ქაიროთი მიღებული შოკი და არ გაივლის ალბათ კარგა ხანს, დღეს, როდესაც უკვე რევოლუციის ხმები ჩამესმის ყურში, მიკვირს თუ რატომ არ მოხდა ეს უფრო ადრე, უბრალოდ არ შეიძლება ქვეყანაში მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი იყოს უსაზღვროდ მდიდარი და დანარჩენი მათი მონა-მორჩილი, ბალანსის მცირედ დარღვევა შეიძლება აიტანო, მაგრამ ამ დონეზე უკვე შეუძლებელია.
კარგი რამ მენიშნა ქაიროდან პირდაპირი ეთერის დროს, არ ჩანს მეამბოხეების პოლიტიკური ლიდერი, არ ჩანს რაიმე ოპოზიციური პარტია ან ძალა, მხოლოდ ხალხია გამუსული ქუჩებში, ხალხი.
როგორ განვითარდება მოვლენები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეგვიპტელ ხალხს ვუსურვებ მათ საკადრის ბრწყინვალებას, დღეს იქ მცხოვრები ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე თაობა ამას ნამდვილად იმსახურებს.

პ.ს. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო ყოველთვის, მეც გადავწყვიტე ოქტომბერში დაწყებული და მრავალჯერ გადადებული პოსტი სწორედ ახლა დამესრულებინა.

მაინც რა კარგი ფეხი მაქვს, ჰა 🙂

———————–

ჩემი გადაღებული სურათები (c)  26 სექტემბერი, 2010წ.

პირამიდების კვალდაკვალ


დაუსრულებელი სახლები (სახურავის გარეშე) გადასახადებისგან თავის არიდების საშუალება, ანუ როგორც კი სახლი დასრულდება მაშინვე მეტად მაღალი გადასახადით იბეგრება სახლის, ბინის მფლობელი

თეთრ ფერში მხოლოდ პოლიცია

ახალგაზრდები ნილოსზე

რეკლამა 🙂

ისევ ქაირო


Advertisements

12 comments on “ქაირო – მტვერში დაკარგული ბრილიანტი

    • ფაქტობრივად ვიწინასწარმეტყველე რა, მე შევცდი ეს პოსტი უფრო ადრე უნდა დამეწერა 🙂 თან ზუსტად ისე როგორც ჩაფიქრებული მქონდა თავიდან, უფრო დეტალურად და ფაქტებით 🙂

  1. ვა მართლა რა კარგი ფეხი გქონია:) გამოაცოცხლე ხო ხალხი?
    ეხა ის გიდი გულში გლოცავს ალბათ :დ

    • ხო აბა კიდევ იმდენ რამეზე ვისაუბრეთ, აქა–იქ მახსოვს დეტალები ახლა, კარგი ადამიანი და კარგი გიდი იყო ნამდვილად 🙂 🙂

  2. Pingback: Tweets that mention ქაირო – მტვერში დაკარგული ბრილიანტი « Litterator's Blog -- Topsy.com

    • ხო წარმოიდგინე ახლა რა თანხა უნდა იყოს რომ ყველა სახლი, კორპუსი ასე თავახდილია, გზად პატარა რესტორანში რომ გავჩერდით ისიც ასე თავახდილი იყო, თან შიგნით ისეთი მოკრიალებული იყო ყველაფერი, რემონტით და ა.შ.

  3. ნაგვის ბუდე იყო და ვითომ უმუბარაქობა უშველის მაგათ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s