სუიციდური კონცეფციები და ალუბლის გემო


“You have a choice. Live or die. Every breath is a choice. Every minute is a choice. To be or not to be.”

ირანელი რეჟისორი, აბას ქიაროსთამი თავის ფილმში  – ”ალუბლის გემო” თითქოს მარტივი ხერხებით გვიჩვენებს იმ სუიციდურ კონცეფციებს, რომელიც უცხოა, როგორც აღმოსავლური ისე დასავლური კულტურისთვის.

ეს ფილმი მე პირველად ვნახე და დასაწყისში უფრო მეტად ჰომოსექსუალური კონცეფციები დავინახე ვიდრე სუიციდური; მთავარი გმირი, ბატონი ბადი, მოძრაობს ფილმში არსებული სოციალური ფონის მიხედვით ძვირფასი მანქანით, თეირანის მეტად ხრიოკ და მიუვალ ადგილებში, სადაც ძირითადად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და პოტენციური მუშები ეძებენ ან ელიან პოტენციურ დამქირავებელს.

იგი პერიოდულად ჩერდება და ეკითხება მუშებს, სად მუშაობენ, მოსწონთ თუ არა სამუშაო, ხელფასი რამდენი აქვთ, ჰყოფნით თუ არა ხელფასი და ა.შ. ამის შემდეგ სთავაზობს სამსახურს მათ, თუმცა დასაწყისში უარს იღებს.

ბადის სახეზე მცირედი დაძაბულობა შეინიშნება მანქანით მოძრაობის დროს, თუმცა ზოგადად მშვიდია, დიდი ინტერესით ეკიდება თითეულ შემხვედრს, მანქანიდან ფაქტობრივად არც გადმოდის ორი თუ სამი შემთხვევის გარდა; მიუხედავად იმისა, რომ იგი სრულიად უცხო ადამიანია, შემხვედრი ადამიანები მას საკმაოდ გულახდილად ესაუბრებიან და ზოგადად მთელი ფილმის განმავლობაში გვესმის მხოლოდ გულახდილი და თბილი საუბრები.

საინტერესოა ქიაროსთამისეული გადაღების ტექნიკა, ფილმის ძირითადი ნაწილი მანქანაშია გადაღებული, ანუ კადრში ჩანს ცალკე ბადი ან ცალკე მისი თანამოსაუბრე, თანამოსაუბრეები ერთად იშვიათად ჩანან, რადგან კადრებს, ქიაროსთამი მოსაუბრის გვერდითა სავარძლიდან იღებდა. ჩანს შორეული ვიწრო ხედები მანქანიდან, რამოდენიმე შორი კადრი გვიჩვენებს თუ როგორ ადის ბადის მანქანა მთაზე ხვეულ, ვიწრო და ძლივს გაკვალულ გზაზე, ფილმის განმავლობაში ამ მთაზე რამოდენიმეჯერ ადის ბადი, ეს გზაც სიმბოლურად მომეჩვენა, ბადის ცხოვრების მსგავსი, რუტინულად ერთ ხაზზე მოსიარულე, რომელიც ერთხელ გაკვალა მან ან ვიღაცამ და   მოსწყინდა მასზე მუდმივად სიარული, უინტერესო გახდა და მთლიანად ეს უნაყოფო, ხრიოკი ლანდშაფტი მეტაფორულად სწორედ ადამიანის, ამ შემთხვევაში ფილმის მთავარი ფმირის სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, ამიტომ გადაწყვიტა ბადიმ ამ გაკვალულ ხრიოკ გზაზე არსებულ ერთ ხესთან, ერთ განსხვავებულ ნიშნულთან, გაეთხარა ორმო, რომელშიც ჩაწვებოდა და საძილე აბების საშუალებით თავს მოიკლავდა.

სწორედ ამისთვის სჭირდებოდა მას დამხმარე, რათა მისულიყო მასთან დილით და მიწა მიეყარა.

პირველი მგზავრი, რომელიც ბადის მანქანაში აღმოჩნდება, არის ჯარისკაცი ქურთისტანიდან, რომელიც მსახურობს ირანში. ბადი მას ყაზარმამდე წაყვანას შესთავაზებს, საუბრისას ირკვევა, რომ ყაზარმაში მისვლა ჯერ ადრეა და ბადი ჯარისკაცს სთავაზობს სამუშაოს და დიდ თანხას, სანამ მთაზე ნიშნულ ხესთან არ მივლენ ბადი არ უმხელს სამუშაოს არსს.

”როდესაც მიწის მუშა იყავი და საძირკველს თხრიდი, ოდესმე გცოდნია რის საძირკველს თხრიდი?” მის კითხვას კითხვით პასუხობს ბადი.

ხესთან მისვლისას, ბადი ანახებს ორმოს და უმხელს ქურთ ჯარისკაცს თავის გეგმას, რომელსაც 20 ნიჩაბი მიწის მიყრაში 200000 თუმანს სთავაზობს.

დამფრთხალი ჯარისკაცი უარს ამბობს, ჩამოუხტება მანქანიდან და მთიდან თავქუდმოგლეჯილი ეშვება.

შემდეგ ერთ-ერთ მშენებლობასთან დაინახავს დარაჯს, რომელსაც ასევე სთავაზობს მანქანით სუფთა ჰაერზე გასეირნებას, თუმცა ბადისგან განსხვავებით ავღანელი დარაჯი გრძნობს რაღაც ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს და არ ტოვებს ცემენტის დასამუშავებელ ცეხს, რომელიც გაფუჭებულია და არ მუშაობს და რომელსაც ვერავინ მოიპარავს და რომელიც დგას ხრიოკ ადგილას. ანუ ფაქტობრივად უფუნქციო დარაჯიც კი ბადის ფონზე რაღაც ფუნქციების მატარებელი ჩანს და თავისი პოსტის ერთგული რჩება, ჩაისაც კი შესთავაზებს ბადის;

მეორე მგზავრი, არის დარაჯის მეგობარი სემინარიელი, რელიგიური ადამიანი, რომელიც ასევე ავღანელია. იგი მშვიდად და ზრდილობიანად უსმენს ბადის, აღნიშნავს, რომ ყურანი კრძალავს თვითმკვლელობას, მაგრამ ძალიან არ ცდილობს მის გადარწმუნებას, პირიქით მეჩვენება, რომ ბადი უფრო დამაჯერებლად საუბრობს და არწმუნებს მისი გადაწყვეტილების სისწორეში.

”სიტყვა ”თვითმკვლელობა” მხოლოდ ლექსიკონისთვის არ არის, მას პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს” – ეუბნება იგი სემინარიელს. ღმერთს უმიზეზოდ არ განუთავსებია ეს სიტყვა იქ, იგი ადამიანს ათავისუფლებს ტკივილისა და ცოდვისგან; რადგან როდესაც ადამიანი უბედურია, იგი ტკივილს აყენებს გარშემომყოფებს და ეს ცოდვაა;

”მე შენი მხოლოდ ხელები მჭირდება და არა ენა და გონება” – ამბობს ბადი.

თუმცა სემინარიელიც უარს ეუბნება, სთხოვს დაფიქრდეს და ეპატიჟება ომლეტზე, რომელსაც მისი მეგობარი დარაჯი ამზადებდა; მაგრამ ბადი ომლეტზე უარს ამბობს, და ეუბნება, რომ კვერცხი არ ეჭმევა (?!)

მძიმე და ხანგრძლივი ეპიზოდის შემდეგ, ბადის მანქანაში, უკვე მესამე მგზავრია, რომელიც როგორც საუბრიდან ირკვევა თანახმაა ბადის დაეხმაროს.

ნედლი სემინარიელისგან განსხვავებით იგი მონდომებით ცდილობს გადაარწმუნოს ბადი, რაშიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას იშველიებს. წარმოშობით თურქი, ბატონი ბაღერიც ცდილობდა თვითმკვლელობას, მაგრამ საბედნიეროდ იგი აღმოჩნდა თუთის ბაღში და თუთის გემოს შეგრძნებამ გადააფიქრებინა თვითმკვლელობა.

ყველას აქვს ცხოვრებაში პრობლემები, რომელთა მოგვარება შეიძლება, და თვითმკვლელობა ნამდვილად არ არის გამოსავალი. ყველანაირად ცდილობს თურქი ტაქსიდერმისტი დაიცვას სიცოცხლე და დაარწმუნოს ბადი თუ რა ტკბილია იგი.

ტაქსიდერმიტს მიიყვანს მუზეუმამდე და როგორც მახსოვს ეს არის ქალაქის ის ერთადერთი ნორმალური ნაწილი რომელიც ჩანს ფილმში;

აქ ვიფიქრე, რომ ბადის ნდობა გაუჩნდა ტაქსიდერმისტის მიმართ, ფილმის ამ მონაკვეთში ბადი ყველაზე მეტად ღელავს და მგონი ღელავს საკუთარ სიცოცხლეზე, ის კვლავ ბრუნდება მუზეუმში და ტაქსიდერმისტს სთხოვს ორი ქვა წამოიღოს, რომ შეამოწმოს ბადი ნამვილად მოკვდა თუ არა, თან ხელიც შეახოს და შეამოწმოს, ვაიდა იქნებ სძინავს, და მხოლოდ ამის შემდეგ მიაყაროს სასურველი მიწა.

ფილმი მრავალ კითხვას ბადებს, ყველა კითხვა ტრიალებს თვითმკვლელობის გარშემო. რატომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა, რას მიჰყავს ადამიანი თვითმკვლელობამდე, არის თუ არა ცოდვა თვითმკვლელობა, ჰქონდათ თუ არა დების ოპონენტებს საკმარისი არგუმენტები მისი გადაწყვეტილების გასაქარწყლებლად? რისი თქმა სურს ქიაროსთამს ამ ფილმით და სხვა მრავალი ასეთი კითხვა . . ..

არის თუ არა ცოდვა თვითმკვლელობა, პასუხები სხვადასხვაა გამომდინარე ნაირგვარი კულტურიდან, ადამიანის ინდივიდუალური თვისებებიდან და ზოგადად რელიგიური კუთვნილებიდანმაგრამ არცერთი პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი,. ყურანი გარკვევით მიუთითებს რომ ეს ცოდვაა.  მიუხედავად აკრძალვისა, ფილმში თვითმკვლელობა ჩანს სამართლიან არჩევნად ადამიანის ცხოვრებაში, ბადის აქვს დიდებული არგუმენტი: რატომ არ უნდა მოიკლას ადამიანმა თავი თუ კი ის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ტკივილს აყენებს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.

ქიაროსთამი ფილმში ხსნის აღმოსავლურ გონს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფიქსირებული იყო კონცეფციაზე, რომ თვითმკვლელობა არასწორია;  როგორც დასავლური (ბიბლია) ასევე აღმოსავლური (ყურანი) კრძალავს თვითმკვლელობის კონცეფციას როგორც არჩევანს ცხოვრებაში. ქიაროსთამმა აიღო ეს არჩევანი და თავისი ფილმის საშუალებით დადო მიკროსკოპის ქვეშ. მისთვის მნიშვნელოვანია არა თვითმკვლელობის მიზეზები, არამედ ამის ჩადენის სურვილი. ეს არის მისი სურვილი და პატივი უნდა ვცეთ მას.

შემდეგ დილას, ბადი მიდის მონიშნულ ხესთან და ამოთხრილ ორმოსთან, კადრი ბნელია, და აქა იქ ნათდება ელვის საშუალებით, ჩვენ ვარაუდით მან მიიღო აბები, როგორც დაგეგმილი ჰქონდა (თუმცა ეს არ ჩანს გარკვევით) და წვება ორმოში, თვალები გახელილი აქვს, შემდეგ ხუჭავს, ელვა ხანდახან ანათებს მის სახეს მიწაში, წვიმას  იწყებს, ქუხს . . .

რამოდენიმე წუთით კადრი ბნელდება, ვუყურებთ სრულიად შავ ეკრანს, გვესმის მხოლოდ წვიმის და ჭექა-ქუხილის ხმა, სწორედ ეს რამოდენიმე წამი გვაქვს იმისთვის, რომ ჩავფიქრდეთ ჩვენს საკუთარ სიკვდილზე, როგორ გვინდა მოვკვდეთ, როგორ გვინდა ვიცოცხლოთ, სიბნელის შემდეგ ყველაფერს ნათელი ეფინება, ხრიოკიდან მშვენიერ მინდორში ჩნდება მთავარი გმირი, რეჟისორი ქიაროსთამი თავის კამერასთან, გადამღები ჯგუფი შტატივებით, მიკროფონებით, აყვავებული ხეები, ჯარისკაცების შეძახილები . . . .

მთავარი გმირი (ეს-ეს არის ორმოდან ამოსული) სიგარეტს სთავაზობს ქიაროსთამს, და გადაღება სრულდება . . . .

ასე ვუბრუნდებით კვლავ რეალობას, გვაქვს საოცარი შეგრძნება, რომ ყველანი ცოცხლები ვართ, რომ სიცოცხლე ტკბილია, მრავალფეროვანია და რომ ყველა ფერი პირადად მე ჯერ არ აღმომიჩენია, და რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს/გვაქვს/აქვთ/გაქვთ!!!

ეკრანზე ჩნდება ტიტრები ჩემთვის ჯერ უცნობ ენაზე, ისმის ლუი არმსტრონგის ლამაზი მუსიკა, დარბაზში ინთება შუქი და ვიწყებთ დისკუსიას სიცოცხლის უფლებაზე . . . .

პ.ს. მე მახსოვს ერთხელ როგორ გავჩერდით ტრიალ მინდორზე, მატარებლით მიმავალნი; 11 საათის განმავლობაში ვიყავით გაჩერებული და თან მხოლოდ ერთი დიდი კალათა ალუბალი გვქონდა, ძალიან ბევრი ალუბალი ვჭამე, ეს აუტანელი იყო, და რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთ მგზავრს მწარე, მწვანე ხახვი ჰქონდა თან . . .

ძალიან გემრიელი იყო ის მწარე ხახვი, ამდენი ალუბლის შემდეგ . . .

ფილმის სცენარი იხილეთ ამ ბმულზე

პ.პ.ს. მადლობა დიმიტრი გუგუნავას ფილმზე მიწვევისთვის 🙂

 

ეპიზოდი – საუბარი დარაჯთან/მცველთან  – თარგმანის გარეშე, ორიგინალში 🙂

ბადი

ნაწყვეტი ფილმიდან

Advertisements

3 comments on “სუიციდური კონცეფციები და ალუბლის გემო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s