C’est la vie


მანქანა ძლივს დავქოქე, ხმა არ მომეწონა, დილა ცუდად დაიწყო, კარგად რომ მომესმინა მეტყოდა დღეს სახლში დარჩი ნუ წახვალო. მერე სამსახურში ვიყავი, ვიმუშავე, ქაოსურად მიდიოდა, მოდიოდა ხალხი, წრეზე ტრიალებდა ყველაფერი, ჩემი ჩათვლით, ამ ბოლო დროს აჩრდილივით დამყვება დეჟავიუს შეგრძნება. ერთი და იგივე  სულ, სამსახური, სახლი, სახლშიც მუშაობა, ისევ იგივე, თავბრუ მეხვევა. იქნებ ისე დამეხვეს თავბრუ, რომ დედამიწიდან გადავვარდე და სადღაც გავიშალო ვარსკვლავებად, არა მტვრად არა, მე ვიცი, რომ ვარსკვლავებად დავიშლები და მერე სხვებს გავუნათებ გზას დავეხმარები.

მინდოდა ჩემი წრისთვის, რაღაც კუთხე მიმეცა და თან გამეფერადებინა, კინოში წავედი ექვს საათზე იწყებოდა, მაგრამ თარგმანს ვერ მოვრჩი და ერთი საათის დაგვიანებით მივედი, მიყვარს კინო! ფილმი არ იყო შვების მომგვრელი ”The Fountain”, პირიქით უფრო ჩამაფიქრა, დამანაღვლიანა და ვაპირებდი რამე დამეწერა ამაზე . . . აპირებდი კარგია . . . სად არის ეგრე რამე დააპირო და ვინმემ გაცალოს, ისე როგორ შეიძლება რამე ჩაიფიქრო და ფიქრი არ ჩაგიფარცხონ, რამე იოცნებო და ოცნება არ გაგიქარწყლონ, ”ჩვენ ხომ შენთვის კარგი გვინდა”-ს სახელით. მე ვერ ვეგუები შენს მეგობრებს, მეუბნება დედაჩემი და რატომ არის აუცილებელი დედაჩემი შეეგუოს ჩემს მეგობრებს?! უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია, ასაკობრივი ზღვარი, განსხვავებული ინტერესები, მსოფლმხედველობა . . . არ მაინტერესებს მე ეს ყველაფერი, მუდმივი შეთქმულების თეორიები უკვე მაგიჟებს . . . ყველაფერს აქვს დასასრული . . . და ზღვარი .. .

ფილმის შემდეგ მივდიოდით სახლისკენ, მარჯანიშვილზე ხიდზე გადმოვდიოდით, უცებ ჩემი მეგობარი მეუბნება, გააჩერე, ვაიმე, გავიხედე უკანა სარკეში და ვიღაც ახალგაზრდა ზის ხიდზე ფეხები გადაყოფილი და იწერს პირჯვარს, ჩავიდა ჩემი მეგობარი და ელაპარაკება უცნობს, ჩამოვიდა ხიდიდან, რაღაც წერილი ჰქონდა თან, რაღაცას წუხდა, ჩიოდა, ყველგან კარი დამიკეტეს, არსად მიღებენ, ყველგან უარით მისტუმრებენ, აქ თავშესაფარი არ მაქვს, ტვირთის გადაზიდვით ვირჩენ თავს . . . . მოკლედ ამ კაცს სიკვდილი უნდოდა და არ ვაცალეთ . . . მაინც როგორი ეგოისტები ვართ ადამიანები, არაფერს ვაცლით ერთმანეთს, ხან სიკვდილს არ ვაცლით, ხან სიცოცხლეს . . .

აქა იქ ფილმიდან ფრაზები მახსენდება, უკურნებელი სენით კვდება მთავარი გმირი, ქალი, ცოლი, მაგრამ არა დედა, რომელსაც კაცი, ქმარი არ უშვებს, ვერ ელევა, ქალი ეუბნება: ”მე უკვე აღარ მეშინია”, ის მზად არის წავიდეს, ის შეგუებულია, მას უნდა, მოდი აცალე რა სიკვდილი, ნუ ცდილობ გაცოცხლებას და ნუ ამბობ, რომ სიკვდილი დაავადება და მისი მორჩენა შეიძლება და ნუ წახვალ წამლის საძიებლად.

მოდი ვაცალოთ ერთმანეთს სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, მეგობრობა, სიძულვილი და სხვა ათასი ქვენა და ზენა გრძნობა.

ვინ იცის ხიდზე მყოფმა ადამიანმა გაგვაბითურა, იქნებ მოგვატყუა, იქნებ, იქნებ . . . . ათასი იქნებ არსებობს . . . .

სიკვდილი კარგია, მაგრამ გამოსავალი მაინც სიცოცხლეშია . .

მეგობარი სახლში წავიდა, ვიღაც გადარჩა, ვიღაც მოკვდა,  ვიღაც დაიბადა, ვიღაცას ძალიან შესძულდა ან შეუყვარდა . . . ყველას რაღაც საქმე ჰქონდა, თუნდაც სუიციდური . . .

მე კი გიჟივით მოვქროდი და სახლში მეჩქარებოდა,. . .

და წითელზე, რომელზეც თითქმის არასოდეს ვჩერდები, მანქანა ჩაქრა . . . .

წერილი რომელიც იმ ბიჭმა გადმოგვცა – იხილეთ ამ ბმულზე

Advertisements

6 comments on “C’est la vie

  1. გამოხმაურება: “სასოწარკვეთილი” « NocHuRa's BLOG

  2. ”მოდი ვაცალოთ ერთმანეთს” – ეს ერთის მხრივ ძალიან კარგია. ყველამ ჩვენ ჩვენსას მივხედოთ, ნაღდად გადასარევი ამბავია ვერაფერს იტყვი.
    როგორ გგონია ცუდი გააკეთეთ იმ ადამიანის გადარჩენით?
    (ეს არაა რიტორიკული შეკითხვა და აპრიორი არ ვგულისხმობ რომ კარგად მოიქეცით, ხო მიმიხვდი რასაც გეკითხები)
    ანუ ღირს კი იმ ადამიანისთვის სიცოცხლე რამედ, თუ კი საკუთარი, სულ პატარა ადგილიც კი ვერ მოძებნა სამყაროში, თუნდაც თბილისში?

    იქნებ იმ ფაქტმა რომ ვიღაცამ ის გადაარჩინა მას ცოტა მუღამი მაინც მისცეს, იფიქროს რომ ყველასათვის სულ ერთი არაა ის ცოცხალი იქნება თუ მკვდარი?

    თუ რა აზრი აქვს ვინ როდის მოკვდება? მაინც ყველანი დავიხოცებით 🙂

    • მე ვერ გადავწყვეტ ღირს თუ არა მისი სიცოცხლე რამეს, ის იქ ყოფნით ამტკიცებდა, რომ არ ღირს მისი სიცოცხლე და სიკვდილი ურჩევნია, სტიმული შეიძლება მისცეს კი, მაგრამ რამდენად კეთილსინდისიერი იყო ის მის ქმედებებში ჩემთვის ჯერ ბუნდოვანია, სავსებით შესაძლებელი იყო ის მანიპულირებდა ხიდის მოაჯირზე ჯდომით და წარამარა პირჯვრის წერით. მან მიიღო შესაბამისი დახმარება (ჩემმა მეგობარმა ფული მისცა) და ჩვენ მივიღეთ შეგრძნება რომ ვიღაც გადავარჩინეთ . . . . არ ვიცი, დაბნეული ვარ ..

  3. არ ვიცი გენაცვალე, მე კი ვაღვარღვარე ცრემლები. სევდიანი სიმღერის ფონზე ვკითხულობდი და… 😀

    არა, რა არ ვიცი?!…უდაოდ კარგია თუ გადააფიქრებინეთ, თუ მართლა აპირებდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s