მე, სოხუმში


ღამე წავედით, მე და ჩემი მეგობარი ნოჩურა, საზღვარზეც ღამე გადავედით, გამთენიისას უკვე სოხუმში ვიყავით, ფეხით მივდიოდით, ციოდა . . . პირველად ვიყავით სოხუმში, დაბნეული და მოწყურებული ადამიანივით ვიყურებოდი აქეთ-იქეთ, საით გამეხედა და რა დამეთვალიერებინა არ ვიცოდი, ხანდახან ვჩერდებოდით, ვისვენებდით და ტელეფონით სურათებს ვიღებდი, არავინ გვიშლიდა, არც არავინ შეგვხვედრია პრინციპში. მხოლოდ ჩვენ მივდიოდით გზაზე, ზღვის ხმაური, მინგრეული გზა, ჩამოშლილი შენობები, ასე მეგონა მეოთხე დონის სიზმარში მოვხვდი, ისე როგორც ფილმში ”დასაწყისი”. სახლები იშვიათი იყო, სულ სასტუმროები, წინა ფასადზე ჩამონგრეული, შიგნიდან კი შედარებით მოწესრიგებული. მივათრევდით ჩემოდნებს, კამერას, შტატივს, ფილმის გადასაღებად ჩამოვედით და ალბათ ასე ორი კვირა დავრჩებოდით.

წვიმა დაიწყო, კოკისპირულად წვიმდა, როგორც იქნა მივადექით იმ სახლს, სადაც გველოდებოდნენ. ხო დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენთან ერთად იყო კატაც, ოღონდ მოგყვავდა თუ მოგვყვებოდა კარგად არ მახსოვს.

დიასახლისი შემოგვეგება, ვკანკალებდით, სიცივე ძვალ-რბილში გვქონდა გამჯდარი, ოთახში შეგვიძღვა, მაგრამ გვთხოვა, რომ კატა ცალკე ოთახში დაგვეტოვებინა მის ძაღლთან ერთად. ცოტა შევცბუნდი, კატა ძაღლთან როგორ უნდა შემეგდო, მაგრამ დიასახლისმა დამამშვიდა, პირველი შემთხვევა არ არის და მორიგდებიანო.

სითბოთი და ცხელი ჩაით ცოტა გონს მოვედით, სახლში კომპიუტერი იყო, სასწრაფოდ ჩავრთე, რომ უკვე გადაღებული სურათები არავის წაერთმია და საიტზე დამედო. დიასახლისს არ გამოჰპარვია ჩემი ნერვიული ფორხიალი და დამამშვიდა, არავინ დაგიშლის გადაღებას და არც არავინ წაგართმევს რამესო. ცოტა გულზე მომეშვა, ჩვენ ხომ აქ მთელი ორი კვირა უნდა გვემუშავა, არავის ვიცნობდით, არც ხალხს, არც გარემოს, მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი, რომ იქ თბილად დაგხვდებოდნენ და იქ გველოდნენ.

მეორე დღეს ადრიანად უნდა გავსულიყავით, ამიტომ ადრე დავიძინეთ, მთელი ღამე ვბორგავდი ნერვიულობისგან, თან მეშინოდა, თან კატაზე ვნერვიულობდი, არ ვიცოდი ხვალ სად მივდიოდით, ვის უნდა შევხვედროდით, როგორ შევხვდებოდნენ, გადმოცემაც არის და გადმოცემაც, წვიმის ხმა სადღაც მიწყდა, არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ან თუ მეძინა საერთოდ.

მაღვიძარამ დარეკა, ყოველ დილით პიაცოლა მაღვიძებს თოლიების და ზღვის ხმაურით, ყოველ დილით მინდა ეს ხმაური ნამდვილი იყოს და მე ფეხშიშველი დავდიოდე ზღვის სანაპიროზე.

მზემ ჩემი საძინებლის ფარდა გადასწია, დაღლილი და შეწუხებული ვახელ თვალებს, ვფიქრობ ჩემს ღამეულ სიზმარზე, აფხაზეთზე, ზღვაზე, ფილმზე, რომელიც ვერ გადავიღე, კატაზე, რომელიც იქ დავტოვე . . . და რატომ ეს ყველაფერი, მე ხომ მხოლოდ ზაფხულობით დასასვენებლად დავდიოდი იქ, მე ხომ არ ვარ აფხაზეთიდან, სადღაც ვიღაც გადაჭარბებულ პათოსში ჩამითვლის ყოველივეს, ვიღაცას გული აუჩუყდება, ვიღაც ჩაიქირქილებს, მე კი ყველას გეტყვით, რომ თქვენ ჩემს სიზმარში იყავით და ჩვენ ყველა ერთად სოხუმში ვიყავით, ეს არის და ეს.

”არ დგები?” საძინებელში შემოდის დედაჩემი.

”კი” ვპასუხობ, და მეც, მთელი ღამის ნამგზავრი და გადაღლილი ისევ ვდგები და სამსახურში მივდივარ.

ჩანაწერს ვუძღვნი ჩემს ყველა მეგობარს აფხაზეთიდან.

17 ნოემბერი, 2010წ.

Advertisements

6 comments on “მე, სოხუმში

  1. არასოდეს ვყოფილვარ სოხუმში… ვერ მოვასწარი… ჩემთვის ფასკუნჯივითაა, ბავშვობაში ზღაპრებს რომ გიყვებიან და გპირდებიან, აუცილებლად იპოვიო…. მერე იზრდები და აღარც ფასკუნჯია, აღარც სოხუმი… სამაგიეროდ გახსოვს ომი…. სამოქალაქო ომი, დევნილები, ცეცხლწაკიდებული თბილისი და ვაგზალზე მუყაოს კოცონზე გამთბარი მოვაჭრეები….

  2. სიტყვები რომ არ მყოფნის ეგ სიტუაციაა ეხლა..
    შენ,რომელიც აფხაზეთიდან არ ხარ ასე განიცდი..
    წარმომიდგენია იქიდან დევნილები რა დღეში იქნებია.
    და ამ პოსტის ემრე კიდე შემედავება ვინმე და მეტყვის იქ დაბრუნება არ უნდათ იმიტომ რომ არაფერი აქვთ და აქ აიწყეს ცხოვრებაო ალბათ მოვკლავ 😐

  3. თუ ოდესმე აფხაზეთი დავიბრუნეთ არასდროს წავალ სოხუმში : (((( იმ ადგილას სადაც მამაჩემი დაიღუპა და არც ვიცი სად არის დასაფლავებული : (((((((

  4. გამოხმაურება: მე, სოხუმში « ბლოგზმანება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s