ოპერაცია ”ჭუჭრუტანა”


ხელები უკან გადაჭდობილი, ცხვირზე წამოსკუპული სათვალე, აუდიტორიაში სვენებ-სვენებით ბოლთას სცემს მძიმედ, გასუსულები ვუსმენთ, ბუზის გაფრენის ხმაც კი ისმის, მაგრამ თუ ბუზს დააგვიანდებოდა და ზუსტად დილის ათზე არ იქნებოდა ლექციაზე, ვერც ის იბზუებდა.

კითხულობს ლექციას, ჩვენ ვიწერთ, ჩაახველა, ”რომ ჩავახველებ ეგეც არ დაწეროთ”, ვიღაცას უკვე მოესწრო და დაეწერა.

”აბა, რა მიაქვს მთამსვლელს როდესაც მთების დასალაშქრად მიდის”, ”ორი დადება ღომი?” (გადმოგვხედა სათვალიდან ცერად), – ”არა, რა თქმა უნდა, ჩურჩხელა მიაქვს თან”; ეს რას მოაყოლა არ მახსოვს, მაგრამ ასეთი განმუხტვის მეთოდი ჰქონდა ხოლმე, ლექციის მონოტონურობისგან.

ჯგუფში მხოლოდ ერთი ბიჭი გვყავდა, არ სწავლობდა კარგად, ერთხელაც ლექციაზე წამოაყენა ლექტორმა და ჰკითხა : ”აბა თუ მეტყვი დღეს რა დღეა, ნიშანს დაგიწერ”, ”პარასკევი” – უპასუხა სტუდენტმა. ჩვენ დავწყდით სიცილით, რა ბოროტები ვართ – იმ დღეს 26 მაისი და შესაბამისად დამოუკიდებლობის დღე. მაგრამ კითხვაც და პასუხიც ისეთი სხარტი იყო, თვით ბატონი ოთარ ჭურღულია, ოდენ კუშტი პრორექტორიც კი გულიანად ხარხარებდა.

ბატონი ოთარი ლიტერატურათმცოდნეობას გვიკითხავდა, ამ საგნის მეშვეობით, მეტ-ნაკლებად ვარჩევ ერთმანეთისგან სონეტს და ტრიოლეტს, მითს და ლეგენდას, ჰიპერბოლას, ალეგორიას, მეტაფორას, ეპიტეთს და ათას ასეთ აბდაუბდას.

მაშინ ვარჩევდი კი არა, პირველივე შემხვედრს არა და მეორე შემხვედრს აუცილებლად ბუალოს ან არისტოტელეს პოეტიკაზე გავესაუბრებოდი 🙂

ბოლოს ბატონ ოთარ ჭურღულიას ფრანგულის სახელმწიფო გამოცდაზე შევხვდი; დამსწრე იყო;

მაშ ასე სხედან, მარცხნიდან მარჯვნივ: ბატონი ოთარი, ქალბატონი ნანა, და კათედრის გამგე ქალბატონი რუსუდანი – ფრანცები;

შემხვდა თემა ”პარიზი”, რომლის შესახებ იმდენი ვიჟღურტულე, რომ გამაჩერეს და მითხრეს გადადი შემდეგ საკითხზეო.

შემდეგი საკითხი იყო რაღაც ნაკვესი ნაწარმოების დედანიდან, რომელიც ექსპრომტად უნდა მეთარგმნა; ვკითხულობ ფრანგულად, ვთარგმნი ქართულად;

მე მგონია, რომ ჭურღულია არ მისმენს, მაგრამ არა, ვცდებოდი;

თარგმანში ერთი ასეთი წინადადება იყო (ქართული თარგმანი): ”ფეხაკრეფით მიიპარა კართან და ჭუჭრუტანაში გაიხედა”

ოჰ! (შემაწყვეტინეს), ”არავითარი ჭუჭრუტანა” – წამოიძახა ქალბატონმა რუსუდანმა, აჰყვა ნანა და სათვალიდან ამოხტა ჭურღულია.

”აბა, რა?” – იკითხა ჭურღულიამ.

(მე როგორც მაგიდის ტენისს ისე ვუყურებდი გრანდების დიალოგს)

”ფოსო!” თქვა რუსუდანმა.

”ფოსო” – კვერი დაუკრა ნანამ.

”რა ფოსო? გადამრევთ თქვენ” – აღშფოთდა ჭურღულია.

”ბავშვმა აბსოლუტურად ლიტერატურულად თარგმნა – ჭუჭრუტანა, ფოსო შეიძლება იყოს თვალის, კბილის, მაგრამ არა კარის!!!” – თქვა (გრგვინვით);

ქალბატონები გაისუსნენ!

გრანდები დაცხრნენ!

მე განვაგრძე და გავიმეორე ”ფეხაკრეფით მიიპარა კართან და ჭუჭრუტანაში გაიხედა”

იმ დღეს სამი წყვილი გაბრწყინებული თვალი და ხუთიანი მივიღე, კარს ისე მივვარდი ფეხი ძირს არც დამიკარებია სიხარულისგან.

ასე დასრულდა ოპერაცია ”ჭუჭრუტანა”.

რამოდენიმე ავტორიტეტი არსებობს ჩემს ცხოვრებაში (როგორ ჟღერს?!) და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არასოდეს მიმითითებდნენ რა უნდა წამეკითხა, რა არ უნდა წამეკითხა, როდის უნდა წამეკითხა და ა.შ.

ორი რამ გახსოვდეთ კარგად:

1. არასოდეს წაიკითხოთ წიგნი თავის გამოსაჩენად (იმის გამო, რომ სადღაც ამ წიგნის შესახებ ორიოდ სიტყვა უნდა ჩააკვეხოთ)

2. არასოდეს არ ისწავლოთ ნიშნის გამო, იმ ნიშნის გამო, რომელსაც წლების შემდეგ ვერასოდეს გაამართლებთ.

წაიკითხეთ ის რაც გინდათ და ისწავლეთ ის რაც გინდათ, რაც მართლა გინდათ; ზედაპირულად, რაღაცის გამო წაკითხული ან ნასწავლი მაინც ვერ გაგზრდით და წინ  ვერ წაგწევთ, მაინც ჩაიჭრებით, ცოდნის ილუზია სადღაც ჩაგაგდებთ, თან სამარცხვინოდ ჩაგაგდებთ;

და პირიქით, ნუ გგონიათ უკეთეს ადამიანად წარმოჩნდებით მაშინ, როდესაც თქვენი ინტელექტით სხვას დააკნინებთ, ”ატლიჩნიკი”-ს თვისებები განაგდეთ!

 

ზუთხვა ჩემი სტილი არასოდეს ყოფილა, რაც მაინტერესებდა იმას ვსწავლობდი, შესაბამისად წითელი დიპლომი ვერ დავიმსახურე;

მაშინ ლიტერატურათმცოდნეობაში ბატონმა ოთარმა სამიანი დამიწერა.

დღეს მე ვიცი, რომ ამ ნიშანს ვამართლებ.

 

არმცოდნეთა მიერ მცოდნედ თავის გასაღება და ფსევდოდებატებში მონაწილეობა არ მომწონს.

როდესაც ვგრძნობ, რომ არ ვარ საკმარისად კომპეტენტური არ ვერევი, არც მაშინ ვერევი როდესაც ვგრძნობ, რომ მე უფრო მეტად კომპეტენტური ვარ, ორივე შემთხვევაში მერიდება;

გავიდა წლები, ბატონი ოთარიც გარდაიცვალა, მაგრამ ვიცი და კარგად ვხედავ, რომ ის სადღაც აქ არის, მგონია რომ არ მისმენს, მაგრამ სინამდვილეში ის, ყოველთვის, ძალიან, ძალიან დიდი ყურადღებით მისმენს.

Advertisements

13 comments on “ოპერაცია ”ჭუჭრუტანა”

  1. მე ვიყავი ატლიჩნიცა:):):)
    პირველ და მეორე კურსზე ყველაფერს ვსწავლობდი, მხოლოდ მესამე კურსზე მივხვდი, რომ ზოგი რამ არ უნდა მესწავლა და განვახორციელე მეოთხეზე:) ვოტ!

  2. მინდოდა ამის წაკითხვა და წავიკითხე.
    გეთანხმები ნიშნის გამო არ უნდა ისწავლო და უნდა ისწავლო მხოლოდ ის რაც გაინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეეშვა.

  3. ძალიან კარგი საკითხავი იყო. თან რომ ჩაგაფიქრებს და შენს მეხსიერებაშიც რაღაცეებს გაძებნინებს.

  4. ჭუჭრუტანისა არ ვიცი, მაგრამ ჩამოთვლილ ორივე პუნქტს რომ ვამართლებ, ეგ ვიცი.. 🙂

    რომ ვერ ვიტანდი და არ ვიზუთხავდი, მაგიტომ არ ვიცი ქიმია/ფიზიკა, არადა, რომ მესწავლა, ვინ იცის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s