ეგვიპტური ღამეები – საფარი

მეგონა ისე გამოვეწყებოდი როგორც ველ ქილმერი ფილმში ”მოჩვენება და სიბნელე” და ლომებზე ვინადირებდით, ან როგორც მინიმუმ ჩიტებს მაინც გავსკვანჩავდით. თუმცა ამაზე ჯერ მხოლოდ ოცნება შეიძლება; მანამდე კი, ერთ დილასაც ჩვეულებრივ ავდექი, ჩვეულებრივ ჩავიცვი, განსხვავება მხოლოდ არაფატი და ჯერ 15 დოლარად შეფასებული და შემდეგ 8 დოლარად ნაყიდი 1 დოლარიანი სათვალე იყო.  როგორც გავედი ჰოლში, უმალ, პუნქტუალურად მოგრუხუნდა არაბი დაპირებული ტოიოტას თეთრი ჯიპით, სადაც დამხვდნენ არაბი და რუმინელი ცოლ-ქმარი, რომლებიც ასევე ეგვიპტეს სტუმრობდნენ. მანდილოსნების დანახვა გამეხარდა (რა მნიშვნელობა ჰქონდა მაინც სულ უმცირესობაში ვარ ხოლმე); წინდაწინ გიდისგან ვიცოდი რომ საფარიში კიდევ 4 ქართველი მიიღებდა მონაწილეობას თუმცა მანამდე ისინი  ჩვენს არცერთ ტურში მინახავს.  სხვა ჯიპებიც შემოგვიერთდნენ, ამასობაში ეს 4 ქართველიც მოვიდა, ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ მივხვდი, თქვენც რომ ყოფილიყავით მიხვდებოდით, გურჯულად ჯიგიტობდნენ. ამოხტნენ მანქანაში, ერთ-ერთი მომისკუპდა გვერდზე და ბოხი, გურჯულ-ჯიგიტური ხმით: ”Hi” ანუ ხაი, მეც ანალოგიურად ოღონდ არაგურჯულად მივესალმე.

ამასობაში ჩვენი რუსულად მოჭიკჭიკე გიდი – იაჰაც ამოვიდა და დაიწყო ტურის შესახებ საუბარი, ანუ ახალ მოსულებს უხსნიდა სად და როგორ წავიდოდით, რა შედიოდა ჩვენს ტურში, რა იყო უფასო ა.შ. და ბოლოს ცხადია თავისებურად ხუმრობს (როგორც ყოველთვის), თვალებს პრაწავს და ხმამაღლა და გამოთქმით ამბობს: ”туалет тоже входит в тур, у нас есть саммый большой туалет в мире”, მე რასაკვირველია მივუხვდი იუმორს და გადავბჟირდი სიცილით, ეს ქართველები იყურებიან გაოცებულები, აშკარად ვერ გაუგეს, ხან იაჰას უყურებენ და ხან მე გაოცებულები, მერე ვიფიქრე ახლა რამე ისეთი არ უთხრან ამ ჩვენს გიდს და გავუმხილე საიდუმლო, რომ იაჰა მსოფლიოში ყველაზე დიდ ტუალეტად უდაბნოს გულისხმობდა და როგორც იქნა გაიცინეს,  (მეც შვებით ამოვისუნთქე); მოკლედ ამათ მე უცხოელი ვგონივარ და რუსულად რაღაც მკითხეს ერთი-ორჯერ, მეც ვუპასუხე (დამტვრეული რუსული აქ გამომადგა); მერე ერთმანეთში რაღაცეებს ხუმრობდნენ, თან იგინებოდნენ ხანდახან, გვერდზე მჯდომ არაბ ქალზე რაღაც გაიხუმრეს (არ დავწვრილმანდები ახლა) და ა.შ. ამასობაში ჩვენმა გიდმა ვერ მოითმინა და ხმამაღლა განაცხადა: ” ребята, давайте познакомится”. :) :)

და გვერდზე მჯდომი მომიბრუნდა, ხელი გამომიწოდა და ”Георгий” გურჯულ-რუსული აქცენტით.

მეც არ დავაყოვნე ხელი გავუწოდე და რუსულ-რუსული უწუწუ აქცენტით “Тамуна” ვეუბნები.

чтоооооооооо?

“Тамуна” ვუმეორებ სიცილით.

ხოდა მერე წავიდა კომენტარების კორიანტელი ტიპა: ”ქართველი ხარ?” ”კეფაზე წითელი ხალი ხომ არ გაქვს?” ”აუ ჩემი რა ვიგინეთ?” ”აუ რატო არ თქვი” ”ვაახ რა სირცხვილია” ”ბოდიში” ბუზუზუზუ, ბუჰეჰეჰეჰეჰე და ა.შ.

მოკლედ გავიცანით ერთმანეთი.

პირველი კითხვა, როგორც დანიშნულების ადგილას მივედით: ”კი მაგრამ მარტო რამ წამოგიყვანა?”

რას ჰქვია მარტო 8 ჯიპი მოგვყვება ტურისტებით სავსე მეთქი :)

ტურის პირველი ეტაპი იყო უდაბნოში კვადროციკლებით გასეირნება 40 წუთის მანძილზე. ვერაფერი ბედენა იყო, კვადროციკლი ზოზინებდა, ნუ მართალია ჩვენ რიგს ვარღვევდით და პირველები ვიყავით (ნუ ცხადია) მაგრამ მაინც ვერ ქაჩუნა იყო, თან სამი გამოვიცვალეთ, ქრებოდა სულ.

ამის შემდეგ გადავლაგდით ისევ ჯიპებში და გზა განვაგრძეთ უდაბნოში. მივადექით რაღაც მთას, რომელიც უნდა გადაგვევლო და მეორე მხარეს ქვიშიან ფერდობზე გადავსულიყავით. საშინლად არ მომეწონა ეგ ამბავი, ისე კი ვიმხიარულეთ, მდუღარე ქვიშაზე სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ჩამოვედი (ღია ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ, ეცადეთ მაქსიმალურად დახურული ტანსაცმლით წახვიდეთ საფარიზე).

აქედან დაღლილები ისევ ჯიპებით დავიძარით და მივადექით ოდენ ნანატრ ბედუინების სოფელს, სადაც ჭრელ-ჭრელ ხალიჩ-ბალიშებზე წამოგორებამ და ცხელ-ცხელმა კარკადემ ცხოვრების მშვენიერებაზე ჩამაფიქრა.

ცოტა დავისვენეთ და წაგვასხეს აქლემებზე ასასხდომად. მთელი ტურის მანძილზე აქლემზე ასხდომა და ჩამოსხდომა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი იქსტრიმი, ახლაც მგონია, რომ ჩემი ტანი ცალკე ჩამოვიდა და ფეხები ცალკე, აქლემის ადგომისას ხელი დამეჭიმა, ჩამოსვლისას ფეხი, მაგრამ მეორედაც ვიზამ მაგ ამბავს!

აქლემებს ძირითადად შავ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ბედუინი ქალები უძღვებოდნენ. იქვე შორიახლოს გორაზე ფეხშიშველი ბედუინი გოგო-ბიჭები დარბოდნენ, თამაშობდნენ ანუ ქვიშით სავსე პლასტმასის ბოთლებზე თოკი ჰქონდათ გამობმული და დაათრევდნენ, რომ დავინტერესდი მიპასუხეს ასე ნელ-ნელა წონას ეჩვევიან და აქლემის ტარებას სწავლობენო.

აქედან შევუდექით ხელოვნურად, ტურისტებისთვის მოწყობილი ბედუინების სოფლის დათვალიერებას. ვნახეთ მათი სადგომები, ტრადიციული კარვები რომლებიც ორ ნაწილად არის დაყოფილი კაცებისთვის ”მაგადი” და ქალებისთვის ”მაჰარამა”, როგორც მითხრეს და როგორც თავად ვნახე, ქალებს ბედუინურ ყოფა-ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, კაცთან გათანაბრებულნი არიან, თითოეულს თავისი საქმე აქვს და საკუთარ ფულსაც გამოიმუშავებს.

დავესწარით პურის ცხობას, ბედუინი ქალი ფეხმორთხმით ზის რკინის დიდ ფირფიტასთან, რომლის ქვეშაც აქლემის ნაკელი იწვის, ამავე ფირფიტაზე აბრტყელებს ცომს, რამოდენიმე გადმობრუნებით, თხელი ცომი უცებ ცხვება და ნაკვერჩხლიდან უცებ თქვენს ხელში აღმოჩნდება ახლად გამომცხვარი პური – ფარაშიი (farrasheeh);

ამის შემდეგ ვნახეთ, 120 წლის კუანა კუ, თხები, პატარა ნიანგები, სირაქლემები, არასირი აქლემები, სხვადასხვა ქვეწარმავალი და დავუბრუნდით ჩვენთვის სცენის გარშემო საგანგებოდ მოწყობილ მოსასვენებელ ადგილებს, სადაც ბედუინური ნაირფეროვნებით ვიკვებეთ და ცხოვრების ამაოებაზე მეორედ ჩავფიქრდი, ფიქრებიდან შოუმ და აღმოსავლურმა მუსიკამ გამომიყვანა, ვიღაცამ ხელი ჩამავლო და სცენაზე ამაცუხცუხა, იქ ჩემს გარდა სხვა დაბნეულებიც იდგნენ, ერთი გადარეული შოუმენი ხან შუშებზე დაწვებოდა ხან ლურსმნებზე, გოგონებიდან ერთი-მეორის მიყოლებით მას ფეხებით ზემოდან ადგებოდნენ. მეც გამიყვანეს, ეს შოუმენი ჯერ დიდ ალესილ ხანჯლებზე დაწვა, ზემოდან ლურსმნებიანი დაფა დაიდო, მე ამ დაფაზე ამიყვანეს კიბით და ზემოდან დავადექი და კარგად მივწეწვკვე, აბა რა ეგონა, რომ მეძახდა.

აღმოსავლური ცეკვების გარეშე ვერ იქნებოდა ეს მშვენიერი საღამო უდაბნოში, გამოვიდა ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი, ხან ერთი მხრიდან გაგვკრა თეძო ხან მეორედან, მერე ჩვენც გამოგვიყვანა სცენაზე, მეც ახლა ხომ არ ჩამოვრჩებოდი და რუსი დონდლოებივით ხომ არ დავდგებოდი, ვიქნიე თეძოები რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი, მერე წინ გამომიყვანა :) თავისთან და დუეტში ვიქნიეთ თეძოები წარმატებულად :) რაც მთავარია შემაქო და დიდი მადლობა გადამიხადა :) მეც ამაყად ჩამოვედი სცენიდან.

კაბების შოუც ძალიან შთამბეჭდავი იყო, ჭრელმა კაბამ ბზრიალ-ბზრიალით გადაგვიარა ზემოდან.

და აი ჩილიმიც ჩამოარიგეს, ჭრელ-ჭრელ ხალიჩ-ბალიშებზე წამოგორებული, დაღლილი და უდაბნოს მტვრით გაჟღენთილი, ვაშლის ჩილიმის გაბოლების შემდეგ უკვე მესამედ ჩავფიქრდი ცხოვრების მშვენიერებაზე.

Hello civilization, I’m back!

ჩვენი ესკორტი :)

ამ ცხელ ქვიშაზე ჩავგორდით

ბედუინების სადგომები

ბავშვები თამაშობენ

ბედუინი ქალი აცხობს პურს

ბედუინების აფთიაქი

ეგვიპტური ღამეები – ჰურგადა

ეგვიპტეს დასავლეთით ესაზღვრება ლიბია, აღმოსავლეთით ღაზას სექტორი, ისრაელი და წითელი ზღვა, ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთით სუდანი, მაგრამ ნუ გეშინიათ, ჩვენ ისეთ ადგილას ვართ ქვეყანა, რომ დაიქცეს ვერაფერს ვერ გავიგებთ.

ჰურგადა იგივე ალასკა აფრიკაში, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, ეგვიპტის ერთ-ერთი ქალაქი და ტურისტული ცენტრია წითელ ზღვაზე. ქალაქი მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და 1980 წლიდან მოყოლებული ხან ეგვიპტელი და ხანაც უცხოელი ინვესტორების წყალობით იზრდება და ვითარდება. როგორც წინა პოსტში ვახსენე, აეროპორტიდან მოყოლებული ცალ მხარეს უდაბნოა და ცალ მხარეს საკურორტო ინფრასტრუქტურა, მთლიანობაში ჰურგადა გადაჭიმულია დაახლოებით 40 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე. აქ შეხვდებით ეგვიპტელ ტურისტებს კაიროდან, და ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებიდან. უმეტესწილად ჰურგადას სტუმრობენ ტურისტები რუსეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან  და პოლონეთიდან.

მე განსაკუთრებით თვალში მხვდებიან რუსი და გერმანელი ტურისტები, ასე რომ თუ ვინმეს რუსეთი ან გერმანია მოგენატრებათ ეწვიეთ ჰურგადას.

ჩვენი სასტუმრო – Serenity Makadi Heights

ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო ჰურგადაში, მაკადი ბეიში, ექსკლუზიური სანაპიროთი. აქვე სურათებსაც შემოგთავაზებთ, თუმცა მთლიანად სასტუმრო თავისი ტერიტორიით ვერ დავაფიქსირე მისი დიდი ზომების გამო. სასტუმრო აგებულია ანდალუზიურ სტილში, სასტუმრო ჰურგადის აეროპორტიდან 36 კილომეტრში მდებარეობს. როდესაც ტურისტულ პაკეტს ყიდულობთ აუცილებლად ჩართეთ მასში ტრანსფერი (ეგვიპტის შემთხვევაში), როდესაც თურქეთში ვიყავი არც ტრანსფერი შემიკვეთავს და არც სასტუმრო, პირდაპირ მივადექით 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ანტალიაში.

აქ აუცილებელია იმიტომ, რომ სასტუმროების მხარეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასტუმროები, არ არის დასახლებული, გარშემო უდაბნოებია და ტრანსფერიც გჭირდებათ აეროპორტიდან, რაც ინტერკონტინენტალმა წარმატებით განახორციელა.

თითოეულ სასტუმროს როგორც ვთქვი აქვს თავისი ექსკლუზიური შემოსაზღვრული ტერიტორია, შემოსასვლელში შლაგბაუმით, პოსტით, ასე რომ ყოველი უცხო სულიერი თუ უსულო არსების შემოსვლისგან ტერიტორია აბსოლუტურად დაცულია.

ხალხი ძალიან შემიყვარდა, ძალიან თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი მომსახურე პერსონალი, რომლებიც პირველ რიგში საუბრობენ რუსულად, ინგლისური ნაკლებად იციან, გვეუბნებიან ხოლმე თუ რუსული იცით, რუსულად გვირჩევნია საუბარიო.

ძირითადად დასაქმებულია ხალხი პროვინციებიდან, უბრალო ადამიანები, რომელთაც ძალიან უყვართ თავისი სამუშაო (ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში) და ათვითცნობიერებენ, რომ მათი ცუდი საქციელი პირველ რიგში იმოქმედებს მათზე, მათ კოლეგებზე და მთლიანად სასტუმროს პრესტიჟზე.

რაც შეეხება კვებას, გვაქვს ALL INCLUSIVE პაკეტი, პლუს ჩინური, იტალიური, აღმოსავლური სამზარეულო, ოთხი სასტუმროს შიდა აუზი, ორი ზღვის წყლით, მინი გოლფ მოედანი, ტრენაჟორების დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი (არ დამჭირვებია), ბედუინ კაფე (ჩილიმები), 4 კორტი, მაგიდის ტენისი, საბილიარდო, საღამოს საკონცერტო-გასართობი პროგრამები, დისკოტეკა ბავშვებისთვის, დიდებისთვის.

სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ინტერნეტი ფასიანიa და იხდით 8 დოლარს ერთ საათში.  (თურქეთში ეს უფასო გვქონდა, როგორც კაბელური ისე Wi Fi).  USB ფლეშს გვაძლევენ ხოლმე, ზუსტად ისეთი როგორც მაგთი ფიქსი და ჯეოსელ ქონექთი, ოღონდ აქ არის ოპერატორი ETISALAT, ჩემი როუმინგიც ამ ოპერატორს ხედავს.

ხო როუმინგზე გამახსენდა შემომავალი/გამავალი ზარი საქართველოსთან არის წუთი 8 ლარი (გაყვლეფა!!!), ადგილობრივ, 1.5 დოლარის ექვივალენტი, SMS 0.80 თეთრი, შესაბამისად უფრო  ამ სერვისს ვიყენებ.

აქვე გირჩევთ WORLD SIMS, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან გუდვილში ან იყიდოთ ვოდაფონის სიმბარათი, რომელსაც შიდა ზარებზე ძალიან დაბალი ტარიფი აქვს, ხოლო საქართველოში წუთი 2 დოლარის ექვივალენტია დაახლოებით.

შიდა ტურებიც ასევე ინტერკონტინენტალმა შემოგვთავაზა ადგილობრივი ტურ. სააგენტო ”პლანეტა”-ს მეშვეობით.  ამ ღამეს, მივდივართ კაიროში (აქედან 480 კმ), მთელი დღე ვიქნებით იქ და ღამე ისევ ჰურგადაში დავბრუნდებით (ამ ტურის ღირებულება 80 დოლარი).

ასევე რეკომენდაციას ვუწევ გრანდებს TEZ ტურს და PEGAS ტურს, რომელთა წარმომადგენლებიც ყველა სასტუმროში დაგხვდებათ.

სასტუმროდან ეწყობა შოპინგ ტურიც, რომელსაც წინა დღით შეუკვეთავთ, კონკრეტულ დროებში SHUTTLE BUS გაგიყვანთ ქალაქის ცენტრში და ისევ უკან მოგიყვანთ, ორი გზის ღირებულება 8 დოლარი ერთ ადამიანზე.

მოკლედ წავედი ახლა ბედუინ კაფე და ჩილიმი მელოდება. :) :)

Voyage

ვთქვი, თარგმანი თუ ვერ მოვრჩი თვითმფრინავიდან გადმოვყრი, მაგრამ არ შევასრულე; ჯერ იყო და აეროპორტში ვთარგმნიდი, მერე თვითმფრინავში გავაგრძელე და ბოლოს იმავე ღამეს სასტუმროში დავასრულე, სრულ დასვენებამდე ბოლო წუთამდე ვიღლებოდი.

ეს ისე სხვათაშორის.

ხოლო ასე კი:

ავსხედით თვითმფრინავში, დავსხედით ორნი, სად იყო და სად არა თავს წამოგვადგა მესამე კითხვით: ეს მეცხრე ვაგონიაო? ვაჰ, მივხვდი მატარებელში ეგონა თავი და იმედი არ გავუცრუე, დავუდასტურე, რომ მეცხრე ვაგონი იყო. მერე ჩემი ადგილი ფანჯარასთან არის და დამსვითო, გავატარეთ, დაჯდა, მაგრამ მაინც ცქმუტავს;

რამოდენიმე წამის შემდეგ:

ტიპი: (ბორტ გამცილებელს უხმობს), გენაცვალე ერთი ცხელი ჩაი ან ყავა მომიტანე რა, ოფიციანტი: კი როგორც ავფრინდებით, მაშინვე მოგართმევთ;

ტიპი: ჰო, კარგი.

ჩვენს უკან ბავშვები ისხდნენ, წამოხტა და ახლა იმათ მიუბრუნდა, გაეთამაშა ტაგლი-ტუგლი-ტაგლი;

ცოტა ხნის მერე ისევ ოფიანტს უხმმობს და ახსენებს ცხელი ჩაის და ყავის ამბავს.

მერე ჩვენ მოგვიბრუნდა, რომელი საათია, სადაურები ხართ და გულში ვფიქრობ წინ მთელი სამი საათი გვაქვს;

ლეპტოპი ავიღე და დავიწყე მუშაობა, ზუსტად ნახევარი წუთის შემდეგ:

ტიპი: გენაცვალე დიდი ხნის საქმე გაქვთ?

მე: უკაცრავად? (გაკვირვებული)

ტიპი: არა, ტვალეტში მინდა და გამატარეთ

მე: აააა, მიბრძანდით

ხოდა, ვიდრე მისკუზი დაბრუნდებოდა მე და ჩემი დაქალი ანალოგიური სისხარტით, ისე როგორც ევროტურშია  წინა თავისუფალ ადგილზე გადავედით.

თუმცა ჰურგადის აეროპორტში კიდევ ვნახეთ, როგორც შემოვიდა ჰოლში, მაშინვე იქ მდგომ დაცვას ჩაუარა ზემუშტით და ძახილით: ჯორჯია, ჯორჯია. არადა რად უნდოდა მისი ძახილი, როგორც აეროპორტის გარეთ გავედით, პირველი ტაქსი მომხვდა თვალში უკანა საქარე მინაზე მთლიანად საქართველოს დროშით.

ადგილზე ძალიან მოწესრიგებულად დაგვხვდნენ ინტერკონტინენტალის წარმომადგენლები, გაგვანაწილეს მინიბუსებში სასტუმროების მიხედვით და დავიძარით.

სურათი ასეთია: გზა ძალიან კარგი (მოკლედ ეს მიშა სად არ მიწვდება), მივიწევთ წინ ნელ-ნელა, მარცხნივ სულ ხრიოკი, უდაბნო, მარჯვნივ სულ სასტუმროები ჩამწკრივებული, ხოლო სასტუმროების წინ წითელი ზღვა.  თითოეულ სასტუმროს აქვს უზარზმაზარი შესასვლელი და თითოეული სასტუმრო ერთი პატარა ქალაქი ზღვის პირზე.

ჯერ სასტუმროს უზარმაზარი კომპლექსი, წინ ბილიკები, სიმწვანე, პალმები, სხვადასხვა ზომის და ფორმის აუზები და შემდეგ ზღვა.

ზღაპრულ!

მაშ ასე, აქვე ვიწყებ პოსტების სერიას ”ეგვიპტური ღამეები”, არ გადართოთ, მცირე პაუზის შემდეგ მოგიყვებით პირველი ეგვიპტური ღამის შესახებ. :) :) أنا أحبك