მეგობარმა პირწიგნაკზე ერთ-ერთი სტატია გაგვიზიარა, სადაც ნათქვამია, რომ #53 საჯარო სკოლაში მანდატურებზე გაბრაზებული მეთორმეტეკლასელები საკლასო ოთახში ჩაკეტილან, შიგ არავის უშვებდნენ და გაჰყვიროდნენ: “მანდატურებს – რა?!” . . . .
საინტერესოა რამ გამოიწვია მოსწავლეების გაბრაზება?
რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ ისინი საკლასო ოთახში ჩაიკეტნენ?
შეეცადნენ თუ არა კონფლიტის მოგვარებას პედაგოგები?
მახსოვს არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის (ESM) პედაგოგმა ყური აუწია ოდენ დიდად პატივცემულ მოსწავლეს, რაც მეორე პატივცემულმა მოსწავლემ ტელეფონის კამერაზე დააფიქსირა. მოგვიანებით აღნიშნული კადრები კურიერის მთავარ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა, მასწავლებლის მიმართ აღშფოთება გამოხატეს მოსწავლეებმა (მე-6 კლასი), მშობლებმა და შედეგად პედაგოგი გაანთავისუფლეს სამსახურიდან.
ამის შემდეგ თუ სწორად მახსოვს, მასწავლებლებს დაუწესდათ შეზღუდვები და ოფიციალურად (თუ შეიძლება ასე ითქვას) ჩამოერთვათ მოსწავლის დატუქსვის და ყურის აწევის უფლება.
დღევანდელი შემთხვევა და ეს ძველი შემთხვევა მაფიქრებინებს, რომ მანდატური ფუნქციადაკარგული მასწავლებლის ერთგვარი აპლიკაცია/დანამატია, თორემ, აბა თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, მასწავლებელს რომ ებრძანებინა საპირფარეშოს მოხეხვა, ვინ გააპარფაშებდა მას ამის შემდეგ სკოლაში?!
მინდა გავიხსენო სკოლის პერიოდი და ვთქვა რა სადამსჯელო ღონისძიებას მიმართავდნენ მასწავლებლები, როდესაც მოსწავლე რამეს აშავებდა, რაც უცებ მაგონდება არის გაკვეთილზე ან გაკვეთილების შემდეგ დამატებითი, წერითი ან საზეპირო დავალების შესრულება, კლასისთვის ახალი გაკვეთილის წაკითხვა, შედარებით პატარა ასაკში კუთხეში დგომა, ყურის აწევა, უკიდურეს შემთხვევაში მთელი კლასის წინაშე დატუქსვა (რაც ყველაზე მეტად აუტანელი იყო) და მეტად უკიდურეს შემთხვევაში მშობლის დაბარება.
საპირფარეშოს ხეხვა ჩემ მეხსიერებას არ შემორჩენია.
სტატიაში საბჭოთა არმიაც იყო მოხსენიებული და მეც, უკვე ველოდები, ერთ მშვენიერ დილას ”რადიატორებს ვჭრი”-ს გამკივან ხმას, როდის ჩაანაცვლებს ღრიალი – ”როტა პადიოოოოოოოოოოოოოომ”.
————————————
აქ სტატია სკოლის დირექტორზე, რომელიც მანამდე ციხის უფროსი ყოფილა






