დავით მიხეილ შუბლაძის გესტ-პოსტი
ვერბალური დისკრიმინაცია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე მსოფლიოში ყბა-დაღებული და მოჭმული თემა, რომელიც საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. მის კრიმინალიზაციას ბევრი მომხრე და უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს მავანნი აპელირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, მაგრამ სად გადის გამოხატვის თავისუფლების და “სიძულვილის ენის” ზღვარი ამაზე არ ფიქრობენ. ხშირად “სიძულვილის ენის” კრიმინალიზების წინააღმდეგ გამოდიან; ჟურნალისტები, ეკლესიის წარმომადგნლები და ბევრი პოლიტიკოსიც კი (!)
“Coming-Out”-ის პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს, რადგანაც თანაცხოვრების და თანაგანვითარების დროს ცენტრალური ადგილი ადამიანის პიროვნებას კი არ ეთმობა, არამედ მის ორიენტაციას, ეთნიკურ წარმომავლობას, მრწამსს, და სხვა მრავალს. ამის ფონზე ჩნდება ჩაგრული და “შერცხვენილი” ადამიანი, რომელიც ვერ ახდენს თავისი თავის რეალიზებას, კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი წარმატებული და რეალიზებული ადამიანი ვიცით, ვინც მიუხედავად თავისი განსხვავებული იდენტობისა შეძლო და დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ უმრავლესობას წარმოადგენენ ისინი, ვინც ვერ ბედავს “გახსნას”, რადგანაც საზოგადოების საერთო ჰომოფობიური განწყობა და მათი სამეგობრო წრე მზად არ არის მისაღებად, მათ კი უწევთ მუდმივი თამაში და ტყუილები. მაგრამ ადამიანი როგორც მოაზროვნე არსება, თვითრეალიზებას ახდენს პიროვნულ ურთიერთობებში, ხოლო პიროვნული ურთიერთობები გულწრფელობის გარეშე წარმოუდგენელია.
როდესაც ვსაუბრობთ 21 საუკუნეზე და ინფორმაციის გავრცელების გამარტივებაზე, ყოველთვის ვამბობთ, რომ უამრავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, მაგრამ აქაც არის საშიშროება! ეს “ბნელები” ვინც სათავისოდ ჭრიან და კერავენ ისტორიას, აქაც ახერხებენ შეღწევას და საკმაოდ წარმატებულადაც კი,(!) ახერხებენ ადამიანთა მენტალობის დამახინჯებას, ეს შესამჩნევია განსაკუთრებულად ნედლ ახალგზარდობაზე, რომელიც ლერწამივითაა “საითაც დაუბერავს იქით იხრება”. საშიშროებაც ზუსტად აქ არის, ნედლი მასალისგან საკმაოდ კარგად იძერწება ფაშისტი, რასისტი, ქსენოფობი, ჰომოფობი და სხვა დანარჩენი უბედურება. სამწუხაროდ, დღეს არსებობს რელიგიას ამოფარებული “სუბ-კულტურა” რომელიც ადამიანებს ურთიერთობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ იზოლაციაში აქცევს მათ.
ხშირად ადამიანებს გაუაზრებლად სძაგთ, მათგან განსხვავებული იდენტობის მატარებლები, რადგანაც მათთვის ძალიან “ავტორიტეტული” ადამიანის აზრით ისინი გარყვნილები და “გადახრილები” არიან. სამწუხაროა, რომ ინფორმაციის თავისუფლების ეპოქაში, ადამიანი აღარ კითხულობს, აღარ ძიობს ჭეშმარიტებას, ეზარება და მხოლოდ სხვის აზრს ითვალისწინებს.
ადამიანები თავად არიან საკუთარი პროგრესის და განვითარების შემოქმედნი და თავადვე უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა, მაგრამ იზოლაციაში ვერაფერს გახდებიან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს მათი ორიენტაციის გამო იზოლაციაში უწევთ “არსებობა”, ამაზე ყოველთვის მახსენდება ჩვენი “დიადი” პრეზიდენტის გამოსვლები, სადაც იგი მისთვის ჩვეული პათოსით გვახსენებს ისტორიას და მოგვიწოდებს ტოლერანტულობისკენ, გასაგებია, რომ პრეზიდენტი ყველასია, განურჩევლად მისი ყველა განმასხვავებელი ნიშნისა, მაგრამ ასე მხოლოდ პოპულისტური გამოსვლებით ვერაფერს გავხდებით, საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ნებაყოფლობითი მობილიზაცია.
სოლიდარობის გრძნობის და სამოქალაქო პასუხიმგებლობის დეფიციტი ზიანს აყენებს ყველა ჩვენთაგანს. დღეს მე მჩაგრავენ! სად გაქვს იმის გარანტიები, რომ ხვალ შენ არ დაგჩაგრავენ რამე განსხვავებული ნიშნის გამო თუნდაც პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნით?! ჩემი სუბიექტური აზრით, ცვლილებები ადამიანების შეხედულებებში და მათ დამოკიდებულებაში გარკვეულწილად “ზემოდან” უნდა მოდიოდეს, მაგრამ “დამრტყმელ” ძალას სწორედ რიგითი მოქალაქეები წარმოადგენენ.
