15 წერილი ქუცნას – უჩემოდ ყველა გზა ხსნილია

უგულისყურო და ცივი ადამიანი ვარ დღეები ისე გავა ადამიანს არ მოვიკითხავ, შენც მათ რიგებში ხარ ქუცნა. გგონია არ მიყვარხარ? გგონია შენზე მეტად ან ნაკლებად მიყვარს ვინმე? არა, პირიქით ყველა ძალიან მიყვარს, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, რომ სიყვარულის გამანაწილებელი დავკარგე დიდი ხნის წინ, ხან ერთ მხარეს მივმართავ ჩემ სიყვარულს ხან მეორე მხარეს, ერთს რწყევა ემართება ჩემი სიყვარულით, ათს კი სიკვდილამდე ვენატრები, აბა ეს არის საქმე? ახლაც, აი როდესაც გვერდით ექიმის დანიშნული წითელი ღვინით სავსე ბოკალი მიდგას, ვფიქრობ ვინ უფრო მიყვარს ყველაზე მეტად ან თუ მიყვარს ვინმე, ისე რომ დავწერო წერილი, დავრეკო, დავუძახო, ქვა ვესროლო და ჩემსკენ შემოვახედო, ან მიყვარს კი ვინმე საერთოდ? თუ კი, ეს ჩემი თავი ნამდვილად არ არის, ვიღაც სხვაა, რომელიც სადღაც დგას, ალბათ კუთხეში, უღიმღამოდ და იქნებ არა ერთი ჭიქა აქვს უკვე დაცლილი . . .  არა სიყვარულით . . .

ბოლო დროს საშინელებები მესიზმრება ქუუც, ვდგები დამძიმებული, ფინჯან ყავას ფერზე მოვყავარ და მივიზლაზნები სამსახურისკენ. საშინელი მოძრაობა, მეჩვენება რომ ყველა ვინც საჭეს მართავს ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთის კონკურენტები არიან მართვაში, ყველას სურს პირველობა, ყველას სურს პერსონალური გზა, სულ ხსნილი და მწვანე შუქნიშნებით განათებული. შენ გინდა ეგრე? არ ფიქრობ რომ მოსაწყენია? არ ფიქრობ რომ ხანდახან უნდა შეისვენო და გზა სხვას დაუთმო? მე ვუთმობ, თითქმის სულ ვუთმობ, თავს ვისულელებ, მაგრამ მერე რა, ზოგჯერ დათმობაც ხომ სხვისი დამცირების ტოლფასია, სხვისი სისუსტის აღიარებაა . . .

თითქმის უკვე ორი დღეზე მეტია სოციალურ ქსელს გამოვეთიშე, იმ სოციალურ ქსელს რომელსაც შენ ვერ იტან და ფიქრობ რომ ადამიანებს აშორებს და აუცხოებს, ისიც მახსოვს მეჩხუბებოდი ამიტომ ვერ იცლი ჩემთვის და ბევრ დროს გაკარგვინებსო. არ გამართლდა შენი ფიქრები და ვარაუდები, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი დროის დაკარგვა ისევ ისე ვმუშაობდი როგორც მანამდე, ქსელში ჩართვამდე მხოლოდ პაროლის აკრეფა მჭირდებოდა, ერთხელაც არ წამცდენია ხელი. არც ის გამოდგა მართალი ადამიანებს აშორებსო, პირიქით, არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვარ ადამიანებთან ქუუც როგორც ახლა, უფრო ხშირად ვხვდებით ერთმანეთს რეალურ რიტმში, ვსაუბრობთ, ვსეირნობთ, კინოში, თეატრში დავდივართ. ამას წინად, ერთმა აწ უკვე ვირტუალურმა და ახლა რეალურმა მეგობარმა პატარა, საყვარელ კაფეში დაგვპატიჟა, აი მითხარი ბოლოს როდის მიირთვი ნაკვერჩხალზე მოდუღებული ყავა ან მიირთვი ნაკვერჩხალზე გამომცხვარი პური? მე დიდი ხანია, თითქმის ოთხი ხუთი საათი დავყავი იქ, არადა მეგონა ნახევარი საათის მისული ვიყავი ისე მალე გავიდა დრო სასიამოვნო ჭუკჭუკში, გიტარაზე დაკვრაში და სიმღერაში. შენ კი სულ მსაყვედურობ მაინც . . .

ვაპირებ დავუბრუნდე ისევ ვირტუალურ ცხოვრებას, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, მე უკვე აღარ მესმის ადამიანების, რომლებიც დროებით ეთიშებიან ხან რეალურ და ხანაც ვირტუალურ ცხოვრებას . . . მთავარი არც ერთია და არც მეორე, მთავარი ის არის, რომ იქ ხარ სადაც მოგწონს, სადაც ცხოვრობ და არა ცოცხლობ, სადაც ემოციების, გრძნობების უწყვეტი ურთიერთგაცვლაა, ხან შენ გწყინს, ხან მას, ხან შენ გიხარია ხან მას, ხან შენ ბრაზდები და ხან ის, აბა როგორ . . . შენ რა არ მოგწყინდა მანდ უემოციოდ და ასე უღიმღამოდ ყოფნა, გაბრაზებული და დეპრესიული კი მერე ჩემზე იყრი ხოლმე ჯავრს, მწერ რაღაც გაუგებარ წერილებს ან გაბუტული საერთოდ ხმას არ იღებ. ჩემი არ იყოს მგონი შენც სიყვარულის გამანაწილებელი დაკარგე და მხოლოდ ჩემსკენ მომართულ გრძნობებს ვეღარ აკონტროლებ . . .

მაინც მიყვარხარ თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ყველაზე, ყველაზე ერთგული ადრესატი ხარ.

დროებით ქუც.

 

პ.ს. სხვა ყავა , არა ისეთი როგორიც აქამდე გაგისინჯავს

C’est la vie

მანქანა ძლივს დავქოქე, ხმა არ მომეწონა, დილა ცუდად დაიწყო, კარგად რომ მომესმინა მეტყოდა დღეს სახლში დარჩი ნუ წახვალო. მერე სამსახურში ვიყავი, ვიმუშავე, ქაოსურად მიდიოდა, მოდიოდა ხალხი, წრეზე ტრიალებდა ყველაფერი, ჩემი ჩათვლით, ამ ბოლო დროს აჩრდილივით დამყვება დეჟავიუს შეგრძნება. ერთი და იგივე  სულ, სამსახური, სახლი, სახლშიც მუშაობა, ისევ იგივე, თავბრუ მეხვევა. იქნებ ისე დამეხვეს თავბრუ, რომ დედამიწიდან გადავვარდე და სადღაც გავიშალო ვარსკვლავებად, არა მტვრად არა, მე ვიცი, რომ ვარსკვლავებად დავიშლები და მერე სხვებს გავუნათებ გზას დავეხმარები.

მინდოდა ჩემი წრისთვის, რაღაც კუთხე მიმეცა და თან გამეფერადებინა, კინოში წავედი ექვს საათზე იწყებოდა, მაგრამ თარგმანს ვერ მოვრჩი და ერთი საათის დაგვიანებით მივედი, მიყვარს კინო! ფილმი არ იყო შვების მომგვრელი ”The Fountain”, პირიქით უფრო ჩამაფიქრა, დამანაღვლიანა და ვაპირებდი რამე დამეწერა ამაზე . . . აპირებდი კარგია . . . სად არის ეგრე რამე დააპირო და ვინმემ გაცალოს, ისე როგორ შეიძლება რამე ჩაიფიქრო და ფიქრი არ ჩაგიფარცხონ, რამე იოცნებო და ოცნება არ გაგიქარწყლონ, ”ჩვენ ხომ შენთვის კარგი გვინდა”-ს სახელით. მე ვერ ვეგუები შენს მეგობრებს, მეუბნება დედაჩემი და რატომ არის აუცილებელი დედაჩემი შეეგუოს ჩემს მეგობრებს?! უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია, ასაკობრივი ზღვარი, განსხვავებული ინტერესები, მსოფლმხედველობა . . . არ მაინტერესებს მე ეს ყველაფერი, მუდმივი შეთქმულების თეორიები უკვე მაგიჟებს . . . ყველაფერს აქვს დასასრული . . . და ზღვარი .. .

ფილმის შემდეგ მივდიოდით სახლისკენ, მარჯანიშვილზე ხიდზე გადმოვდიოდით, უცებ ჩემი მეგობარი მეუბნება, გააჩერე, ვაიმე, გავიხედე უკანა სარკეში და ვიღაც ახალგაზრდა ზის ხიდზე ფეხები გადაყოფილი და იწერს პირჯვარს, ჩავიდა ჩემი მეგობარი და ელაპარაკება უცნობს, ჩამოვიდა ხიდიდან, რაღაც წერილი ჰქონდა თან, რაღაცას წუხდა, ჩიოდა, ყველგან კარი დამიკეტეს, არსად მიღებენ, ყველგან უარით მისტუმრებენ, აქ თავშესაფარი არ მაქვს, ტვირთის გადაზიდვით ვირჩენ თავს . . . . მოკლედ ამ კაცს სიკვდილი უნდოდა და არ ვაცალეთ . . . მაინც როგორი ეგოისტები ვართ ადამიანები, არაფერს ვაცლით ერთმანეთს, ხან სიკვდილს არ ვაცლით, ხან სიცოცხლეს . . .

აქა იქ ფილმიდან ფრაზები მახსენდება, უკურნებელი სენით კვდება მთავარი გმირი, ქალი, ცოლი, მაგრამ არა დედა, რომელსაც კაცი, ქმარი არ უშვებს, ვერ ელევა, ქალი ეუბნება: ”მე უკვე აღარ მეშინია”, ის მზად არის წავიდეს, ის შეგუებულია, მას უნდა, მოდი აცალე რა სიკვდილი, ნუ ცდილობ გაცოცხლებას და ნუ ამბობ, რომ სიკვდილი დაავადება და მისი მორჩენა შეიძლება და ნუ წახვალ წამლის საძიებლად.

მოდი ვაცალოთ ერთმანეთს სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, მეგობრობა, სიძულვილი და სხვა ათასი ქვენა და ზენა გრძნობა.

ვინ იცის ხიდზე მყოფმა ადამიანმა გაგვაბითურა, იქნებ მოგვატყუა, იქნებ, იქნებ . . . . ათასი იქნებ არსებობს . . . .

სიკვდილი კარგია, მაგრამ გამოსავალი მაინც სიცოცხლეშია . .

მეგობარი სახლში წავიდა, ვიღაც გადარჩა, ვიღაც მოკვდა,  ვიღაც დაიბადა, ვიღაცას ძალიან შესძულდა ან შეუყვარდა . . . ყველას რაღაც საქმე ჰქონდა, თუნდაც სუიციდური . . .

მე კი გიჟივით მოვქროდი და სახლში მეჩქარებოდა,. . .

და წითელზე, რომელზეც თითქმის არასოდეს ვჩერდები, მანქანა ჩაქრა . . . .

წერილი რომელიც იმ ბიჭმა გადმოგვცა – იხილეთ ამ ბმულზე