ჩინთის პური

გზად ხევსურეთისკენ, სოფელ ჩინთში გავჩერდით, ცოტა შევისვენეთ, სანამ ქალბატონი მაყვალა ჩვენთვის ცხელ–ცხელ, უგემრიელეს ჩინთის ლავაშებს გამოაცხობდა . :)

სოფელი ჩინთი

სამოგზაუროდ წამოსული ტურისტების უმრავლესობა სწორედ აქ ჩერდება და ყიდულობს პურს, ამიტომ თონე ყოველთვის ცხელია და ცომი ყოველთვის მზად, რათა დიდხანს ლოდინი არავის მოუწიოს.

ცომის გუნდები

როგორც ქალბატონმა მაყვალამ მითხრა, ტურისტები ფოტოებს ხშირად უღებენ, ამიტომ ჩემი მითითებების გარეშე, სწრაფ რეჟიმში გაიმეორა ყველა მოქმედება, რასაც პურის ცხობის დროს აკეთებს :D

ამიტომ ახლად გამომცხვარი პური სასწრაფოდ ისევ ღუმელში შეაბრუნა ფოტოს გადასაღებად :) :)

დიახ, დიახ სპეციალურად ჩვენთვის :)

და ჩვენი პურიც გამოცხვა ამასობაში :)

In vino veritas :)

მეორე დღეა ვიწყებ კომენტარის წერას და  ვწერ პოსტს. არ ვიცი მე მეჩვენება თუ რა ხდება მაგრამ ქართული სუფრის თემა ისტერიკაშია გადაზრდილი უკვე ასე მგონია.

სმა რომ უზომოდ გვიყვარს ეს ახალი ამბავი არ არის (ნუ ზომად ვინ რას მიიჩნევს და რითი განისაზღვრება ეს კიდევ ცალკე საკითხია), ჭამა ასევე დიდად შესარგი, რომ ძალიან გვიყვარს ესეც ძველია.

შენიშვნა: უზომოდ ცხიმიანი ერთმანეთს აკოკოლავებული კერძები, ჩაწოლილი სუფრა, ქაუნთერშენიშვნა: ერთიანად რომ ავიღოთ მსოფლიო სამზარეულო, ყველა ქვეყნის ჩათვლით, სალათების გამოკლებით ყველა კერძი ცხიმიანია, თურქულ, სპარსულ და არაბულ კერძებზე კი საუბარი აღარ შეიძლება იმდენად ზეცხიმიანია (თუმცა ძალიან ძალიან გემრიელი). ხორცის შემადგენლობით ნებისმიერი კერძი უკვე არის ცხიმიანი და კალორიული. ხშირად ადარებენ პიცას და ხაჭაპურს ერთმანეთს, ხაჭაპურს აქვს მარტო ყველი, პიცას აქვს ყველი, ლორი, ნაირგვარი ბოსტნეული, სანელებლები, ეს ყველაფერი თავისთავად უფრო კალორიულს ხდის მას (და საერთოდ პიცას თავისი ადგილი აქვს და ხაჭაპურს თავისი, ნუ ადარებთ ერთმანეთს). როგორც ვიცი პურის მოხმარებით ფრანგები პირველ ადგილზე არიან. გერმანულ პურ-ფუნთუშეულზე და ხორცეულის სიყვარულზე აღარაფერს ვიტყვი. აი გერმანელებს ნამდვილად ვერ გავეჯიბრებით ვერც ჭამაში და ვერც სმაში, ქართველის ერთი კვირის ლუდის მარაგს ისინი ცალ ყურში ისხამენ და ნეკნს ნეკნზე და ბარკალს ბარკალზე სხეპავენ.

შენიშვნა: (ვციტირებ) ”და , როგორ არ გიყვარდეს ტრადიციული, ნამდვილი ქართველი თამადა, ოდნავ ფერხორციანი, დიდი ან მეტნაკლებად დიდი ღიპით, იღლიებამდე დაკაპიწებული პერანგით, ბანჯგვლიანი გულმკერდით და ხშირი სმისგან წამოწითლებული, დაბიჟვინებული სახითოფლიანი იღლიებით, გრძელი და ყვითელი ფრჩხილით ნეკა თითზე, მიკროფონის ჭერისას რო გარეთ გამოფშეკს” (იხ. ბმული სრულად).

ქაუნთერშენიშვნა: სად პოულობთ ასეთ თამადებს, მანახეთ და გამაცანით; მე რაღაც კარგი სუფრები და თამადები მახსენდება, ლექსებით, კარგი სიტყვა-პასუხით, იუმორით, ზუსტად იმ შტრიხებით რის მიხედვითაც სუფრაზე ირჩევენ თამადას, ადამიანს,რომელიც უნდა წაუძღვეს სუფრას და ხალხიც არ მოაწყინოს. სხვა შემთხვევაში, იქნება სრული უწესრიგობა და ქაოსი სუფრაზე, როგორც ეს ხდება ზოგადად საქართველოში ყველა საკითხში. მაშინ მოდით არ ჰყავდეს ქვეყანას პრეზიდენტი, პარლამენტს თავმჯდომარე, სამინისტროს მინისტრი, სკოლას დირექტორი და კლასს ხელმძღვანელი და არც თამადა იქნება სუფრაზე.

რაც შეეხება კრამიტიდან, ლამფის შუშიდან, ღია ქოშიდან დალევას, ამის დამცველი ვერ ვიქნები, სასტიკად არ მომწონს ეს ამბავი.

(ინგლისელი ფეხბურთის ფანების დალევაზე, დათრობაზე და შემდგომ ქცევაზეც ხომ არ დავწერო ერთი ორი სიტყვა? არა? ჰო კაი )

ადამიანი თავისუფალია დალიოს თუ შეუძლია, მაგრამ არ დალიოს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს ამით კაი ბიჭობა დაანახოს, არ დალიოს იმისთვის რათა სხვებს რაღაც მითები უმტკიცოს შემდეგ და არ დალიოს ისე, რომ დილას გამოფხიზლებულს შერცხვეს თავისი წინა დღის მოქმედებების გამო.

p.s. სანამ ქართული სუფრის ძაგებას დაიწყებდეთ, ნერწყვი კარგად გადაყლაპეთ არ დაიხრჩოთ და თუ მაინც გადაგცდათ კარგი წითელი ღვინო მაქვს გამოიარეთ, დაგაყოლებინებთ.

კახეთი

ქართული სამზარეულო

თურქული სამზარეულო

შოტლანდიური სამზარეულო

გერმანული სამზარეულო

ფრანგული სამზარეულო