15 წერილი ქუცნას – უჩემოდ ყველა გზა ხსნილია

უგულისყურო და ცივი ადამიანი ვარ დღეები ისე გავა ადამიანს არ მოვიკითხავ, შენც მათ რიგებში ხარ ქუცნა. გგონია არ მიყვარხარ? გგონია შენზე მეტად ან ნაკლებად მიყვარს ვინმე? არა, პირიქით ყველა ძალიან მიყვარს, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, რომ სიყვარულის გამანაწილებელი დავკარგე დიდი ხნის წინ, ხან ერთ მხარეს მივმართავ ჩემ სიყვარულს ხან მეორე მხარეს, ერთს რწყევა ემართება ჩემი სიყვარულით, ათს კი სიკვდილამდე ვენატრები, აბა ეს არის საქმე? ახლაც, აი როდესაც გვერდით ექიმის დანიშნული წითელი ღვინით სავსე ბოკალი მიდგას, ვფიქრობ ვინ უფრო მიყვარს ყველაზე მეტად ან თუ მიყვარს ვინმე, ისე რომ დავწერო წერილი, დავრეკო, დავუძახო, ქვა ვესროლო და ჩემსკენ შემოვახედო, ან მიყვარს კი ვინმე საერთოდ? თუ კი, ეს ჩემი თავი ნამდვილად არ არის, ვიღაც სხვაა, რომელიც სადღაც დგას, ალბათ კუთხეში, უღიმღამოდ და იქნებ არა ერთი ჭიქა აქვს უკვე დაცლილი . . .  არა სიყვარულით . . .

ბოლო დროს საშინელებები მესიზმრება ქუუც, ვდგები დამძიმებული, ფინჯან ყავას ფერზე მოვყავარ და მივიზლაზნები სამსახურისკენ. საშინელი მოძრაობა, მეჩვენება რომ ყველა ვინც საჭეს მართავს ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთის კონკურენტები არიან მართვაში, ყველას სურს პირველობა, ყველას სურს პერსონალური გზა, სულ ხსნილი და მწვანე შუქნიშნებით განათებული. შენ გინდა ეგრე? არ ფიქრობ რომ მოსაწყენია? არ ფიქრობ რომ ხანდახან უნდა შეისვენო და გზა სხვას დაუთმო? მე ვუთმობ, თითქმის სულ ვუთმობ, თავს ვისულელებ, მაგრამ მერე რა, ზოგჯერ დათმობაც ხომ სხვისი დამცირების ტოლფასია, სხვისი სისუსტის აღიარებაა . . .

თითქმის უკვე ორი დღეზე მეტია სოციალურ ქსელს გამოვეთიშე, იმ სოციალურ ქსელს რომელსაც შენ ვერ იტან და ფიქრობ რომ ადამიანებს აშორებს და აუცხოებს, ისიც მახსოვს მეჩხუბებოდი ამიტომ ვერ იცლი ჩემთვის და ბევრ დროს გაკარგვინებსო. არ გამართლდა შენი ფიქრები და ვარაუდები, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი დროის დაკარგვა ისევ ისე ვმუშაობდი როგორც მანამდე, ქსელში ჩართვამდე მხოლოდ პაროლის აკრეფა მჭირდებოდა, ერთხელაც არ წამცდენია ხელი. არც ის გამოდგა მართალი ადამიანებს აშორებსო, პირიქით, არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვარ ადამიანებთან ქუუც როგორც ახლა, უფრო ხშირად ვხვდებით ერთმანეთს რეალურ რიტმში, ვსაუბრობთ, ვსეირნობთ, კინოში, თეატრში დავდივართ. ამას წინად, ერთმა აწ უკვე ვირტუალურმა და ახლა რეალურმა მეგობარმა პატარა, საყვარელ კაფეში დაგვპატიჟა, აი მითხარი ბოლოს როდის მიირთვი ნაკვერჩხალზე მოდუღებული ყავა ან მიირთვი ნაკვერჩხალზე გამომცხვარი პური? მე დიდი ხანია, თითქმის ოთხი ხუთი საათი დავყავი იქ, არადა მეგონა ნახევარი საათის მისული ვიყავი ისე მალე გავიდა დრო სასიამოვნო ჭუკჭუკში, გიტარაზე დაკვრაში და სიმღერაში. შენ კი სულ მსაყვედურობ მაინც . . .

ვაპირებ დავუბრუნდე ისევ ვირტუალურ ცხოვრებას, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, მე უკვე აღარ მესმის ადამიანების, რომლებიც დროებით ეთიშებიან ხან რეალურ და ხანაც ვირტუალურ ცხოვრებას . . . მთავარი არც ერთია და არც მეორე, მთავარი ის არის, რომ იქ ხარ სადაც მოგწონს, სადაც ცხოვრობ და არა ცოცხლობ, სადაც ემოციების, გრძნობების უწყვეტი ურთიერთგაცვლაა, ხან შენ გწყინს, ხან მას, ხან შენ გიხარია ხან მას, ხან შენ ბრაზდები და ხან ის, აბა როგორ . . . შენ რა არ მოგწყინდა მანდ უემოციოდ და ასე უღიმღამოდ ყოფნა, გაბრაზებული და დეპრესიული კი მერე ჩემზე იყრი ხოლმე ჯავრს, მწერ რაღაც გაუგებარ წერილებს ან გაბუტული საერთოდ ხმას არ იღებ. ჩემი არ იყოს მგონი შენც სიყვარულის გამანაწილებელი დაკარგე და მხოლოდ ჩემსკენ მომართულ გრძნობებს ვეღარ აკონტროლებ . . .

მაინც მიყვარხარ თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ყველაზე, ყველაზე ერთგული ადრესატი ხარ.

დროებით ქუც.

 

პ.ს. სხვა ყავა , არა ისეთი როგორიც აქამდე გაგისინჯავს

საძველწლო ვარიაციები

ყვავას პოსტმა შთამაგონა და გადავწყვიტე მეც გადამეხედა 2010 წლისთვის, სანამ 2011 არ შემოსულა და სულ კინწისკვრით არ გაუგდია . . .

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ არა 2010 წელი, ეს პოსტი ვერ დაიწერებოდა, ანუ ეს ბლოგი გაჩნდა 2010 წლის 19 იანვარს, ჯერ ერთი წლისაც არ ვართ, და ეს ოდენ თოთო ბლოგი 114 პოსტს იტევს, მათ შორის არცერთი გესთი, რადგან მეტად ცუდი მასპინძელი ვარ.

ბლოგამდე ჯერ იყო დღიური, შემდეგ ბლოკნოტების უთვალავი რაოდენობა, შემდეგ კომპიუტერი ფაილებით და ფოლდერებით, ბლოგის მერე რა იქნება არ ვიცი :)

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ ბლოგზე ერთხელ მაინც შემოსულა, განსაკუთრებული მადლობა პირველი კომენტარის ავტორს – INTERES-ინტერესი ?…! და ყველა ჩემს ერთგულ მკითხველს:  ქევანას, ლორდ ვადერს, თეოს, მწირს, როდრიგოს, ჯორჯ პაიკს, ნატატოს, ვეკოს, სიყვარულოვნას, კატიეს და კიდევ სხვებს და სხვებს . . .

სხვა ზოგადსაკაცობრიო პოსტების გვერდით, აქ ნახავთ ჩემს ჩანახატებს, ლექსებს, თარგმანებს.

შემოქმედებითი თვალსაზრისით არცთუ ისე ნაყოფიერი წელი იყო, დავწერე 12 ლექსი, ვთარგმნე ერთი ლექსი (არლინგტონის) და ორი მოთხრობა (მოემის) ინგლისურიდან.

უბრალოდ წლის განმავლობაში ბევრ თარგმანებს ვაკეთებ სამსახურში და მხატვრული თარგმანისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება სამწუხაროდ.

სამსახურიც ისევ ისე, სტაბილურად ქმედუნარიანია, მოშლა, დაშლა არ ემუქრება, ბოლო-ბოლო კრიზისის ლაბირინთებში ვიარეთ ამაყად;

წელს ვიყიდე ანუ შევცვალე მანქანა, რომლის გარეშეც ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, რა ვქნა მიჩვევა იცის კომფორტმა.

განსხვავებით სხვა წლებისგან არსად არ ჩამიბარებია სასწავლო მიზნებით, მხოლოდ სერთიფიკატი მივიღე დოკუმენტური კინო რეჟისურის კურსის დახურვისთვის,

ენებს რაც შეეხება, ცოტა ხნით დავუბრუნდი ფრანგულის და ესპანურის სწავლას, თუმცა მალევე შევწყვიტე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

ასევე ვერ დავასრულე დოკუმენტური ფილმი ქართველ ავტომრბოლელებზე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

მყავდნენ აბიტურიენტები ინგლისურ ენაში, რომლებსაც შევალიე ჩემი დღის ბოლოსთვის გამოზოგილი ნერვები :D

პირად ცხოვრებაში სრული ჩავარდნა მქონდა, არც ერთი და არც მეორე არ ყოფილა ამ წელს – მიზეზი აქაც შეიძლება იყოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

როგორც იქნა დრო გამოვნახე და ოქტომბერში სამოგზაუროდ წავედი ეგვიპტეში – საუკეთესო რაც მოხდა 2010 წელს!

ამ დღეებში ასევე გავიგე, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს ბლოგერების კრებულს, სადაც დაიბეჭდება ჩემი ერთ-ერთი ჩანახატი, რომელი აარჩიეს არ ვიცი, ორი გავაგზავნე.

ჩემი თარგმანები და ლექსები შეგიძლიათ იხილოთ აქ -www. lib.ge, რისთვისაც მადლობა გიორგი კეკელიძეს.

და რაც უმნიშვნელოვანესია გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი, თუნდაც ვირტუალურად და თუნდაც რეალურად! თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ მიყვარხართ ყველა, უკლებლივ! მე მაპატიეთ, რომ ვერ გამოვხატავ, ძალიან უხეში და უჟმური ვარ საამისოდ.

მადლობა რომ წაიკითხეთ ეს პოსტიც!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

ჩემს პირწიგნაკელებს!

ზღაპარს რა ერქვა არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ გეტყვით, იყო ერთი მეფე, რომელიც კვდებოდა და შვილს უთხრა, შვილო ისე მოიქეცი, რომ შენს ქვეყანაშიც და უცხო ქვეყნებში ყველგან მიგესვლებოდესო. შვილიც დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა. იმოგზაურა შვილმა და დროის შემდეგ კვლავ მამას ეახლა.

- ”აბა, შვილო რა ჰქენი, გაჭირვების ჟამს თავშესაფარი თუ გექნება, როგორ შეასრულე დანაპირები” – ჰკითხა მამამ.

- ”მამა, მე ყველგან ვიყავი და სახლები, მამულები ვიყიდეო” – შვილმაც ახარა.

- ეჰ, შვილო . .. მე სახლების ყიდვა არ მითქვამს, მეგობრები უნდა შეგეძინა ყველგან, ხალხი გაგეცნო, სადმე რომ წახვალ, დაგვხდეს, რომ დაგჭირდეს გვერდში დაგიდგეს, უცხო ქვეყანაში მისი იმედი გქონდეს . . . .

ჰეჰ, მეფე, მეფე სად არ იყო მაშინ პირწიგნაკი :) ხომ არ დასჭირდებოდა შენს შვილს აქეთ-იქეთ სიარული და სახლების ყიდვა :)

მგონი მე გამიმართლა, ისევე როგორც ყველას პირწიგნაკში, სადაც არ უნდა მივიდეთ ყველგან მეგობარი გველოდება :) საქართველოს სხვადასხვა ქალაქები, და არა მხოლოდ, თურქეთი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ, იაპონია, ჩინეთი და ა.შ.

ამას წინათ მამაჩემმა მკითხა შენც ხარ Fეისბუქშიო?

ჰმ, რა უხერხული კითხვაა :)

კი მამა ვარ და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, არ ინერვიულო :)

და ზუსტად ვიცი ყველგან მიმესვლება :)

მიყვარხართ პირწიგნაკელებო!