ვაპატიოთ სტურუას, ზანგი ხომ არ არის?

ყველაფერი ერთი ინტერვიუდან დაიწყო, რომელიც სიმართლე გითხრათ სამჯერ ჩავიკითხე-ავიკითხე და საერთო აზრი მაინც ვერ გამოვიტანე, უმეთვალყურეოდ დარჩენილი, პატარა ბაიას ცუდად აწყობილ ფაზლს ჰგავდა, რომელიც ყველა მხრიდან გაურკვეველი შინაარსის გამოსახულებას ქმნიდა.
ამის შემდეგ რაც კონკრეტულ შეკითხვას და პასუხს მოჰყვა, ცოტა არ იყოს შორს გავარდნილ და კონტექსტიდან ამოვარდნილ ჭმუნვად მეჩვენება, რითაც ოდენ პატივცემული საზოგადოება ვირტუალურად და აქტუალურად დაკავდა. რა თქმა უნდა არ არის მისასალმებელი ეთნიკური თუსხვა ნიშნით ადამიანების გამოყოფა და ადამიანები უნდა დაუკვირდნენ ხოლმე სად, რას და როგორ ამბობენ, იქნება ეს რობიკო სტურუა თუ ნებისმიერი, რიგითი მოქალაქე.  თქვა და თქვა, როგორ თქვა ეს იგულისხმა, ის იგულისმხმა, ამას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს.
საინტერესო იყო ის, რაც შემდეგ ამას მოჰყვა, ისეთი ლანძღვა-გინების კორიანტელი დადგა, თითქოს ჩასაფრებულები ელოდნენ როდის იტყოდა რობერტ სტურუა სიტყვას ”სომეხი”; რა ქნა რობიკომ? მთელ ”ელიტას” მაზოლზე ფეხი დააჭირა და ჭრილობაზე მარილი მოაყარა; და გმინავს ”ელიტა” ტკივილისგან, ჰოი, როგორ ეწყინათ, როგორ ეტკინათ, თურმე რამდენი უფლების დამცველი გვყოლია და არ ვიცოდით, ქვეყანა თავზე რომ გვექცევა, მაშინ ხმის ამომღები ხომ კაცი არ მოიძებნება, არც ქალი!
ჩემი აზრით დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს დინოზავრს, როდესაც ის თემურ ჭყონიას შეადარა პრეზიდენტმა, ასევე დელფინსაც, რომლის კბილების დისკრედიტაცია მოახდინა, შეადარა რა ვერა ქობალიას უფრო დიდ კბილებს. სად იყავით მაშინ? რატომ არ დაიცავით დელფინის კბილები?
მოდი მე დინოზავრის და დელფინის პატარა კბილების უფლებებს დავიცავ. რა საქმე მაქვს სხვა!
სწორედ ის ხალხი ვინც დღეს თავგამოდებით ლანძღავდა სტურუას ამ გამონათქვამისთვის, ასევე, ანალოგიური თავგამოდებით იცავდა პრეზიდენტს, გამოთქმისთვის ”ჩვენ რა ზანგები ვართ?” აააჰ, ის ამას არ გულისხმობდა? მაშინ არც სტურუა არ გულისხმობდა ბატონო ჩემო და მოდი დავწყნარდეთ ყველა.
გენდერული ბალანსი გინებაშიც მიღწეულია, ქალი თუ კაცი ყველა ერთნაირად აგინებდა, მას და მის შემოქმედებას.
არ მესმის როდესაც, ავტორს მისი ქმედებების გამო, მის შემოქმედებას აგინებენ შემდგომ, მოიხსენიებენ უნიჭოს, უგემოვნოს, უაზროს, ისე თითქოს ჰამლეტი მე დამედგას ლონდონში, რივერსაიდის სცენაზე.
რბილად რომ ვთქვათ ბევრი აკლიათ ამ ადამიანებს მისი შემოქმედების გაგებამდე, და რა ვიცი აწი ცოტა გვიანიც ხომ არ არის მათთვის, რაიმეს გასაგებად?
ეს უბრალოდ ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი წყენა, გამონათქვამი და უბედურება განზე უნდა გადადო და შემოქმედებით დატკბე, იქნება ეს სპექტაკლი, წიგნი, ფილმი თუ სიმღერა . .  .
”შენ მე გამაბრაზე და მე შენგან არაფერი მინდა, მე შენი აღარაფერი მომწონს” ძახილით, ყველა პატარა ბაიას ჰგავს ეს დღეებია.
მარტივია ყველაფერი, ისევე როგორც მარტივია სპექტაკლის კულმინაცია:
”არტურ, შე ბოზო, შენა”
რაც დღეს კიდევ უფრო ადექვატური მეჩვენება!
ამ დროს სხვა რა დაგრჩენია, უნდა წამოხტე და შესძახო, ბრავო, ბრავო, ბრავო, და მხოლოდ სპექტაკლიდან გამოსვლის შემდეგ იგრძნო, როგორ გეწვის ხელისგულები ტაშისკვრისგან.
———————
პ.ს. გუშინ ჩემმა კარის მეზობლებმა (სომხები არიან) შესანიშნავი ტოლმა შემოგვაწოდეს, მერე რა რომ ხანდახან დავაა, პირველად ვინ მოიფიქრა ტოლმა, ამით ტოლმას არაფერი აკლდება, პირიქით ის უფრო გემრიელდება.
———————

პ.პ.ს. Каждый понимает по мере своей испорченности ან უფრო სწორად, по мере собственной ксенофобий

ფრაზა

სხვა საკითხავი