ღია პოსტი ბიძინას

თქვენი არ ვიცი და მე ცოტა არ იყოს გული დამწყდა, ჩემს ერთ მეგობარს თუ ვენდობი, თითქმის 18 გვერდიანი (!!!) წერილი წავიკითხე და არცერთი სიტყვა ქართველ ბლოგერებზე და ბლოგოსფეროზე!

არც ლანძღვა, არც ჭკუის დარიგება, ბლოგის ყიდვას და საუკეთესო (?) ბლოგერების შემოკრებას ვინ ჩივის!

მაგრამ წყენას გულში ხომ არ ჩავიდებ, ეს რა ბლოგერის საკადრისია (!)

ყველაფერს ბიძინა ხომ არ შემოგვთავაზებს?

ერთხელ ჩვენც ხომ უნდა შევთავაზოთ რამე?

ან ხომ არ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ? იყიდე-გაყიდე, რა ქარვასლაა?

ჰოდა ასე, ბატონ ბიძინას სრულიად უსასყიდლოდ (a.k.a უსასყიდლოდ!!!) ვთავაზობთ ღია წერილების პორტალი – letters.ge , სადაც განთავსდება მისი ღია თუ დახურული წერილები, ასევე მისი წერილების ადრესატების, დუელანტების თუ ტრუბადურების საპასუხო პასკვილები . . .

წერილები მოხშირდა, მოცულობაც ნელ–ნელა იზრდება, პუბლიკა “нехватка”-შია და თვალებდაჭყეტილი ელოდება მორიგ წერილს, ან იქნებ რომანს . . .

ჯერჯერობით ერთი დადებითი თვისება აქვს ამ წერილებს, კითხვა დაიწყო ხალხმა!! ზოგმა ფიქრიც! დააკვირდით როგორ შემოგვაპარა, ჯერ პატარა წერილი, მერე ცოტა გაზარდა მოცულობა, მერე ცოტა კიდევ, ნელ–ნელა წიგნებზეც გადავა ხალხი ალბათ.

თქვენი არ ვიცი და მე ბევრი ვიფიქრე სად წაგვეღო ამდენი წერილები, წაკითხვისთანავე დაწვი ან გაუგზავნე 15 მეგობარს აქ არ გამოგვადგება.

ამიტომ ასეთი რამე მოვიფიქრე, ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით, ერთად განვახორციელოთ ქართული ოცნება.

ტრადიციას არ დავარღვევ და მეც ამ სურათს დავურთავ :)

წლის ბლოგერი plus დახასიათება ბონუსად . . .

წლის ბლოგერის შესახებ ამ დრომდე დაწერილი თითქმის ყველა პოსტი იწყება ასე:

ანინამ წამოიწყო ტეგ თამაში . . . და მეც ვაგრძელებ . . .

ბლოგერების აღებულ ტემპს არ დავაგდებ და მეც გავაგრძელებ აღნიშნულ თამაშს, თუმცა გამოგიტყდებით, რაც ანინამ თამაში დაიწყო, მას შემდეგ ვფიქრობ სამეულზე, არა იმ სამეულზე რომელიც ანინამ დაასახელა, არამედ იმაზე, რომელიც მე უნდა შემეკრიბა ჩემს ბლოგზე. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ თამაშისთვის სამი ადამიანი არ მეყოფოდა და გადავწყვიტე ოქროს სამეულის და დიდი შვიდეულის გაკეთება (რა დიპლომატი ვარ :D )
Continue reading

საძველწლო ვარიაციები

ყვავას პოსტმა შთამაგონა და გადავწყვიტე მეც გადამეხედა 2010 წლისთვის, სანამ 2011 არ შემოსულა და სულ კინწისკვრით არ გაუგდია . . .

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ არა 2010 წელი, ეს პოსტი ვერ დაიწერებოდა, ანუ ეს ბლოგი გაჩნდა 2010 წლის 19 იანვარს, ჯერ ერთი წლისაც არ ვართ, და ეს ოდენ თოთო ბლოგი 114 პოსტს იტევს, მათ შორის არცერთი გესთი, რადგან მეტად ცუდი მასპინძელი ვარ.

ბლოგამდე ჯერ იყო დღიური, შემდეგ ბლოკნოტების უთვალავი რაოდენობა, შემდეგ კომპიუტერი ფაილებით და ფოლდერებით, ბლოგის მერე რა იქნება არ ვიცი :)

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ ბლოგზე ერთხელ მაინც შემოსულა, განსაკუთრებული მადლობა პირველი კომენტარის ავტორს – INTERES-ინტერესი ?…! და ყველა ჩემს ერთგულ მკითხველს:  ქევანას, ლორდ ვადერს, თეოს, მწირს, როდრიგოს, ჯორჯ პაიკს, ნატატოს, ვეკოს, სიყვარულოვნას, კატიეს და კიდევ სხვებს და სხვებს . . .

სხვა ზოგადსაკაცობრიო პოსტების გვერდით, აქ ნახავთ ჩემს ჩანახატებს, ლექსებს, თარგმანებს.

შემოქმედებითი თვალსაზრისით არცთუ ისე ნაყოფიერი წელი იყო, დავწერე 12 ლექსი, ვთარგმნე ერთი ლექსი (არლინგტონის) და ორი მოთხრობა (მოემის) ინგლისურიდან.

უბრალოდ წლის განმავლობაში ბევრ თარგმანებს ვაკეთებ სამსახურში და მხატვრული თარგმანისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება სამწუხაროდ.

სამსახურიც ისევ ისე, სტაბილურად ქმედუნარიანია, მოშლა, დაშლა არ ემუქრება, ბოლო-ბოლო კრიზისის ლაბირინთებში ვიარეთ ამაყად;

წელს ვიყიდე ანუ შევცვალე მანქანა, რომლის გარეშეც ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, რა ვქნა მიჩვევა იცის კომფორტმა.

განსხვავებით სხვა წლებისგან არსად არ ჩამიბარებია სასწავლო მიზნებით, მხოლოდ სერთიფიკატი მივიღე დოკუმენტური კინო რეჟისურის კურსის დახურვისთვის,

ენებს რაც შეეხება, ცოტა ხნით დავუბრუნდი ფრანგულის და ესპანურის სწავლას, თუმცა მალევე შევწყვიტე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

ასევე ვერ დავასრულე დოკუმენტური ფილმი ქართველ ავტომრბოლელებზე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

მყავდნენ აბიტურიენტები ინგლისურ ენაში, რომლებსაც შევალიე ჩემი დღის ბოლოსთვის გამოზოგილი ნერვები :D

პირად ცხოვრებაში სრული ჩავარდნა მქონდა, არც ერთი და არც მეორე არ ყოფილა ამ წელს – მიზეზი აქაც შეიძლება იყოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

როგორც იქნა დრო გამოვნახე და ოქტომბერში სამოგზაუროდ წავედი ეგვიპტეში – საუკეთესო რაც მოხდა 2010 წელს!

ამ დღეებში ასევე გავიგე, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს ბლოგერების კრებულს, სადაც დაიბეჭდება ჩემი ერთ-ერთი ჩანახატი, რომელი აარჩიეს არ ვიცი, ორი გავაგზავნე.

ჩემი თარგმანები და ლექსები შეგიძლიათ იხილოთ აქ -www. lib.ge, რისთვისაც მადლობა გიორგი კეკელიძეს.

და რაც უმნიშვნელოვანესია გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი, თუნდაც ვირტუალურად და თუნდაც რეალურად! თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ მიყვარხართ ყველა, უკლებლივ! მე მაპატიეთ, რომ ვერ გამოვხატავ, ძალიან უხეში და უჟმური ვარ საამისოდ.

მადლობა რომ წაიკითხეთ ეს პოსტიც!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!