ჭამა-სმა დიდად შესარგი

წინასაახაწლო ციებ-ცხელებამ, სუპერმარკეტების ირგვლივ მანქანების გაუთავებელმა რიგებმა, ურიკების საცობმა და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის ბატალიებმა, კიდევ ერთხელ გამახსენა მტკივნეული ნაწილი საახალწლო სუფრა, ან ზოგადად სუფრა, ჭამა-სმა.  დაიკლა საკლავი მაგრამ რა დაიკლა, მგონი ზოგმა შინაური კატა, თაგვი და სიდედრიც კი მიაყოლა. ხორცის სექციასთან მიახლოება რისი ტოლფასია, რას შევადარო არ ვიცი, შეიძლება თავზე გადაგიარონ, არადა რომ დაფიქრდე გაგანია მარხვაა და ერის 80% მარხულობს.
ერთი სიტყვით ადამიანს აქვს საშუალება თუ არ აქვს, წელიწადში ერთხელ ყველა თავს ვიქაჩლებთ და საახალწლო სუფრის გაწყობას ვცდილობთ, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად.

და მაინც რაში მდგომარეობს სუფრის ტრადიცია, ბევრს ხომ ღრმად სწამს რომ სწორედ ტრადიციულ სუფრას შლის სახლში, შვიდ სართულიანს და ას ოთახიანს მიშენების პერსპექტივით.
აბა ვინ უფრო მაგარ სუფრას გაშლის, ვისი უფრო მრავალფეროვანი იქნება, არადა რეალურად ამ საახალწლო დღეებში ისე მობეზრებული აქვს ყველას საჭმელები, გინდ თავისი და გინდ სხვისი, რომ ხშირ შემთხვევაში უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით სტუმრობენ, ვიდრე კერძების დასაგემოვნებლად.

ბოლო რამდენიმე წელია, უშუალოდ ახალი წლის ღამეს ტკბილი სუფრით ვხვდებით, რასაკვირველია სხვა კერძებიც მზად არის, მაგრამ 31 დეკემბრის ღამეს კახური ღვინო-არაყით, ბაბოს გაკეთებული ჩურჩხელებით, ჩირებით, ხილით, ნამცხვრებით და რაც მთავარია გოზინაყით ვხვდებით.
Continue reading

ფრანგული ვინეგრეტი და საბჭოთა ოლივიე

ვინეგრეტი ოლივიეა თუ ოლივიე არის ვინეგრეტი?

არც ერთი და არც მეორე, ვინეგრეტიც სალათაა და ოლივიეც, როგორც წესი, ორივე დღესასწაულებს უკავშირდება, განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და ახლაც 7 ნოემბერთან და ახალ წელთან ასოცირდება.

თუმცა სალათა, რომელსაც აქტიურად ვამზადებთ ყოველ ახალ წელს ვინეგრეტი ნამდვილად არ არის, ის ოლივიეა.

მივყვეთ ისტორიას . . .

ვინეგრეტი (Vinaigrette) vinaigre (ძმარი), ეს არის ფრანგული საკმაზი, რომელიც მზადდება ზეთისხლის ზეთის და ძმრისგან, ზოგჯერ სხვადასხვა სანელებლების დამატებით. გამოიყენება სხვადასხვა კერძის შესაკმაზად, მათ შორის (!) სალათებისთვის.

ჩვენთვის ცნობილი სალათა “ვინეგრეტი”–ს საკმაზიც ეს იყო (არის) თავდაპირველად, თუმცა ამბავი, რომ სალათა რუსული წარმოშობისაა, მცდარია, სხვადასხვა წყარო მიუთითებს, რომ სალათა გერმანულ ან სკანდინავიურ სამზარეულოს მიეკუთვნება.

სამი მთავარი რამ განასხვავებს სალათა”ვინეგრეტ”–ს “ოლივიე”–სგან, ეს არის ჭარხალი, კიტრის პიკული და ფრანგული საკმაზი ვინეგრეტი (არა მაიონეზი!), სხვა დანარჩენი ინგრედიენტი, გემოვნების და დროის ცვალებადობას მოხერხებულად უწყობს ფეხს.

ერთი მინიშნება ვინეგრეტის მომზადებისას: სალათა მთლიანად რომ არ გაწითლდეს ჭარხლით, ზეთით და ძმრით ჯერ ჭარხალი შეაზავეთ და შემდეგ შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, ამგვარად თქვენს სუფრას დაამშვენებს ფერად–ფერადი სალათა.

რაც შეეხება “ოლივიე”–ს (Potato salad, Russian Salad, Olivier) ამ უცვლელ და ტრადიციულ სალათას, ფრანგ მზარეულს ლუსიენ ოლივიეს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა 1860–იან წლებში, კერძოდ კი იგიგახლდათ რესტორან “ერმიტაჟი”–ს შეფ–მზარეული.

დღეისთვის, ოლივიეს დროინდელმა ოლივიემ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, თუმცა ძირითადი ინგრედიენტები, მათ შორის სახასიათო – მაიონეზი უცვლელად დარჩა.

ამბობენ, რომ პირველად, სალათა “ოლივიე”–ს რეცეპტი გამოქვეყნდა ალექსანდროვას კულინარიულ წიგნში, მაგრამ როგორც ლაივჟურნალის ერთ–ერთ ბლოგზე არის მითითებული, პრეტენზია პუბლიკაციის პირველობაზე ამ წიგნს ვერ ექნება, რადგან კულინარიული წიგნის ავტორი 11 წლის იყო, როდესაც დიდი შეფ–მზარეული გარდაიცვალა.

 ჟურნალი “Наша Пища”, № 5, 1894წ.

(ამ დროიდან ჟურნალის თანაავტორი არის ალექსანდროვა)

შეკითხვა #279 როგორ მოვამზადოთ ოლივიე?

 

 პასუხი მომდევნო, № 6 ჟურნალში

და ასევე დამატებით პასუხი გასცეს № 10 ჟურნალში

 მაშ ასე, ძველი და თავდაპირველი რეცეპტის ინგრედიენტები ასე გამოიყურება:

– კაკაბის ხორცი

– კვერცხი

– კარტოფილი

– კიტრი (ახალი!)

– სალათის ფურცელი

– პროვანსალი (მაიონეზი)

– კიბოს ჩხირები

– კაპერსი

– ზეთისხილი

მნიშვნელოვანია, რომ ოლივიე მოამზადოთ ახალი კიტრით და არა პიკულით, სხვა გემოა და სხვა სიცოცხლეა, სალათის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სახასიათო ნაწილი კი ხორცია, ეს იქნება ფრინველის თუ საქონლის, სურვილსამებრ.

საბჭოთა პერიოდის “ოლივიე” უკვე მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია, მისი მთავარი ინგრედიენტებია ქათმის ხორცი ან ძეხვი,  კარტოფილი, კვერცხი, კიტრის პიკული, ბარდა (რომელიც აქამდე არ გვიხსენებია).

«რევოლუციამდელი რეცეპტი

«საბჭოთა»
რეცეპტი

კაკაბი ძეხვი
კიბოს ჩხირები მოხარშული სტაფილო
ახალი კიტრი კიტრის პიკული
ზეთისხილი და კაპერსი ბარდა

როგორც ჩანს ოლივიეს ოლივიე ზედმეტი ფუფუნება იყო საბჭოთა ოჯახში, კაკაბი ძეხვმა ჩაანაცვლა, კიბოს ჩხირები მოხარშულმა სტაფილომ, ზეთისხილი და კაპერსი ბარდამ, ანუ ის ინგრედიენტები რაც გაცილებით იაფი და ადვილი საშოვნელია.

თუმცა ცვლილებებმა სტარტი ჯერ კიდევ ლუსიე ოლივიეს სიცოცხლეში აიღო, როდესაც  დამხმარე მზარეული ივან ივანოვი, როგორც კი შეფ–მზარეული გარეთ დაიგულა, შეიპარა მის განმარტოებულ სამზარეულოში, დააკვირდა მიზანპლასს, შემდეგ დატოვა რესტორანი “ერმიტაჟი” და სამუშაოდ გადავიდა რესტორან “მასკვა”–ში, სადაც ამზადებდა მსგავს სალათს, სახელწოდებით “დედაქალაქური” (Capital Salad – Stolichny);

რა თქმა უნდა ეს არ იყო ის, რასაც დიდი შეფ–მზარეული ამზადებდა, ეს არ იყო ის საფირმო კერძი, რომელსაც უამრავი ადამიანი სიამოვნებით მიირთმევდა, ამზადებდა და დღემდე ამზადებს ახლა უკვე სადღესასწაულო სუფრებისთვის, არადა არაფერი განსაკუთრებული, სალათს უბრალოდ მწიკვი ფრანგული შარმი აკლდა.

კაკაბი და ფრანგული შარმის რა მოგახსენოთ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები ძველი რეცეპტით შევხვდე ახალ წელს. :)

პ.ს. სალათა “ოლივიე”–ს მომზადების ორიგინალურ წესებს რატატუის ბლოგზე შემოგთავაზებთ, რომელმაც არც თუ უსაფუძვლოდ წლის ყველაზე გემრიელი ბლოგის სტატუსი შეახრამუნა.  ;)

ქრისმასული ქრისმასი

მე ასე მექრისმესება მას შემდეგ, რაც ეს კლიპი ვნახე პირველად

ბევრი თოვლი, ბევრი მეგობარი, დიდი სითბო და მხიარულება

მხიარულ შობა–ახალ წელს გისურვებთ :)

პ.ს. უთბილესი და უტკბილესი ახალი წლები სოფელში გამიტარებია, იქ ჯობია :)

კუტურიე ნაძვის ხეები

საახაწლო ხეები ცნობილი დიზაინერებისგან  

ჟან-პოლ გოტიე 

სტელა მაკარტნი 

ქრისტიან დიორი 

შანელი 

ლუი ვიტონი 

ჟან-პოლ ჟიტრუა 

პიტერ ჰერმი 

მე სტელა მაკარტნის საახლწლო ხე მომეწონა, ვიწყებ ქსოვას :D :D :D

საძველწლო ვარიაციები

ყვავას პოსტმა შთამაგონა და გადავწყვიტე მეც გადამეხედა 2010 წლისთვის, სანამ 2011 არ შემოსულა და სულ კინწისკვრით არ გაუგდია . . .

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ არა 2010 წელი, ეს პოსტი ვერ დაიწერებოდა, ანუ ეს ბლოგი გაჩნდა 2010 წლის 19 იანვარს, ჯერ ერთი წლისაც არ ვართ, და ეს ოდენ თოთო ბლოგი 114 პოსტს იტევს, მათ შორის არცერთი გესთი, რადგან მეტად ცუდი მასპინძელი ვარ.

ბლოგამდე ჯერ იყო დღიური, შემდეგ ბლოკნოტების უთვალავი რაოდენობა, შემდეგ კომპიუტერი ფაილებით და ფოლდერებით, ბლოგის მერე რა იქნება არ ვიცი :)

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ ბლოგზე ერთხელ მაინც შემოსულა, განსაკუთრებული მადლობა პირველი კომენტარის ავტორს – INTERES-ინტერესი ?…! და ყველა ჩემს ერთგულ მკითხველს:  ქევანას, ლორდ ვადერს, თეოს, მწირს, როდრიგოს, ჯორჯ პაიკს, ნატატოს, ვეკოს, სიყვარულოვნას, კატიეს და კიდევ სხვებს და სხვებს . . .

სხვა ზოგადსაკაცობრიო პოსტების გვერდით, აქ ნახავთ ჩემს ჩანახატებს, ლექსებს, თარგმანებს.

შემოქმედებითი თვალსაზრისით არცთუ ისე ნაყოფიერი წელი იყო, დავწერე 12 ლექსი, ვთარგმნე ერთი ლექსი (არლინგტონის) და ორი მოთხრობა (მოემის) ინგლისურიდან.

უბრალოდ წლის განმავლობაში ბევრ თარგმანებს ვაკეთებ სამსახურში და მხატვრული თარგმანისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება სამწუხაროდ.

სამსახურიც ისევ ისე, სტაბილურად ქმედუნარიანია, მოშლა, დაშლა არ ემუქრება, ბოლო-ბოლო კრიზისის ლაბირინთებში ვიარეთ ამაყად;

წელს ვიყიდე ანუ შევცვალე მანქანა, რომლის გარეშეც ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, რა ვქნა მიჩვევა იცის კომფორტმა.

განსხვავებით სხვა წლებისგან არსად არ ჩამიბარებია სასწავლო მიზნებით, მხოლოდ სერთიფიკატი მივიღე დოკუმენტური კინო რეჟისურის კურსის დახურვისთვის,

ენებს რაც შეეხება, ცოტა ხნით დავუბრუნდი ფრანგულის და ესპანურის სწავლას, თუმცა მალევე შევწყვიტე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

ასევე ვერ დავასრულე დოკუმენტური ფილმი ქართველ ავტომრბოლელებზე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

მყავდნენ აბიტურიენტები ინგლისურ ენაში, რომლებსაც შევალიე ჩემი დღის ბოლოსთვის გამოზოგილი ნერვები :D

პირად ცხოვრებაში სრული ჩავარდნა მქონდა, არც ერთი და არც მეორე არ ყოფილა ამ წელს – მიზეზი აქაც შეიძლება იყოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

როგორც იქნა დრო გამოვნახე და ოქტომბერში სამოგზაუროდ წავედი ეგვიპტეში – საუკეთესო რაც მოხდა 2010 წელს!

ამ დღეებში ასევე გავიგე, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს ბლოგერების კრებულს, სადაც დაიბეჭდება ჩემი ერთ-ერთი ჩანახატი, რომელი აარჩიეს არ ვიცი, ორი გავაგზავნე.

ჩემი თარგმანები და ლექსები შეგიძლიათ იხილოთ აქ -www. lib.ge, რისთვისაც მადლობა გიორგი კეკელიძეს.

და რაც უმნიშვნელოვანესია გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი, თუნდაც ვირტუალურად და თუნდაც რეალურად! თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ მიყვარხართ ყველა, უკლებლივ! მე მაპატიეთ, რომ ვერ გამოვხატავ, ძალიან უხეში და უჟმური ვარ საამისოდ.

მადლობა რომ წაიკითხეთ ეს პოსტიც!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!