ცაიშში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ბავშვობაში, უფრო ხშირად კი გავლით, თუმცა ისე მოხდა, რომ არც არავის უთქვამს და არც მე გამიგია, რომ ცაიშში თერმული წყლები მოედინება და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განთქმული სამკურნალო კურორტი ყოფილა.
არც ახლა მეცოდინებოდა ბებიას რომ არ დაერეკა გახარებულს და არ ეთქვა ჩემთვის, რომ უკვე 10 დღეა ცაიშში დადის პროცედურებზე და შედეგი აქვს, მოეშვა და გამართა ფეხები, სიარული აღარ მიჭირსო (ართრიტი).
ჩემს გონებაში უეცრად წარმოვიდგინე ცხელი მოჩუხჩუხე წყლები, ბუნებრივი ჯაკუზი, მაკუზი, მისკუზი, გადავეშვი ოცნებების მორევში კი არადა თერმულ წყლებში . . . . მაგრამ როგორც პრეზიდენტი იტყოდა ნურას უკაცრავად!
თან ვესაუბრები თან ვგუგლავ, ვარკვევ დეტალებს, სად როგორ შეუძლია ადამიანს წავიდეს, განთავსდეს ცაიშში, დაისვენოს, გადაეშვას სრულ რელაქსაციაში, ვერაფერი ვიპოვე გარდა ერთი საინფორმაციო ვიდეორგოლის, სადაც ცაიში ტირის პირდაპირი მნიშვნელობით, ოთხივ კუთხით აღვარღვარებს თერმულ ცრემლებს, დანგრეულია კურორტი, მიწასთან არის ყველაფერი გასწორებული.
გავოგნდი! ის რისთვისაც ადამიანები უზარმაზარ თანხებს იხდიან თბილისურ სალონებში ან თუნდაც საზღვარგარეთ, აქვე ჩვენს ქვეყანაში უპატრონოდ მიედინება.
იქვე ვიდეოში ნანახ ხავსს მოვეჭიდე და ბებიას გამოვკითხე, სად და როგორ მიდიოდა, სად ჩერდებოდა, როგორ იკეთებდა ამ პროცედურებს, არაფერი, თურმე რაღაც ორი მილია გამოჩხერილი, იქ დგებიან 10–20 წუთი, ვიღაც ჭკვიანს მოუფიქრებია ეზოში შეყვანა ერთი მილის, თბილისიდან თუ მოუნდა ვინმეს ჩამოსვლა დიდი–დიდი ოჯახში გაჩერდეს სადმე ცოტა ხნით, ეს მეთოდიც ასე აპრობირებული არ არის, მოკლედ როგორც SPA–კურორტს დიდი ხანია ხალხი გადაჩვეულია უკვე.
ცაიშის ჰიპერთერმული მინერალური წყალი საყურადღებოა თავისი უნიკალური შემადგენლობით – ის სულფიდებს, ქლორიდებს, ჰიდროკარბონატებს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, აზოტს, გოგირდწყალბადს შეიცავს. სპეციალისტთა აზრით, ანალოგი არც ცაიშის წყაროებს მოეპოვება. ამ წყლით მკურნალობენ ნევრალგიას, ნევრიტს, რადიკულიტს, ქრონიკულ გინეკოლოგიურ დაავადებებს, ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, ართრიტებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
ფოტო – ცაიშის SPA კურორტი
ფოტოს წყარო: karavi.ge – (archili)
