პირველი ქალი ბოსტონის მარათონზე

“პირველად, ბოსტონის მარათონს 1964 წელს ვუყურე მამასთან ერთად და მას შემდეგ არ ამომდის გონებიდან”, “სრულიად ირაციონალური სიყვარული იყო, სირბილს არ ჰქონდა მიზეზი, მთლიანად სცილდებოდა ყოველგვარ სოციალურ და კულტურულ ნორმებს ქალისთვის და მხოლოდ მამაკაცების სოციალურ სივრცეს განეკუთვნებოდა”  - იხსენებს ბობი გიბი, პირველი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბოსტონის მარათონში და სრულად დაფარა დისტანცია სამ საათში, 21 წუთში და 40 წამში, წითელი ჯვრის მედდის თეთრი ტყავის ფეხსაცმელებით.

მარათონს არასოდეს არ აღიქვამდა როგორც რაღაც სპორტულ ღონისძიებას, არამედ როგორც სიხარულის და თავისუფლების მომტან რბოლას, გაზაფხულის მოსვლას.

მიუხედავად იმისა რომ ბობიმ იცოდა იმ სოციალური წნეხის შესახებ, რომელსაც ქალები განიცდიდნენ იმ პერიოდში, ის ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ ბოსტონის მარათონი ქალებისთვის დახურული იყო, სანამ 1966 წელს წერილი არ გაუგზავნა საორგანიზაციო კომიტეტს მარათონში მონაწილეობის თხოვნით.

“წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მევარჯიშა; არ მქონდა შესაბამისი წიგნები, არ არსებობდა ქალის სპორტული სამოსი. მხოლოდ ექთნის ფეხსაცმელები მქონდა, რადგან ექთნის დამხმარედ ვმუშაობდი”.

Continue reading

ნეკრესი, ქეიფი და ნაგავი

წინა კვირას ნეკრესი მოვიარე, პირველად ვიყავი და მიუხედავად აუტანელი და გაუსაძლისი სიცხისა ძალიან ძალიან მოვიხიბლე.  როგორც უკვე ნამყოფმა ადამიანებმა მითხრეს ტერიტორია არ იყო ადრე მოწყობილი, გზაც გაუვალი იყო და ადიოდნენ ფეხით. ამჯერად, ჩემდა გასაკვირად ყველაფერი კარგად იყო მოწყობილი, არა ბუტაფორიულად, ტერიტორია შემოღობილი და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის ძირში სამარშუტო ტაქსებიც იყო მობილიზებული, მანქანების შესვლა არ შეიძლებოდა გარდა მღვდლებისა და მომსახურე პერსონალისა.

მივყვეთ ფოტოებს :)  

სამარშუტო ტაქსი მეტი კომფორტისთვის :D ორი გზა 1 ლარი ღირს, ბილეთების შეძენა კი იქვე სალაროში შეგიძლიათ

Continue reading

დროშა რაიხსტაგზე და საათები მაჯაზე

დროშის აღმართვა რაიხსტაგზე

ეს ცნობილი ფოტო 1945 წლის 2 მაისს გადაიღო ფოტოგრაფმა ევგენი ხალდეიმ, რომ არა რამდენიმე საინტერესო ნიუანსი ამ პოსტში აუცილებლად დავწერდი იმაზე თუ როგორი გმირობაა იყო ფოტოგრაფი კრიზისულ სიტუაციებში, ომში, ათასგვარ უბედურებაში და ა.შ.

ცნობილი ფოტოს გადაღებამდე – 30 აპრილი, 1945წ.    

ბერლინის ბრძოლა  II მსოფლიო ომის უკანასკნელი და ყველაზე გააფთრებული ბრძოლა იყო, რომელიც 1945 წლის 20 იანვარს დაიწყო და ამავე წლის 2 მაისს დასრულდა. ბერლინის დაცემის შემდეგ ფოტოგრაფმა ევგენი ხალდეიმ მოაგროვა რამდენიმე ჯარისკაცი, ჯო როზენთალის მსგავსად ისტორიული ფოტოს გადაღების იმედით.

ზოგადად, რაიხსტაგზე დროშის აღმართვის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დღემდე სადაო და ბინდით მოცულია. ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ, დროშა აღმართა 23 წლის მიხაილ მინინმა 1945 წლის 30 აპრილს. რადგან შემთხვევა ღამით მოხდა ფოტოს გადაღებისთვის უკვე ძალიან ბნელოდა, თანაც მომდევნო დღეს გერმანელებმა დროშა ჩამოხსნეს, ხოლო საბოლოო კონტროლი წითელმა არმიამ მთელ შენობაზე აიღო 2 მაისს.

ოფიციალური ცნობების თანახმად შეარჩიეს ორი ჯარისკაცი: ქართველი მელიტონ ქანთარია (რათა ესიამოვნებინათ სტალინისთვის, რომელიც ასევე ქართველი იყო) და რუსი მიხაილ ეგოროვი.  თუმცა მოგვიანებით ირკვევა რომ გარკვეული პოლიტიკური მიზეზებით ფოტოს სუბიექტები ჩაანაცვლეს და რეალურად უკრაინელმა ალიოშა კოვალიოვმა აღმართა დროშა, რომელიც თავის მხრივ შინსახკომმა გააჩუმა.

1945 წლის 13 მაისი 

ფოტოს გადაღების შემდეგ, ხალდეი სწრაფად დაბრუნდა მოსკოვში;

ეს ისტორიული ფოტო 1945 წლის 13 მაისს ჟურნალ “Ogonyok”-ში დაიბეჭდა, თუმცა დაბეჭდვამდე  ”Ogonyok”-ის მთავარი რედაქტორის მოთხოვნით ფოტო ცენზურას დაექვემდებარა.

რედაქტორის მახვილ თვალს არ გამოპარვია, რომ სერჟანტ აბდულახიმ ისმაილოვს ორივე მაჯაზე ეკეთა საათი, რაც კარგად ჩანდა, ვინაიდან ისმაილოვი ხელებით იჭერდა დროშის მპყრობელს –  რედაქტორმა საათები ნადავლად ჩათვალა.

“საბჭოთა ჯარისკაცი არ ქურდობს”   

ხალდეიმ ნემსის გამოყენებით ერთი საათი გააქრო მარჯვენა მაჯიდან და ასევე ფონიდან დააკოპირა კვამლი უფრო მეტი დრამატულობისთვის.

ქართული ენის შემოღება სხვა და სხვა სკოლებში

გუშინ,  სრულიად შემთხვევით შევიძინე  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის  ანგარიში

ბლოგზე პერიოდულად შემოგთავაზებთ  ამონარიდებს აღნიშნული ანგარიშიდან,  რასაკვირველია სტილის დაცვით.

1. ტფილისში არსებობს „ტფილისის საქველმოქმედო საზოგადოება“, რომლის სახელობაზე დაარსებულია ორ კლასიანი ქალთა სკოლები ვერაზე, კუკიაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე და ავლაბარში. თუმცა მოწაფეთა უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, მაგრამ დირექციას საჭიროდ არ მიაჩნდა ამ სკოლებში ქართულის სწავლება.  წ.კ. საზოგადოების მეცადინეობით შემოღებულ იქმნა ქართული ენის (როგორც საგნის) სწავლება. 1912 წლის შემოდგომიდან ვერის სკოლაში, ხოლო 1914 წლის შემოდგომიდგან სოფიოს სახელობისა (ჭავჭავაძის ქუჩაზე), კუკიის და ავლაბრის სკოლებში. საანგარიშო წელს ვერის სკოლაში 100 ქართველი სწავლობდა, სოფიოს სახელობაში – 60, კუკიისაში – 55, ავლაბრისაში 50. ვერის სკოლაში ქართულს ასწავლის ანნა შარაშიძე, დანარჩენ სკოლებში ბარბარე გარსიაშვილი. ორთავეს დასრულებული აქვს საეპარქიო დედათა სასწავლებელი და ნაკისრ მოვალეობას კარგად ასრულებენ.

1915 წლის განმავლობაში ამ სკოლებზე წ.კ. საზოგადოებამ დახარჯა 692 მან. 76 კაპ.

2.  გალის სკოლა. სამურზაყანოში, დაბა გალში, არსებობს მეორე ხარისხოვანი სამრევლო სამასწავლებლო სასწავლებელი. აქ სწავლობენ მხოლოდ მეგრელები, სვანები და ქრისტიანი აფხაზები. სკოლის დასრულების შემდეგ ყმაწვილებს ამწესებენ სამურზაყანოში და სამეგრელოში მასწავლებლად და მედავითნედ, შემდეგ ზოგი მათგანი მღვდლადაც მიდის. გალის სკოლაში ყველაფერს ასწავლიდნენ გარდა ქართულისა, ადვილად წარმოსადგენია, ქართულის უცოდინარი მასწავლებელი, მედავითნე ან მღდველი როგორი დამცველი იქნება ქართულის ინტერესებისა.

წ.კ. საზოგადოების გამგეობის მაცადინეობით 1915 წლის შემოდგომიდან წ.კ. საზოგადოების ხარჯით გალის სკოლაში შემოღებულ იქმნა ქართული ენის სწავლება, როგორც საგნისა. მასწავლებლად გამწესებულ იქმნა ქართულ ლიტერატურაში ცნობილი პეტრე ჭარაია.

1916 წლის განმავლობაში, გალის სკოლაზე დახარჯა 198-90.

——————

თბილისი, მსწრაფლ-მბეჭდავი სტამბა ვ. რუხაძისა, გაბაევის შესახვევი #1 

1916

ფერისცვალების კინოკლუბი

სოფელში სეირნობის დროს, ხშირად ავუვლიდით–ჩავუვლიდით ხოლმე ამ ეკლესიას, თუმცა ეკლესიას ვერც მიამსგავსებდით, ძალიან უცნაური ფორმა ჰქონდა; 20–იანი წლებიდან მოყოლებული, ამ ეკლესიის სივრცეში არც მეტი, არც ნაკლები  კინოკლუბი იყო განთავსებული –  კინოდანადგარი, ასე მოიხსენიებდნენ მაშინ;

ანაგელების მონათხრობის მიხედვით, აქ უჩვენებდნენ ინდურ, რუსულ, ქართულ ფილმებს, მოგვიანებით კინოკლუბმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ისევე როგორც ბევრმა კინოკლუბმა საქართველოში და ანაგა–ვაქირის მიჯნაზე აღმართული XVII საუკუნის ფერისცვალების ეკლესია უბრალოდ, ერთ მიტოვებულ შენობად იქცა.

როგორც  მეზობელ ბლოგზე ვკითხულობ:

“აქ შეასრულა თავისი უკანასკნელი სიმღერა ,,თავო ჩემო ბედი არ გიწერია” ლეგენდარულმა ვანო სარაჯიშვილმა. ამ ფაქტს ცოდვად მოიხსენიებენ ფანატიკოსი მორწმუნენი და აღნიშნავენ, რომ ეკლესიის საკურთხეველში შესრულებული სიმღერის ცოდვამ უწია ვანოს, რომელსაც ამ კონცერტის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია.”

წინა შაბათ–კვირას სოფელს ვესტუმრე, როგორც მივხვდი ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს და როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მითხრა სამება იქნებაო, თუმცა რამდენად მართალია არ ვიცი.

სამწუხაროდ კინოკლუბი აღარ იქნება არც აქ და არც სხვაგან :(

პ.ს. ეს არის ყველაზე დიდი ეკლესია და ალბათ ერთ–ერთი მიზეზი კინოკლუბად ქცევისა შეიძლება ესეც იყო. დანარჩენი ეკლესიები რაც ვნახე, ყველა ძალიან პატარაა, მინიმალისტური.  

ვაქირის მხრიდან

II მსოფლიო ომი: შინმოუსვლელები

II მსოფლიო ომი, როგორც დედაჩემის მხარეს, ისე მამაჩემის მხარეს შეეხო.  მამაჩემის მხრიდან, ჩემი დიდი პაპა და მისი ორი ძმა – სამი შინმოუსვლელი გვყავს.

მონაცემები რომელიც რუსულენოვან მონაცემთა ბაზაში მოვიპოვე 

ნიკოლოზ მირიანაშვილი (დიდი პაპა) 

Номер записи  59578354
Фамилия Мирианашвили
Имя Николай
Отчество Соломонович
Дата рождения __.__.1900
Место рождения Грузинская ССР, Сигнахский р-н, с. Анага
Дата и место призыва __.__.1942 Сигнахский РВК, Грузинская ССР, Сигнахский р-н
Воинское звание красноармеец
Причина выбытия пропал без вести
Дата выбытия __.11.1942
Название источника информации ЦАМО
Номер фонда источника информации 58
Номер описи источника информации 18004
Номер дела источника информации 862

ალექსანდრე მირიანაშვილი (დიდი პაპის ძმა) 

Номер записи:  67563455

Фамилия: Мирианашвили
Имя: Алексей
Отчество Соломонович
Дата рождения __.__.1914
Дата и место призыва Сигнахский РВК, Грузинская ССР, Сигнахский р-н
Воинское звание рядовой
Причина выбытия пропал без вести
Дата выбытия __.11.1942
Название источника информации ЦАМО
Номер фонда источника информации 58
Номер описи источника информации 977521
Номер дела источника информации 353

მესამე ძმის, აბრაამ მირიანაშვილის მონაცემები ვერ მოვიპოვე, სამწუხაროდ.

აღნიშნულ საიტზე დევს შესაბამისი დოკუმენტაციაც.

–––––––––

რაც შეეხება დედაჩემის მხარეს, ორი შინმოუსვლელი გვყავს დედაჩემის ბაბუა ვარლამ სხულუხია და ბაბუის ძმა გრიგოლ სხულუხია – საბჭოთა კავშირის გმირი.

გრიგოლს მძიმე ხვედრი ეწია, 1942 წლის აპრილში იგი დაზვერვაში მოქმედებდა, მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებდა. მორიგი დაზვერვისაც, მცირე სადაზვერვო ჯგუფს გერმანელების მრავალრიცხოვან ჯგუფთან მოუწია შერკინება, იცავდა რა თანამებრძოლებს, გრიგოლი მძიმედ დაიჭრა და გონდაკარგული ჩავარდა ტყვედ.  გერმანელებმა უსასტიკესად აწამეს, ამოთხარეს თვალები, თითებიდან დააძრეს ფრჩხილები, მკერდი ამოჭრეს დანით და ისე რომ მისგან  ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღეს, 1942 წლის 1 მაისს კოცონზე დაწვეს.

II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი კუთხე სოფელ ახალ აბასთუმანში

გავრცელებული ცნობით, წამების დროს გერმანელებმა ზურგზე ვარსკვლავი ამოჭრეს და შემდეგ დაწვეს, რუსი მხატვარიც (გვარი არ მახსოვს) სწორედ ამ სცენას ასახავს. როგორც მახსოვს ეს სურათი მუზეუმს უსახსოვრა მხატვარმა.

ეს სურათი პირველად პატარაობისას ვნახე მუზეუმში, მას მერე მეშინოდა და არასოდეს ვნახულობდი, თუმცა კი ტრადიციას არ ვარღვევდი და მუზეუმს ყოველ ზაფხულს ვათვალიერებდი, თან ისე შევდიოდი რომ ყოველთვის ვიღაც მომყვებოდა, ეს შიში მეხუთე კლასში დავძლიე :) უზარმაზარი სურათია

ამ სურათის ორიგინალი დევს გრიგოლ სხულუხიას სახლ–მუზეუმში, სოფელ ახალ აბასთუმანში

გრიგოლ სხულუხიას ძეგლი ახალ აბასთუმნის ცენტრში

 

ვინც ვერ დაუბრუნდა სოფელს . . .

მთავარი ქუჩა და ჩემი სახლის ნომერი :)

ერთი სკოლის ისტორია

ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოსთვის ანაგაში სკოლა არ არსებობდა და ანაგელ ვაჟებს ვაქირში უწევდათ სასწავლებლად სიარული. შემდეგ მღვდელ ხატიაშვილის სახლში ანაგელი და ვაქირელი ვაჟებისთვის გახსნილა სკოლა. მოგვიანებით ორი სოფლის საერთო ფინანსებითა და მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელშეწყობით აშენებულა სამოთახიანი შენობა, რომელიც 1899 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც ვაჟთა სასწავლებელი.

სწავლა-განათლება რომ ანაგელ გოგონებსაც არ აწყენდათ, ეს მღვდელ იოსებ მირიანაშვილს მოუფიქრებია, 1895 წელს დაუქირავებია შენობა და გაუხსნია ქალთა სკოლა, რომლის პირველი მასწავლებელი ყოფილა თელაველი ქალბატონი ქეთევან ზარაქიშვილი. 1900 წელს იოსებ მირიანაშვილს საეკლესიო ხარჯებით აუშენებია ოთხ ოთახიანი შენობა, რომლის ორ პატარა ოთახში სკოლა განთავსებულა, ორ დიდ ოთახში კი კლუბი. სკოლაში ირიცხებოდა ორი მასწავლებელი და 100-მდე მოსწავლე გოგონა. სწავლა მიმდინარეობდა ქართულად, თუმცა რუსულს დიდი ყურადგება ექცეოდა.

საღვთოს სჯულის სწავლებისთვის თავი მაინცა და მაინც არავის შეუწუხებია. სკოლის გამგეს, დეკანოზ მერაბიშვილს უთქვამს: ,,მამაო ჩვენო” და ,,წმიდაო ღმერთოც” ეყოფათო. ამ სასწავლებელში სწავლის ვადა სამი წელი ყოფილა. ამ დროისათვის სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში უმუშავია ანაგელ ბენიამინ მირიანაშვილს. მას დაუთანხმებია სიღნაღში რევიზიაზე ჩამოსული ინსტიტუტის მეგობარი პოგარელოვი გიგა მირიანაშვილისაგან, ოთახი ექირავებინა მამასახლის ,,ნოქარაანთ ილიკოსთვის”. შემდგარა გარკვეული სახის ოფიციალური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 1899 წლის პირველი სექტემბრისათვის ვაქირიდან გადმოუზიდავთ მოძველებული ინვენტარი და შემდგარა პირველი მეცადინეობა, რომელსაც დასწრებიან ქალები და ვაჟები ერთად, თუმცა, პარალელურად, უარსებია ქალთა სკოლასაც.

თბილისში დაბრუნებულ პოგარელოვს ანაგაში სკოლის ასაშენებლად სიღნაღის ხაზინაში გადაურიცხავს საჭირო თანხა, მაგრამ მამასახლისის დაუდევრობის გამო შენობის ასაშენებლად ადგილი არ გამოუნახავთ და თანხა ვაქირს აუთვისებია. შენობის უქონლობის გამო არც ვაქირის სკოლის უფროსს სოლიკო შოშიაშვილს ჰქონია სახარბიელო სამუშაო ვითარება. მისი სკოლისთვის ,,მომთაბარე კლასი” უწოდებიათ და მოსწავლეთა რაოდენობა 50- მდე შემცირებულა.

გამოსავალი ამ ორ სოფელში არსებული მძიმე სიტუაციიდან გამოინახა 1919 წლის თებერვალში. კარდენახის სკოლიდან გადმოსულ პედაგოგ ნადია მირიანაშვილის(ნალბანდიაანთი) ძალისხმევით გაერთიანებულმა ანაგა-ვაქირის სკოლამ, თავისი ახალი სიცოცხლე დაიწყო, საერთო ძალებით დადგმული წარმოდგენით. ამ დროიდან ანაგაში ფუნქციონირებდა ორი სკოლა; ერთი- დაწყებითი ყოფილი ამბულატორიის შენობაში და მეორე, შვიდწლიანი, რომელიც განთავსებული იყო სოფლის უდიდეს უბანში ბაიდარაანში, ეგრეთ წოდებულ ფრიდონიიანთ სახლებში.სკოლას ერქვა უმაღლესი დაწყებითი სკოლა. მისი გამგე ყოფილა ვინმე ივანე რუხაძე. 1920 წლისთვის ორივე სკოლაში უსწავლია 200 ბავშვს. 1922 წელს კი ეს სკოლები შეერთებულა. გაერთიანებული სკოლის გამგედ დაუნიშნავთ ვანო რუხაძე, მოადგილედ ნადია მირიანაშვილი. 1928-30 წლებში სკოლას ხელმძღვანელობდა ერმილე კიკაჩეიშვილი. 1933 წელს ცალკე გამოყოფილა ოთხწლედი, შვიდწლედს კი მინიჭებია კოლმეურნეობის ახალგაზრდობის სკოლის სახელი. შემდეგ წლებში ამ სკოლას ხელმძღვანელობდნენ იოსებ ტალიაშვილი, ზაქრო ჩერქეზიშვილი, კოლა ღირსიაშვილი, გოგია ბილანიშვილი, ივანე აბესაძე. 1934 წელს შვიდწლედი გადაკეთებულა საშუალო სკოლად, ხოლო დაწყებითი სკოლის ბაზაზე გახსნილა შვიდი კლასი, რომელსაც ცალკე უარსებია 2 წლის მანძილზე და შემდეგ შეერთებია საშუალო სკოლას.

II მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს ,,ფრიდონიაანთ სახლებიდან” სკოლა გადმოსულა იქ, სადაც ახლაც ფუნქციონირებს, რომელშიც პირველი დირექტორი ყოფილა ალექსანდრე მჭედლიშვილი, ხოლო 1946 წლიდან მას მართავდა ელენე მირიანაშვილი.შემდგომ ერთმანეთს სცვლინდნენ დირექტორები: დავით ბაბალაშვილი, შალვა მჭედლიშვილი, ნოდარ ბეროზაშვილი, შალვა თანდაშვილი, ესმერალდა სიფრაშვილი.

დღეს კი თუ ანაგის სკოლას ესტუმრებით, თამარ ჯოხარიძე გიმასპინძლებთ.

წყარო:  იხილეთ სრულად  

პ.ს. ეს ჩემი სოფელია :)

საბჭოთა საქართველო

ამონარიდი წიგნიდან “კინოხელოვნება”, 1957წ.

სტილი დაცულია

1950 წელს გადაიღეს სრულმეტრაჟიანი ფერადი დოკუმენტური სურათი “საბჭოთა საქართველო” (რეჟისორი ს. დოლიძე, რ. კარმენი).

“კინოსურათი ამაღელვებლად მოგვითხრობს ქართველი ხალხის შემოქმედებითი პათოსით აღსავსე შრომაზე, რომელმაც მთლიანად უცვალა სახე საქართველოს, ააყვავა იგი და დიადი საბჭოთა ქვეყნის ერთ–ერთ მოწინავე რესპუბლიკად აქცია” – სწერდა გაზეთი “კომუნისტი”.

საბჭოთა საქართველოს ახალი ადამიანები – კოლმეურნეები, მუშაკები, ინჟინრები, მეცნიერები, ხელოვნებისა და ლიტერატურის მოღვაწენი, მათი ყოველდღიური ცხოვრება – აი, ის, რაც ძირითადად აინტერესებდათ სურათის შემქმნელებს.

სურათის ავტორებმა განიზრახეს მთელი სისავსით ეჩვენებინათ საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრება, მისი მიღწევები, მაყურებლისათვის გადაეშალათ საქართველოს ულამაზესი ბუნების მთელი სიდიადე და მრავალფეროვნება. რაც უთუოდ შეასრულეს სურათის ავტორებმა.

დიდი ზომიერებითა და გემოვნებით არის მოცემული სურათში ქართველი ხალხის ისტორია. ეკრანზეა მეფე ერეკლე II–ის მიერ ხელმოწერილი ტრაქტატიმ რომლის შედეგად ქართველმა ხალხმა სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ბედი დიდ რუს ხალხს.

საქართველოს გული – თბილისი მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც 15 საუკუნის ისტორია აქვს. ეკრანზე ვხედავთ ახალ სოციალისტურ თბილისს, მის მონუმენტურ ნაგებობებს, ახალ, ფართო ქუჩებს, პარკებსა და ბაღებს, შესანიშნავ ხედებს, საწარმოებს, სამეურნეო და კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს . . .

ეკრანზე ვხედავთ ტყიბულისა და ტყვარჩელის მოწინავე მეშახტეებს, რომლებმაც თავდადებული, ნოვატორული შრომით მაღლა ასწიეს სოციალისტური შეჯიბრების დროშა.

ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს კადრები, რომლებშიც აღბეჭდილია საქართველოს მძიმე ინდუსტრიის პირმშო–რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. სურათში შესანიშნავად არის ნაჩვენები ქარხნის მოწინავე ადამიანების ცხოვრება და შრომა.

დიდი რეჟისორული და ოპერატორული ოსტატობით არის გადაღებული ქართული ფოლადის შექმნის პროცესები.

თბილისის გვერდით აყვავდნენ საქართველოს ქალაქები – ქუთაისი, სოხუმი, ბათუმი, ფოთი, თელავი;

სურათში განსაკუთრებით გამოირჩევა კადრები, სადაც ასახულია საქართველოს ულამაზესი კურორტები: გაგრა, ბორჯომი, რიწა, ახალი ათონი, წყალტუბო, ქობულეთი, ბაკურიანი, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხთა ჯანმრთელობის კერებს წარმოადგენენ.

ასევე ჩანს ქართველი მწერლების შემოქმედებითი მეგობრობა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მუშაკებთან, ქართველი მხატვრების დაძაბული შემოქმედებითი შრომა.

სურათი თავდება სამგორის არხის გახსნისადმი მიძღვნილი საყოველთაო სახალხო ზეიმით.

ასრულდა ხალხის სანუკვარი ოცნება – მოდის წყალი! ივრის წყალი!

 

 :D  :D    

რეტრო რეკლამა

ჩვენთვის დღეს კარგად ნაცნობი და ცხვირწინ მოტრიალე რეკლამები როგორი იყო რამდენიმე ათეული წლის წინ, ჩემი აზრით ნაკლებად გამაღიზიანებელი და საინტერესო, ან შეიძლება ახლა მეჩვენება ასე და ვუყურებ როგორც კლასიკას ;)

ესეც ჩემი რჩეული რეტრო რეკლამები :)

სიგარეტი “Gitanes” – ომარ შარიფი, 1982 წელი, ეგვიპტე 

ყავა “ნესკაფე” –  1978 წელი, გერმანია   

კონკორდის და ყავის სიძლიერე :D

“Cadbury Flake” – 1969 დიდი ბრიტანეთი 

მაი სექსუალური მაი

ტაიდი – 1958 წელი 

თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა  :D

 

რენო –  აფრიკა, 1966 წელი 

პ.ს. კლასიკა დაგვიბრუნეთ ფარჩაკებო :D

ფრანგული ვინეგრეტი და საბჭოთა ოლივიე

ვინეგრეტი ოლივიეა თუ ოლივიე არის ვინეგრეტი?

არც ერთი და არც მეორე, ვინეგრეტიც სალათაა და ოლივიეც, როგორც წესი, ორივე დღესასწაულებს უკავშირდება, განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და ახლაც 7 ნოემბერთან და ახალ წელთან ასოცირდება.

თუმცა სალათა, რომელსაც აქტიურად ვამზადებთ ყოველ ახალ წელს ვინეგრეტი ნამდვილად არ არის, ის ოლივიეა.

მივყვეთ ისტორიას . . .

ვინეგრეტი (Vinaigrette) vinaigre (ძმარი), ეს არის ფრანგული საკმაზი, რომელიც მზადდება ზეთისხლის ზეთის და ძმრისგან, ზოგჯერ სხვადასხვა სანელებლების დამატებით. გამოიყენება სხვადასხვა კერძის შესაკმაზად, მათ შორის (!) სალათებისთვის.

ჩვენთვის ცნობილი სალათა “ვინეგრეტი”–ს საკმაზიც ეს იყო (არის) თავდაპირველად, თუმცა ამბავი, რომ სალათა რუსული წარმოშობისაა, მცდარია, სხვადასხვა წყარო მიუთითებს, რომ სალათა გერმანულ ან სკანდინავიურ სამზარეულოს მიეკუთვნება.

სამი მთავარი რამ განასხვავებს სალათა”ვინეგრეტ”–ს “ოლივიე”–სგან, ეს არის ჭარხალი, კიტრის პიკული და ფრანგული საკმაზი ვინეგრეტი (არა მაიონეზი!), სხვა დანარჩენი ინგრედიენტი, გემოვნების და დროის ცვალებადობას მოხერხებულად უწყობს ფეხს.

ერთი მინიშნება ვინეგრეტის მომზადებისას: სალათა მთლიანად რომ არ გაწითლდეს ჭარხლით, ზეთით და ძმრით ჯერ ჭარხალი შეაზავეთ და შემდეგ შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, ამგვარად თქვენს სუფრას დაამშვენებს ფერად–ფერადი სალათა.

რაც შეეხება “ოლივიე”–ს (Potato salad, Russian Salad, Olivier) ამ უცვლელ და ტრადიციულ სალათას, ფრანგ მზარეულს ლუსიენ ოლივიეს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა 1860–იან წლებში, კერძოდ კი იგიგახლდათ რესტორან “ერმიტაჟი”–ს შეფ–მზარეული.

დღეისთვის, ოლივიეს დროინდელმა ოლივიემ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, თუმცა ძირითადი ინგრედიენტები, მათ შორის სახასიათო – მაიონეზი უცვლელად დარჩა.

ამბობენ, რომ პირველად, სალათა “ოლივიე”–ს რეცეპტი გამოქვეყნდა ალექსანდროვას კულინარიულ წიგნში, მაგრამ როგორც ლაივჟურნალის ერთ–ერთ ბლოგზე არის მითითებული, პრეტენზია პუბლიკაციის პირველობაზე ამ წიგნს ვერ ექნება, რადგან კულინარიული წიგნის ავტორი 11 წლის იყო, როდესაც დიდი შეფ–მზარეული გარდაიცვალა.

 ჟურნალი “Наша Пища”, № 5, 1894წ.

(ამ დროიდან ჟურნალის თანაავტორი არის ალექსანდროვა)

შეკითხვა #279 როგორ მოვამზადოთ ოლივიე?

 

 პასუხი მომდევნო, № 6 ჟურნალში

და ასევე დამატებით პასუხი გასცეს № 10 ჟურნალში

 მაშ ასე, ძველი და თავდაპირველი რეცეპტის ინგრედიენტები ასე გამოიყურება:

– კაკაბის ხორცი

– კვერცხი

– კარტოფილი

– კიტრი (ახალი!)

– სალათის ფურცელი

– პროვანსალი (მაიონეზი)

– კიბოს ჩხირები

– კაპერსი

– ზეთისხილი

მნიშვნელოვანია, რომ ოლივიე მოამზადოთ ახალი კიტრით და არა პიკულით, სხვა გემოა და სხვა სიცოცხლეა, სალათის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სახასიათო ნაწილი კი ხორცია, ეს იქნება ფრინველის თუ საქონლის, სურვილსამებრ.

საბჭოთა პერიოდის “ოლივიე” უკვე მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია, მისი მთავარი ინგრედიენტებია ქათმის ხორცი ან ძეხვი,  კარტოფილი, კვერცხი, კიტრის პიკული, ბარდა (რომელიც აქამდე არ გვიხსენებია).

«რევოლუციამდელი რეცეპტი

«საბჭოთა»
რეცეპტი

კაკაბი ძეხვი
კიბოს ჩხირები მოხარშული სტაფილო
ახალი კიტრი კიტრის პიკული
ზეთისხილი და კაპერსი ბარდა

როგორც ჩანს ოლივიეს ოლივიე ზედმეტი ფუფუნება იყო საბჭოთა ოჯახში, კაკაბი ძეხვმა ჩაანაცვლა, კიბოს ჩხირები მოხარშულმა სტაფილომ, ზეთისხილი და კაპერსი ბარდამ, ანუ ის ინგრედიენტები რაც გაცილებით იაფი და ადვილი საშოვნელია.

თუმცა ცვლილებებმა სტარტი ჯერ კიდევ ლუსიე ოლივიეს სიცოცხლეში აიღო, როდესაც  დამხმარე მზარეული ივან ივანოვი, როგორც კი შეფ–მზარეული გარეთ დაიგულა, შეიპარა მის განმარტოებულ სამზარეულოში, დააკვირდა მიზანპლასს, შემდეგ დატოვა რესტორანი “ერმიტაჟი” და სამუშაოდ გადავიდა რესტორან “მასკვა”–ში, სადაც ამზადებდა მსგავს სალათს, სახელწოდებით “დედაქალაქური” (Capital Salad – Stolichny);

რა თქმა უნდა ეს არ იყო ის, რასაც დიდი შეფ–მზარეული ამზადებდა, ეს არ იყო ის საფირმო კერძი, რომელსაც უამრავი ადამიანი სიამოვნებით მიირთმევდა, ამზადებდა და დღემდე ამზადებს ახლა უკვე სადღესასწაულო სუფრებისთვის, არადა არაფერი განსაკუთრებული, სალათს უბრალოდ მწიკვი ფრანგული შარმი აკლდა.

კაკაბი და ფრანგული შარმის რა მოგახსენოთ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები ძველი რეცეპტით შევხვდე ახალ წელს. :)

პ.ს. სალათა “ოლივიე”–ს მომზადების ორიგინალურ წესებს რატატუის ბლოგზე შემოგთავაზებთ, რომელმაც არც თუ უსაფუძვლოდ წლის ყველაზე გემრიელი ბლოგის სტატუსი შეახრამუნა.  ;)

ღმერთები და არქეოლოგები

არქეოლოგიაზე ორი რამე მახსენდება, პირველი, ბავშვობაში, სოფელში ახალ კარტოფილს როგორ ვიღებდი და სათითაოდ, ფრთხილად, მოპარული კოსმეტიკური ფუნჯით როგორ ვასუფთავდებდი და მეორე, კერამის წიგნი, “ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები”.

ალბათ ყველა არქეოლოგი დამწყები თუ გამოცდილი ოცნებობს მოხვდეს ამ ადგილზე, ან არა მხოლოდ არქეოლოგი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია და გატაცებულია მითოლოგიით, ანტიკური ხანით და არც არის გასაკვირი, ხმელთაშუა ზღვის და პამფილიის რეგიონში მიწის ზემოთ ახლა უკვე ნანგრევების სახით თუ მიწის ქვემოთ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი რამდენიმე ანტიკური ქალაქი მდებარეობს.  შესაბამისად რაც უკვე, პერგეს, პატარას, მირას, ასპენდოსის და ა.შ. გათხრების შედეგად მოპოვებულია სწორედ ანტალიის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში არის დაცული, რომელიც მოიცავს 13 საგამოფენო დარბაზს. ამ დარბაზებში 5000–ზე მეტი ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი, ხოლო დაახლოებით 25000–30000 მუზეუმის საცავებში ინახება.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმ დროისთვის მოპოვებული საგანძური საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან იტალიელებმა, რომლებსაც იმ დროისთვის ოკუპირებული ჰქონდათ ანატოლიის ტერიტორია, მოისურვეს არქეოლოგიური ნიმუშების იტალიაში გატანა. თუმცა გამოჩენილმა თურქმა მხატვარმა და არქეოლოგმა – ოსმან ჰამდი ბეიმ,  თავი აღნიშნული საგანძურის დამცველად, კურატორად გამოაცხადა და იგი გახლდათ პირველი ადამიანი, რომელიც შეეცადა მუზეუმის დაარსებას, ჯერ ალაადინის მეჩეთში, მოგვიანებით ივლი მეჩეთში; ამ ადამიანის დაარსებულია ასევე ანტალიის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც;

საბოლოოდ, მუზეუმი დღევანდელი სახით 1985 წლამდე არ გახსნილა, მუდმივი სამუშაოების, რესტავრაციების და ცვლილებების გამო.

დარბაზი ბავშვებისთვის 

1883 წელი, ოსმან ჰამდი ბეი, არქეოლოგიური გათხრები ნემრუთში, ზევსის ქანდაკების თავი 

Continue reading

გაიზარდნენ ბიჭები, დედა ენაცვალოთ

რატომ აცვია პრინც უილიამს წითელი მუნდირი? ეს პრინცის სამოსია? მამამისს რომ შავი ეცვა ქორწილში, ამას წითელი რატომ აცვია? – გაჩნდა კითხვები მას შემდეგ რაც ქეთრინის კაბის გამოჩენის ეიფორიამ ჩაიარა.

პრინცი უილიამი

სამეფო საჰაერო ძალების კოლეჯის დასრულების შემდეგ იგი მფრინავი გახდა; 2009 წელს გამწესდა სამეფო საჰაერო ძალებში და მიენია ავიაციის ლეიტენანტის წოდება, შემდეგ გაიარა ვერტმფრენის მართვის კურსები და გახდა სამძებრო და სამაშველო ძალების სრული მფრინავი.

პრინცი ასევე გახლავთ ბრიტანეთის არმიის, ცხენოსანი კავალერიის ლეგიონის ”The Blues and Royals” ლეიტენანტი. Continue reading

სამეფო ქორწილის წვლილი სახელმწიფო ხაზინაში

სამეფო ქორწილის წვლილი სახელმწიფო ხაზინაში 

ზოგადად სამეფო ოჯახის არსებობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ  მათი შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ხალხს და სახელმწიფოს. თუმცა მაინც მგონია, რომ ხალხი რომელიც ასე ფიქრობს უბრალოდ ან ძალიან გულუბრყვილოა და ფიქრობს რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის და გარემოცვის შენახვა უფრო იაფია ან უბრალოდ არ არის კარგად ჩახედული სამეფო კონცეფციაში და ზოგადად ბრიტანეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

რამდენადაც ინგლისის ისტორიას ცალკე საგნად გავდიოდი უნივერსიტეტში 2 წლის განმავლობაში, ხოლო უნივერსიტეტამდე 1 წლის განმავლობაში, ვფიქრობ შევძლებ ხანდახან სამეფო ოჯახი და მათი ცხოვრება სხვადასხვა კუთხიდან მიმოვიხილო ჩემ ბლოგზე.

ამჯერად შევჩერდები სამეფო წყვილის კემბრიჯის ჰერცოგის პრინც უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინიას პრინცესა ქეთრინ მილდტონის  ქორწილზე. (ტიტულები მოცემულია შემოკლებით). Continue reading

ნაფიცი ქალწულები

ხაზგასმით პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ქალებს, საუკუნეების მანძილზე არ გააჩნდათ უპირატესობა, ნაფიცი ქალწულები მამაკაცების თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ. მათ შეეძლოთ მემკვიდრეობით მიეღოთ ქონება, ემუშავათ როგორც კაცებს, აერჩიათ სოფლის საბჭოში, ასევე ჰქონდათ ხმის მიცემის უფლებაც. თუმცა მიღებულ პრივილეგიების სანაცვლოდ გაღებული ხარკი დიდი იყო. ისინი ფიცს დებდნენ რომ არ დაქორწინდებოდნენ და არასოდეს არავისთან არ ექნებოდათ სექსუალური ურთიერთობა; და ისინი ვერასოდეს დაუბრუნდებოდნენ ქალურ ცხოვრებას, ვეღარასოდეს გახდებოდნენ ისევ ქალები, ისინი სიცოცხლის ბოლომდე უარს აცხადებდნენ ამაზე.

ხვდებით ალბათ, გადაწყვეტილების მიღება სულაც არ იყო ადვილი და არც დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი. ეს ტრადიცია ძირითად გავრცელებული იყო და ახლაც არის, მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა ალბანეთი, მონტენეგრო და მცირედად კოსოვოსა და სერბეთში;
ქალის ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, უფრო გავრცელებული იყო სოციალური ტიპის მიზეზი, როდესაც ოჯახში აღარ იყო საკმარისი რაოდენობის კაცი და ოჯახს სჭირდებოდა შესაბამისი დამხმარე და მარჩენალი ან მეორე, ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ქალს არასასურველ მამაკაცზე გათხოვებას მამაკაცის როლის მორგება ერჩია;

შორეულ წარსულში ფიცის გატეხვა სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ თუ ნაფიცი ქალწული ახლა გადაწყვეტს ფიცის გატეხვას და უკან დაბრუნებას, სიკვდილით არავინ დასჯის, თუმცა ტრადიცია იმდენად ძლიერია რომ ფიცის გატეხვის ფაქტი მიმდინარე დროში არ დაფიქსირებულა.

იჭრიდნენ თმებს, იცმევდნენ შარვლებს, თავისუფალ დროს ატარებდნენ მამაკაცების გარემოცვაში, მიირთმევდნენ სასმელს, მუშაობდნენ, ოჯახს არჩენდნენ, სახლ-კარს უვლიდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს რაც მამაკაცს შეეძლო, ზოგჯერ უფრო მეტსაც, მშენებლობაზე მუშაობდნენ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ერთვებოდნენ და რაც დრო გადიოდა მით უფრო ქრებოდა მათში ქალი, ვერც კი შეამჩნევდით და წარმოიდგენდით, რომ ადამიანი, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ ხან შეშის მოზიდვისას, ხან წყლით სავსე სათლებით ხელში, ერთ დროს ნაზი და ჰაეროვანი გოგონა იქნებოდა.

გამომდინარე გეოგრაფიული თუ სოციალური საჭიროებიდან, ოჯახისთვის ეს იყო ყველაზე პრაქტიკული და მორგებული გადაწყვეტა უუფლებო, სუსტი  და დაუცველი ქალისთვის.დღეს, რაც დრო გადის მათი რიცხვი მით უფრო მცირდება, ფიცს აღარავინ დებს, ქალებს უფლებები დაუბრუნეს, გაუთანაბრეს მამაკაცს, მთების ჯაჭვებში კი ნაფიცი ქალწულების ბოლო თაობა ილევა.
რამდენად გადანაწილებულია დღეს მატრიარქალურ –პატრიარქალური პოზიციები? დაბალანსების მცდელობაში, ცოტა სიჭარბე ხომ არ შემოგვეპარა მატრიარქალურ სივრცეში?

არა მგონია ძალიან განსხვავდებოდნენ ნაფიცი ქალწულების მძიმე ყოფისგან დღევანდელი ქალბატონები თავიანთი მდგომარეობით . . .

არა მგონია ადვილი იყოს მრავალშვილიანი ოჯახის რჩენა მძიმე სამუშაოს ფასად . . .
არა მგონია ადვილი იყოს ოჯახის და ჭერის შენარჩუნების მიზნით, გაშლილ მინდორზე გაქცევა და უკან, ბეჭებში წამოწეული ღომის საზელი ჩოგანი . . .
არა მგონია იოლი იყოს ყოველდღე დილის ექვსზე ადგომა, ღამის თერთმეტ საათამდე ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ბევრი შვილის მოვლა-პატრონობა და თან თავშესაფარში ცხოვრება . . .
მართლაც რომ ფასადურია ეს ყველაფერი, შემდეგ ერთი დღით ლამაზად ჩაცმა-დავარცხნა და მხოლოდ ერთი დღით ქალის როლში დაბრუნება . . .
ციმციმებს კურსორი, მე კი აღარ ვიცი რა დავწერო, ძნელია იყო ქალი, ძნელია შეინარჩუნო ქალურობა, გარემო და გარშემომწყოფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალის – როგორც ასეთი იდენტობის გაუხეშება და გახისტება მოხდეს, ყველაფერი ხელს უწყობს ქალის სიძლიერეს და არაფერი სინაზეს . . . . still no balance

იხილეთ ვიდეო – NatGeo – ნაფიცი ქალწულები

შთაგონება – DRCAA-ს ერთ-ერთი ლექცია