დაბადების დღეზე კლემები მიყიდეთ რა

უკვე მეორედ მემართება მსგავსი სისულელე, ისეთი არაფერი, ჯასთ გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი შეცდომები:

 

1. მანქანა გააჩერეთ მოხერხებულად (პარკინგი)

ცუდად გავაჩერე ანუ შეუფერებელ ადგილზე და სანამ ჩემი მეგობარი ყვავილების საყიდლად წავიდა მაღაზიაში (უნდა შეერჩია და შეეფუთა), მე ავარიული ნათება ჩავრთე. (რად მინდოდა)

 

2. არ ჩართოთ ავარიულები დიდი ხნით

მოკლედ, მანქანის დაქოქვა რომ გადავწყვიტე არ გამომივიდა, არ დაიქოქა, ორჯერ ვცადე, სულ ტყუილად, რაღაცას წაიფხუკუნებდა და გული მისდიოდა, მეც ავარიულებს დავაბრალე (ან ჩემ აკუმულატორს აქვს პრობლემა)

 

3. იქონიეთ თან კლემები (რა იცი რა ხდება)

სხვა რა გზა მქონდა, გადმოვედი მანქანიდან (ფალიაშვილის ქუჩიდან კავსაძეზე რომ უნდა ჩაუხვიო იმ დაღმართზე ვარ) და დავიწყე ტაქსების გაჩერება (ჯერ);

 

სურათი ყვავილების მაღაზიის ვიტრინიდან (სადაც ჩემი მეგობარია)

გაააჩერებს ვიღაც გოგო ტაქსს, გარბის, შეეკითხება რაღაცას ისევ უკან გამორბის, ჰმ,  არადა როგორ ჰგავს ეს გოგო ლიტერატორს.

რამოდენიმეჯერ გაიმეორა ლიტერატორის მსგავსმა გოგომ გარბენი, გაიქცევა, გამოიქცევა, მაგრამ ლიტერატორს ვერ დაუკავშირა მაინც (რას წარმოიდგენდა, რომ ლურჯა გვიღალატებდა);

 

ერთი სიტყვით, დაახლოებით 20 გამოკითხული ტაქსტიდან (უკაცრავად, კლემები ხომ არ გაქვთ? არა? ბოდიში) არცერთს არ აღმოაჩნდა ეს ჯანდაბა კლემები.

 

სანამ ამ დაღმართზე ვიდექი, დავაფიქსირე რომ ვაკეში დადიან 1) ტაქსები (უკლემოდ), 2) ქალები (არ გამიჩერებია, მაგრამ უკლემოდ) და 3) დამუქებული ჯიპები (აზრი არ ჰქონდა გაჩერებას);

 

სად იყო და სად არა, ნათელი ჯიპი გამოჩნდა და ჰოი საოცრებავ, ხელი დავუქნიე, ვხედავ საჭესთან მჯდომი ბიჭის გაოცებას, გაოგნებას, თან აჩერებს, თან ვერ აჩერებს, ყელისგამოწევის სმაილიკით მივდევ და Yes! გააჩერა! ვაი როგორ გაკვირვებულმა; კარგი გამოვაღე:

- ბოდიში და კლემები ხომ არ გაქვთ შემთხვევით?

- ააა, კლემები? ააარა, იცით ტაქსიი . . .  (დაბნეული)

- ტაქსი უკვე ასი გავაჩერე, არცერთს არ ჰქონდა – ვუთხარი შეწუხებულმა

- არა, არა, 78 78 78 დარეკეთ და ტაქსი მოვა კლემებით, მეც დამჭირდა ერთხელ და მოვიდნენ – მიპასუხა სხაპასხუპით.

- აა, მართლა, კარგით დავრეკავ, დიდი მადლობა;

- მე დავრეკავ გინდათ, მოიცათ აი ახლავე დავრეკავ და გამოგიძახებთ – მზრუნველობა გამოიჩინა კლემების არ ქონით შეწუხებულმა ბიჭმა.

- არა იყოს, მადლობა, ნუ შეწუხდებით, მაქვს ტელეფონი, დავრეკავ, დიდი მადლობა

- კარგით, კარგად, პირიქით ბოდიში რომ ვერ დაგეხმარეთ.

 

ამასობაში, ჩემმა მეგობარმა იქვე მცხოვრებ თანამშრომელთან დარეკა, რომელიც მალევე მოვარდა კლემებით, როგორც იქნა დავქოქეთ მანქანა და ყვავილები და შამპანური დროულად მივიტანეთ ქორწილში.

ჰუჰ (შვებით ამოსუნთქვის სმაილიკი)

ჩვეულებრივი კლემების შემთხვევაში საჭიროა მეორე მანქანაც


გაუმჯობესებული კლემების შემთხვევაში, როგორც მივხვდი მეორე მანქანა არ არის საჭირო

აკუმულატორის პორტატული სტარტერი, რაც თავიდან აგარიდებთ ლოდინს, ნერვიულობას და მითუმეტეს ისეთ ადგილზე გაჩერებისას, სადაც კარგა ხანს მანქანა არ ჩამოივლის და დიდი ხანი მოგიწევთ გაჩერება

იხილეთ მეტი პორტატული სტარტერების შესახებ

ღამეული ღვედიზაცია – That Sounds Sexy!!

შვილიშვილი: ბებია, ბებია რად მინდა სტიკერიანი ღვედი?

ბებია: იმიტომ, რომ პატრულმა კაააარგად დაგინახოს შვილო

”სტიკერღვედა”

 

დღეს უკვე მანქანები მთავრობასავით გამჭვირვალე გვყავს – მართალია განბურვა გარკვეული თანხა დაჯდა, მაგრამ კარგია – ჰმ, ძლივს არ დავინახეთ ერთმანეთი?! გამარჯობა!

ღვედი, ღვედი მეთქი გავყვიროდი და ღვედიზაციაც ქალაქის ფარგლებშიც სავალდებულო გახდა. ისე მივეჩვიე კომპიუტერთან რომ ვჯდები მაშინაც ღვედისთვის ვაფათურებ ხელებს.

მართალია მანქანები განბურულია უკვე, მაგრამ ღამით ვერ გხედავთო და მოდი ამრეკლი სტიკერები, იგივე ღვედის გარსაკრავები შეიძინეთო; ზოგიერთი წყარო ლიკლიკებს, რომ ეს ამრეკლი სტიკერები თუ ფოსფორიანი გარსაკრავები განბურვამდე და დღის ღვედიზაციამდე ყოფილა შემოტანილი, ზოგი ოპტიმისტი ამბობს რომ ფასები 5 ლარიდან დაიწყება, ზოგი ამბობს მთლიანად ღვედი შეიცვლება და სადღაც 90 ლარი ეღირებაო.

 

ღამის ქოთანი, ღამის პერანგი, ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ღამის ღვედი პირველად გავიგე, ხოდა სტიკერებს/გარსაკრავებს თუ მოვიძიებთ ინტერნეტში მისი ფასი დაახლოებით 7 ევროდან იწყება.

 

ამ შემთხვევაში ისევ ავტომფლობელებს მოუწევთ ხარჯის გაღება, რათა ღამით პატრულმა კაააარგად დაინახოს.

 

მე ვთავაზობ ალტერნატივას, რა შემთხვევაშიც ხარჯს გაიღებს სახელმწიფო:

არსებობს ღვედის სათვალთვალო-საკონტროლო ტექნოლოგიები (SBCT), ძალიან მარტივად, ეს კამერები 24 საათის განმავლობაში აფიქსირებენ კანონის დამრღვევებს – ანუ მათ ვისაც ღვედი არ უკეთია.

კამერა ზუსტად ადგენს ღვედის ხაზს ანუ იმ ადგილს, სადაც წესით ღვედი უნდა გადიოდეს, მუშაობს ისე როგორც სახის ამომცნობი ტექნოლოგია, მძღოლის მხარიდან, შემდეგ მკერდზე და ადგილი მძღოლის მხრის ზემოთ, სადაც მიმაგრებულია ღვედის შემსხლეტი. კამერა ახდენს სახის იდენტიფიკაციას და ამოწმებს ღვედის ყველა შესაძლო პოზიციას და მდებარეობას. დარღვევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ქვითარი, რომელიც საცხოვრებელი მისამართის მიხედვით მიუვა დამრღვევს.

ეს კამერები აღჭურვილია ორმაგად პოლარიზებული ლინზებით და გათვალისწინებულია ყველანაირი ამინდისთვის.

მაღალი ღამის ხილვადობის მექანიზმით აღჭურვილი კამერები საშუალებას იძლევა გააკონტროლოს ღვედიზაცია დაისიდან აისამდე.

SBCT

სტიკერით

საინტერესო აქსესუარები თქვენი ღვედისთვის:

განათება წიგნის კითხვის დროს

საღვედე- საძილე ბალიში :) კარგი იდეაა :)

მობილურისთვის

და ბოლოს ეს – უფრო მეტი კომფორტის და უსაფრთხოებისთვის :D :D :D

მაგრამ ეს მაშინ როდესაც კამერები რენტგენის ფუნქციებით იქნება აღჭურვილი :D

BMW – გაყინული პროფილი

რატომ ხვდება BMW-ის მარკის ავტომანქანა ყველაზე ხშირად ავარიების ეპიცენტრში? ეს ის კითხვა იყო რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა და რაც დავუსვი ერთ-ერთ გამოცდილ ავტომბროლელს, დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას. მიზეზად ამ მარკის ავტომობილების მძღოლების გამოუცდელობა და მეტად ახალგაზრდა ასაკი დაასახელა. შუქნიშნიდან შუქნიშნამდე ქროლვით მისვლა, სხვა მანქანებისთვის სახიფათო სიტუაციების შექმნა, ეს მათი ადრენალინია . . . ვეთანხმები, მაგრამ გადამწყვეტ სიტუაციაში ამ მანქანის მართვა თვით პროფესიონალ მძღოლებსაც კი უჭირთ, საქმეს ართულებს ის რომ BMW-ს უკანა თვლები აქვს წამყვანი და დაკიდება აქვს სუსტი, შესაბამისად მოსახვევებში მაღალი სიჩქარით შესვლა, ან სველ საფარზე სიარული მისი კუდის ქნევას და მკვეთრ დახრილობას იწვევს, ავარიების უმრავლესობაშიც სწორედ ამ დროს ვერ ახერხებს მძღოლი მანქანის დამორჩილებას, რასაც შემდეგ საშინელი შედეგები მოსდევს. ზუსტად ის ადრენალინი გკლავს, რომელიც ცოტა ხნის წინ სიცოცხლეს გიხანგრძლივებდა.

ამას წინათ ლექსი დავწერე ”ურო” და ავღნიშნე კიდეც ოღონდ არ მკითხოთ რატომ დავარქვი ამ ლექსს ურო მეთქი, მაინც ვერ გიპასუხებდით. ორიოდ დღის შემდეგ ჩემს მეგობარს დაეღუპა მეუღლე ავტოავარიაში, სწორედ რომ უროსავით დაგვეცა ყველას მისი გარდაცვალების ამბავი, ამაზრზენი შოკი იყო.

ყველაფერი მარტივია მე არ მინდა ერთ დღეს შევიდე ვინმეს პროფილზე და ამ ადამიანის ბოლო აქტიურობის თარიღი იყოს უცვლელი და გაყინული, ამის წარმოდგენა ყველაზე მეტად მიჭირს და მაშინებს. ვიზიარებ იმ ადამიანის მწუხარევას ვისაც ამის განცდა და გაყინული პროფილის ატანა უწევს. მე მინდა ვხედავდე ამ აქტიურობას ჩემს ვოლზე, ”ესა და ეს დაუმეგობრდა ამას და ამას”, ”ეს და ეს გაწევრიანდა ამ ჯგუფში”, ”მან კომენტარი გააკეთა შენს ფოტოზე” და ასე უცვლელად და უწყვეტად იგრძნობოდეს სიცოცხლე, მოძრაობა და ერთმანეთით ტკბობა.

მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მინდა გთხოვოთ ძალიან ძალიან გთხოვოთ:

უბრალოდ იარეთ ნელა (დატკბით ცხოვრებით)

ნუ დაჯდებით საჭესთან ნასვამი (თქვენს საყვარელ ადამიანებზე იფიქრეთ)

შეიკარით ღვედი (ის თქვენი უსაფრთხოებისთვის შეიქმნა)

გუგლში ქექვის დროს ფორუმელების მიმოწერა გამოჩნდა ამ თემასთან დაკავშირებით, ამონარიდებს უცვლელად გთავაზობთ:

“ალბათ ორ წელიწადზე მეტია რაც ნასვამი მანქანზე არ დამჯდარვარ თუ სადმე მივდივარ და ვიცი დალევა მომიწევს მივდივარ ტაქსით და იქიდანც ტაქსით მოვდივარ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რატომ უნდა ვიხადო 150 ლარი ? ტყუილ უბრალოდ როცა შეიძლაბა ძაან მარტივვად მოხვიდე სახლში ტქასით თან რა ჯობია იმას ტქსისტი ერთ ორ ზღაპარს რომ მოაყოლებს იიიფ :) :)

“აი სიმთვრალეს რაც შეეხება, მართლა უნდა გამკაცრდეს ბევრად ჯარიმა. ადამიანს რომელიც ნასვამია და ნელა მიგორავს უნდა აპატიო – დალია და მიხვდა რომ უსაფრთხოდ უნდა ევლო და დადის… და ვინც გიჟივით ჩაიქროლებს და მთვრალი აღმოჩნდება თავზე პრავა უნდა დაალეწო… ეგეთს ცოტა აკლია ლეთალურ ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენამდე…”

”მაგ პრინციპით და კრიტერიუმებით მანქანის შეფასება არ მიმაჩნია სწორად, აბა რაც საქართველოში ბმვ დადის იმდენი ფერარი შემოყაროს ვინმემ, მერე ნახე შენ ავარია, საერთოდ სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ბმვ-ს ფირმის ავტომობილის მძღოლების 80-85% ახალგაზრდაა, ან ”პატარა ბიჭი”. რას იზავ მძღოლობა ბულკი არაა მაღაზიაში რომ ვიყიდოთ. მანქანის კარგად მართვას ცოდნა და გამოცდილება უნდა, მანქანის დამორჩილებას და ”მძღოლობას” ამ ორს დამატებული ნიჭი, უამრავი მძღოლია მაგრამ ყველა გონშიკი ხო არაა, პროფესიონალიზმი ნიჭის გარეშე არ მოდის. (პროფესიონალებსაც მოსდით ავარია), გუშინ 18 წლის გახდა და დღეს ბმვ-ს მოაჯდა რომელის მატორიც კაკ მინიმუმ ასტრას უსწრებს. და ყველას გონია რო მაგარი ვაძილაა. თვითდაჯერებულობა ხშირ შემთხვევაში(მართვასთან დაკავშირებით) დამღუპველია, მანქანა სათამაშო არაა. მე 10 წელია მანქანით დავდივარ(გაცილებით დიდი დროა რაც ტარება ვისწავლე) მაგრამ თავს არასდროს არ ვაძლევ სწრაფად სიარულის უფლებას, ქალაქში ეგრეა და ტრასაზეც უმეტესად არ ვიგიჟებ თავს. კომუნისტების დროს თურმე 06 რო გამოვიდა ცოცხალ კუბოს ეძახდნენ, ვოლგებიდან და მოსკვიჩებიდან გადამჯდარმა გამოუცდელმა ”ღლაპებმა” ვერ გათვალეს 06 ის მატორის სიძლიერე და ზუსტად მაგ პერიოდში გაჩნდა ტრასის პირას ავარიით დაღუპულების საფლავები”.

“უამრავია ეგეთი, რბოლებს აწყობენ გატენილ ქუჩებში, მამიკოების ნაყიდი მანქანებით. ესეც მეორე პრობლემა, მამიკოების შვილიკოების ქვეყანა.”

ქვემოთ მოცემული სურათების ისტორია, (ადამიანი უჩივი BMW-ს მიუნხენში, მის მანქანას გვერდიდან დაეჯახა ჰონდა, შემდეგ შეასკდა ხეს, აირბაგები არცერთ მხარეს არ გაიხსნა და წინა ნაწილი მთლიანად მოწყდა, ძრავი სადღაც 30 მეტრში ეგდო, მისი მეგობარი კი ადგილზე გარდაიცვალა :

”hello!!! i am from Georgia (former USSR) id like to send story of my accident , i think the most terrible accident ever,and if it is possible , or you will help me how to give information about my accident to mass media in USA, it happened 2007 February 23, the BMW 650 was brand new, i used it for 3 months, and when i was driving not very fast, about 80 km/h Honda prelude hitted me from the right side,i lost conrtol and hited the tree, the car was cut into two parts as well as head of my friend who was sitting next to me,he immediately died on the place because THE AIRBAG ON FRONT RIGHT SIDE DID NOT OPEN,and engine was found 30 metres away from cars body, I got injuries , and broke my back,and now i still have amnesia and dont remember half of my life, WE WILL HAVE PROCESS IN COURT with BMW in Munich,and if its possible help me to get everybody know ;what a safe car BMW is’im sending some of pictures, plz write me on this email, and excusemoi for my bad english! thanks

PS we both had safety belts fastened!!

როგორც თვითონ აღნიშნავს მანქანა იყო სრულიად ახალი

Street Racing – ხუთი გარდაცვლილი, რუსეთი

ყველაზე საშინელი ავარიების ფოტო კოლაჟი (მათ შორის საქართველოდან)

და ბოლოს

იმ შემთხვევაში თუ ყველა გამოიყენებს ღვედს, ყოველწლიურად 5500 სიცოცხლე -დაღუპვისაგან, ხოლო 132 000 – მძიმე დაზიანებებისაგან გადარჩება. ყოველ წელს, დაახლოებით 35 ათასი ადამიანი იღუპება ავტოავარიაში, აქედან 50% გადარჩებოდა, ღვედი რომ კეთებოდათ. 17 ათასზე მეტი ადამიანი დაცული იქნებოდა ყოველ წელს უსაფრთხოების ღვედის გამოყენებით.

პორშე, ფოლკსვაგენი და ძია ადოლფი

ცოტა ხნის წინ სტატიას გადავაწყდი ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ფოლკსვაგენის შესახებ, სტატიამ ცოტა არ იყოს გამახალისა, რაც მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემო მეგობრებო :)

”ფოლკსვაგენვერკ ა.გ.” (Volkswagenwerk A.G.), უმსხვილესი საავტომობილო მონოპოლია გფრ-ში; დაარსა 1938 წელს ფაშისტურმა სახელმწიფომ. ”ფ”-ს ოფიციალურად უნდა ეწარმოებინა იაფი (1000 მარკის ღირებულების) მსუბუქი ავტომობილები, ფაქტობრივად კი იგი გამოიყენეს ომის საჭიროებისათვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ”ფ” გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (1960). 1975 წელს გამოუშვეს 2,1 მლნ ავტომობილი. 1981 წელს არაამერიკულ 500 უმსხვილეს კორპორაციათა სიაში ”ფ”-ს მე-13 ადგილი ეკავა. მოგებამ (გადასახადების გადახდის შემდეგ) შეადგინა 136 მლნ. მარკა. ”ფ”-ის უმსხვილესი აქციონერები არიან გფრ-ს მთავრობა (20%), ქვემო საქსონიის მხარე (20%), დანარჩენი 60% ეკუთნის წვრილ აქციონერებს”.

უგემური და უმარილო ჩანაწერია ხომ? მაშინ დავხუროთ ენციკლოპედია (აქ მეტი არაფერია) და მივაშუროთ ინტერნეტს :) (სადაც ვართ ისედაც);

ფერდინანდ პორშეს, რომელიც გახლდათ დაიმლერ ბენცის მთავარი დიზაინერი და ჰქონდა საკუთარი საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმა, ადოლფ ჰიტლერმა დაავალა ფოლკსვაგენის ”ხალხის მანქანის”დიზაინი. ჰიტლერს სურდა პატარა ოთხ ადგილიანი მანქანა, რომელიც ერთი გალონით (4,545 ლ) 40 მილს გაივლიდა, და როგორც ”ქსე”-ში აღინიშნა იქნებოდა 1000 მარკამდე ღირებულების (დაახლ. $250). პორშეს უკვე შემუშავებული ჰქონდა ასეთი მანქანის დიზაინი, თუმცა აქამდე მას არ ჰქონდა ასეთი მანქანების წარმოებაში ჩაშვების შანსი.

პოლიტიკურად, ისეთი ადვილად ხელმისაწვდომი მანქანა, როგორიც ფოლკსვაგენი იყო, ძლიერი პლატფორმა აღმოჩნდა ჰიტლერისთვის ხალხის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით, რომელიც მას უკიდურესაც სჭირდებოდა თავის სამხედრო ავანტიურებისთვის; პროექტის დასაფინანსებლად მან ნაცისტური მოძრაობა მოიშველია. უფრო მეტიც, მან ვოლფსბურგში ქარხნის ასაშენებლად გამოიყენა გრაფ ფონ შულენბერგის კერძო მამული. ეს ქარხანა იყო და ახლაც არის ყველაზე დიდი საავტომობილო ქარხანა მსოფლიოში. ვოლფსბურგის ქარხანას არასოდეს უწარმოებია ფოლკსვაგენები, რადგან იმ დროისთვის, როდესაც ქარხნის მშენებლობა დასრულდა, ჰიტლერმა მოახდინა ავსტრიის ანექსია, დაიპყრო ჩეხოსლოვაკია და პოლონეთი და შესაბამისად ქარხანამ მიმართულება შეიცვალა და მთლიანად ომის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეუდგა

მხოლოდ და მხოლოდ 1946 წლის შემდეგ ”ეღირსა” ფოლკსვაგენს ყოფილიყო მართლაც ხალხის მანქანა. ვოლფსბურგის ქარხანა ბრიტანეთის საოკუპაციო ზონაში მოხვდა, ბრიტანელებმა ქარხანაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნეს მაიორი ივან ჰირსტი. მაიორს სურდა, რომ დაეწყო მანქანების წარმოება ვინაიდან ომის შემდეგ დიდი იყო მოთხოვნა მსუბუქ, ეკონომიურ მანქანებზე. ქარხანაში აღმოჩენილი ნახაზების წყალობით ჰირსტმა ფოლკსვაგენი წარმოებაში ჩაუშვა, ახლა უკვე ნამდვილად ხალხისთვის და მომავალში კი კლასიკური ავტომოყვარულებისთვის.

სურათზე: ჰიტლერი ეხება მისი დაბადების დღის საჩუქარს: ფოლკსვაგენის მოდელს. მის გვერდით: რობერტ ლეი და ფერდინანდ პორშე.