20 წერილი ქუცნას – სიჩუმის ფილოსოფია

თვითმფრინავმა თეთრი ღრუბლებიდან მცირე ბიძგებით ჩამოაჭრა და ვაცლავ ჰაველის სახელობის დათოვლილ აეროპორტში მსუბუქად შესრიალდა. დილის შვიდი საათია. ყველაზე ჩუმი სიჩუმეც კი ჩუმად არის. ყველაზე ხმაურიანი არსებები – ადამიანები თვალგახელილ ძილისპირულში ტოვებენ თვითმფრინავს და მოჩვენებებივით ქრებიან სხვადასხვა მიმართულებით.

ხმაურობს ჩემი ჩემოდანი, მაგრამ მაინც არ ცვლის ეს მდუმარების საერთო დინამიკას. ვსხდებით თითქმის ცარიელ, ვაგზლისკენ მიმავალ ავტობუსში და რაც უფრო ვიჭრებით პრაღის სიღრმეში, მით უფრო ვცილდებით ტყეებს, უკაცრიელ სივრცეებს და შევდივართ სიჩუმის ფილოსოფიაში, რომელიც ისეთი ორგანულია რომ ვერ აღვიქვამ.

მდუმარედ დგას გიდი, რომელიც დაუსრულებლად ელის გზააბნეულ ტურისტებს, რომლებიც ისე აცეცებენ თვალებს, როგორც ის სმენადაქვეითებული ბავშვი, რომელსაც პირველად სასმენი აპარატის მეშვეობით მოასმენინეს გარესამყაროს ხმაური.

ჩუმია ხალხიც სავსე მეტროც.

ისევ სინათლეზე გამოვდივართ და ვეძებთ სასტუმროს რუკაზე, უხმოდ გვჭირდება დახმარება, რასაც იქვე გამვლელი ჩეხი კარგად ხვდება, რომელმაც მიგვრეკა სასტუმრომდე, რომელსაც კარგა გვარიანად დავშორდით.

სასტუმროს სიჩუმემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, კიბეზე ფეხიც არ მინდოდა დამებიჯებინა, რომ რამე სიწყნარე არ დაერღვია. ძველი, პატარა ხავერდის სასტუმრო იყო.

ჰაერზე გასვლა გადავწყვიტეთ, ის-ის იყო კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე, რომ ეს გამეფებული სიჩუმე ისე ჩამომემსხვრა თავზე, თითქოს მდუღარე ქვა ესროლეს გაპრიალებულ შუშას.

„შე ნაძირალააა, მითხარი რა დაგაკელიი რაა . . .“ – მომესმა ქალის კივილი. მივიხედე და პატარა სცენა გათამაშდა თვალწინ, თეატრალიზებული, იქვე პატარა რესტორანში.

მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავაცნობიერე რომ მე ჩეხური არ მესმის და ეს მდუღარე ქვა ჩემი მშობლიური ენა იყო.

მე პრაღაში ვარ ქუც, გუშინ ჩამოვედი.

19 წერილი ქუცნას – მატარებელი

მგონი ჩანაფიქრმა გაამართლა და საწადელს მივაღწიე – ჩემმა ბოლო, ცარიელმა წერილმა თავისი საქმე გააკეთა. საფოსტო ყუთში ერთი მუდმივად წაუკითხავი წერილი მაქვს, რომელსაც ვერ ვპოულობ, თუმცა ვიცი რომ შენ ხარ, ხელი წაგიცდა და გამოაგზავნე. არა უშავს, ვნახავ ოდესმე, მთავარია რომ ნავსი გატყდა და მე დაუსრულებლად აღარ ველოდები შენგან წერილებს.

ვიცი ძალიან არ გიყვარს როცა ქალებზე გელაპარაკები ხოლმე, მაგრამ ვის თუ არა შენ უნდა გავუზიარო ჩემი აზრები, რომელიც ჩემდა უნებურად ამყვებიან ხოლმე ხან წიგნის, ხან ფილმის და ხან რეალობის გადამკიდე.

ქალი – მსხვერპლი, გაგიგია ასეთი რამ ქუც? რაც არ უნდა ნაწარმოები გაგვევლო სკოლაში, მთავარი თემა ყველგან გმირ ქალთა სახეები იყო, აი მსხვერპლ ქალთა სახეებზე კი არასოდეს დამიწერია რამე.

ქუც, დეიდა ტულას იცნობ? უნამუნოს დეიდა ტულას? აი ზუსტად ახლა დავასრულე კითხვა და უამრავი ასეთი ქალი დამიდგა თვალწინ, რომელსაც რეალურად ვიცნობ. საზოგადოების თვალში ასეთი ქალი მსხვერპლად გამოიყურება, საწყალი, გაუთხოვარი თუ შინაბერა, უბედური რომელიც თავის წილ ბედნიერებას ვერ ეღირსა და სხვის შვილებს შეამსხვრია მთელი ახალგაზრდობა; უბედური რომელსაც მოხუცი დედ-მამის მოვლაში ამოხდა სული; და არასოდეს, არავინ ფიქრობს და უშვებს იმას, რომ ეს შეიძლება ამ ადამიანის არჩევანი იყოს, მისი მკაცრი გადაწყვეტილება, ცხოვრების მიზანი მხარში ამოუდგეს და დაეხმაროს მისთვის ძვირფას ადამიანებს და სულაც არ თვლიდეს თავს მსხვერპლად, უბედურად და განწირულად, არამედ პირიქით – აი ზუსტად ისეთი, როგორიც არის უნამუნოს დეიდა ტულა, ძლიერი, მოსიყვარულე, ერთგული, თუმცა ზოგჯერ ცოტა ეგოისტიც.

ანა კი ახალმა ფილმმა გამახსენა; მასზე ჯერ კიდევ მაშინ გესაუბრე, როდესაც გუდამაყარში ვისვენებდი ერთ მშვენიერ ზაფხულს, გახსოვს ქუც, რა კარგი დრო იყო? მაშინ პირველად წავიკითხე,  პირველი შთაბეჭდილება ვერ იყო ისეთი მყარი, ან კი როგორ იქნებოდა იმ ბავშვისთვის, რომელსაც მატარებელი ჯერ კიდევ, უბრალოდ მატარებელი ეგონა, რომელსაც პატარა გოგონა ზაფხულობით ბებიასთან მიყავდა სოფელში.

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მატარებლის კონტურები უფრო გამოიკვეთა და ჩვენც მივხვდით, რომ ანას თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს. ანა მოკლეს ადამიანებმა, ხალხმა, საზოგადოებამ. სხვას რას უნდა შეადარო საზოგადოება, თუ არა ჩაშავებულ, ჩაკირულ, გაყინულ მატარებელს, რომელიც შეუჩერებლად მოძრაობს, არ ელევა მამოძრავებელი ძალა; მატარებელს, რომელიც გადაგივლის ნებისმიერ დროს, ჩაგბურჯღნის და აგქნის ასო-ასო, ისე რომ ვეღარასოდეს გაიგებ რას ან ვის გადაუარა, როგორი იყო მის პირვანდელი სახე . . .

ესეც ჩაივლის, ჩაივლის და ისევ მატარებელი გვეტყვის რომ ვიღაც ბორბლებს ჩაუვარდა, ვიღაცამ თავი მოიკლა . . .

ოჰ, ეს მსხვერპლი

ეს საწყალი

ეს თავისი თავის მტერი . . .

და ასეა მუდამ

ვერ იგებ სად არის პირველი და სად ბოლო გაჩერება ქუც, დავდივართ წრეზე, მე, შენ და მატარებელი.

17 წერილი ქუცნას – გზა რწმენით

ჩემი გული გაიბერა ქუც, რომ არ მოგწერო გამისკდება მგონია, საიდან დავიწყო არ ვიცი, ბევრი რამ მოხდა . . . შენ ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება რწმენასთან . . სხვებმა არ იციან, ფიქრობენ რომ ათეისტი ვარ, ისე რომ ბევრმა არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა, არც ამ სიტყვის და არც მორწმუნის, არც ქრისტიანის და კიდევ ბევრი რამ არ ესმით ან ესმით ძალიან თავისებურად და ჯიუტად. ვერ დავიკვეხნი რომ მე ყველაფერი მესმის ან ბევრი რამ მესმის, დაცინვა ადვილია, განსჯაც ადვილია, პრობლემის მოგვარება, მაშინ როდესაც ამ პრობლემას თავად ვერ ხედავენ გაცილებით ძნელი და ხანგრძლივი პროცესია . . .

ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფერთან, ასევე თავისებური და ჯიუტი:

მე მხარს ვერ დავუჭერ აგრესიას ქრისტიანობის დაცვის სახელით

მე მხარს ვერ დავუჭერ ცეცხლითა და მახვილით ბრძოლას ქრისტიანობის დაცვის სახელით,

მე მხარს ვერ დავუჭერ ფარისევლობას, ტყუილს რწმენის სახელით

მე მხარს ვერ დავუჭერ რელიგიურ ექსიბიციონზმს

მე მხარს ვერ დავუჭერ სიბრმავეს, სიყრუეს დროში და სივრცეში

მე მხარს ვერ დავუჭერ სირაქლემას პოზიციაში დგომას

მე მხარს ვერ დავუჭერ წყევლა-კრულვის სერიას სასულიერო პირებისგან

მე მხარს ვერ დავუჭერ სასულიერო პირებისგან თვალებში ნაცარის შეყრას ჩიპების, კუდიანების და სხვა არარსებული მტრების სახით

მე მხარს ვერ დავუჭერ ცოცხალი ადამიანების იკონიზაციას

მე მხარს ვერ დავუჭერ ბოროტებას, სიძულვილს, გინებას, წყევლას ადამიანებისგან, რომლებიც თავს სდებენ ქრისტიანობაზე და იცავენ მას უხილავი მტრებისგან.

მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტიანობა, მე როგორც მესმის, ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს.

რატომ მოხდა ასე არ ვიცი, მაშინ როდესაც განათლების პირველი კერები სწორედ ეკლესია-მონასტრებში ჩნდებოდა, (იყალთოს აკადემია , სადაც ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, გალობა წერა-კითხვას სწორედ იქ სწავლობდნენ, უფრთხილდებოდნენ ხელნაწერებს, გადაწერდნენ და ამრავლებდნენ მათ, თარგმნიდნენ ბერძნულიდან, ლათინურიდან თუ სხვა ენებიდან უამრავ ნაწარმოებებს, გამოსცემდნენ და ყველანაირად ხელს უწყობდნენ სწავლა-განათლების მიღებას, (თუნდაც ის რად ღირს რომ ჩვენი მწერლების, პოეტების და სხვა მრავალი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიაში ერთი პატარა მონაკვეთით მაინც ეძღვნება ხოლმე ამ თემას, ის სწავლობდა სასულიერო აკადემიაში, სემინარიაში და ა.შ.), საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო – საგანმანათლებლო ცენტრები  პალესტინაში  (V საუკუნე),  სირიაში (VI საუკუნე),  საბერძნეთში (X-XI საუკუნეები),  ბულგარეთში (XI საუკუნე))   და და სხვა ბევრი მაგალითი .

დღეს კი რა ხდება? ლათინური და ბერძნული კი არა ზოგი ქართულადაც ვერ მეტყველებს გამართულად (რა თქმა უნდა ყველა არ მყავს მხედველობაში), თარგმანებზე და წიგნების გამოცემაზე ზედმეტია ლაპარაკი, თუ ასეთი რამ ხდება საერთოდ, ალბათ უმნიშვნელო და შეუმჩნეველი დოზით. უფრო მეტიც შარშან (თუ არ მეშლება დრო) ვინც ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა, პატრიარქის ნებით მათთვის სასულიერო აკადემიის კარი ფართოდ გაიღო, რატომ? რატომ მიენიჭათ მათ ეს უპირატესობა? და რატომ არ მიეცათ მათ დამატებითი დრო ცოდნის შესაძენად, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა თვით მინიმალური ზღვარის გადასალახადაც კი?! მაგრამ სწავლისთვის სად სცალიათ . . .

რა გვჭირს ეს? იმის ნაცვლად ტაძრიდან სინათლე გამოდიოდეს, ადამიანები ხელის ცეცებით დადიან, არ შეიძლება როდესაც ასობით ადამიანი უსიტყვოდ გენდობა, მცირე განათლება შენც მოგეთხოვება, როდესაც ასობით ადამიანი უსიტყვოდ გენდობა, სებისკვერის ნაცვლად ნეხვს არ უნდა აჭმევდე, და ნეხვიანი ჯოხის მოქნევით არ უნდა დაგყავდეს აქეთ-იქეთ, ადამიანებს ადამიანურად უნდა მოექცე, გაოგნებულები არ უნდა დატოვო ქუჩაში გამოსული ასობით ადამიანი, ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე, რომელიც გაკვირვებული კითხულობს რა მოხდა? რა გადაწყვიტა ასე უცებ სინოდმა? რაზეც ასეთი ამბავი ატეხეს, ასე მარტივად როგორ გადაწყდა? ერთმანეთს ეკითხებიან გაოცებულები. სინამდვილეში არც არაფერი გადაწყვეტილა, დააფიქსირეს ის რაც ისედაც იცოდნენ, სხვა რელიგიებთან არათანასწორობა და უპირატესობა. მარტივი მათემატიკაა მეგობრებო, სკოლის დონის, თუ კი ქვეყნის 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია, როგორ შეიძლება დარჩენილ 15%-ს რაიმე განსხვავებული უპირატესობა ჰქონდეს და ეს 15% რამეს გართმევდეს?

სხვისთვის თუ გერიდებათ კითხვის დასმა, საკუთარ თავს მაინც ჰკითხეთ ხოლმე, საკუთარ თავთან იმსჯელეთ, წაგადგებათ ისევ თქვენ და შუა მინდორზე უმწყემსოდ დარჩენილი ფარასავით მაინც არ დარჩებით.

სამად სამი ძლიერი შთაბეჭდილება მქონდა  

პირველად ნორიოში, ბერი, ნატკენი ფეხებით, გრძელი, ჟღალი თმით და წვერით, უხმოდ და უსიტყვოდ ხატი მისახსოვრა, მშვიდმა და ბედნიერმა დავტოვე იმ დღეს ნორიო. მეორედ გუდამაყარში, მარიამობას, ხატობას – დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მეტი იმედი არ მქონდა როდესაც მესამედ – გიორგიმ წამიყვანა მაშავერაში, წმ. გიორგის სახელობის პატარა ეკლესიაში, გახსოვს ალბათ, ქუც მე მოგიყევი, ნახე ძველი წერილები .

ყველაზე მეტად კი ჩემ სოფელში მიყვარს, პატარა ტაძარი, სადაც მღვდელი საერთოდ არ არის, არასოდეს შემხვედრია, ხალხი უვლის, მიხვალ შენთვის სანთელს დაანთებ და მშვიდად მოდიხარ.

შეიძლება არ გვიყვარდეს ერთმანეთი, არ ვგიჟდებოდეთ, მაგრამ განურჩევლად რწმენისა, ეროვნებისა და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის გვერდით ცხოვრება (როგორც ეს იყო მრავალი საუკუნის მანძილზე) თუ სიყვარულით არა, როგორც მინიმუმ ერთმანეთის პატივისცემით და მხარდაჭერით, ყოველგვარი აგრესიის და ცინიზმის გარეშე.

პ.ს. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ალბათ საერთოდ აღარ ჩამოხვალ ქუც.  

 

სხვა საკითხავი თემაზე

 

 

 

16 წერილი ქუცნას – დაკარგული დრო

ხელის მარტივი მოძრაობით, New, Document და შენთან წერილის წერას ვიწყებ ქუც. როგორც ყოველთვის დიდი ხნის მერე და მხოლოდ მაშინ როდესაც ვიბნევი, როდესაც ძალიან მიჭირს და მჭირდები.
ხომ იცი როგორ მიყვარს ყველაფრის შენახვა, წერილების, დღიურების, გაზეთის ნაგლეჯების, დრო და დრო მიყვარს გადმოლაგება ამ ყველაფრის, თვალიერება, კითხვა, ვინახავ ვირტუალურ წერილებსაც, მერე მსიამოვნებს კითხვა, ზოგჯერ მწყინს, ზოგჯერ ვბრაზდები, მაგრამ მაინც მიყვარს განვლილი ემოციების თავიდან გახსნება და კიდევ ერთხელ დაფიქრება.
ახლაც ასე ჩავაშტერდი შენ წერილებს, ვკითხულობდი, ხან მეცინებოდა, ხან მებრაზებოდა, რა უცნაურია, მერე იმ გაბრაზებაზეც ისევ მეცინებოდა.
ბევრი მაშინვე შლის, ხევს, ანადგურებს ყველაფერს, არ მესმის მათი, გასულ წამებს ხომ ისედაც თან მიაქვს ყველაფერი, შენ კი შანსი გაქვს რაღაც მაინც დაიტოვო და არ გაუშვა.
შენ ინახავ ჩემ წერილებს ქუც? იმედი მაქვს, რომ კი, რა სჯობს როდესაც შევხვდებით და ერთმანეთის წერილების წავიკითხავთ ხოლმე, ბედნიერი ვიქნები . . .
მეგობარი წერდა, ცოტა ხნის წინ, მიკვირს იმ ადამიანების, რომელთაც შეუძლიათ როდესაც უნდა მაშინ მიწერონ ან დაურეკონ, ჰო, ეგრეა, ვეთანხმები და მეც მიკვირს, ვერ გეტყვი რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი, მერიდება? მრცხვენია? იქნებ ძინავს? იქნებ მშიერია და თან გაბრაზებული, იქნებ მეშინია რომ რამე მნიშვნელოვანს არ მოვაცდინო? მაგრამ ჩემზე მნიშვნელოვანი არის რამე მისთვის? ამდენ ფიქრსა და კითხვებში გადის დრო, ბევრი დრო, ამ დროს შენახული ქაღალდის ნაგლეჯებით და ვირტუალური წერილებით ვეღარ ვაჩერებ, ფიქრსა და ჭოჭმანში გასული დრო ყველაზე ფუჭად დაკარგულია, ხომ შეიძლება ავდგე და მივწერო, ავდგე და დავრეკო, არა, არ გამოდის, ვერ გამოდის . . .
ვკარგავთ ერთმანეთს და ისევ ვეძებთ, თითქოს ბევრი დრო გვქონდეს, თითქოს არ შეგვეძლოს ერთმანეთის მოფრთხილება, დროის გამოყენება ერთმანეთისთვის ქუც, ხო ორივეს გვესმის რომ ბევრი წელი გავიდა, ბევრი წელი დაიკარგა, მაგრამ მაინც ვკარგავთ, და ისევ ვეძებთ ერთმანეთს, სად ვფორთხიალობთ, მაღლა და მაღლა ვეპოტინებით, თითქოს მთა-მთა, ტყე-ღრე სიარულით ერთმანეთის სიახლოვეს მივდიოდეთ, ასეა ყველაფერში ქუც, სულ შორი-შორ ვეპოტინებით ყველას და ყველაფერს. ცხვირწინ რომ გვქონდეს მაინც სადღაც გავრბივართ, ვეძებთ, ზოგჯერ ჩვენ თავადაც არ ვიცით რას ვეძებთ, სად მივდივართ, რატომ გავრბივართ, ერთი ადგილიდან მეორეზე, რა არ გვასვენებს. მერე, როდის როდის, დიდი ხნის მერე ვხვდებით, რომ რასაც ამდენი ხანი თავდაუზოგავად ვეძებდით, სულ რაღაც ორ ნაბიჯში ყოფილა, სულ რაღაც ხელის გაწვდენის მანძილზე, ან სულაც დილით ახალგაღვიძებული გაიხედავ და თურმე გვერდზე გიწევს, შენს გვერდით სძინავს, შენს გვერდით იღვიძებს, შენს გვერდით სეირნობს და შენ კი სად დარბოდი, სად ეძებდი და სად კარგავდი . . .
და ახლა ქუც, ახლა როდესაც ისევ ახლოს ვართ, ისევ ვეძებთ ერთმანეთს, ისევ გვერიდება, ისევ თავს ვიკავებთ, და რა გვრჩება? მხოლოდ ბევრი, ბევრი წერილი და ბევრი გადაუდგმელი ნაბიჯი . . .

ცოტა გამბედაობა გამომიგზავნე ქუც,
დროებით

15 წერილი ქუცნას – უჩემოდ ყველა გზა ხსნილია

უგულისყურო და ცივი ადამიანი ვარ დღეები ისე გავა ადამიანს არ მოვიკითხავ, შენც მათ რიგებში ხარ ქუცნა. გგონია არ მიყვარხარ? გგონია შენზე მეტად ან ნაკლებად მიყვარს ვინმე? არა, პირიქით ყველა ძალიან მიყვარს, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, რომ სიყვარულის გამანაწილებელი დავკარგე დიდი ხნის წინ, ხან ერთ მხარეს მივმართავ ჩემ სიყვარულს ხან მეორე მხარეს, ერთს რწყევა ემართება ჩემი სიყვარულით, ათს კი სიკვდილამდე ვენატრები, აბა ეს არის საქმე? ახლაც, აი როდესაც გვერდით ექიმის დანიშნული წითელი ღვინით სავსე ბოკალი მიდგას, ვფიქრობ ვინ უფრო მიყვარს ყველაზე მეტად ან თუ მიყვარს ვინმე, ისე რომ დავწერო წერილი, დავრეკო, დავუძახო, ქვა ვესროლო და ჩემსკენ შემოვახედო, ან მიყვარს კი ვინმე საერთოდ? თუ კი, ეს ჩემი თავი ნამდვილად არ არის, ვიღაც სხვაა, რომელიც სადღაც დგას, ალბათ კუთხეში, უღიმღამოდ და იქნებ არა ერთი ჭიქა აქვს უკვე დაცლილი . . .  არა სიყვარულით . . .

ბოლო დროს საშინელებები მესიზმრება ქუუც, ვდგები დამძიმებული, ფინჯან ყავას ფერზე მოვყავარ და მივიზლაზნები სამსახურისკენ. საშინელი მოძრაობა, მეჩვენება რომ ყველა ვინც საჭეს მართავს ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთის კონკურენტები არიან მართვაში, ყველას სურს პირველობა, ყველას სურს პერსონალური გზა, სულ ხსნილი და მწვანე შუქნიშნებით განათებული. შენ გინდა ეგრე? არ ფიქრობ რომ მოსაწყენია? არ ფიქრობ რომ ხანდახან უნდა შეისვენო და გზა სხვას დაუთმო? მე ვუთმობ, თითქმის სულ ვუთმობ, თავს ვისულელებ, მაგრამ მერე რა, ზოგჯერ დათმობაც ხომ სხვისი დამცირების ტოლფასია, სხვისი სისუსტის აღიარებაა . . .

თითქმის უკვე ორი დღეზე მეტია სოციალურ ქსელს გამოვეთიშე, იმ სოციალურ ქსელს რომელსაც შენ ვერ იტან და ფიქრობ რომ ადამიანებს აშორებს და აუცხოებს, ისიც მახსოვს მეჩხუბებოდი ამიტომ ვერ იცლი ჩემთვის და ბევრ დროს გაკარგვინებსო. არ გამართლდა შენი ფიქრები და ვარაუდები, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი დროის დაკარგვა ისევ ისე ვმუშაობდი როგორც მანამდე, ქსელში ჩართვამდე მხოლოდ პაროლის აკრეფა მჭირდებოდა, ერთხელაც არ წამცდენია ხელი. არც ის გამოდგა მართალი ადამიანებს აშორებსო, პირიქით, არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვარ ადამიანებთან ქუუც როგორც ახლა, უფრო ხშირად ვხვდებით ერთმანეთს რეალურ რიტმში, ვსაუბრობთ, ვსეირნობთ, კინოში, თეატრში დავდივართ. ამას წინად, ერთმა აწ უკვე ვირტუალურმა და ახლა რეალურმა მეგობარმა პატარა, საყვარელ კაფეში დაგვპატიჟა, აი მითხარი ბოლოს როდის მიირთვი ნაკვერჩხალზე მოდუღებული ყავა ან მიირთვი ნაკვერჩხალზე გამომცხვარი პური? მე დიდი ხანია, თითქმის ოთხი ხუთი საათი დავყავი იქ, არადა მეგონა ნახევარი საათის მისული ვიყავი ისე მალე გავიდა დრო სასიამოვნო ჭუკჭუკში, გიტარაზე დაკვრაში და სიმღერაში. შენ კი სულ მსაყვედურობ მაინც . . .

ვაპირებ დავუბრუნდე ისევ ვირტუალურ ცხოვრებას, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, მე უკვე აღარ მესმის ადამიანების, რომლებიც დროებით ეთიშებიან ხან რეალურ და ხანაც ვირტუალურ ცხოვრებას . . . მთავარი არც ერთია და არც მეორე, მთავარი ის არის, რომ იქ ხარ სადაც მოგწონს, სადაც ცხოვრობ და არა ცოცხლობ, სადაც ემოციების, გრძნობების უწყვეტი ურთიერთგაცვლაა, ხან შენ გწყინს, ხან მას, ხან შენ გიხარია ხან მას, ხან შენ ბრაზდები და ხან ის, აბა როგორ . . . შენ რა არ მოგწყინდა მანდ უემოციოდ და ასე უღიმღამოდ ყოფნა, გაბრაზებული და დეპრესიული კი მერე ჩემზე იყრი ხოლმე ჯავრს, მწერ რაღაც გაუგებარ წერილებს ან გაბუტული საერთოდ ხმას არ იღებ. ჩემი არ იყოს მგონი შენც სიყვარულის გამანაწილებელი დაკარგე და მხოლოდ ჩემსკენ მომართულ გრძნობებს ვეღარ აკონტროლებ . . .

მაინც მიყვარხარ თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ყველაზე, ყველაზე ერთგული ადრესატი ხარ.

დროებით ქუც.

 

პ.ს. სხვა ყავა , არა ისეთი როგორიც აქამდე გაგისინჯავს

14 წერილი ქუცნას – ზარმაცებს

შენ ბეჯითი ხარ, მე ზარმაცი. ბოლო წერილებში, განუწყვეტლად იმეორებდი, წადი სადმე დაისვენე, რამდენს შრომობო. არც ეგრეა საქმე ქუუც. ვხედავ, რომ სიზარმაცე მჯაბნის და ხან რას ვაბრალებ ამას და ხან რას. ბევრ საქმეს ვჭირდები, ბევრი მე მჭირდება. უამრავი გასაკეთებელი დამიგროვდა თუ დავაგროვე. ვერ ვიცლი იმისთვის რასაც ან ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდები. დრო კი გადის. მშურს იმ ადამიანების ვინც მუხლჩაუხრელად შრომობენ, მოძრაობენ, მიდიან, მოდიან, შეიძლება ღირებულს არც არაფერს ქმნიან, მაგრამ ხომ მოძრაობენ, რაღაც მაინც ხომ აკეთებენ.

და არ იკითხავ სად მიდის ჩემი შრომა? მხოლოდ და მხოლოდ უნიტაზში, სხვადასხვა უნიტაზში, სხვადასხვა ადგილას. ხანდახან დეპრესიაში ვვარდები, ხანდახან ცუდ ხასიათზე ვარ, ვჩხუბობ, სხვას ვაბრალებ, სხვებს ვეჩხუბები, ხშირად უმიზეზოდ . . . ვერ გადამიტანია, რომ ასე სწრაფად მიდის დრო და მე ვერაფერს ვასწრებ.

ვწუწუნებ ახლა მე.

სიზარმაცეს წუწუნი არ შველის . ..

ეს უფრო მადარდიანებს.

შენც ვერ მოგიკითხე.

უკვე ვფიქრობ, ხომ არ სჯობს შენთან წამოვიდე, გესაუბრო . . .

იქნებ ნელ-ნელა მოვემზადო ამისთვის, არ ვიცი . . .

თან აქაურობაც მენანება, მომენატრებიან . . .

ის კიდევ გამებუტა, არ მელაპარაკება :( :( :(

დროებით ქუც . . .

 

13 წერილი ქუცნას – მე ქუდბედიანი დავიბადე (ამაყად)

შეიძლება დიკენსის დავიდ კოპერფილდიც გაგახსენდეთ მაგრამ სხვა რა გზაა :) :) მე დავიბადე, ხუთშაბათ დღეს, დილის 7 საათზე, სამშობიაროს გარეთ სამეგრელოდან საგანგებოდ ბაბუასგან წარგზავნილი დელეგაცია მელოდა, რომელსაც აწ გარდაცვლილნი სოციალისტური შრომის გმირი ვინარი სხულუხია და მისი მეუღლე გენო ხვიჩია ედგნენ სათავეში. ვაჰ აბა! დავიბადე და ბიცოლას გადმოუჩხავლია ზემოდან გოგოა გოგოაო (მამაჩემის ციტატა) ბებიაქალმა კი მოწიწებით ამიტაცა (ახლაც ვგრძნობ მაგას მე), თან მოყოლილი ქუდი ნაზად ამხსნა თავიდან და იყვირა სამეგრელოს დედოფალი დაიბადაო, ვაჰ აბა რა შუაგულ კახეთში დაიბადა სამეგრელოს დედოფალი!!! თან ქუდბედიანი!! ხო აქვე შენიშვნა დავიდ კოპერფილდი პერანგიანი დაიბადა. მაგრამ ქუდბედი უფრო მისტიკურია და სჯობს პერანგს. მაგ. იესო ქრისტე, ალექსანდრე დიდი, ლორდ ბაირონი და ხალილ ჯიბრანი ქუდბედიანები დაიბადნენ თურმე. მრავალი ლეგენდა არსებობს ქუდბედიანებზე, ზოგ ქვეყანაში მათ ცეცხლზე წვავდნენ როგორც ჯადოქრებს, ვამპირებს ან მაქციებს (ჰმ ”ბინდი” გამახსენდა), თუმცა ბერძენი და რომაელი მოღვაწეები ყიდულობდნენ ქუდბედს რადგან ითვლებოდა, რომ მას სიბრძნე, პატივისცემა და სამართლიანობა მოჰქონდა. ქუდბედიანები ადვილად აღსაზრდელები არიან თუმცა დროთა განმავლობაში ხალხი გრძნობს მათ განსაკუთრებულ თვისებებს და ვერ უგებენ და ერიდებიან კიდეც მათ. წინასწარმეტყველების და ქვეყნებში ვირტუალური მოგზაურობის რა მოგახსენოთ მაგრამ ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს რომელსაც ასევე კარგად ვნიღბავ. და რა შემიძლია და რა არა ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ :) :)

ზღაპრები

ჩემი ცხოვრება ზღაპრებით დაიწყო ქუუც, შენც ხომ ჩემი ზღაპრის ნაწილი ხარ, ახლაც ზღაპარში ვცხოვრობ, ოღონდ ჯერ მხოლოდ ნაცარქექიები დარბიან ჩემს გარშემო (NO PRINCE); ჩემი კეთილი მეზღაპრე პაპაჩემი იყო, მის ხელში ზღაპრების წიგნი არ დამინახავს ყოველთვის ზეპირად მიყვებოდა, ემოციებით, მიმიკებით, ხელებით ხან იატაკზე გაგორდებოდა, ხან ჰაერში ამახტუნებდა, მერე მოყოლილი ზღაპრის წიგნს დამიდებდა და მეც ინტერესით ვათვალიერებდი, ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი ჩემით, ცოტა რომ გავიზარდე ენციკლოპედიის თვალიერება დავიწყე, იმიტომ, რომ იქ ბევრი სურათები აღმოვაჩინე ადამიანების, მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, სულ ფერად-ფერადები, და დავდევდი ბაბოს და ვეხვეწებოდი კითხვა ესწავლებინა; არა ბაბო გენაცვალოს ჯერ პატარა ხარ, ცოტაც მოიცადე, ხელი გაგიფუჭდებაო. ერთი სიტყვით ამ ხელოვნებას 2 წლის ასაკში ვეზიარე, თავიდან ეს არ იყო წერა რა თქმა უნდა, ეს იყო ტვიფრა ქაღალდზე, მოგვიანებით დაიხვეწა მხოლოდ სისწრაფე, რაც ძალიან ძალიან შემიქეს როდესაც გამომძიებლის თანაშემწე ვიყავი, ჩვენებებს სწრაფად ვიწერდი და უხაროდათ. კითხვით კიდევ უფრო სწრაფად ვკითხულობდი, კლასელებს მოსწონდათ მე რომ ზღაპრებს ვუკითხავდი, ეს იმ ასაკში, როდესაც ბავშვები ჯერ სიტყვებს და ასოებს შორის ნერწყვის ხანგრძლივი ყლაპვით კითხულობენ. ერთი დღე იყო გაცდა ფიზკულტურის გაკვეთილი, გარეთ ხომ არ გაგვიშვებდნენ, დაგვტოვეს საკლასო ოთახში და გადაწყვიტეს ზღაპრების წაკითხვა. აბა ვინ წაიკითხავს, ვინ წაიკითხავს არის გნიასი, თამუნა თამუნა სკანდირებს კლასი ჰუჰუჰუ სკანდირებს :) :) :) მოკლედ გამოვედი დაფასთან და დავიწყე კითხვა;  წავიკითხე ერთი ზღაპარი, მეორე, მესამე, მეოთხე და ჰოი საოცრებავ, მეხუთზე ზღაპარზე ასოებმა ხტუნვა დაიწყეს, აირივნენ ერთმანეთში, იქვე ვაი დედა დამიძახია თურმე, და თამუნა თავის ზღაპრების წიგნიანად იატაკზე აღმოჩნდა გულწასული, იმის მერე ზღაპრების წასაკითხად აღარ გამოვყავდი მასწავლებელს :) :) :) ეჰ არადა როგორ მიყვარს.

ერთი მეზობელი მყავს სოფელში ქუუც, ასე 55 წლამდე ქალბატონი, ძალიან ძალიან განათლებული და უთბილესი ადამიანი, წიგნით ხელში დავლანდე ერთ დღეს ვერანდაზე და ვკითხე: ”რას კითხულობთ?” და მან მიპასუხა: ”ზღაპრებს თამუნა ზღაპრებს, მე ისევ ზღაპრებს დავუბრუნდი, ისინი ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება”, მესიამოვნა იცით, ასე, რომ მიპასუხა, ცოტა დავსევდიანდი, და ახლა დღევანდელი გადასახადედიდან უფრო ვრწმუნდები, რომ მართლაც მხოლოდ ზღაპრები მთავრდება კარგად.

ქუც ჩემი ზღაპარიც ხომ დამთავრდება კარგად?

Little Litterator

აქ ალბათ პრინცი ვივარაუდე :) :)

და სად არის აქ თუთა?

რატომ მომინდა ტანკის აწყობა ბაღში? (გაკვირვებული)

ეს იცანით ხომ?  :)

ხატვის ნიჭი აშკარად არ მაქვს :) ამიტომ სკოლაში  ხატვის დავალებებს   დედაჩემი ასრულებდა ფრიად წარმატებით

12 წერილი ქუცნას – მე, რობოტი

ქუც წერილი მინდა მოგწერო მელნით, ფრთით და ფურცელზე, ნოსტალგიები მაქვს, ძველ ფილმებს ვუყურებ, ძველ წიგნებს ვიხსენებ, ძველ გახუნებულ სურათებს ვათვალიერებ, წარსულს ვეჭიდები? რომელ წარსულს, მე ხომ ბატის ფრთით წერილი არასოდეს მომიწერია შენთვის და არც შენ ჩემთვის. მე რას ვფიქრობ იცი? მგონი ზედმეტად გათანამედროვებული ცხოვრების რიტმი მომყირჭდა, გარობოტდა და გატექნიკდა გარემო, ყველა ზომის, წონის და ტვინის რობოტს ნახავ ჩემს გარშემო, უფრო სწორედ კი არ ნახავ დაერობოტკონტაქტები სხვადასხვა სარობოტ-საკონტაქტო საშუალებებით, გავბოროტდი . . . კი არა და, გავრობოტდი, ჰო მეც რობოტი ვარ, რომანტიკა? არა რომანტიკული რობოტები არ არსებობენ ქუუც, როგორ განვერიდო, ყველგან თან მომდევენ, ნაბიჯს ვერ გადადგამ მათ გარეშე, გჭირდებიან, შენც სჭირდები მათ, ორმხრივი ვნება გვაკავშირებს. ჰა, ვნებიანი რობოტი, ძალიან სასაცილოა ხო ქუც, ხედავ ეს წერილიც როგორი რობოტული გამოვიდა? ახლა ხომ ხვდები რატომ მინდა მელანი, ფრთა ან თუნდაც ფრთები, რომ მოვფრინდე მანდ და თავად მოგიყვე ყველაფერი, ვიცი შენი სახლი როგორია, შენი ოთახი ბევრი წიგნებით, შენთან სადაც არ არიან ბოროტები და რობოტები, შენთან სადაც მხოლოდ სიმშვიდეა, სიმწვანე და ბევრი წიგნები და შენთან სადაც შენ ხარ და ხარ მხოლოდ ჩემთვის. ხვდები როგორი დაღლილი ვარ? ხო, იღლებიან რობოტოებიც, ასე შექმნილი რობოტი იღლება კიდეც და ზოგჯერ ძილსაც ახერხებს, მშფოთავი ძილი მაგრამ მაინც ძილი;

წავედი ახლა ქუც, იმედია გაგახსენდები ხანდახან მაინც, არ გეგონოს რომ დამავიწყდი, ნუ მსაყვედურობ ხოლმე სად ხარ, სად დაიკარგე, რატომ არ იცლი ჩემთვის . . . მე სულ მახსოვხარ, მაგრამ ვერ გწერ, მე ხომ რობოტი ვარ, რომელიც დღე და ღამე უწყვეტად რობოტობს.

კარგად ქუც .

ყველა წიგნს ეტყობა რომ მე წავიკითხე – ყველა დაფლეთილია

არ ვუფრთხილდები იმას რაც მიყვარს

გახსოვს ამის გამო რომ მეჩხუბებოდი ხოლმე?

11 წერილი ქუცნას – შუქნიშანი

დღეს რახან ცამეტია მინდოდა მეცამეტე წერილი მომეწერა შენთვის ქუუც, მაგრამ  ვერ შევძელი, ვერ მოვიცალე (მომრავლდა ეს ”ვერ” ჩემს ყოველდღიურობაში), როცა შენთან საუბრის სურვილი მიჩნდება მაშინ არ მაქვს სწორედ მაგის საშუალება, ჩართული ვარ საქმეში, უფრო ხშირად როცა მანქანას ვმართავ მაშინ მახსენდები . . . აი ახლაც ასეა, მოვდივარ სამოცი, ოთხმოცი, ასი, ასოცი მეტს ამ გზაზე ვერ გაქაჩავ ტუტუცი მძღოლების გადამკიდე, ბევრი დაბრკოლებაა ქუუც, განსაკუთრებით ქვეითები მიშლიან ხელს, გადარბიან გადმორბიან ისე თითქოს კლონები ელოდებოდეთ სახლში, ავაკაპოტო იქნება ერთხელ :)   და მერე შუქნიშნები რამდენია?! ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მივიწევ წინ, ვუწევ მუსიკას ხმამაღალზე იქნება ჩემს თავში ფიქრების ფუთფუთი და დავიდარაბა ჩაახშოს, უჰ რას არ გაიფიქრებს ხოლმე ზოგჯერ ადამიანი, ვერც დავწერ და ვერც მოგწერ ამას, გიფრთხილდები, გავედი წითელზე, როგორ მიყვარს წითელი, როგორც კი აკაშკაშდება გადავირბენ ხოლმე, მხურვალე ფერია, გულში მიხუტებს, მათბობს, თან მუსიკა, თან სიჩქარე და თან წითელი შუქნიშანი, შეუცვლელი ჰარმონიაა  . . . მწვანეც მიყვარს მაგრამ, მწვანე ბალახი მირჩევნია, მთა, მდელო, ბოლოს და ბოლოს ხომ თქვა მან ”ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე რაა მამული . . .”, როგორ მიყვარდა ბავშვობაში და ახლა კი როგორ მენატრება ბებიას და ბაბუას სახლის წინ დიდი მწვანე მინდორი, დილით ნამიან, ცვრიან ბალახზე დავრბოდი ხოლმე, ერთი სიამოვნება იყო, მართალია რამოდენიმეჯერ ხბოს ფუნაშიც გავსრიალდი მაგრამ ეგ არაფერი, ცხოვრებაშიც ასე არ არის ქუუც, ხან ცვრიან ბალახზე დადიხარ ხან ფუნაში გასრიალდები მოულოდნელად, ეგ არაფერი . .. ჰო შუქნიშანზე გიყვებოდი, წითელ ფერზე, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი და წითელზე დიდი სიჩქარით, ხმამაღალი მუსიკით თუ არ გაიარე რა არის  მამული ქუუც?! არც არაფერი :) რომ შეიგრძნო ასე უნდა მოიქცე! ყვითელი? ხო შუქნიშანს ყვითელი ფერიც აქვს ქუუც, მაგრამ მე წითელს ვიყენებ მარტო :) ყვითელი მზე მიყვარს, აი ისეთი, ცისფერ ზღვის ტალღებს რომ ეთამაშება, ზღვის ტალღებზე გაწოლილს ჩემს სახეს და სხეულს რომ დაკაშკაშებს . . . ძლიერია მზე, ძალიან ძლიერი და მეც ძლიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემი მფარველი პლანეტაა მზე J ასე ნელ-ნელა მოვუახლოვდი სახლს, დილით პარკინგის პრობლემა, საღამოს პარკინგის პრობლემა, არ იცით რომ ეს ჩემი ადგილია და აქ მე ვაყენებ მანქანას?! ვაჰ!

კარგად ქუუც!!

13.05.10

9 წერილი ქუცნას – გიორგობის წინა დღე

ანუ ქუუუც, ვპასუხობ უკვე მრავალი ადამიანის შეკითხვაზე სად ვიყავი გუშინ :) ამ წუთამდე პასუხი მაქვს: იქ სადაც ყველაზე ნაკლებად წარმომიდგენდით :) , შემდეგი კითხვა: კი მაგრამ ტელეფონს რატომ არ იღებდი? იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მეპასუხა თქვენთვის :) არც თუ ისე დიდი გზაა თბილისიდან დმანისამდე, ხან ცუდი და ხან კარგი გზა, გარშემო თავხედი სიმწვანე და რაც უფრო წინ მივდიოდით ეს სითავხედე კიდევ უფრო ხასხასდებოდა, ჰაერი უფრო იწმინდებოდა, ცაზე ღრუბლების კონტურები უფრო მკვეთრდებოდა, თითქოს რაღაც ნახატს ემსგავსებოდა, უამრავი ისტორიული ძეგლი, ციხე-სიმაგრე, ეკლესია, გზადაგზა მრავლად გაბნეული მუსულმანური სახეები და რომ არ დამავიწყდეს მერე, ძალიან ძალიან ბევრი ვირი, ერთად ამდენი ვირი თავისდღეში არ მენახა, ნუ ოთხფეხა ვირზე მაქვს საუბარი თორემ ორფეხა ბევრი მინახავს :) :) . პირველ რიგში შევჩერდით დმანისის სიონთან, შევედით ტაძარში მცირე ხნით, აქ მამაოს უნდა შევხვედროდით, აქ უნდა ავღნიშნო, რომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი სასულიერო პირების მიმართ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ეს აღმოჩნდა მეორე სასულიერო პირი, რომლისგანაც ძალიან ძალიან რაღაც დადებითი მოვიდა, არ ვიცი ამას რა ჰქვია, მაგრამ ასე იყო, რაღაც სუფთა და კამკამა მოდიოდა მთის წყაროსავით . . . დმანისის სიონიდან ყველა ერთად გავემართეთ სოფელ მაშავერაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ძალიან დიდ სიმაღლეზე ავედით, ყველა გაგებით (თუმცა აქაც ვირები დარბოდნენ ძლივს შევასწარით ეკლესიის ეზოში :) ), ზემოდან რაღაც საოცარი ხედი, სააადღაც ქვემოთ ცივგულა მდინარე მაშავერა მიიკლაკნებოდა, გარშემო სულ მთები, მთები და მთები . . . . გამიტაცა ბუნებამ . . .  აქ ლოცვას დავესწარით, თითქმის სამი საათი, ამ დროის განმავლობაში საოცარ ღუღუნა ხმას ვუსმენდი, ახლაც ყურში ჩამესმის, ციოდა მაგრამ ეს ხმა ისეთი თბილი იყო, ისეთი ტკბილი იყო, ვერც გავიგე როგორ გავიდა ეს დრო, ამას მოჰყვა შუბლზე ზეთის ცხება, პური და ღვინო, რომ გამოვედით და საათს დავხედე გაკვირვებული დავრჩი ამდენი ხანი ეკლესიაში არასოდეს ვყოფილვარ . . . ჰო ქუუც, ამ ტექსტის წაკითხვის მერე ბევრი დამირეკავს და შემეკითხება ხომ კარგად ხარო? მე ვუპასუხებ, რომ კი, და თან ყველაზე კარგად თქო. შენც გიკვირს ხომ?! შემდეგ დავეშვით ისევ, არა სულიერად კი არა მთიდან დავეშვით ჩვენი მუქლურჯათი :) და გამოვემართეთ ისევ თბილისისკენ.

ასეც ხდება ზოგჯერ და ალბათ კიდევ მოხდება . . . ასე მჯერა

p.s. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ გიორგობას! განსაკუთრებით ჩემს ათეისტ და აგნოსტ მეგობრებს :)  მიყვარხართ !

p.s.2 “For those who believe, no proof is necessary. For those who don’t believe, no proof is possible.”

ვისაც სწამს ის არაფრის მტკიცებას ითხოვს, ხოლო ვისაც არ სწამს მისთვის მტკიცებას აზრი არ აქვს. Stuart Chase

p.s.3 აქ ისეთი ამბები ხდება მგონი მართლა იქ დარჩენა ჯობდა ქუუც

6.V.2010

8 წერილი ქუცნას – ფერები

ოთახში ბოლთაც ვცემდი, მციოდა, მერე უცებ რაღაც მოხდა და აღარ მციოდა, ვიღიმებოდი და დავდიოდი, ეს ისე სხვათაშორის; ვფიქრობდი ადამიანზე, ვიღაცაზე, რომელსაც რაღაცის მიმართ უჩნდება პროტესტი, როდის და რატომ ხდება ასე? აუჰ, რამდენი კითხვები ვიცი ხოლმე; ვგონებ, ცუდია როდესაც მეტად წვდები საკითხს, მეტ ინფორმაციას იგებ, იფანტები მიღებულ ცოდნაში, ცოდნა შთანთქავს შენს არსებას (ან იქნებ კარგიც არის), შენი არსება ხომ ასეთი პაწაწინა და სუსტია ამ თვალუწვდენელი ოკეანის წინაშე, მაგრამ მაინც გიზიდავს იგი, ვერ ეშვები, ნარკოტიკივით არის (ასე ამბობენ ხოლმე ნარკოტიკზე), ვერ მართავ საკუთარ თავს, ვერ აკონტროლებ მოზღვავებულ ნაკადს, იქნევ პაწაწინა ხელებს საცოდავად და ვერ იცილებ დარტყმებს, აქ ვნებაა, აქ აზარტია, აქ ყველაფერია, ის ყველაფერი რაც გიზიდავს და  რომელიც წამი–წამზე შენ არარაობად გაქცევს, ძალ–ღონეს გხდის, გაპატარავებს, გჩაგრავს, წიხლებს გკრავს, ზოგჯერ წკიპურტებს, შენ კი, პაწაწუნა არსებავ, ერთი რაც დაგრჩა შენი ადამიანური სიამაყე, იგი გიბიძგებს გააპროტესტო ის რის შესახებაც მიიღე ცოდნა, ჩაწვდი მას, იმის იქით კი ვეღარ გაწვდა შენი გონება და გაფიცხდი, გაბრაზდი, ცოფებს ჰყრი, ვნებ მას შენივე მიღებული ცოდნით, მოგყავს არგუმენტები, ლანძღავ, აგინებ, შენ მეტი რა შეგიძლია ასეთ სუსტს და უსუსურს, მხოლოდ სიტყვები და სიტყვები, მხოლოდ ფრაზები . . . მიდი ისროლე რამდენიც გინდა, თუმცა რა იცი რომ ამით ის უფრო ძლიერდება, ის უფრო საინტერესო ხდება სხვებისთვის, უფრო მიმზიდველი, ვისაც აქამდე არ აინტერესებდა ისიც კი ერთვება ამაში და იჩენს ინტერესს; ცოტა აბდაუბდა გამომივიდა ქუუც, მაგრამ გამგები გაიგებს როგორც იტყვიან რა. იმის თქმა მინდოდა რომ ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ცოდნას რა, ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს მიღებულ ინფორმაციას, სხვადასხვა ფერის შუშიდან უცქერენ, ზოგი ვარდისფერია, ზოგი ცისფერია, ზოგი შავია, ზოგი წითელია, ყველას აქვს არჩეული თავისი ცხოვრების ფერი, ამოუწურავია ფერთა პალიტრა, ათასობით ფერის პოვნა შეიძლება, უფერო მარტო ათეისტია ან აგნოსტი თუ მანგუსტი, რა ვიცი . . . მე მაქვს ფერი ეს ვიცი ქუუც, მაგრამ ჯერ ზუსტად ვერ ვარჩევ რა ფერია, არადა კარგი მხედველობა მაქვს :)

ძილი ნებისა ქუუც,

24.–03.–2010 – 25-04-2010

7 წერილი ქუცნას – ცხრა, ნოლი და – იანი . . .

რა გამოდის ქუუც? :) 90–იანი წლები, დიახ, აი ამაზე მინდა დღეს მოგწერო, საიდან გამახსენდა კი არა და რა დამავიწყებს რაააა :) მე ვერ გავიხსენებ ვერცერთ ისეთ პერიოდს, რომელშიც ერთდროულად ამდენი კარგად და ავად მოსაგონარი იყოს ერთად თავმოყრილი. პატარა შესავალს გავაკეთებ შენთვის: ამას წინათ ნოსტალგია მომაწვა და ვიფიქრე მოდი youtube.com-ზე შევძვრები და ჩემს ნოსტალგიას პაწა გავაღვივებთქო; ასეც მოვიქეცი. და მოვძებნე კიდეც ერთ–ერთი ასეთი გამქეზებელი – East 17, გახსოვს ალბათ ასეთი ბიჭუკელების ჯგუფი იყო ჩვენს ბავშვობაში ჩვენს ძვირფას 90–იანებში, ყველა მათი სიმღერა იყო ჰიტი იმ დროს და დახუნძლული უამრავი მოგონებით და კარგი შეგრძნებებით (მეტად მიყვარს ჰიტი thunder), ნუ არა მხოლოდ East 17, ასევე Take That, და სხვა რამოდენიმე შემსრულებელი; აქამდე ვფიქრობდი, რომ 90–იანი წლები მარტო ჩვენთვის ქართველებისთვის იყო ნოსტალგიური; მაგრამ როდესაც სიმღერის ქვეშ წავიკითხე კომენტარები ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და რუსულ ენებზე, მიხვდი რომ ეს ნოსტალგია მულტინაციონალური იყო, რატომღაც არ ვიცი რატომ ვფიქრობ, ის რომ ასეთი შინაარსიანი ჰიტები, ფილმები აღარ არის თუ საერთოდ ადამიანები გახდნენ უშინაარსოები და ცარიელები ვერ ვხვდები; შეიძლება ასეც იყოს რომ მიიხედ–მოიხედავ ცარიელი ტომრებივით დადიან, შუშის თვალებით და დახშული ყურებით, რა ვიცი მე ავივსე ძააან და მეჩვენება თუ რა ხდება არ ვიცი; ახლა ამერიკელების, ფრანგების და ესპანელების ან თუნდაც რუსების ნოსტალგიის რა მოგახსენო, მაგრამ ჩვენთან მათგან განსხვავებით მძიმე სიტუაცია იყო, ჩვენ გვქონდა სამოქალაქო ომი, ეთნო დაპირისპირებები, დიდად პატივცემული სრული ეკონომიკური კოლაფსი, სიცივე, სიბნელე, შიში, ავტომატიანი ბიძები, ბალიშის ქვეშ აკუმულატორები, გატაცებული მოძრავი ქონება თავიანთი მოძრავ თუ უძრავი პატრონებიანად, პურის რიგიიიიი, ყველაზე მაგარი და სასაცილო ამ ვაი–ვუი კომედიაში იყო პურის რიგები, ადამიანებს შორის კომუნიკაციის საუკეთესო და ყველაზე კურიოზული საშუალება; დღეს შეხვალ მარკეტში უხმოდ იყიდი პურს (ფასი ზედ აწერია, მაგის კითხვაც არ გიწევს) და გამოდიხარ, ჯდები მანქანაში და მოდიხარ სახლში, სახლში გვხდება შუქი უკვე, რთავ ან ტელევიზორს ან კომპიუტერს და ორივე შემთხვევაში შტერდები, ტელევიზორში სისულელე ტვ შოუებს უყურებ (ნუ შეგიძლია არ უყურო), კომპიუტერში კი ნეტი გაშტერებს, ვირტუალური ურთიერთობა ნელ–ნელა ჭამს და აქრობს ფიზიკურ, ნამდვილ ადამიანურ ურთიერთობებს, აი ეს ნოსტალგია მაქვს ნამდვილად, 90–იანებში მეტი შეხვედრები იყო, მეტი ურთიერთობა, ურთიერთგაგება, მეტი საუბრები, წიგნების კითხვის საშუალება, სეირნობა, ქეიფი, ექსკურსიები, გასვლები ბუნების წიაღში (სადაც პულსს ვგრძნობ) და ა.შ. ეს დღეს აღარ არის, დღეს მიწერ ინტერნეტით მერე ის მოგწერს, მიწერ–მოგწერს და ეგ არის შეიძლება თვეები წერო ასე ადამიანს და ერთხელაც ვერ შეხვდე ამდენი ხნის განმავლობაში; (აქ რომ იყო ცხელი რძიანი ყავით გაგიმასპინძლებოდი და ბოროტების ყვავილებზე გესაუბრებოდი); ბევრ დროს მართმევს რაა ეს ეშმაკის მანქანა, წიგნებს ისე ვეღარ ვკითხულობ როგორც ადრე და გული მწყდება ჩემს რომანტიკულ, ზღაპრულ სამყაროში, რომ ვეღარ ვიკეტები, სადაც ვერავის ვერ ვიგრძნობდი, სადაც ლექსებს დავწერდი, სადაც ჩემი გულის ცემა აჩქარდებოდა, სადაც კარგად ვიგრძნობდი თავს . . . წავიდოდი ხოლმე ზაფხულობით ქიზიყში სკოლის პერიოდში, და მთელი დღე და ზოგჯერ მთელი ღამე წიგნებს ვკითხულობდი, ძალიან ადრე ვისწავლე კითხვა ქუუც ბაღშიც არ დავდიოდი ჯერ :) ბაბო უკვე ლამფას მიმალავდა ხოლმე ჩემს თვალებს უფრთხილდებოდა (თვალები კი მაქვს მაგარი, მგონი პაპას ვემსგავსები ისე გარდაიცვალა სათვალე ერთხელაც არ დაჭირვებია); ყველაზე კომიკური ის არის, რომ უნივერსიტეტში, რომ ჩავაბარე ფილოლოგიურზე, ისეთი წიგნები იყო პროგრამაში ჩამოთვლილი რაც მე 5–9 კლასების პერიოდში მქონდა წაკითხული და ვიკითხე ამისთვის მომიყვანეთ აქ მეთქი, რომ ტრისტანი და იზოლდა წავიკითხო მეთქი (მე–5 კლასში მქონდა ეგ წაკითხული); არა ახლა სხვა თვალით უნდა შეხედოო, ამიხსნეს, მე ვუთხარი მაშინაც ეგ თვალები მქონდა მეთქი :) )))))))) მართალია ოტია იოსელიანი რა რომ ამბობს უნივერსიტეტი აჩლუნგებს ადამიანის გონებას და დროს აკარგვინებსო, აი ზუსტად ეგრეა რა ქუუც, რა მინდოდა 4 წელი რისთვის დავდიოდი;
ყველაზე დიდი ნოსტალგია ჩემი სკოლების და ზოგიერთი კლასელის მიმართ მაქვს, იმ კლასელებს ვგულისხმობ, ვისაც ასევე აქვს ნოსტალგია, ხშირად ვიხსენებ ხოლმე თავგადასავლებს, შატალოებს, გაკვეთილზე კურიოზებს, ექსკურსიებს და მეცინება და მენატრება ის დრო, ეს დროის მონაკვეთიც ხომ სწორედ 90–იანებში მოხვდა, მაგარი იყო. ამას წინათ კლასმა ვიქეიფეთ ყველა შევიკრიბეთ თითქმის და სკოლის დამთავრების ათი წელი ავღნიშნეთ, იცი რა ბედნიერი ვიყავი, ზოგჯერ თვალი ცრემლით მევსებოდა ხოლმე, საოცრება იყო, ზოგი ჩემი კლასელი ჩემთან ერთად ცეკვავდა ანსამბლში, ერთად ვიცეკვეთ ისევ გავიხსენეთ ძველი დრო; ცეკვა კიდევ ცალკე ნოსტალგია, კონცერტები იმ დროს იმ პერიოდში, სკოლის საღამოები, ცხვარიჭამიაში დასვენება და ცეკვა–ცეკვით წასვლა, იქაურ დისკოტეკაზე რაღაც დისკო მუსიკაზე ჩემი აჭარული ცეკვა და სხვა მშობლების და მასწავლებლის ქირქილი, აჭარულს დისკოტეკაზე ცეკვავსო არადა დღეს ეს ისეა ატაცებული მგონი მალე ჩვეულებრივ მუსიკაზე აღარც იცეკვონ; მაგრამ მაშინ ის დრო იყო, რომ უკვირდათ; ახლანდელ ქეიფზეც ისე ვიცეკვეთ თითქოს არც არასოდეს გვქონია პაუზა, და მთელი ეს დრო სულ ვცეკვავცდით თითქოს, ჩვენ ჩვენ ცეკვას, ჩვენ ჩვენ პარტიას, თუმცა მაშინ ერთმანეთის პარტიის ცეკვაც შეგვეძლო, ბიჭი მოცეკვავცეც კი შემეძლო შემეცვალა; იმდენად სისხლშია და იმდენად ძვალ–რბილშია გამჯდარი თითქოს არც იყო გასული ამდენი წელი . . .
სხვა კიდევ ბევრია გასახსენებელი, ზოგი სასაცილო, ზოგი სატირელი, ზოგის გახსენებაზე შეიძლება ავღელდე კიდეც, გავწითლდე და გულში სითბოც ჩამიღვაროს, მაგრამ ეს მოდი ჩემთან დარჩეს, ხო ქუუც, არ გეწყინოს . . . არის რაღაცეები, უფრო სწორად რაღაც შეგრძნებები, რომლებიც ასევე მეხსიერებაში დაილექა და მინდა იქ იყოს, იქ დარჩეს მშვიდად . . . ვიზოგავ . . .
დროებით ქუუც, მპუა
11.02.2010

6 წერილი ქუცნას – „მეფეები და ლომები მარტოობაში ხდებიან გულზვიადნი, აზვავდებიან და მოიწყენენ, მარტოხელანი იღუპებიან კიდევაც“ – კ. გამსახურდია

რას იფიქრებ თუ კი გეტყვი, რომ უკანასკნელ ძალებს ვიკრებ? მეტყვი დეპრესიამ შემოგიტიაო და მარტოობამ დაგჯაბნაო, ჰო ვიცი ასე მეტყვი :( მაგრამ არ ვიცი დაგეთანხმო თუ მხოლოდ ნაწილობრივ დაგეთანხმო უკანასკნელ ძალებს იმიტომ, რომ შევძლო მუშაობა, რომელიც ჩემთვის გაუსაძლისი ხდება დღითი დღე, გაუსაძლისი და აუტანელი; რაც არ მიყვარს იმას იძულებული ხარ მთელი დრო დაუთმო და რაც გიყვარს იმისთვის კი დრო დაგენანოს, ეს ამაზრზენია ქუც; აღარ შემიძლია მინდა შენ გწერო სულ, ზოგჯერ შენი ნახვაც მინდა ხოლმე, მაგრამ რამდენი ხანია არ მინახიხარ, წლებია ალბათ და გამიჭირდება შენი ნახვა ძლიერ, ვჭოჭმანობ; არადა დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა შენთან პირისპირ საუბარი ამდენი წლის შემდეგ :) .
მობეზრება და მოწყენა ყველაზე ცუდი რამ არის, ზოგჯერ ცრემლებიც კი მომეძალება ხოლმე, ვის გინდა რომ დააბრალო, კონკრეტულს ვერავის, ყველას ერთად კი ბატონო, რამდენიც გინდა, ვისაც არ დაეზარა ჩემს მარტოობას და მოწყენილობას თითო–თითო აგური დაუდო და დიდი კოშკი ააგო . . . უბრალოდ რა მინდა იცი . . . მინდა იმ საქმეს ვაკეთებდე, რომელიც ძალიან მიყვარს და მაინტერესებს, მინდა იქ დავდიოდე სადაც ჩემს პულსს ვგრძნობ და სადაც ჩემს თავს ვხედავ . . . ამ წერილით ალბათ თავს გაბეზრებ შენც და სხვასაც, ოჰ როგორ მინდა ახლა შენს გვერდით ვიყო და ამ წერილს შენთან ერთად ვკითხულობდე, მერე გავარჩევდით, შენ გამაკრიტიკებდი, მე თავს დავიცავდი (ამის ძალა მაქვს ჯერ კიდევ) და გავერთობოდით. უკანაკსკნელი ძალები ვახსენე დასაწყისში და მგონი ვიცრუე ჩემდაუნებურად, მგონი ეგეც აღარ დამრჩა, ფეხზე ვერ ვდგები ადამიანი და რომელ უკანასკნელ ძალებს მოვიკრებ მე; არა ამას სხვა ძალა უნდა, რაღაც ისეთი ძალა ფრთებს რომ გამომასხამს ან ხელში რომ ამიყვანს და წამიყვანს, აი ეგეთი რამე მინდა ქუუც, ეს კაი იდეა მომივიდა, განხორციელდება თუ არა ეგ სხვა საკითხია, ვნახოთ . .
წერილის სათაური დიდოსტატის მარჯვენიდან აი ახლა ზუსტად შეეფერება ჩემს მდგომარეობას.
ხო, მართლა ისეთი მოწყენილი ვარ მოსალმებაც დამავიწყდა, მაპატიე ქუუც . . .
შემდეგ წერილამდე გემშვიდობები! kisses

5 წერილი ქუცნას – დაბადების დღე 35 ლარად! :) :(

დიდად შერცხვენილი ვარ შენთან ბატონო ქუცნადირ! :) ხო რა გაგიკვირდა? ოფიციალური სახელი შენც ხომ გინდა, ხვალ მინისტრად, რომ დაგნიშნონ ქუცას ხომ არ დაგიძახებენ? შერცხვენილი იმიტომ ვარ, რომ აგერ 2008 წლის აგვისტოს მერე არ მომიწერია შენთვის :) გახსოვარ ნეტავ? ალბათ ჩემი წერილები შენახული გაქვს და გულის ჯიბით დაატარებ . . . ჰო კაი ხო ვხუმროობ, ნუ ბუზღუნებ :) შენ და გულის ჯიბით ვინმეს ან რამის ტარებაა? სასაცილო იქნებოდა და ვერც დავიჯერებდი; ეგ სხვა რომანტიკაა . . . ხო აი რომანტიკაზე მინდა მოგითხრო; ამას წინათ სამსახურისკენ მივაბოტებდი (ეგ შემეფერება ზუსტად) გზად ოდნავ მოშორებით რამოდენიმე ადამიანი იდგა, რომელთა საუბარი ჩემდაუნებურად შემომესმა, საერთოდ ქუც ხო იცი მე პირადად რომ მელაპარაკებიან ის არ მესმის ხოლმე იმდენად უინტერესო ხალხი მხვდება ხოლმე ზოგჯერ თითოოროლა ჩემი მეგობრის გამოკლებით; მაგრამ მათგან მომესმა აი ასეთი სიტყვები: „რატო არ იყავი გუშინ სამსახურში „შე ჩემა“–ეკითხება ერთი, „აუ ბიჭო რა ვიცი ცოლის დაბადების დღე იყოო რაა, შეგვჭამეს ტოოო ახლობლებმა არასდროს არ იხდით და ერთხელ მაინც იკისრეთ რამეოო“ – პასუხობს მეორე; პირველი მოსაუბრე არ მოეშვა: „და ჩვენ რატო არ გვითხარი ტოო, ეგ გამოგვაპარეე“, აქვე მეორემ თავი იმართლა და დააბრეხვა „აუ ბიჭო (დაიგინა) სულ 35 ლარი დავხარჯეთო და ამდენ ხალხს ვერ დავუძახებდით“. ნუ ეს დიალოგი ჩემთვის ერთგვარი შოკი იყო რა, გავბრაზდი მაგრად. შენ თქვი ახლა ქუუც, აი რა ვქნა რა ეს მთავრობა გამოვლანძღო, ის კაცი (ასე 40 წლის იქნებოდა) თუ ის ქალი????? ან იქნებ ყველა ერთად? ასე ახლოს რომ არ ჩამევლო ვიფიქრებდი მომესმა თქო? მაგრამ ვაი რომ არა! სულ არ გადაეხადა იმ ოჯახაშენებულს, მთავრობის რა ბრალია კაცს სამსახური თუ აქვს და ცოლისთვის ქორწინების პირველი წლის მერე დაბადების დღე არ გადაუხდია? ან ათი წლის წინაც ეს მთავრობა იყო? ნუ ხო კაი მაშინ უარესი მდგომარეობა იყო, 10–15 წლის წინ. მაგრამ ქალიც გამოსალანძღია, დღევანდელ სიტუაციაში ქალმა კაცი დააბეჩავა, გაალოთა, გამოაბენტერა იმიტომ რომ მთელი 80% ოჯახის წაყვანის ქალს აქვს თავის თავზე აღებული, ქმარი მათთვის გახდა, რაღაც გარკევული, ფიქსირებული (ან არაფიქსირებული) შემოსავლის წყარო. კიიი ქუც ცუდი ტენდენციაა გეთანხმები! მე სასტიკად ვეწინააღმდეგები ამ ტენდენციას. ამ სიტუაციაში დაბადების დღე რა საჭიროა ან თუ გადაიხდიან იმიტომ, რომ ერთი კვირა მაცივარში საკვები არ გამოილიოს (ალბათ); მე მაპატიეთ თუ რამეს ვაჭარბებ (გაბრაზებული ვარ) აბა ქალი რომელიც გაჩენის დღეს იწყევლის (კიი ასეთებიც ხდება) ის გადაიხდის? ან მას გადაუხდიან? და საჩუქარი და სხვადასხვა რომან–პტიჩკები ხომ სადღაც სკოლის მერხზე ან ბაღის ფერად სკამთანაც კი დარჩა ალბათ. არა მე არ მაქვს საუაბარი იმაზე, რომ რაღაც არაორდინალური უნდა გაეკეთებინა ამ ე.წ. მამაკაცს; მეზობლებს და ახლობლებს რაღას ეძახდა, ეყიდა ერთი ტორტი და შამპანური და საღამოს დამსხდარიყვნენ ერთად, წყნარად, ტბილად და სამსახურში არ ყოფნის გამო სხვანაირად ემართლებინა თავი თანამეინახე–კოლეგებთან; მაგრამ უკაცრავად და ლენჩი რომ ხარ ადამიანი არაფერი გშველის ხო იცი ქუუც, ლენჩი იმიტომ, რომ გირჩევნია დააკნინო ცოლი ყოველთვის და შენ ლამაზად გამოხვიდე სიტუაციიდან, ლენჩი იმიტომ, რომ შენ ხომ თვის ბოლოს ხელფასს მიიტან სახლში და ცხელ ბორშს დაგახვედრებენ ან არ მიიტან და მეორე დღეს ისევ იმ ტანსაცმლით წახვალ, რითაც კართან გეძინა.
ხოო ვიცი ქუც ალბათ გადავამლაშე და მეც პესიმისტურ ნოტაზე დავდექი :) ; მე რა მოვიფქრე იცი ქუც, მოდი დღეიდან შენს წერილებს სახელებს დავარქმევ და ისე გამოგიგზავნი ხოლმე, ოკ?
კარგი ახლა წავედი, დროებით დაგემშვიდობები!
P.S. ხო მართლა ფოლკნერის თარგმნას ვიწყებ, რაღაც მოთხრობაა ასეთი „That Evening Sun“. რომ დავამთავრებ გამოგიგზავნი და შემაფასე!! გკოცნიიი :)