ჩაძირული დემოკრატია

წუხელ სიზმარში, რომელიღაც სოფელში, ერთ-ერთ სახლს ჩავუარე, სახლის ღობე მთლიანად ძველი, საბჭოთა პერიოდში გამოცემული წიგნებით იყო აწყობილი, რომელიც ჟანგიან მავთულებს ეჭირა. ერთმა ჩამოფხავებულმა წიგნის სათაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება, “ჩაძირული დემოკრატია”, ასეთი სათაური ჰქონდა და 1956 წელს იყო გამოცემული. ძლივს გამოვარიდე ჟანგიან მავთულებს, თვალის შევლება მინდოდა რა ეწერა. თუმცა არ გამიმართლა, სიძველისგან დაჩაჩანაკებულ წიგნს გული გასძვრა და იქვე, თითქმის ყველა სოფლის სახლის გასწვრივ მიმავალ კანაოში ჩავარდა, ჩაიძირა და მყისიერად ჩალპა, ისე რომ ამოღებაც კი ვერ მოვასწარი.

ხელში მხოლოდ ყდა შემრჩა, “ჩაძირული დემოკრატიის”, რომელიც 1956 წელს იყო გამოცემული.

ისევ უკან ჩავარჭე . . .

ამერიკა აბოყინებს (პიესა ერთ მოქმედებად)

შეიძლება არც პიესაა და არც ერთ მოქმედებიანი,

მაგრამ ასე მინდა რომ ერქვას, ჟღერს . . .“

 

მოქმედი პირები: ქალი და მამაკაცი, საუბრობენ მაგიდასთან (ჯერ წყნარად)

 

კაცი – რა ხდებოდა მანდ?

ქალი – რა ვიცი, ისეთი არაფერი ამერიკელ მწერლებს შევხვდით

კაცი: ყლეები ეგენი

ქალი : რას ერჩი ?  (უკმაყოფილო ტონით)

კაცი: რა რას ვერჩი, უნდა მოკვდნენ ეგენი, რა უქნეს მუსულმანებს, გაწყვიტეს, მაგ ყლეებმა

(წამოხტებიან, გადადიან ყვირილზე)

ქალი: ვერ გეტყვი, რომ მათ პოლიტიკაზე ვგიჟდები, მაგრამ ხალხი რა შუაშია, ბევრი ამერიკელი ვიცი, ვინც წინააღმდეგია მსგავსი პოლიტიკის, ძალადობის, ომების

კაცი: ყველა უნდა გაჟუჟო, მეზიზღებიან

ქალი: მე არ მეზიზღებიან, მე მიყვარს ხალხი, მათი ისტორია, ლიტერატურა, მუსიკა, ზოგადად კულტურა

კაცი: რა კულტურა აქვთ მაგათ? ნუ მაგიჟებ (უფრო უწევს ხმას)

ქალი: ის რაც აქვს ყველა ერს და ის რაზეც ვერ მოახდენს გავლენას პოლიტიკა და პოლიტიკოსები

კაცი: რა კულტურა, სუფრაზე რომ აბოყინებენ ეგ არის კულტურა?

ქალი: შენც დააბოყინე რა პრობლემაა

კაცი: რომ მოვჯვა სუფრაზე?

ქალი: უბრალოდ თქვი რომ გეჯვია და გადი

კაცი: ან აბოყინებენ ან აკუებენ, მაგათი კარგი მოვტყან, მაგათზეა მთელი ერაყის, ირანის, ავღანეთის სისხლი

ქალი: და გინება კულტურაა?

კაცი: დიახ, კულტურაა

ქალი: ჰოდა, მოგიტყან ეგეთი კულტურა, ნახვამდის!

(ქალი გადის და ისმის მძლავრი აფეთქების, შუშების მსხვრევის ხმა)

კაცი: რა ხმა იყო?

ქალი: ამერიკამ დააბოყინა მგონი

(ახლა უკვე მართლა გადის და ისმის კარის ჯახუნის ხმა)

ტაქსის მძღოლი 18+

– გამარჯობა

– გაგიმარჯოს

– დიდ დიღომში რამდენად წამიყვანთ?

– 10 ლარად

– რვად?

– კარგი, 9 იყოს

სუფთა და გაღუღუნებულ წითელ ტაქსში ვჯდები, სადაც მძღოლი ჭერს თავს ურტყამდა ისეთი დიდი გაბარიტების იყო.

– ახლა გარეთ მინუს 2 გრადუსია, დიდ დიღომში ალბათ მინუს 3 ან მინუს 4 მაინც იქნება.

– უფ, კი როგორ არა

– აქ მუშაობთ თქვენ?

ისევ +18 სპექტაკლის შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და მოკლედ მოვჭერი: “დიახ, აქ ვმუშაობ”

პაუზა

– თუ საიდუმლო არ არის, რაზე მუშაობთ? – მორიდებით მკითხა მძღოლმა და გულმა მიგრძნო მინიმუმ 1 დიპლომიან ტაქსის მძღოლს ვესაუბრებოდი.

– თარჯიმანი ვარ

– ძალიან კარგი

აქ გამახსენდა რა კარგად თარგმნიდა დათო გაბუნია სპექტაკლს, ალბათ უფრო კარგად ვიდრე წერდა და ალბათ იმაზე უფრო კარგად ვიდრე, რომელიმე პოლიტიკოსის ან კუტუნიოს თარჯიმანი გადათარგმნიდა – ზუსტად და სწორად.

– რა ენის თარჯიმანი ბრძანდებით?

– ინგლისურის

– მე ჩემს შვილს ვასწავლი ინგლისურს, მერე შემრცხვა, რომ არ ვიცოდი და მეც დავიწყე სწავლა ჩემს ცოლთან ერთად.

– ძალიან კარგი (ისევ ვმეორდები გიგი დედალამაზიშვილივით)

– ამას წინათ, ორი მასწავლებელი დამემგზავრა, აი უცხოეთიდან რომ ჩამოიყვანეს ისინი

– აჰა

– რა მაგარი იყო იცი (იცინის) ისინი ქართულად მელაპარაკებოდნენ, მე ინგლისურად, სამივე ვამტვრევდით

– ვაააჰ ვამბობ და გულში ვფიქრობ, ინგლისურის მცოდნე ტაქსის მძღოლი (მაგრამ რად გინდა, მაინც ყველა ისე უყურებს ტაქსის მძღოლობას, როგორც დროებით სამუშაოს)

– სკულტე კარგია, მეკითხება მძღოლი, სკულტე მაქვს, თავის აუდიოკასეტებით

– კი, საკმაოდ ნორმალურია თქვენთვის, ძალიან კარგი და მარტივია დამწყებთათვის.

– კასეტები გავაციფრულე, ახლა მანქანაში ხმის გამაძლიერებელს ვიყიდი და აქ მოვუსმენ ხოლმე

ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, განა რა არის საოცარი ამაში, ინგლისურს სწავლობს, დარწმუნებული ვარ კბილებსაც იკეთებს.

– ამას წინათ, ასეთი რამ შემემთხვა, ჩემთვის ვიდექი სვეტაფორთან, უკანა სარკეში ვხედავ, რომ ორი ქალბატონი, გააჩერებს ერთ ტაქსს, მეორე ტაქსს, მესამე ტაქსს, ყველა მიდის, ვიფიქრე რა ხდება, მივედი, თურმე ტურისტები იყვნენ ისრაელიდან და ერთი სიტყვა არ იცოდნენ ქართულად.

– აი ჯობია აქეთ ჩაუხვიოთ, შუქნიშნებს მაინც ავცდებით

– ჰო, მართალი ხართ, შევყევი ლაპარაკს, სანაპიროთი ჯობია

– კი, ნამდვილად

– ხოდა, მეკითხებიან ეს ქალები, OLD SHOP, OLD SHOP, ვიფიქრე ახლა, OLD ძველია, SHOP -მაღაზია, ხოდა ეგრევე მივხვდი რა, რო მშრალ ხიდზე უნდოდათ წასვლა, ეგ არ არის OLD? ხო ეგ არის? –  მეკითხება მძღოლი, სიცილით

– კარგად მიხვედრილხართ

– ხოდა აი ასე მივიყვანე მშრალ ხიდზე, აი ასეთი კურიოზებიც ხდება ხოლმე

– ისე სამხედრო ვარ, 16 წელი ვმსახურობდი და აი ახლა ტაქსის მძღოლი ვარ, ხოდა ინგლისურს ვსწავლობ ახლა სულ ტაქსის მძღოლი ხომ არ ვიქნები

ამასობაში სახლსაც მივუახლოვდით

– აი აქ ხელმარცხნივ გამიჩერეთ თუ შეიძლება, ვეუბნები და 10 ლარიანს ვაწვდი

– ახლავე

– იყოს ხურდა არ მინდა

– ჰაჰაჰ, მადლობა და ისე, რომ იცოდე, საიდანაც წამოგიყვანე იქიდან აქამდე 15–20 კილომეტრია, მეუბნება მძღოლი

– კი, ვიცი, მადლობა . . . ყოველდღე მანქანით დავდივარ

– აჰაჰ, კარგით კარგად ბრძანდებოდეთ და მიდის

P.S. არადა არ ვიყავი სამსახურში, მე რუსთაველზე არ ვმუშაობ, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ  სცენაზე, 18+ სპექტაკლზე ვიყავი, სადაც ვნახე კოცნები, ლიფიანი ძუძუები, ნიფხვიანი და უნიფხვო ჭუჭუები და. და რა, ა, ჰო, აკაპელა შესრულებული FEELINGS

გუდიას სკვერი

- რას ამბობს შენი მოხუცი? სანამ არ ჩამოექცევა თავზე ყველაფერი, არ გამოდის იქედან?

- არა, ჯიუტად ფეხს არ იცვლის ერთი ადგილიდან, ჩვენ აღარ ვეხმარებით, იქნებ შიმშილით მაინც ამოხდეს სული . . .

- რამ გაგაბოროტა? არც დედაშენი ეხმარება?

- არა

- რას ელოდებით?

- ფულს, ბევრ ფულს

- როდის?

- რაც მალე ჩაძაღლდება ეგ მოხუცი

 * * *

 - რაო გუდია, აიღე პენსია? – გაეხმაურა ნოშრევანი მეზობელი აივნიდან.

- არა, ხვალ იქნებაო

- ჩამოდი სკვერში, ნარდი გავაგოროთ

- შეუძლოდ ვგრძნობ თავს, რაღაც მუხლები მიკანკალებს, იყოს სხვა დროს . . .

ცოტა ხნის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა.

- აი გუდია, შენ არ ჩამოხვედი, ჩვენ გესტუმრეთ – გუდიას ოთახში შემოაბოტეს მეგობრებმა.

- თქვენ ნარდი გააწყეთ, მე ჩაის მოგიმზადებთ, ცოტა მურაბაც უნდა მქონდეს – გაფრაკუნდა გუდია სამზარეულოში.

- სად არიან შვილები, შვილიშვილები გუდია, არ გეხმაურებიან?

- არა, არავინ მოსულა, არ მელაპარაკებიან

- რატომ?

- ინვესტორებს უარი ვუთხარი

- ჰო, მაშინ რა გასაკვირია, რომ არ გელაპარაკებიან . . . და რას ელოდებიან

- ან ჩემს სიკვდილს ან დიდ ნგრევას

  * * *

- აჰა, ბიჭებო მოვედი, დღეს ცოტა უკეთ ვარ, პენსია ავიღე – სკვერში ესტუმრა გუდია მეგობრებს.

- აბა ვითამაშოთ ნარდი?

- აბა რა, აბა რა

- გაიგე ბიჭო, ჩვენ პრეზიდენტს რა უთქვამს?

- რაო?

- რაო და კბილები უნდა გაგიმაგროთ მოხუცებსო

- აჰაჰაჰა – ჩაიქირქილა გუდიამ, – რად უნდა ლიმონიან ჩაის მაგარი კბილები?

- არა, შენ ვერ მიხვდი

– აბა რა ოხრად მინდა 80 წლის კაცს მაგარი კბილები, ფეხზე ბატკანმობმული დავჩოჩიალობ . . .

- პირი რომ კარგად მოვმუწოთ და ენას კბილი დავაჭიროთ ხოლმე საჭირო დროს, – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ნოშრევანმა.

–––––––––––––––––

15 იანვარს , გუდიას, კიდევ ერთხელ და ვგონებ არა უკანასკნელად ვესტუმრებით, იქნებ მივაწვდინოთ ხმა ვისაც ჯერ არს და მოხედონ სკვერს რაც შეიძლება მალე (!!!!!!!!)

პ.ს. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო გაუხარდება ჩვენს მოხუცს, თან პენსია ახალი აღებული აქვს და დაგვპირდა ცხელი გლინტვეინით გაგიმასპინძლდებითო ;)

 

გარიგებით გათხოვილი

წუხელ საშინელი სიზმარი მქონდა, გარიგებით გამათხოვეს.

ჩემი უყურადღებობის და სხვების ეგოიზმის წყალობით, დესპოტი და ტირანი ადამიანის ხელში აღმოვჩნდი.

ერთ დილასაც ჩვეულებრივ გადავწყვიტე სამსახურში წასვლა.

- სად მიდიხარ? – მეკითხება ტირანი.

- სამსახურში.

- არ წახვალ!

- კი, მაგრამ რატომ – გავბედე კითხვის შებრუნება.

- წვერი მაქვს გასაპარსი, აბაზანა მომიმზადე, შემდეგ საუზმე

- კარგი, მაშინ ამის შემდეგ წავალ.

- არა, შუადღისას სახლში შემოვივლი, სადილი დამახვედრე, საღამოს კი შეხვედრაზე მივდივარ და ტანსაცმელი გამიმზადე.

- მე, სამსახურში მივდივარ, უამრავი საქმე მაქვს, ხალხი მელოდება.

- ხალხი არ ვიცი მე! ის ხალხი ჩემზე მნიშვნელოვანია? შენ ქმარი გყავს!

კარგი, ნუ ჯანდაბას ეს ერთი დღე, ვიფიქრე, დავრეკე სამსახურში და გავაფრთხილე, რომ ვერ მოვდიოდი. საუზმე გავაწყე და მაგიდასთან ვუხმე.

- სად არის ბუტერბროდი ან ამ ჩაის შაქარი რატომ არ აქვს?

- ვიფიქრე, რომ შენი გემოვნებით გააკეთებდი – შევხედე გაკვირვებულმა.

- გემოვნებას ერთხელ კითხულობ და იმახსოვრებ მთელი ცხოვრება!!! – მპასუხობს გაცეცხლებული.

არც უჭამია ისე გავარდა ჰოლში და ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო.

- მოდიიი აქ – მესმის საშინელი ყვირილი ჰოლიდან.

- რა მოხდა, რა იყო? – მივვარდი შეშინებული

- ვერ ვიხრები, დაიხარე და თასმები შემიკარი!

რა უნდა მექნა, თასმები შევუკარი, პალტო ჩავაცვი და როგორც იქნა წავიდა სამსახურში.

მაგრამ უეცრად ისევ შემობრუნდა.  რაღაც რვეულები ეჭირა ხელში.

- ეს არის შავად ნაწერი და გადაათეთრე.

- კი, მაგრამ ხელით ვინ წერს ახლა – ვიკითხე გაკვირვებულმა

- გადაათეთრე! – მომიყარა რვეულები და კარი გაიჯახუნა.

ახლა ცოტა დრო მქონდა იმისთვის, რომ შუადღისთვის სადილი გამეკეთებინა, შემდეგ ხელნაწერი გადამეთეთრებინა, შემდეგ საღამოსთვის ტანსაცმელი გამემზადებინა, ამ გადარბენაში სადღაც სარკეში ჩემ სილუეტს მოვკარი თვალი, თმები ისევ გაჩეჩილი მქონდა და ისევ პიჟამოთი დავრბოდი.

ტელეფონმა დარეკა.

- გისმენ

- ჩემ ოთახში, კარადის მარჯვენა უჯრაში დევს საჩუქარი.

(გამიხარდა, ვიფიქრე რომ სურპრიზს მიმზადებს)

- ხო, მერე

- აიღე და ჩემი უფროსის შვილს დღეს სკოლაში ზეიმი აქვს და იქ მიუტანე, სკოლაში, გზად ყვავილებიც იყიდე არ დაგავიწყდეს, მასწავლებლისთვის.

- კარგი

სხვა რა გზა მქონდა, ჩემ მშობლებს მისი ვალი ჰქონდათ, საკმაოდ დიდი თანხა, ფაქტობრივად სამუდამოდ ხელი მქონდა მოწერილი მასთან, ავდექი, ნაუცბათევად შემოვიცვი რაღაც ტანსაცმელი და სახლიდან გავვარდი. მეჩქარებოდა. ამდენი საქმე მქონდა გასაკეთებელი.

გამოღვიძებულზე კოშმარის დეტალებს ვიხსენებდი, ნეტავ ვინ იყო, ვინ გამირიგა, რას მერჩოდნენ, თან სახელი და გვარიც ისეთი უცნაური ჰქონდა – ბანკი თიბისია, ჰმ . . .

——

პ.ს. ხო, ჩემამდე სხვა ცოლებიც ჰყავდა

I ცოლი

II ცოლი

III ცოლი

IV ცოლი და ა.შ.

ცხელი ჩაიდანი

ეძღვნება ყველა სიცოცხლეს

არეულ ოთახში მაღვიძარას გამყინავი ხმა გაისმა, ისევ წიგნზე დასძინებოდა, ისეთი დაფეთებული წამოხტა, იატაკზე დაგდებულ ლეპტოპს ფეხებით შესდგა, ჯერ სამზარეულოში შევარდა ჩაიდანი ჩართო, შემდეგ აბაზანისკენ გაემართა სწრაფად და თან ბავშვის ოთახის კარიც შეაღო.

- ლიზი, ადექი დედი, გვაგვიანდება მასწავლებელთან.

- აუ, ცოტაც რა დე – საწოლში გვერდი იცვალა ლიზიმ და უფრო ჩაითბუნა.

- ადექი, ხელ-პირი დაიბანე, – განაგრძო დედამ.

გასკდა ჩაიდანი კივილით, ვერავინ მოიცალა, ლიზი საწოლშია, დედა აქეთ-იქეთ დარბოდა, თან ბუტერბროდებს ამზადებდა, თან იცვამდა, თვითონაც სამსახურში აგვიანდებოდა.

- ლიზიი, – ეძახის ისევ, მაგრამ ახლა უკვე თავზე წამოადგა და საბანი გადახადა.

- აბა, ახლავე ადექი, მოწესრიგდი და ისაუზმე.

- არ მშია დე, – თვალებს იფშვნეტს და აბაზანისკენ მიბარბაცებს ბუზღუნით.

-  უნდა ჭამო, ჩაი და ბუტერბროდები გაგიმზადე უკვე.

ხელის ერთი-ორი მოსმით ლოგინი მიალაგა, ტანსაცმელები კარადაში შეყარა და სამზარეულოში გავიდა, თავისთვის ყავა დაისხა, ლიზის კი ჩაი.

ამასობაში ლიზიც შემოფრატუნდა, ისევ საღამურში, სკამზე აჩოჩდა და ბუტერბროდი ზლაზვნით ჩაკბიჩა.

- ლიზი სწრაფად, დრო ნუ გაგყავს.

- დე, ჩაიდანი ისევ უსტვენს, – თქვა და ჩაი მოხრუპა ლიზიმ.

- უი, ხო დამავიწყდა გამორთვა.

- დე, ჩაიდანს რატომ ჰქვია ჩაიდანი? – თქვა და ბუტერბროდს ძეხვი გამოაცალა, ზიზღით.

- არ ვიცი დე, ასე ერქვა ყოველთვის, ჩაისთვის გამოიყენება და ამიტომაც დაარქვეს ალბათ.

- ააა, – პასუხით უკმაყოფილო ლიზი შეიშმუშნა და საძინებელში დაბრუნდა ჩასაცმელად.

როგორც იქნა მოწესრიგდა დედა-შვილი, ჩაირბინეს კიბეზე და გაჩერებისკენ გაემართნენ.

გარეთ ციოდა, დეკემბრის სუსხმა ლიზის ცრემლები წამოაყრევინა და ცხვირი ოდნავ შეუწითლა, ოდნავ ნიავზეც და სიცივეზე სულ ასე ემართებოდა.

ტრანსპორტი ჯერ არ ჩანდა, ლიზი ფეხებს აბაკუნებდა სიცივისგან, აი ძლივს, რაღაც მოჩანჩალდა, ავიდნენ, ფეხზე დასადგომი ადგილი ძლივს მონახეს, მაგრამ ვინ ჩიოდა, ისეთი გაყინულები იყვნენ.

ცოტა დააგვიანდათ, ინგლისურის გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო, ლიზი ოთახში უხმოდ შევიდა და არც გაუხდია ისე მიუჯდა მაგიდას, ჯერ ისევ ძალიან კანკალებდა.

დედაც სამსახურში მივიდა, დააგვიანდა, პალტო და ქუდი ნაჩქარევად მიყარა მისაღებში და კაბინეტში აქოშინებული შევარდა.

ექთანი უკვე ადგილზე იყო, ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, გარეთ ოთხი ქალბატონი ელოდებოდა, წინასაახალწლო დღეები იყო და არც ამ ოთხ ადამიანს ელოდნენ, წინასწარ ჩაწერილები რომ არ ყოფილიყვნენ, არც მოვიდოდა დღეს სამსახურში.

- ქეთი, ვინ გვყავს დღეს ჩაწერილი, რა აწუხებთ? – ექთანს ჰკითხა ლიკამ და ხელების დასაბანად შევიდა.

- ორი აბორტზე და ორი გეგმიურ გასინჯვაზე გვყავს,  – უპასუხა ქეთიმ და თაროდან ანბანურად ჩამწკრივებული ისტორიებიდან, ორი სასურველი გადმოიღო.

- ოჰ, ესე იგი მძიმე დღე გვაქვს დღეს, ორი აბორტი, ამ წინასაახალწლოდ, – შეწუხებულმა ლიკამ ხალათი მოისხა და ნერვიულად შეიკრა თეთრი, ფითქინა ხალათის ღილები.

ლიზი გინეკოლოგი იყო ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დიდი ხანი არ იყო რაც ოფიციალურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა, მაგრამ უკვე კარგად აეღო ალღო, ბევრი მომადლიერებული პაციენტი ჰყავდა, რომლებიც რეგულარულად დადიოდნენ მასთან კონსულტაციებზე, უყვარდა პროფესია მიუხედავად მისი მძიმე მხარეებისა. მეუღლეს დიდი ხნის გაშორებული იყო, ლიზი 2 თვისაც არ იყო, როდესაც მამამ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა სასწავლებლად და მას მერე აღარ უნახავს და არც არაფერი გაუგია მისგან, საერთო ნაცნობებისგან კი იცის, რომ ლონდონში სწავლობს, მუშაობს და მეგობარი გოგოც ჰყავს. დღეს ლიზი უკვე მესამე კლასშია, მამა არასოდეს უნახავს, იცის რომ სხვა ქვეყანაშია წასული, მეტი არაფერი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ლიკა აბორტს იღებდა, ლიზი ახსენდებოდა და ფიქრობდა რა იქნებოდა ცხოვრება მის გარეშე, სახლში ხომ მხოლოდ ის და ლიზი იყვნენ, ლიზი იყო მისი ერთადერთი სიხარული და სითბო, მისი ცხოვრების სამკაული. ახლაც ამ ახალი წლის წინა დღეებში, ორი აბორტი უნდა მიეღო და ფიქრობდა ორ ლიზიზე, ვაკუუმში შესრუტულ თითოეული ცოცხალი ნაწილაკის წარმოდგენაზე გული ჩხვლეტდა, ხელებს და თითებს გამწარებული იბანდა, რას ერჩოდა თითებს, კინაღამ გადაიფცქვნა, აწითლებული ხელებით გამოვიდა აბაზანიდან.

- როგორ არის ლიზი, – ქეთის ხმამ გამოაფხიზლა მწველი ფიქრებიდან.

- არა უშავს, სკოლაში არდადეგები დაეწყო, დღეს კერძო მასწავლებელთან არის, მეცადინეობს, ძალიან მიეჩვია ახალ მასწავლებელს.

- მე მზად მაქვს ყველაფერი, – თქვა ქეთიმ და პაციენტისთვის ხალათი და ახალი ბახილები გამოიტანა.

- სთხოვე შემოვიდეს.

პაციენტი შემოვიდა ოთახში, ლიკამ სკამზე მიუთითა, თვითონაც ჩამოჯდა და ანამნეზის შესაკრებად მოემზადა.

- ასაკი?

- 23 წლის

- პირველი აბორტია?

- დიახ, – ოდნავ გაკვირვებით შეხედა გოგონამ ლიკას.

- რამეზე ალერგიული ხომ არ ხართ, ვთქვათ საკვებზე, პრეპარატზე . . .

- არა, ასეთი არაფერი მახსოვს.

- შვილი გყავთ?

- არა

- როგორც ექოსკოპმა გადმომცა, ნაყოფი ნორმალურ მდგომარეობაშია, თქვენც არ უჩივით ჯანმრთელობას, გადაწყვეტილება საბოლოოა?

- დიახ, მამას არ უნდა ბავშვი, მე მარტო ვერ გავზრდი, მშობლები ვერ გამიგებენ – თავს იმართლებდა და ნერვიულად ჭმუჭნიდა ხელჩანთას გოგო.

ნაცნობი სიტყვები იყო, ნაცნობი მდგომარეობა, თითქოს შეჩვეულიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც უჭირდა.

- კარგით, – ამოიხვნეშა ლიკამ, ექთანი მოგამზადებთ და შეეცადეთ არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება.

როგორც იქნა დასრულდა ექიმისთვის და პაციენტისთვისაც მტანჯველი პროცესი, ისე დამძიმდნენ, თითქოს ბავშვთან ერთად ვაკუუმმა მათი გულებიც შეისრუტა.

გოგონა ცოტა ხნით იწვა სავარძელზე, პირი გაუშრა, შესცივდა, წამოდგომა სცადა, ექთანი დაეხმარა, ლოგინისკენ გაუძღვა, სახეზე ფერი არ ჰქონდა, ოდნავ ჩაიკეცა, მაგრამ ექიმმა ხელი შეაშველა და ერთად წამოაწვინეს საწოლზე, თითქმის გულწასული გოგონა.

ნელ-ნელა მოდიოდა აზრზე, სახეზე ფერი მოუვიდა, ოდნავ წამოდგა, წყალი მოსვა, ჯერ კარგად ვერ გაეგო რა მოხდა.

- როგორ ხარ? – შეეკითხა ლიკა და სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი მიაწოდა.

- ცოტა თავბრუ მეხვევა და რაღაც მჩხვლეტავს მუცელში, ცივად.

- გაივლის მალე, არ ინერვიულო.

გოგონამ ჩაიცვა და წასასვლელად გაემზადა.

- გელოდება ვინმე?

- კი, გარეთ მელოდება, მანქანით წამიყვანს.

- გასასვლელამდე გაგაცილებ, ჯერ ისევ სუსტად ხარ.

ლიზიმ წამლები გამოუწერა, დანიშნულება მისცა, შემდეგ პალტო მოისხა და გოგონას გაჰყვა.

უხმოდ ჩავიდნენ კიბეებზე, უხმოდ იყვნენ ლიფტშიც, უხმოდ გაიარეს გრძელი, თითქოს დაუსრულებელი დერეფანი.

აი უკვე გარეთ გავიდნენ, დეკემბრის სუსხი შემოეფეთა ორივეს, გარეთ თურმე თოვდა, მსხვილი ფანტელები ცვიოდა.

- კარგად იყავით, – აწყლიანებული თვალებით დაემშვიდობა გოგონა ექიმს.

- კარგად, თავს გაუფრთხილდით, – ხელი გაუწოდა ლიკამ, თითქოს მისი გამხნევება უნდოდა.

- მადლობა.

ცოტა ხანი იდგა ლიკა და გაჰყურებდა, როგორ მიუყვებოდა საავადმყოფოს ეზოს გოგონა, თავჩაღუნული, ნელი ნაბიჯებით. დაინახა როგორ გააღო მანქანის კარი და ჩაჯდა, სადღაც სავარაუდო მამის სილუეტმა გაიელვა.

ლიკა ისევ შებრუნდა საავადმყოფოში, კიდევ სამი პაციენტი ელოდა იქ, კიდევ ერთხელ უნდა შეესრუტა მისი გული ვაკუუმს. ამის გაფიქრებაზე, ისევ ცუდად გახდა, შეჩერდა და იქვე ცოტა ხნით ფანჯრის ცივ შუშას მიადო შუბლი. ესიამოვნა.

* * *

დაძაბული დღის შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდოდა ლიზის ნახვა და სახლში მისვლა, ნაძვის ხე უნდა მოერთოთ, რაღაცეები მოემზადებინათ ახალი წლისთვის.

ლიზის გაუარა მასწავლებელთან, სახლამდე მაღაზიაში შეიარეს.

- დე, ახალ სათამაშოებს ხომ ვიყიდით ნაძვის ხისთვის?

- კი, დე აბა რა, კიდევ ბევრ შოკოლადებს ვიყიდით – მუხლზე ჩაიჩოქა ლიკა, გაყინულ ცხვირზე აკოცა – გოზინაყსაც გაგიკეთებ, დე.

სახლშიც მივიდნენ, გათოშილები, ლიკა გათბობას ეცა, ჩართო, რომ გაყინული სახლი გონზე მოეყვანა.

საჭმელი არც უჭამიათ ისე, ნაძვის ხე გამოათრიეს საწოლის ქვემოდან და აწყობა დაიწყეს.

- დე, რა ხდებოდა დღეს მასწავლებელთან, აბა მომიყევი, – შეეკითხა ლიზის და თავზე ბრჭყვიალა ქუდი წამოაცვა.

- ჩემთან ერთად მეცადინეობენ ბექა და თათია, თათიამ ახლა დაიწყო სიარული, მე და ბექა ვჯობნით.

- ძალიან კარგი, კიდევ დე

- დე, ჩემს კლასელ ბექას ორი მამა ჰყავს, – თქვა ლიზიმ და თეთრი წვიმები ნაძვის ხის ძირში განალაგა.

- არა, დე, ორი მამა როგორ ეყოლება, ყველას ერთი დედა და ერთი მამა ჰყავს.

- ორივეს მამას ეძახის . . .

- დედაც ეყოლება, – დაიჟინა ლიკამ.

- და არ შეიძლება მარტო ორი მამა ჰყავდეს?

- არა, ერთი აუცილებლად დედა უნდა იყოს, ასეა, ასე იყო ყოველთვის, – განაგრძო ჯიუტად, ახლა არ იყო ახსნის დრო.

- დილას, რომ მეუბნებოდი ჩაიდანზე, ისე, დე? – გაახსენდა ლიზის დილანდელი საუბარი.

- ხო შვილო, ისე, ჩაიდანივით.

წითელი კაბა

აცივდა, ნისლი ჩამოწვა და მძიმედ მოგორდა ჩემს ფანჯრებთან, ისე რომ ბრდღვიალა ლამპიონებსაც კი დაუკარგა ჩვეული სიცხოველე.

სახლის აივანზე გავედი, მინდოდა მძიმე, მაგრამ სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა, სხეულში სიცივემ და ფილტვებში ნისლმა დაიწყო ცირკულირება, სიცივე მსუსხავდა გარედანაც, შიგნიდანაც, გავიარ-გამოვიარე აივანზე, უფრო დავმძიმდი, უფრო სულით ვიდრე სხეულით, სადღაც ახლოს უსახელო და უპატრონო, მოსიარულე შავი კატა დავლანდე, გზა სწრაფად გადაირბინა, შეიძლება ჯანღს და სიცივეს გაურბოდა, მე ძლივს ვხედავდი, ის კი კიდევ უფრო სიბნელეში ჩაიკარგა.

ნისლში ფიქრები უფრო შავდება, უფრო მეტი კითხვა ჩნდება და რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო იკარგები ლაბირინთებში, ელოდები გათენებას, დილის მზის სხივებს, რომ ჩაჭრას და გაფანტოს დავანებული ნისლი, მაგრამ მანამდე ხომ გინდა გაძლება; თუ ჩამოჯდები და გაჩერდები, გაიყინები, თუ იმოძრავებ, გზას ვერ გაიგნებ, იკარგები ან ერთ ადგილას ტრიალებ დაბმული ცხენივით.

მე რა, მე დიდი სიამოვნებით დაკარგვას ავირჩევდი, აი ასე თავს დავადებდი და ნისლს შევერეოდი, დავიკარგებოდი, მზის და ლამპიონის შუქებს მოვცილდებოდი, ბევრი ფიქრის დრო მექნებოდა, ხანდახან ვფიქრობ ჩემი ფიქრები ფურცლებზე, რომ გადმოდიოდეს დედამიწა სულ თეთრ ფურცლებში იქნებოდა ჩახვეული, ფეხს ვერავინ აუქცევდა მათ, იძულებული იქნებოდნენ წაეკითხათ და გაეგოთ ან არ გაეგოთ ან ვერ გაეგოთ.

თოვლი მომინდა, თოვლიანი მთები, მთებში ხის სახლი, დილის ჯანღი და ბევრი წერა მომინდა, ბევრი მაქვს საწერი, ვერც კი მოვასწრებ იმდენი რამე მაქვს სათქმელი . . .

ეს ყველაფერიც უბრალოდ ფიქრი იყო, ცოტა ხნის შემდეგ ოთახში შემოვედი, ბოროტმა სითბომ წალეკა კეთილი სიცივე, ისევ დავუბრუნდი ვირტუალურ რეალობას, ისევ, ისევ . . .

რძისფერი ნისლი, შავი კატა, მძიმე ფიქრები ერთმანეთს ერეოდნენ ჩემს თვალწინ  და სადღაც, ვიღაც გარკვევით ხედავდა წითელ კაბას . .. . ისევ ნისლში . . .

მზე და სექსი

როცა თავი ისე გტკივა, რომ გინდა შუბლი გადაგიხსნან, სისხლი წამოვიდეს და ცოტა ხანი ასე ეგდო გაურკვეველ მდგომარეობაში, სისხლში და მჩხვლეტავ ფიქრებში მოცურავე.

როცა თავი ისე გტკივა, რომ გინდა შუა უდაბნოში ეგდო და მზესთან სექსი გქონდეს, მხოლოდ შენ და მზე. ის სხივებით მოგეფერება და დასწვავს შენს მჩხვლეტავ ფიქრებს, ჩასწვდება შენს ფიქრებს, ჩაგხედავს თვალებში და შენ ისე შეგრცხვება შენი ფიქრების, რომ თვალს ვერ გაუსწორებ. ვეღარ იგებ რა გწვავს შენი ფიქრებით გამოწვეული სირცხვილი თუ მზე თავისი მოფერებით. მზეს უყვარხარ, გეფერება.  მის კალთაში თავს სდებ და კმაყოფილი ხარ. ხანდახან ახედავ, ის გკოცნის, მაგრამ შენ თვალს მაინც ვერ უსწორებ.

ერთად სეირნობთ უდაბნოში, თავი ისევ გტკივა, სული გელევა, ხანდახან სუნთქვაც გიჭირს, ღონემიხდილი ძირს ეცემი და კვლავ მისი სხივები გიჭერენ, არ გაძლევენ ვარდნის საშუალებას. ის ყოველთვის შენთან არის, სექსამდეც და სექსის შემდეგაც, გეფერება, გამშვიდებს; ძალას გაძლევს და შენ გზას აგრძელებ;

ისევ უდაბნო, ისევ მიდიხარ, თავი ისევ გტკივა, უსასრულოა ტკივილიც და უდაბნოც, გეჩვენება რომ ერთ წრეზე დარბიხარ, ისე როგორც ზაზუნა სათამაშო რგოლზე.

არავინ და არაფერი იცვლება შენს გარშემო, არც შენ, არც ის . . .

ცხელა, გწყურია, ოღონდ რამე წყალი იყოს, მდინარე, ტბა, ზღვა, ოკეანე არ აქვს მნიშვნელობა, დალევდი ბევრს, ჩაწვებოდი და ცხელ მკერდს გაიგრილებდი . . .

მივრბივარ წყლისკენ, უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, მზე უფრო მწვავს თავისი სხივებით, არ უნდა ჩემი გაშვება წყალთან . . . ეჭვიანობს მგონი

რაც უფრო მივდივარ, წყალი მით უფრო მშორდება . . . თავს ვიტყუებ, არ მინდა ვაღიარო, რომ მირაჟს მივდევ, მაინც ჯიუტად მივდივარ, მზეც უმატებს მცხუნვარებას, იქნებ გამაჩეროს, ტუნიკა ოდნავ შემოვიხიე, მაგრამ გაგრილების ნაცვლად უფრო მეტად შემოვუშვი ის ჩემში.

ისევ ვეცემი, ისევ მიჭერს, ისევ მპატიობს და მეფერება

მე ისევ თავი მტკივა და მწყურია

მესიზმრება, რომ მწვანე მინდორზე მივდივარ, მდინარის პირას, შემდეგ ფეხი მიცურდება და მდინარეში ვვარდები, ეს ენითაუწერელი სიამოვნებაა, მზე აღარც კი მახსენდება, მდინარის ცივი წყალი დომინირებს მთელ ჩემ სხეულზე და ცდილობს გააქროს მზის ნაკვალევი . . სხეულზეც და სულშიც

თუმცა სიზმარი მალე ქრება, ვიღვიძებ, ისევ უდაბნოში, ისევ მის კალთაში, თვალს ნელა ვახელ, მაგრამ მაინც ვერ ვუსწორებ, ვხუჭავ, ის კი ისევ მეფერება და ნახევრად შეხსნილ ტუნიკას ნელ-ნელა მხდის.

ძილისგუდა

მოვიდა

მერე წავიდა

ისევ მოვიდა

ერთად წავედით

ერთად მოვედით

ფიქრობდა

მეც ვფიქრობდი

თან ეძინა და თან ფიქრობდა

მე ფხიზლად ვიყავი

როდის გაიღვიძებს

ან გაიღვიძებს საერთოდ

იტყვის რასაც ფიქრობს?

თუ ? თუ რა? არავითარი თუ!

სძინავს რა ტიპს,

მოსიარულე სიზმარაა ოფიციალურად

ე, ხო არ მოკვდა ნეტავ

მერე ვაჯანჯღარებ,

იქნებ გამოიღვიძოს და თქვას რამე

რაღაც ძილ-ღვიძილში თითქოს შემომხედა,

ცალი თვალი გაახილა,

რა გინდაო?

რა უნდა მინდოდეს მე?

დადიხარ იქეთ აქეთ და გძინავს

კიდევ მე რა უნდა მინდოდეს,

გაგაღვიძე, რომ მეთქვა

ბევრი ფხიზელი დადის

ფხიზლები, რომლებიც ფიქრობენ

რომლებიც დადიან

თან ფიქრობენ და თან მეტყველებენ

შენ კი დადიხარ და გძინავს

წავედი მე, კარგად.

მერე მირეკავ

თურმე გაგიღვიძია

მაგრამ მე წასული ვარ უკვე

აბა მეც დამეძინა და ეგრე გვევლო? როდემდე?

მირეკავ ისევ და დაბრუნებას მთხოვ

არა და არა! ფხიზელ ადამიანებთან მირჩევნია!

მერე თვრები და მირეკავ

ისევ მირეკავ და ისევ თვრები

რას ფიქრობ? ჯერ სიზმარა და მერე მთვრალი

ასეთი უფრო მომხიბლავ?

და დავბრუნდები?

არა! კარგად იყავი.

ისევ და ისევ რეკავ, აღარ ვიღებ ყურმილს.

მომბეზრდა. ძალიან გვიან გაიღვიძე.

მე უკვე სხვაგან ვარ.

მერე ჩნდება სხვა ფხიზელი

თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

მათხოვარი

დღეს ნამეტანი შემისხლიტა ინტერნეტმა და ცოტა გავბრუვდი . .

გარეთ გასვლა და გასეირნება გადავწყვიტე . . .

ვისეირნე ცოტა . . .

მერე იყო ინდური კაბები . . .

მერე კოკა–კოლა

ვბრუნდები.

დაბრუნებისას მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლე (As usual)

აქ მათხოვრებს და მუსიკოსებს შეჩვეულნი ვართ . . .

მაგრამ ეს სხვა იყო

კარგად, სუფთად ჩაცმული, თითქოს ეს–ეს არის (ეს–ეს არის რა? არც არაფერი)

ახალგაზრდა ყმაწვილი, ასე 21-22 წლის

ხელში პლასტმასის ჭიქას უხერხულად ჭმუჭნის

და ყოველი გამვლელის დანახვაზე -

დამეხმარეთ თუ შეიძლება . . .

რა არის ეს? რაღაც ახალი ფენომენია?

ვერ ვიჯერებ, რომ ამ ბიჭისთვის რაღაც სამსახური ვერ მოინახა

თუნდაც შავი, ან წითელი, ან ყვითელი . . .

აა, მივხვდი დაახლოებით

შრომა ეზარებათ

დილით ადრე ადგომა

ღამე გვიან დაწოლა ან სულაც გათენება

თავის შეწუხება

იოლი ფული კარგია

უხერხულობა ყველაზე ადვილი

რა მოხდა ერთ-ორ უხერხულობას აიტანს კაცი

მეტრო რუსთაველთან –  ღია გასასვლელი

ჩვეულებრივი გამვლელი მეგონა

კარგად, სუფთად ჩაცმული

ახალგაზრდა მამაკაცი, ასე 26-29 წლის

ისიც, ხელში პლასტმასის ჭიქას უხერხულად ჭმუჭნიდა

„დამეხმარეთ“  - მესმის

თორემ არც მივაქცევდი ყურადღებას

ჩემი გაოგნება დიდი იყო

რადგან ეს ბიჭი დაახლოებით ასეთი იყო

ნუ დაახლოებით ვამბობ

ვერ დავეხმარე . . ..

აი ასეთი