თოვლი მოსულა

გებრძოდი ღამით

თვალები გამიშრე

სმენა დამიხშე

გული გამიჩერე

არც მოდიოდი

არც მიდიოდი

არც მიგყავდი

და არც მტოვებდი

რომ წაგეყვანე, ნეტავ რას ვტოვებდი?

დაგარწმუნე

მოსვლა გადაწყვიტე

ამოვიხავლე

შვებით

ქუთუთოც დამიბრუნდა

ნებით

შენც მოხვედი

შენით

თეთრად, ოკრობოკროდ

და ფეხით

თოვლი მოსულა

თეთრი

kvebi

სამარხვო “დედა ენა”

ამ სცენებს ორიოდე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ კაფეში შევესწარი. დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა და თუ დავწერდი როგორ დამეწერა, რა ფორმით.  დღეს კი უცებ გამახსენდა პაატა შამუგიას (პუბლიცისტიკა ლექსად) კონიუქტურული “დედაენა” უცხოელი ტურისტებისთვის და ფორმის ინსპირაციაც სწორედ ეს გახდა.  რასაკვირველია პაატას უფრო ნიჭიერად გამოსდის, მაგრამ მეც ჩემი ვეცადე :D

————-

აი ია

აი მარხვა
აი კაფე, ფასადური კაფე
აი გოგო-ბიჭები
აი შესვენება
სამარხვოა ეს შესვენება? კითხულობენ . . .
აი ადგილი
ეს ადგილი სამარხვოა? კითხულობენ . . .
სამარხვოა დაბრძანდით.
აი ფოუნი, სტივის ფოუნი
მამაოს ხელში
აი ხელგაშლილი
აი მზრუნველი
აი მკვებავი
აი მდიდარი
მ   რ   ე   ვ   ლ   ი
აი კრევეტების სალათი,
რა არის კრევეტი მრევლო?
თევზია მამაო, სამარხვო თევზი
წამოიღე
აი სენდვიჩი, სამარხვო სენდვიჩი
აი სამარხვო ნამცეცები
მამაოს წვერებზე
დედაო, ნამცხვრები აქ ვჭამოთ თუ იქ
იქ შვილო, იქ ვჭამოთ
აი კრუასანები, სამარხვო კრუასანები
აი ტაფა, სამარხვო ტაფა
აი ყავა, სამარხვო ყავა
დიეტური შაქრით
აი ჩაი, ეგეც სამარხვო
აი სიამოვნება მხოლოდ სამარხვო
აი მადა სამარხვო
აი მუცელი სამარხვო
აი გვრემა სამარხვო
აი მარხვა
აი ჩვენ!

———-

“ეცადე ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.
ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხიერებს, უსარგებლოა მისი მარხვა.”

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ობობა

რვაფეხა ობობა დამაჯდა გულზე

აბლაბუდები შემომახვია,

შემჭმუხნა და მატირა,

მგუდავდა და მკლავდა

რომ ჰკითხოთ უყვარვარ ობობას

მე ვერ ვკლავ

ცუდი ნიშანია

მხოლოდ ფეხებს თუ მოვაგლეჯ

ეგეც არ გამოდის

მერე ჩემს გულზე დარჩება

უფეხებო, მომაკვდავი

და მატირებს,

გამგუდავს,

მომკლავს

 

ამაზრზენი ტელეფონი

ისმის მესიჯის ხმა,

სხვისი ტელეფონია,

ისმის მესიჯის ხმა,

ჩემი ტელეფონია,

ველი გულით, ვხსნი

და ისევ ფასდაკლება,

არა სიყვარულზე,

არა მეგობრობაზე,

არა ერთგულებაზე,

არამედ გაზქურაზე, ნრომელიც მაქვს,

მზის სათვალეზე, რომელსაც არასოდეს ვიკეთებ . . .

ისევ მესიჯის ხმა,

ისევ ველი და ვხსნი,

1000 მესიჯს მტენიან 1 თეთრად,

და მინდა ახლა მე 1000 უპასუხო მესიჯი?

არა . . .

და ისევ და ისევ

მესიჯის ხმა, ოღონდ სხვისი ტელეფონის . .

ჩარჩენილი

როცა დაღლილი,
აშლილ და არეულ ძვლებს
ლოგინში ალაგებ,
როცა გონებას სასმელით დაბინდულს
ბალიშზე ასვენებ,
როცა გულს დაშლილს
ვერ აწყობ
და ისიც ფეთქავს ბევრ ნაწილად,
აქა იქ,
და მაშინ გესმის სიბნელეში
მხოლოდ ხმა, მხოლოდ ხმა
ჩაკარგული გულის ნაწილების
გინდა მოძებნო,
შეაკოწიწო ისევ,
ბრმა თახვივით ხან ერთ კედელს
ხან მეორეს ეხეთქები,
ვერც პოულობ,
გამოკეტილი ხარ გულთან ერთად,
უფრო სწორედ
შენს დაშლილ გულთან ერთად
და ეძებ . . .
Alone Again – original oil figurative painting by Connie Chadwell

Hats on people, Easter hats on!

Hats on people, Easter hats on!

Have you embroidered them already?

Have you collected flowers already?

For rushing through the streets and

tell the people that Spring has come

tell the people that bitch is drown into colours

into joyful, rich colours of life,

of our everyday life,

after winter’s dreadful sleep.

Hats on People, Easter hats on!

Have you marbled your eggs already?

Have you found your bunny already?

For partying through the whole night and

tell the people that Spring has come

tell the people that bitch is drown into colours

into joyful, rich colours of life,

of our everyday life,

after winter’s dreadful sleep.

Hats on People, Easter hats on!

Throw your mouthful of eggs

Leave it up!

Don’t lust for everyday trash and garbage

Lust for everyday life

Lust for joys, colours of Spring

As it has come! my friends!

After so much dreadful winter’s sleep.

Painting “Honey, You think  anyone will notice my new Easter Hat” – Elizabeth Blaylock

ერთხელ ვენახში

ყუჩების კვლებში
ვაზის ფოთლები მწვანედ დნებოდნენ
ჭიგოს წამოვდე ფეხი
კვალში ჩავყუჩდი

ვაზი იძრა და
მტევნის კერტი ტუჩზე დამეცა
გემო მეამა

 

ადგომა ვცადე
ჩხას ხელი ვავლე
მტევნების სიტკბომ თავბრუ მახვია

მწვანე ფოთლები შემომეთელნენ
მტევნის კერტები შემომტკბნენ
ყუჩები კვალს მიხსნიდნენ მაღალ ბალახებში

მზე შეიმალა
წვიმა წამოვიდა
სიტკბო გარეცხა
ამოვისუნთქე

სკა

სკაში მოზუზუნე

ფუტკარი ვარ

სკა ხიდან ჩამოვარდნილა

მიწას ამოუქოლია

ვეღარ ვსუნთქავ

ვეღარ გავდივარ

ყვავილებიც აღარ მეტრფიან . . .

შორიდან მესმის

ნაბიჯების ხმა,

მიახლოვდება,

სიმძიმე მკლავს, ხმაც წყდება

ვეღარ ვინძრევი

და ვხუჭავ თვალს

მძიმედ . . .

ფეხებიანი მუზა

ჩემმა მუზებმა დამაწინაურეს,
ახლა თავად ვარ მუზა,
განა ერთის ან ორის?
სამი პოეტის მუზა.

სტროფიდან სტროფზე ფეხშიშველი,
თმებგაწეწილი  დავდევ მაქციებს,
როგორც ყვავილებს ისე ვკრავ ფიქრებს,
არ ვერიდები პროკლამაციებს.

ძნელია მუზობა, თან სამი პოეტის
სამი ერთგულება,
სამი სიყვარული
სამი მონატრება,
სად მაქვს ამდენი?

ხტუნვით დავიღალე,
სტროფები ფეხს მტკენს
მაქციებს ვეღარ ვიჭერ,
გულიც აღარ ითმენს . . .
და მეც ერთთან ვრჩები,
მე ერთ პოეტს ვირჩევ.

7 მარტი, 2011

გამდნარი შუშა

სახლის ზღურბლს გათოშილმა გადმოაბიჯე,

სიცივეს შენი კდემა დაემსხვრია

და სადღაც ქუჩაში მიეყარა სხვა ნაგავთან ერთად.

 

თვალები შუშის, ხელები ცვილის

ვერ მხედავდი, ვერც მგრძნობდი

შუშამ ცეცხლი აირეკლა და დამტოვე . . .

 

ისე მივარდი მას, როგორც

კურტიზანი ქალი მორიგ მუშტარს

მე კი გაპატიე, უკვე მერამდენედ . . .

 

სიცივისგან მოწეწკვილ ფეხებს გითბობდი ისევ,

ვითვლიდი შენ თითებს, ვეფერებოდი

შენ კი ურცხვად ისევ მას შესციცინებდი . .

 

და როგორც იქნა შუშაც გადნა და გაცეცხლისფერდა

მეც მოვრჩი შენი ფეხის თითების თვლას

და შენ თვალში ისე მოვჩანდი

როგორც ჭინჭართან ერთად მოხარშული ბებიაჩემის სათვალიდან.

5 მარტი 2011წ.

 

ვარსკვლავიანი ლექსი

შუბლზე დაგადე ხელი,

ისე გიხურდა, კვერცხი შეიწვებოდა

სიმშრალისგან დახეთქილ ტუჩებს ენით ილოკავდი

თვალებით წყალს მთხოვდი,

შენი ხმა ხომ სიცხეს ჩაეხშო,

სიმხურვალის გამო

შიგადაშიგ ბოდავდი

მხოლოდ თეთრი ხელებით

და ფეხებით, რომლებზეც ძმრიანი ნასკები გეცვა.

წყლით დაგისველე ტუჩები,

შენ კი ტუჩი მოიჭამე ისე გწყუროდა,

კიდევ დაგისველე

წყალი და სისხლი ერთმანეთს შეერია,

გემჟავა შენივე სისხლი, დაიჭყანე

ისე შემომხედე, თითქოს ძმარი შემოგაპარე

მაგრამ არა, მალე დარწმუნდი

რომ შენივე სისხლი ამჟავებულიყო

ცოტა ფერზეც კი მოხვედი

სუნთქვა გაგიხშირდა და უფრო მომაშტერდი

შენმა სიმხურვალემ ძმრიანი ნასკებიც შეიშრო

და სისხლიანი ტუჩებიც

მიმხმარ სისხლს მჟავე გემოც გაუქრა და

მალევე მოიკითხე მეგობრები

რომლებიც შენი სისხლის ამჟავებისას

უმალ სადღაც გაქრნენ . . .

მე კი ისევ ისე მივჯექი კუთხეში და

კარადის ფორმა მივიღე . . . .

მშიერი მიმიკები

დიდი სცენა, გრეხილი მიმიკები

დიდი სპექტაკლი, სცენაზე მსახიობები თავს არ ზოგავენ

დუმ დუმ დუმ დუმ დუმ

 

ქვემოთ, პარტერში ელიტა ფურშეტს ნთქავს

კულისებში კი პროდუსერი ჯერ ისევ დამწყებს ტყნავს

დუმ დუმ დუმ დუმ დუმ

 

სცენაზე პროფესორები, პარტერში პუბლიკა

კბილებში კანაპე, ცრუ აპლოდისმენტები

დუმ დუმ დუმ დუმ დუმ

 

მსახიობები თავს არ ზოგავენ, ო როგორ შიათ

თვალს აპარებენ, სახეს მანჭავენ, ხელებს გრეხენ

დუმ დუმ დუმ დუმ დუმ

 

პუბლიკა კანაპეს პირში ვერ იკავებს

კულისებში კი დამწყები  . . . .

ოჰ, ეს დამწყები . . . .

დუმ დუმ დუმ დუმ დუმ

 

ფინალი დგება, მსახიობი იხრება

ცრუ ტაშს ცხიმიანი ხელები გუდავს,

მაყურებელი დგება, პროდიუსერს უვარდება

ოჰ, ისევ ეს დამწყები . . . .

დუმ დუმ დუმ დუმ დუმ

თოვლი

რაღაც მაწუხებდა, ვერ ვპოულობდი,

ჩემ საკუთარ სხეულში

დაკარგულ დარდს,

თვალებში კი ცრემლს,

მიწაზე თოვლს,

აი, ბარდნის!

მსხვილ ფანტელებად  სითეთრე ცვიოდა ციდან,

დარდმაც გზა იპოვა,

ცრემლიც მიჰყვა შეპარვით,

სამივე ბზინავდა ლამპიონების შუქზე,

დარდი, ცრემლი და თოვლი

მე?

მე თვალს ვატყუებდი, თოვლის საფარქვეშ

მშვიდად,

და წამწამებზე ისევ მათოვდა რიდით,

თეთრად და დიდხანს,

ხანდახან ვწევდი თოვლის საფარს,

რომ დამენახა, ცხადში ვიყავი თუ სიზმრად,

ბოლოს კი მართლა ჩამეძინა

და დილას დამხვდა თოვლი მოსული წვიმად . . .

 

დაბრუნება

საწოლიდან სივიწროვის გამო წასული

ვნება და სიყვარული კუთხეში მიიკუჭნენ,

წყვილი კი ნელ-ნელა უფრო ხმებოდა,

დილამდე დრო ისე გაიწელა, როგორც საცვალის რეზინა.

გათენდა . . .

ადგნენ . . .

მორჩილი ფლოსტებით ქაოსურად იფრატუნეს,

ჩაის, ისევ რუტინულად, რაკუნით ურიეს,

სინქრონშიც ვეღარ ხვრეპენ . . .

თვალს არიდებენ ერთმანეთს,

და ისევ ხვრეპენ . . .

დრო იხელთეს და ცარიელ საწოლში,

ვნება და სიყვარული დაბრუნდნენ,

წყვილი სახლს ტოვებს

არასინქრონულად,

მთელი სახლი კი ვნებას და სიყვარულს რჩება,

ითბუნებენ და ერთმანეთს ეხუტებიან.

სად ვარ

სადაც შეყვარებულთან ვერ ისეირნებ

იმიტომ, რომ კონწიალა ნათურები კონწიალებენ

და ღამე დღესავით ბრდღვიალაა

 

სადაც ღიპიანი ბიძიები ელვისში აპურებენ ცოლშვილიკოებს

და საყვარელს ეუბნებიან ტელეფონზე

საყვარელო მე დღეს არ მცალია

ვჭამ

 

სადაც 50 ლარი პარკინგში გადაიხადე

და სტაიანშიკები ჟილეტგაბერილები დარბიან

ერთი ბოლოდან მეორეში

იქნებ ფული იშოვონ

შიათ

 

სადაც წყალში ვიხრჩობით და თან ფულს გვახდევინებენ

სადაც მედალს ორი მხარე აქვს

ერთ მხარეს მიტინგია

და მეორე მხარეს კონცერტი

ერთ მხარეს ფანტანებია

და მეორე მხარეს წყალი გრაფიკით

 

სადაც ღვედი მხოლოდ მარშუტკის მძღოლს უკეთია

და დანარჩენი 20 მგზავრი

ცარიელი ბოთლებივით ყანყარებს

და თან ხმებსაც არ გამოსცემენ

ვიბრაციაზე არიან გადასული

 

სადაც ახალი ძალა ტოტალიზატორში

ითანგება

სადაც ძლიერი ტვინი აბლაბუდებში

იხლართება

 

და სად ვარ მე? სად ვცხოვრობ?

თუ მაჯერებენ, რომ ვცხოვრობ?

ჰმ, თუმცა ხო ვიცი

მე ვარ ქალაქში რომელსაც თურმე ძალიან ვუყვარვარ

 

მეტს აღარ გავაგრძელებ

პოემები არ მიყვარს