სიცხეა, ჰაერი სულ უფრო და უფრო იკუმშება და სადღაც ქრება, სცენარის მიხედვით სუნთქვა უნდა გაგიჭირდეს, გრილ ადგილს ეძიებდე და თავზე ცივ წყალს ისხამდე, თუმცა ასე არ ხდება. გავდივარ გარეთ, მეც ვუერთდები ხალხის ნაკადს და ვტკბები სტამბოლით, სრულიად მარტო.
მარტო ბოდიალს არაფერი სჯობს, მითუმეტეს სტამბოლის მიხვეულ-მოხვეულ, მეტასტაზებივით გაბნეულ ვიწრო ქუჩებში და თუ ამ პაპანაქება სიამტკბილობაში ქუჩის მუსიკოსებიც შემოიჭრებიან, აღარასოდეს ფიქრობ უმისამართო სეირნობის სავარაუდო დასასრულზე.
ქუჩის მუსიკოსების სიმრავლით სტამბოლი არ გამოირჩევა, თუმცა აქა – იქ სასიამოვნოდ ამოხეთქავს ხოლმე საინტერესო და მრავალფეროვანი ჰანგები, ჩერდები, უსმენ და თან ისვენებ.
მშურს ხოლმე ქუჩის მუსიკოსების, მგონია რომ თითოეული მათგანი უფრო მეტად ახორციელებს თავის თავში თავისუფლების იდეას, ვიდრე ყოველდღიურ, გინდა-არ გინდა ყოფიერების ფერხულში ჩაბმული რომელიმე რიგითი მე. ეს არ არის მხოლოდ სამუშაო სამუშაოსთვის, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე გეჩვენება, ეს არის სიმღერა თავისუფლებისთვის, და ისეთი თავისუფალი ნოტებისთვის რომ გეშინია რომელიმე მათგანის უკიდეგანო თავისუფლებას ვერ გაუძლო და წაგაქციოს კიდეც.
მთავრდება მუსიკა და შემსრულებელი მთავაზობს კომპაქტ დისკს, ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვრჩები, მრგვალ, ვერცხლისფერ სფეროში მოთავსებული თავისუფლება მეხამუშა, მეუცხოვა და წამოვედი.
ცოტა ხანი, ხელებგამოშვერილი ნოტები კიდევ მომყვებოდნენ, თავისუფლება სურდათ, ნამდვილი თავისუფლება, ნელ-ნელა ყველაფერი მიილია ქუჩაც, მუსიკაც, ნოტიც და თავისუფლებაც.
ერთ დროს, ეს კედელიც, როგორც ბევრი სხვა კედელი ერთფეროვანი და სხვებისგან არაფრით გამორჩეული იყო. მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი და უფრო ღრმა ისტორიის მქონე კედელი არსებობს, თუმცა ისტორიის და მნიშვნელობის ნაკლებობას არც პრაღაში, ველკოპრევორსკე ნამესტიზე მდებარე კედელი უჩივის, რომელიც ლენონის კედლის სახელით არის ცნობილი.
თავდაპირველად კედელზე ჯონ ლენონის სახე გაჩნდა, შემდეგ ნაწყვეტები ბითლზის სიმღერებიდან. ამას ის ახალგაზრდები აკეთებდნენ პროტესტის ნიშნად, რომელთაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მსგავსი სიმღერების მოსმენას უკრძალავდნენ. თავისუფალი ახალგაზრდები და რეჟიმის დამცველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ერთნი ხატავდნენ, მეორენი კედელს ერთ ფერში ღებავდნენ. ახალგაზრდებს ალკოჰოლიკებს, შეშლილებს და დასავლური კაპიტალიზმის აგენტებს უწოდებდნენ. ამ ახალგაზრდულ მოძრაობას ირონიულად “ლენონიზმიც” კი შეარქვეს.
სიტუაცია გამძაფრდა ლენონის მკვლელობის შემდეგ, საყვარელი მომღერალი ახლა უკვე გმირად იქცა მათ თვალში, მიუხედავად იმისა რომ კედლის მოხატვის გამო ციხე ემუქრებოდათ, კედელი უფრო აქტიურად ივსებოდა ფერად-ფერადი გრაფიტით. ღამღამობით მიდიოდნენ და ისევ წერდნენ სტრიქონებს საყვარელი სიმღერებიდან და არც თავისი ოცნებები ავიწყდებოდათ, ოცნებები გრაფიტის მსგავს ფერად თავისუფლებაზე, რომელიც სადღაც სხვა, უხილავი კედლის მიღმა იმალებოდა.
რასაკვირველია, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები გამაღიზიანებელი იყო ბევრისთვის. ჩეხ ახალგაზრდებს არც ერიდებოდათ კედელზე მესიჯების დატოვება რეჟიმის დამცველებისთვის, რამაც მოგვიანებით, 1988 წელს კარლის ხიდის სიახლოვეს შეტაკება გამოიწვია პოლიციასა და ჩეხ ახალგაზრდებს შორის. Continue reading →
“ჩემი სიმღერები არ არის პოლიტიკური,
მე რეალობაზე ვმღერი” -მირიამ მაკება
როდესაც სცენაზე სულ სამიოდე წელია რაც ხარ (თუ მაგას ყოფნა ჰქვია), ტურნეების უმრავლესობა აკრძალულია, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი სინგლები და კიდევ უფრო ცოტა ალბომი გაქვს, მაგრამ მაინც ახერხებ და ახალ სუნთქვას სძენ სრულიად ახლად ფეხადგმულ მუსიკალურ მიმართულებას და გავლენას ახდენ თაობებზე, მაშინ გაქვს უფლება (ალბათ), რომ 21 წლის ასაკში ჰეროინს შემოაკვდე და ისიც თქვა რომ ისე იცხოვრე როგორც გინდოდა და ის აკეთე რაც გინდოდა.
დიახ, ეს იყო ყველაზე ანარქიულ და ავარდნილი ეპოქა, 70 წლების დასაწყისი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად გამოიხატა. მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც თავისებურად, სახასიათოდ.
კერძოდ კი, ჯგუფის SEX PISTOLS-ის ხანმოკლე ისტორია ჩემი ქალის , იგივე პანკ მოდის დედის (ან ბებიის) და მისი ბოიფრენდის ექსტრაორდინალურ ბუტიკში დაიწყო, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი “Let it Rock” “SEX”, “Too Fast To Live Too Young To Die”; დიზაინერის სამოსმაც სწორედ ამ ჯგუფის წყალობით გაითქვა სახელი; რასაკვირველია პანკი არ არის მხოლოდ ჩაცმულობა (როგორც ეს ეგონათ პარალელურად და შემდგომში არსებულ სისტემის მსახურ ბუტაფორიულ პანკროკ ბენდებს), პირველ რიგში სულიერი მდგომარეობაა, თავისუფლების და აღვირახსნილობის (ვის როგორ ესმის) მთელი ფილოსოფიაა, მაგრამ მაინც გვინდა თუ არ გვინდა, პირველ რიგში ეს ვიზუალში – ჩაცმულობაში, გარეგნობაში გამოიხატება – ტყავი, ჯაჭვი, ბაიკერის ფეხსაცმელები (მთელი ან დახეული), აკი დაიბარა კიდეც, რომ მოვკვდები ჩემი ტყავის ქურთუკით დამასაფლავეთო . . . Continue reading →
წინასაახაწლო ციებ-ცხელებამ, სუპერმარკეტების ირგვლივ მანქანების გაუთავებელმა რიგებმა, ურიკების საცობმა და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის ბატალიებმა, კიდევ ერთხელ გამახსენა მტკივნეული ნაწილი საახალწლო სუფრა, ან ზოგადად სუფრა, ჭამა-სმა. დაიკლა საკლავი მაგრამ რა დაიკლა, მგონი ზოგმა შინაური კატა, თაგვი და სიდედრიც კი მიაყოლა. ხორცის სექციასთან მიახლოება რისი ტოლფასია, რას შევადარო არ ვიცი, შეიძლება თავზე გადაგიარონ, არადა რომ დაფიქრდე გაგანია მარხვაა და ერის 80% მარხულობს.
ერთი სიტყვით ადამიანს აქვს საშუალება თუ არ აქვს, წელიწადში ერთხელ ყველა თავს ვიქაჩლებთ და საახალწლო სუფრის გაწყობას ვცდილობთ, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად.
და მაინც რაში მდგომარეობს სუფრის ტრადიცია, ბევრს ხომ ღრმად სწამს რომ სწორედ ტრადიციულ სუფრას შლის სახლში, შვიდ სართულიანს და ას ოთახიანს მიშენების პერსპექტივით.
აბა ვინ უფრო მაგარ სუფრას გაშლის, ვისი უფრო მრავალფეროვანი იქნება, არადა რეალურად ამ საახალწლო დღეებში ისე მობეზრებული აქვს ყველას საჭმელები, გინდ თავისი და გინდ სხვისი, რომ ხშირ შემთხვევაში უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით სტუმრობენ, ვიდრე კერძების დასაგემოვნებლად.
ბოლო რამდენიმე წელია, უშუალოდ ახალი წლის ღამეს ტკბილი სუფრით ვხვდებით, რასაკვირველია სხვა კერძებიც მზად არის, მაგრამ 31 დეკემბრის ღამეს კახური ღვინო-არაყით, ბაბოს გაკეთებული ჩურჩხელებით, ჩირებით, ხილით, ნამცხვრებით და რაც მთავარია გოზინაყით ვხვდებით. Continue reading →
ქართულ ტელესივრცეში ბევრი შოუა, უფრო ბევრი კი მუსიკალური შოუ, სტარი მოხარშული, სტარი შემწვარი, სტარი ქართულად, სტარი ნიორწყალში და ა.შ.
ამ ხნის განმავლობაში იყვნენ კარგი შემსრულებლები, იყო მეტ-ნაკლებად კარგი სანახაობა, მეტ-ნაკლებად სულისშემძვრელი, კარგი დუეტები, თუმცა ეს მაინც არ იყო ის, რაც ახლა ხდება ახალ მუსიკალურ შოუში, იმედზე “ახალი ხმა/The Voice of Georgia” .
პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ შოუში არის ის რომ ყოველგვარი ხვინტრიცის, გარეგნობაზე აპელირებით, ცნობილია თუ უცნობის მომენტის გამორიცხვით, ბრმა კასტინგის საშუალებით ირჩევა კონკურსის მომავალი მონაწილე.
პირველ ტურს მეტ-ნაკლებად ვადევნებდი თვალყურს და ვიცოდი, რომ მწვრთნელების გუნდები ნელ-ნელა ძალიან ძლიერი მონაწილეებით ივსებოდა, აი ისეთი მონაწილეებით, თითოეული რომ დაგენანება კონკურსიდან გასაშვებად და განსხვავებით სხვა აქამდე არსებული შოუებისგან შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ რომელი მათგანი დატოვებს კონკურსს.
აქ საკითხი არ დგას ისე თუ ვინ უფრო სუსტია, არამედ დგას ასე “ეს უფრო ძლიერია თუ ის?” “ეს უფრო მაგარია თუ ის?”
სწორად შერჩეული რეპერტუარი, ხასიათის, გემოვნების, ხმის შესაფერისი და დაბალანსებული მოწინააღმდეგეები რინგზე, შესაბამისად მივიღეთ ის რაც მივიღეთ – ძალიან მაგარი დუეტები და ძალიან მაგარი კონცერტი.
გუშინდელი დუეტებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი მეგის და მაგდას დუეტს, ჯენიფერ ჰოლიდეის სიმღერით “And I am telling you I’m not going” - ბროდვეის ცნობილი მიუზიკლიდან “Dreamgirls”. თქმაც არ სჭირდება იმას რომ სიმღერა ურთულესია და ძალიან მაგარი მონაცემების გარდა, ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება რომ ეს შეასრულო. მითუმეტეს ისეთი გამორჩეული მომღერლების შესრულების შემდეგ, როგორიცაა ჯენიფერ ჰოლიდეი (1982), უიტნი ჰიუსტონი (1994) და ჯენიფერ ჰადსონი (2006).
უიტნი ჰიუსტონი – American Music Awards (1994)
ჯენიფერ ჰოლიდეი (ბროდვეის მიუზიკლიდან) და ჯენიფერ ჰადსონი (ფილმი-მიუზიკლიდან)
ეს პირველი ჯეიმს ბონდია, რომლის სცენარის წაკითხვაც მომინდა და რომელსაც კიდევ ბევრჯერ ვნახავ, იმ სიამოვნების გამო რაც მივიღე და იმის გამო რაც გამომრჩა და რასაც შემდეგი ნახვისას აღმოვაჩენ.
და მაინც რა ხდება ახალში? უნდა გითხრათ მოკლედ და თან ისე რომ ფილმის ყურების მადა არ დაგიკარგოთ
ვემშვიდობებით ძველს, სადღაც გული გვწყდება, გვეტირება, ვეტირებით, მაგრამ იმასაც ვხვდებით რომ შეუცვლელი არავინ არის; ასაკი და გამოცდილება დიდი ძალაა, თუმცა როგორც ჯეიმს ბონდი ამბობს ფილმში “არც ახალგაზრდობაა წარმატების გარანტია”.
დღეს, აქ და ახალ ფილმში უკვე აღარ არის საინტერესო ბეჭედი, რომელიც დიდ შუშის შენობას ამსხვრევს, სათვალე რომელიც ვიღაცას კლავს, საათი ლაზერის ეფექტით, მანქანა რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმში. ტექნოლოგიური თვალსაზრისით წინ წამოწეული უფრო ჯეიმს ბონდის ის სერიები იყო, სადაც პირს ბროსნანი მონაწილეობდა. კარგად გვახსოვს მისი “Die Another Day” რა დიდი როლი აკისრია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ასტონ მარტინს, რომელიც ხან უხილავია, ხან ხილული, ხან დაცურავს, ხან ყინულს ებრძვის. შედარებით უკანა პლანზეა გატანილი სცენარის სისხარტე, სისადავე და ადამიანური ფაქტორი.
აქ კი პირიქით, ესოდენ მინიმალისტური ასტონ მარტინი, თითქმის სიმბოლური აქამდე არ მინახავს, ვოლტერმაც ერთხელ გაიელვა და სადღაც გადავარდა. დაისვა ახალი საფრთხეები – კიბერ საფრთხეები, თუ როგორ შეუძლია პიჟამოში გამოწყობილ ადამიანს, მუხლებზე ლეპტოპით ზიანი მოუტანოს ადამიანებს.
უფრო მეტი ადამიანი დავინახე ახალ ჯეიმს ბონდში, ვიდრე მანამდე, თითქმის ისეთივე პრინციპით გაადამიანურდა ბონდი, როგორც ნოლანის ბეტმენი. უფრო მეტიც, არა მარტო ბონდი, არამედ ყველა ამ ფილმში.
“ხომ არ მოძველდა ეს აგენტობანა, რაღა დროს აგენტები და საიდუმლო სამსახურია” – ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი.
ფილმში ბევრჯერ ამოდის ასაკობრივი მომენტები, ძველი თაობის და ახალი თაობის შეჭიდება, ძველის ნგრევა მთავარის გადასარჩენად და ცხოვრების სრულიად ახალი, სუფთა ფურცლის გადაშლა.
წარმოვიდგენდი რომ ისეთი ამაყი, ზვიადი და შეუვალი რამ როგორიც შოტლანდიის ლანდშაფტს შერწყმული შოტლანდიური ციხე-სიმაგრეა – ფილმში დაინგრეოდა? და ვინ ანგრევს? ამ ციხე-სიმაგრის გაჩენილი და გაზრდილი შვილი.
რა აღმოვაჩინე?
აღმოვაჩინე რომ შოტლანდიის ტბებში ურჩხულები არ ბუდობენ, რომ ესეც ერთი ტრადიციული მითია და იქ ჩვეულებრივი წყალია, უბრალოდ წყალი.
მითები იმსხვრევიან წრიულად და ავტომატის ჯერით.
ეს გვირაბი სად მიდის?
მიგვიყვანს ტაძრამდე?
კი, გვირაბი მიდის ტაძრამდე, საბოლოო წერტილამდე, ისე რომ უკან იმავე გზით ვეღარ ბრუნდები.
ციხის თემა ძალიან გავრცელებულია რუსულ ლიტერატურაში.
ამის სათავე შეიძლება რუსულინ ოქროს ხანის პოეტების – პუშკინის, ლერმონტოვის ნაწარმოებებში ვეძიოთ, რომლებიც ხშირად აკრიტიკებდნენ მეფის რუსეთს და ავტოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც მოსახლეობის ღარიბი ნაწილი
მოკლებული იყო საკუთარი უფლებების რეალიზებას. ხოლო ამ პოეტებს, ლიბერალური შემოქმედების გამო, ხშირად შორეულ გადასახლებაში აგზავნიდნენ.
ანტონ ჩეხოვი ესტუმრა კუნძულ სახალინს (ციხე–კუნძული 1917 წლამდე), მწერალმა სამი თვე დაჰყო კუნძულზე და დაწერა „Остров Сахалин“, სადაც მოგვითხრო, თუ როგორ საშინლად და დამამცირებელად ეპყრობოდნენ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
კიდევ ერთი მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც ეწვია სახალინს იყო – ვლას დოროშევიჩი; მან დოკუმენტალურად აღწერა მსჯავრდებულების ცხოვრება, მათ შორის ლეგენდარული მძარცველი ქალი – სონია ბლიუვშტეინი (Сонька Золотая Ручка).
მიუხედავად რუსეთში მონარქიის დამხობისა, ამით ადამიანების რეპრესიები არ დასრულებულა.
სტალინმა, ლენინის გარდაცვალების შემდეგ, რეპრესიების ახალი ერა დაიწყო, შექმნა რა ე.წ. გულაგები. მილიონობით უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ცნობილი მეცნიერები, ექიმები და ხელოვანები „საბჭოთა ხალხის მტრებად“ შერაცხეს და ამ ბანაკებში გააგზავნეს სხვა ჩვეულებრივ დამნაშავეებთან ერთად.
გულაგებში გამეფებული სისასტიკის მასშტაბები შესანიშნავად აღწერა ალექსანდრე სოლჟენიცინმა, თავის ეპიკურ რომანში „Архипелаг ГУЛаг“.
კიდევ ერთი მწერალი, სერგეი დოვლათოვი შეეცადა ციხის თემის გაშლას, თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ზონა: ციხის ზედამხედველის ჩანაწერები“, სადაც საბჭოთა ციხე, სწორედ ციხის ზედამხედველის რაკურსიდან არის წარმოდგენილი.
საუკუნეების მანძილზე, ხალხი ცენტრალურ მთავრობას (მაგ. მეფეებს ან კომუნისტურ პარტიას) ხედავდა როგორც რეპრესიულ მანქანას, სადაც ხალხის კუთხეში მისაყანებლად ერთადერთი ეფექტური საშუალება დაპატიმრებების სერია იყო.
ხოლო ოქროს ხანის მეამბოხეებს დღესაც დიდ პატივს სცემს რუსი ხალხი.
კომუნიზმიდან კაპიტალიზმისკენ უხეშმა გადართვამ, მძიმე გარდამავალი პერიოდი გამოიწვია; წამოვიდა უმუშევრობის დიდი ტალღა, რაც თავის მხრივ, 90-იან წლებში კრიმინალურ ცუნამად გარდაიქმნა. ქუჩები სავსე იყო ციხიდან ახალგამოსული ხალხით და პირიქით, კიდევ ბევრსაც აპატიმრებდნენ.
თინეიჯერები გაერივნენ ყოფილ პატიმრებში, რომლებმაც თავის მხრივ, სწრაფად აითვისეს ციხის სლენგი და მენტალიტეტი. უფრო უფროსები ქმნიდნენ ბანდფორმირებებს, ციხის იერარქიის გათვალისწინებით, ცუდად ეპყრობოდნენ თავისზე უმცროსებს ან იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეწერებოდნენ მათ ჯგუფში. მათი მსხვერპლი ბავშვებიდან ზოგი მხოლოდ 4 ან 5 წლის იყო, რომელთა პიროვნულ განვითარებაზე, თვითშეფასებაზე და პირად წარმატებაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა სწორედ ასეთმა გარემომ.
ყველაზე დიდი საზღაური, რასაც ახლა ვიხდით ამ ყველაფრისთვის არის ის, რომ ციხის ცხოვრება შეერწყა მეინსტრიმის კულტურას.
ასე მაგალითად, ყველაზე პოპულარული რუსული ტელესერიალები ასევე ციხეებს, ციხის ცხოვრებას ეხება. ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრი – დანაშაულის და ციხის მოტივებზე აგებული რუსული შანსონია.
რუსული კრიმინალური დრამა “Бригада” (2002) მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ხელიხელ აგოგმანებს კრიმინალურ ავტორიტეტებს, ძალიან კარგად ასახავს სწორედ ამ, 1989-1999 პერიოდს.
მიუხედავად იმისა რომ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ერთი შეხედვით ღია ქვეყანა იყო, ქვეყნის მოქალაქის შეგრძნება ჯერ კიდევ შორს იყო თავისუფლების შეგრძნებისგან.
თუ თვალს ადევნებთ მიმდინარე მოვლენებს, ქვეყანას მართავს KGB-ს ყოფილი თანამშრომლების ჯგუფი, კრიმინალური კორპორაცია. თუ ვინმემ წინააღმდეგობა გაუწია პუტინს და მის მომხრეებს, ან მკვდარია ან ციხეშია (მაგალითად, ხოდორკოვსკი).
თუმცა შარშან სიტუაცია შეიცვალა, ფეხს იდგამს ახალი საზოგადოება, რომელიც უფრო დარწმუნებულია თავის ქმედებებში, უფლებებში. გასულ ზამთარს, ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსეთის ქალაქებში, რომლებიც დუმის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.
მაგრამ, მიუხედავად ამ ახალი ტალღისა, რუსი ხალხის უმრავლესობამ პუტინს მისცა ხმა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში (ოფიციალური თუ დამოუკიდებელი ეგზითპოლების შესაბამისად).
მაშ რატომ აძლევს ხალხი ხმას იმ მთავრობას, რომლისაც არ სჯერა? ვფიქრობ პასუხი ისევ ციხის ფსიქოლოგიაშია, რომელიც გავლენას ახდენს რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე.
ჩემი აზრით, ამ ფსიქოლოგიის სახასიათო შტრიხებია:
- ავტორიტეტისადმი შიში და უნდობლობა
- ფულისა და ძალაუფლების პატივისცემა (მაშინ როდესაც ინდივიდის ძირითადი უფლებები უგულებელყოფილია)
- თავისუფლების, როგორც რაღაც მიუწვდომლად ან ზღაპრად წარმოდგენა
- სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაში ეჭვის შეტანა/ურწმუნობა
- ციხის იერარქიის, როგორც საზოგადოების ნორმალური, შესაფერისი მდგომარეობის მიღება.
სანამ რუსეთში ეს ფსიქოლოგია დომინირებს, ლიტერატურა კვლავ შეეცდება დაინახოს კავშირი ციხესა და ადამიანის სულს შორის, ციხესა და სახელმწიფოს შორის, ციხესა და საზოგადოებას შორის, და ა.შ.
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ტელე–კინო რეჟისურის მეორე კურსზე ვარ, მაგისტრატურაზე, დღეს ჩამახუტეს ცხრილი და პირველად მომეცა საშუალება ამერჩია ერთი საგანი.
სავალდებულო ცხრილში სულ არის ექვსი საგანი, ერთი სატელევიზიო რეჟისურა (პირდაპირ კავშირში არჩეულ ფაკულტეტთან), ხოლო დანარჩენი ხუთი კი ასე გამოიყურება:
ოსტატობა (?)
შემოქმედებითი პედაგოგიკა
მედიასამართალი და რეგულირება
საგანმანათლებლო კანონმდებლობა
მე ხომ იურიდიულზე არ ჩამიბარებია?
საიდან ამდენი უსაქმური საგანი?
ან იქნებ დახლქვეშ სკკპ–ს ისტორიაც გაქვთ და მიმალავთ?
შეიძლება ბაკალავრიატის პროგრამაში იყოს ასეთი საგნები (ისიც გაბერილია მაგრამ მაინც), მაგრამ მაგისტრატურის პროგრამა, ვინაიდან ისედაც ცოტა საათებს შეიცავს, მაქსიმალურად ოპტიმალურად უნდა იყოს დატვირთული სპეციალობასთან ახლოს მდგომი საგნებით.
პირველ კურსზეც ანალოგიური იყო, პედაგოგიკა, ინფორმატიკა და ა.შ.
რატომ არ შეიძლება ეს დრო დავუთმოთ სატელევიზიო პრაქტიკას, და გაგვიშვათ რომელიმე ტელევიზიაში პრაქტიკებზე, იქნებ ეს ოდენ დიდი რაოდენობით მიღებულ თეორიულ ნაწილს გამოყენება ვუპოვოთ.
კი, ვთანხმდებით რომ ყველა საგანი თავის კვალობაზე შეიძლება ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყოს, მაგრამ როცა ამის დრო არ არის, ცოტა საათები გაქვს და მაგისტრატურა მხოლოდ ორი წელია და თან ამ ყველაფერში 5000 ლარს იხდი, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ორი წელი, შეძლებისდაგვარად პრაქტიკულ, სპეციალობასთან ახლოს მდგომ საგნებზე უნდა კონცენტრირდეს.
და ეს არ არის მარტო თეატრალური უნივერსიტეტის პრობლემა, ძირითადად ყველგან ასეა, განსაკუთრებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში.
გარდა ამისა, ვფიქრობ მოთხოვნაც არ არის სტუდენტების მხრიდან, ალბათ ფიქრობენ რომ ეს ასე უნდა იყოს და ვერ შეცვლიან . . .
მეც რომ ვიკითხე რატომ არის ამდენი უსაქმური საგანი მეთქი, მიპასუხეს ეს საუნივერსიტეტო საგნებიაო.
ჰოდა მე არ ვაპირებ მაგ საუნივერსიტეტო საგნებზე სიარულს.
ორი პერსპექტივა მაქვს, ერთი ის რომ საფუძვლები კერძო კურსებიდან ავკრიფო, რაც დამატებითი დრო და ხარჯია და მეორე ის რომ ნებისმიერ შემთხვევაში თვითნასწავლი გამოვდივარ.
P.S. არჩევითი საგნებიდან, პროდიუსინგის საფუძვლები ავირჩიე, თავად რექტორი წაიკითხავს, რეკომენდაცია გაუწიეს და ვნახოთ.
წინა კვირას ნეკრესი მოვიარე, პირველად ვიყავი და მიუხედავად აუტანელი და გაუსაძლისი სიცხისა ძალიან ძალიან მოვიხიბლე. როგორც უკვე ნამყოფმა ადამიანებმა მითხრეს ტერიტორია არ იყო ადრე მოწყობილი, გზაც გაუვალი იყო და ადიოდნენ ფეხით. ამჯერად, ჩემდა გასაკვირად ყველაფერი კარგად იყო მოწყობილი, არა ბუტაფორიულად, ტერიტორია შემოღობილი და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის ძირში სამარშუტო ტაქსებიც იყო მობილიზებული, მანქანების შესვლა არ შეიძლებოდა გარდა მღვდლებისა და მომსახურე პერსონალისა.
მივყვეთ ფოტოებს
სამარშუტო ტაქსი მეტი კომფორტისთვის ორი გზა 1 ლარი ღირს, ბილეთების შეძენა კი იქვე სალაროში შეგიძლიათ
ცოდვა გამხელილი ჯობს და სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმ, რომელიც ჩემს სოფელში – ანაგაშია, მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც უხსოვარ დროს. რაც “განაახლეს” არ ვყოფილვარ, ყოველთვის ისეთ დროს ჩავდივარ რომ დაკეტილია ხოლმე.
გაკეთებას რაც შეეხება, ახლებური წესის მიხედვით აქაც მხოლოდ ფასადია გაკეთებული, რეალურად კი ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თან საფუძვლიანად, რადგან საფრთხის ქვეშ დგას მუზეუმში დაცული ექსპონატები, რომელიც 1034 ერთეულს ითვლის.
ფასადი
უკანა მხარე
კიბე
უკანა კარი
სტენდი
(ფოტოები: მე)
სანდრო ახმეტელის მიერ დადგმული სპექტაკლები:
1 დ. არაყიშვილის – ,,თქმულება შოთა რუსთაველზე” 1919 წ.
2. ს. შანშიაშვილის – ,,ბერდო ზმანია” 1920 წ.
3. ჯ. სინგის – ,,გმირი” 1923 წ.
4. ს.შანშიაშვილის – ,,ჰერეთის გმირები” 1924 წ.
5. უ. შექსპირის – ,,უინძორელი ცელქი ქალები” 1924 წ.
6. ა. გლებოვის – ,,ზაგმუკი”1926 წ.
7. ნ. შიუკაშვილის – ,,ამერიკელი ძია” ( 1 ნაწ.) 1926 წ.
( 2 ნაწ.) 1927 წ.
8. მ. ლორთქიფანიძის – ,,ათი დღე” 1927წ.
სოფელში სეირნობის დროს, ხშირად ავუვლიდით–ჩავუვლიდით ხოლმე ამ ეკლესიას, თუმცა ეკლესიას ვერც მიამსგავსებდით, ძალიან უცნაური ფორმა ჰქონდა; 20–იანი წლებიდან მოყოლებული, ამ ეკლესიის სივრცეში არც მეტი, არც ნაკლები კინოკლუბი იყო განთავსებული – კინოდანადგარი, ასე მოიხსენიებდნენ მაშინ;
ანაგელების მონათხრობის მიხედვით, აქ უჩვენებდნენ ინდურ, რუსულ, ქართულ ფილმებს, მოგვიანებით კინოკლუბმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ისევე როგორც ბევრმა კინოკლუბმა საქართველოში და ანაგა–ვაქირის მიჯნაზე აღმართული XVII საუკუნის ფერისცვალების ეკლესია უბრალოდ, ერთ მიტოვებულ შენობად იქცა.
“აქ შეასრულა თავისი უკანასკნელი სიმღერა ,,თავო ჩემო ბედი არ გიწერია” ლეგენდარულმა ვანო სარაჯიშვილმა. ამ ფაქტს ცოდვად მოიხსენიებენ ფანატიკოსი მორწმუნენი და აღნიშნავენ, რომ ეკლესიის საკურთხეველში შესრულებული სიმღერის ცოდვამ უწია ვანოს, რომელსაც ამ კონცერტის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია.”
წინა შაბათ–კვირას სოფელს ვესტუმრე, როგორც მივხვდი ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს და როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მითხრა სამება იქნებაო, თუმცა რამდენად მართალია არ ვიცი.
სამწუხაროდ კინოკლუბი აღარ იქნება არც აქ და არც სხვაგან
პ.ს. ეს არის ყველაზე დიდი ეკლესია და ალბათ ერთ–ერთი მიზეზი კინოკლუბად ქცევისა შეიძლება ესეც იყო. დანარჩენი ეკლესიები რაც ვნახე, ყველა ძალიან პატარაა, მინიმალისტური.
შაბათ–კვირა გავატარე ძალიან სასიამოვნოდ, დიდი ხნის მონატრებულ სოფელში; ხეტიალით დავიღალე, მაგრამ ფოტოების ის ხონჩა, რაც იქიდან ჩამოვიტანე ნამდვილად ღირდა ამად.
ამ ხეტიალის მცირე ნაწილია ჰამლეტ გონაშვილის სახლში სტუმრობა. თუმცა სტუმრობისა რა გითხრათ და ცოტა ვითავხედე, ქალბატონი გულიკო (ჰამლეტ გონაშვილის და) ახალი წასული დაგვხვდა და უბრალოდ ურდულის გადაწევა მაშორებდა ამ გენიალური ადამიანის თუნდაც ეზოში შეხედვისგან. მეც შევედი.
ეზოში არნახული სიმწვანე მეფობდა, რაც არ იყო ბუნებრივად მწვანე ფერის, ისიც კი მწვანედ შეეღება ინტერესით სავსე ხელებს, თვით ნავთქურაც კი მწვანე ფერის იდგა ეზოში.
პირველი რასაც ძებნა დავუწყე, ღელღვის ხე იყო, ის ავადსახსენებელი ხე, რომელმაც იმსხვერპლა ეს დიდი ადამიანი.
თუ კი წვიმიან ან ნაწვიმარ ამინდში, ამ სოფელში, ლეღვის ხეზე ასვლას დაიწყებთ, აუცილებლად აღელვებით დაგადევნებენ ფრაზას “ის ცხონებული ასე გარდაიცვალა, ჩამოდი შვილო, მე ავალ”, “ის ცხონებული” კი აუცილებლად ჰამლეტ გონაშვილს გულისხმობს.
ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში, ასე 12–13 წლის წინ დაიწყეს ჰამლეტ გონაშვილის სახლ–მუზეუმის მშენებლობა, იქვე გზის გადაღმა, ამოიყვანეს კედლები, შენობა საკმაოდ დიდი იყო, აკლდა მხოლოდ გადახურვა და ცხადია შიდა რემონტიც. თუმცა დასრულება არ დასცალდა ამ სახლ–მუზეუმს ისე გასწორდა მიწასთან, დაიშალა.
როგორც ვიკითხე, შესაძლებელია თავად სახლის მონახულება, იმ სახლის, სადაც მე შევიპარე, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალბატონი გულიკო სოფელ ანაგას სტუმრობს.
იმედი მაქვს ოდესმე აშენდება მუზეუმი მის მშობლიურ სოფელში, ანაგაში.
ჭიშკარი, ამ პატარა გზიდან პირდაპირ სიღნაღისკენ მიმავალ ტრასაზე გადიხართ, მოსაგნებად ადვილია.
როგორ მოხდა აღარ მახსოვს, მაგრამ არც ასლის გადაღების საშუალება იყო და არც წიგნის შოვნის, უნივერსიტეტში დიდი ბრიტანეთის მთელი ისტორიის ხელით დაკონსპექტება მომიწია, ხან ქართულიდან და უფრო მეტად ინგლისური წყაროებიდან. ხელით წერისას თითქოს უფრო გამახსოვრდება ყველაფერი, შეიძლება თითებსაც აქვთ მეხსიერება . . .
მეც, მეტ–ნაკლებად მახსოვს ამ ქვეყნის ისტორია, შეიძლება წლები ტყვიის სიზუსტით ვერ მიგითითოთ, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდები, როგორიცაა დედოფალ ელისაბედ I–ს ხანა, კარგად მახსოვს;
მით უმეტეს, ამ პერიოდს უკავშირდება ლიტერატურაში (და არა მხოლოდ), აღორძინების ხანაც, მარლო, შექსპირი . . .
ორი დედოფალი ერთ ქვეყანაში . . . ან ერთი უნდა დარჩეს, ან მეორე, დიდი ხანი ვერ აიტანდა ქვეყანა ორ დედოფალს, ქვეყანა დუღდა, გაეხვა შეთქმულებების ხან რეალურ და ხან არალეალურ ღრუბლებში . . .
შილერის ნაწარმოების ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო სცენაა ამ ორი მოქიშპე ქალბატონის შეხვედრა ფოთრინგეის ციხეში, სადაც მარიამი ქცევით თუ სიტყვებით ცდილობს დასცინოს და დაამციროს, მკაცრი და თავდაჯერებული დედოფალი ელისაბედი.
სწორედ აქ ჩანს ყველაზე კარგად, თუ რა დიდი განსხვავებაა ამ ორ ქალს შორის, მარიამი ვნებებს აყოლილი, თამამი ქალი, ხოლო ჟღალთმიანი მედიდური, ზვიადი, ნამდვილი მონარქის თვისებებით.
მაგრამ ეს შეხვედრა შედგა მხოლოდ შილერის პიესაში.
სინამდვილეში . . .
სინამდვილეში კი, მარიამ სტიუარტი თითქმის 20 წელი იყო ჟღალთმიანის ტყვეობაში და ამ დროის განმავლობაში, ისინი ერთხელაც არ შეხვედრიან ერთმანეთს.
მისი სილამაზეც თაყვანისმცემლების შექმნილია . . .
ფილმებში, სპექტაკლებში, წიგნებში ყველგან ულამაზესი და მომხიბვლელია, არც სინამდვილეში იყო მახინჯი, თუმცა არა ისეთი, როგორსაც წარმოვიდგენთ, დაახლოებით 40 წლამდე, ფუმფულა, ჭაღარა შეპარული ქალბატონი გახლდათ.
ელისაბედის გარშემოც უამრავი საყვარელი ირეოდა, მაგრამ მათ ანგარება ამოძრავებდათ ქალწული დედოფლისადმი და მხოლოდ გამორჩენის მიზნით ეტრფოდნენ მას.
რატომ ასეთი კონტრასტი? იქნებ იმიტომ, რომ მსხვერპლი ყოველთვის ლამაზია, მომხიბვლელია, რაც არ უნდა ცუდი იყოს და შეიძლება სინამდვილეში ცუდიც იყოს და ბოროტიც, მსხვერპლი ყველას გვეცოდება, ყველა მხარს ვუჭერთ და ვცდილობთ სადღაც ღობე–ღობე მისი გამამართლებელი საშუალებები ვეძებოთ.
ელისაბედისთვის არ იყო ადვილი სამეფო სისხლის დაღვრა, დედოფლის დასჯა, არც პიესაში და არც სინამდვილეში. იგი დიდ ხანს ფიქრობდა დაესაჯა თუ არა შოტლანდიის დედოფალი, მართალია ჩვენ, მაყურებლები ამას მხოლოდ სამი საათი ველოდით, მაგრამ ისტორიულად ეს ლოდინი თითქმის 20 წელი გაგრძელდა.
სიტუაცია დაიძაბა, რელიგიურ–პოლიტიკურ ნიადაგზე, პროტესტანტების და კათოლიკეების შუღლი პიკს უახლოვდებოდა, კათოლიკურ სამყაროს მარიამ სტიუარტის ხილვა სურდა სამეფო ტახტზე, საშიშროება იყო, რომ პაპი საფრანგეთს და ესპანეთს მოუქსევდა, ამ ამბავს ისიც ამძაფრებდა, რომ მარიამი დედით ფრანგი იყო, საფრანგეთში გაიზარდა, როგორც ნამდვილი კათოლიკე და მხარდაჭერის დიდი იმედი ჰქონდა.
აკი რამდენჯერმე ჩაიშალა კიდეც, მათ მიერ დაგეგმილი შეთქმულება ელისაბედის წინააღმდეგ.
ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ პიკს მიაღწია, ელისაბედი იძულებული შეიქნა მძიმე გადაწყვეტილება მიეღო.
კათოლიკურმა შეთქმულებებმა და კათოლიკური ქვეყნებიდან წამოსულმა საშიშროებამ, ხალხის შეხედულებებიც შეცვალა; მათთვის ყველაფერი კათოლიკური ინგლისის მტერი იყო. სწორედ ეს სიძულვილი ყოველივე კათოლიკურისადმი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცა სამომავლოდ.
განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი . . .
პ.ს.
პიესა ელისაბედის ტრაგედიით მთავრდება. შოტლანდიის დედოფალი ამაყად, თავაწეული მიემართება ეშაფოტისკენ, გარშემოტყმული თვალცრემლიანი. ერთგული და მოსიყვარულე მეგობრებით . . . და იმედით, რომ მისი შვილი, ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ დაიდგამს ორივე გვირგვინს . . .
ელისაბედი კი რჩება მარტო, მას ის ადამიანებიც მიატოვებენ, რომლებიც მართლაც ერთგულად ემსახურებოდნენ ბოლომდე.