ეს გახლავთ კინო ფრაზა, რომელიც ამერიკის კინო ინსტიტუტის ფრაზების ასეულში პირველ ადგილს იკავებს.
იდგა 1939 წელი, იმ დროისთვის, კინოწარმოების კოდექსის თანახმად, ფილმებში აკრძალული იყო ბილწსიტყვაობის/სკაბრეზული ლექსიკის გამოყენება.
ფილმ „ქარწაღებულნის“ რეჟისორი დილემის წინაშე დადგა ან უნდა ჩაესვა ეს ფრაზა ფილმის ბოლოს და 5000 დოლარი გადაეხადა ჯარიმის სახით ან შეეცვალა სხვა ფრაზით.
რეჟისორმა დატოვა ფრაზა და ჯარიმაც გადაიხადა.
ცნობისათვის, ეს იყო მეორე ფილმი, სადაც გამოყენებულია სიტყვა „damn“.
ვფიქრობდი ფილმის ბოლო სცენის დიალოგის თარგმანზე, რომელიც ორიგინალში ასე გამოიყურება:
“Where shall I go? What shall I do?” – Scarlett
“Frankly, my dear, I don’t give a damn” – Rett
ჯერჯერობით თარგმანის ეს ვერსია მომივიდა თავში
„მე რა ვქნა, მე?“ – სკარლეტი
„სიმართლე გითხრა, ეგ სულ ფეხებზე მკიდია ჩემო კარგო’ – რეტი
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე ასეულში, ამ ფილმიდან კიდევ ორი ფრაზაა შესული:
“After all, tomorrow is another day!” – Scarlett
„ბოლოს და ბოლოს, ხვალ ახალი დღე თენდება“
“As God is my witness, I’ll never be hungry again.” – Scarlett
მეოცე საუკუნის 20-40-იან წლებში, აშშ-ს კინოინდუსტრიას სრულად აკონტროლებდა ე.წ. “დიდი ხუთეული” – MGM, RKO, Fox, Paramount Pictures, Warner Bros. 1941 წელს, მერი პიკფორდმა, ჩარლი ჩაპლინმა, ორსონ უელსმა და სხვებმა დამოუკიდებელი კინო პროდიუსერების საზოგადოება ჩამოაყალიბეს, რომელიც ხმალამოღებული იბრძოდა დიდი ხუთეულის მონოპოლიის წინააღმდეგ, რაც მათ მიერ ფილმების შექმნის, დისტრიბუციის და ჩვენების სრულ კონტროლს გულისხმობდა. მალე, 1948 წელს ე.წ. პარამაუნტის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც “დიდი ხუთეულის” უფლებების შემცირებას ითვალისწინებდა; გადაწყვეტილების მიხედვით, დიდი ხუთეულის წევრებს ეკრძალებოდათ თავის კინოთეატრებში საკუთარი ფილმების ჩვენება. თუმცა ამ ღონისძიებამ მაინც ვერ შეასუსტა აღნიშნული კინოკომპანიების ძალა.
საზოგადოების ძალისხმევით და II მსოფლიო ომის დროს გამოშვებული პორტატული, იაფფასიანი ვიდეოკამერების წყალობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცა აშშ-ში დაეწერათ სცენარი და გადაეღოთ ფილმი, მსხვილი კინოსტუდიების გვერდის ავლით.
ამ გარემოებებმა შობა კრიტიკოსების მიერ აღიარებული ისეთი მძლავრი ნამუშევრები, როგორიცაა მაია დერენის “შუადღის ბადეები” (1943), კენეთ ანგერის “ფეირვერკი” (1947) და მორის ენგელის, რუთ ორკინის და რეი აბრაშკინის “პატარა დევნილი” (1953). ფილმმეიქერებმა გადაღების ახალი გზების და მეთოდების ძიებას მიჰყვეს ხელი.
უფრო მეტიც, “პატარა დევნილი” გახდა პირველი დამოუკიდებელი ფილმი, რომელიც საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის, ოსკარზე – ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს, ხოლო ვენეციის კინოფესტივალზე ფილმს ვერცხლის ლომი ერგო.
სტუდიების წარმავალი სისტემის ფილმებისგან განსხვავებით, ეს ახალი, დაბალბიუჯეტიანი ან საერთოდ ბიუჯეტის არ მქონე ფილმები, თავს უფლებას აძლევდნენ გაერისკათ და ახალ მხატვრულ სივრცეებში გაჭრილიყვნენ, კლასიკური ჰოლივიდური ნარატივის ფარგლებს მიღმა. Continue reading →
რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, პირველად სიტყვა “ვაგინა”, უოლტ დისნეის ანიმაციურ ფილმში წარმოთქვეს, ხოლო ანიმაციურ ფილმს სახელად, არც მეტი არც ნაკლები “მენსტრუაციის შესახებ” ერქვა.
ეს ანიმაციური ფილმი იმ სასკოლო-საგანმანათლებლო ანიმაციური სერიების ნაწილი გახლდათ, რომელსაც დისნეი აწარმოებდა 1945-1951 წლებში ამერიკული სკოლებისთვის.
1946 წელს დისნეის მიმართა კომპანიამ, რომელიც კოტექსის საფენებს აწარმოებდა, ამგვარად ეს იყო ერთ–ერთი პირველი კომერციული პროექტი, რომელიც გაკეთდა სკოლებისთვის და მიუხედავად იმისა რომ ფართო ეკრანებზე არ უჩვენებიათ, ანიმაციური ფილმი 105 მილიონმა მოსწავლემ იხილა.
ფილმთან ერთად დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, ბუკლეტი ღიად ეწინააღმდეგებოდა ტამპაქსის ტამპონების გამოყენებას, რომელსაც იმ დროისთვის კონკურენტი კომპანია პროქტერ & გემბლი აწარმოებდა და მასში ასევე აღწერილი იყო კოტექსის პროდუქტები.
აღნიშნული 10 წუთიანი ანიმაციური ფილმი “მენსტრუაციის შესახებ” მოგვითხრობს მენსტრუალური ციკლის შესახებ, გრაფიკულად არის გადმოცემული თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში, როგორ უნდა მოუაროს მოზარდმა თავს, ჰიგიენას, როგორ უნდა იკვებოს, ასევე იძლევა რჩევებს ამ პერიოდში ცეკვასთან, ვარჯიშთან, ცხენზე ჯირითთან დაკავშირებით.
ფილმზე საავტორო უფლება განახლებული არ არის, შესაბამისად თავისუფლად ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში.
პ.ს. ჰო ჩვენს სკოლებში ცოტა ადრეა ასეთი სწავლება, აბა რა . . . აბა რა
“ჩემი სიმღერები არ არის პოლიტიკური,
მე რეალობაზე ვმღერი” -მირიამ მაკება
როდესაც სცენაზე სულ სამიოდე წელია რაც ხარ (თუ მაგას ყოფნა ჰქვია), ტურნეების უმრავლესობა აკრძალულია, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი სინგლები და კიდევ უფრო ცოტა ალბომი გაქვს, მაგრამ მაინც ახერხებ და ახალ სუნთქვას სძენ სრულიად ახლად ფეხადგმულ მუსიკალურ მიმართულებას და გავლენას ახდენ თაობებზე, მაშინ გაქვს უფლება (ალბათ), რომ 21 წლის ასაკში ჰეროინს შემოაკვდე და ისიც თქვა რომ ისე იცხოვრე როგორც გინდოდა და ის აკეთე რაც გინდოდა.
დიახ, ეს იყო ყველაზე ანარქიულ და ავარდნილი ეპოქა, 70 წლების დასაწყისი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად გამოიხატა. მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც თავისებურად, სახასიათოდ.
კერძოდ კი, ჯგუფის SEX PISTOLS-ის ხანმოკლე ისტორია ჩემი ქალის , იგივე პანკ მოდის დედის (ან ბებიის) და მისი ბოიფრენდის ექსტრაორდინალურ ბუტიკში დაიწყო, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი “Let it Rock” “SEX”, “Too Fast To Live Too Young To Die”; დიზაინერის სამოსმაც სწორედ ამ ჯგუფის წყალობით გაითქვა სახელი; რასაკვირველია პანკი არ არის მხოლოდ ჩაცმულობა (როგორც ეს ეგონათ პარალელურად და შემდგომში არსებულ სისტემის მსახურ ბუტაფორიულ პანკროკ ბენდებს), პირველ რიგში სულიერი მდგომარეობაა, თავისუფლების და აღვირახსნილობის (ვის როგორ ესმის) მთელი ფილოსოფიაა, მაგრამ მაინც გვინდა თუ არ გვინდა, პირველ რიგში ეს ვიზუალში – ჩაცმულობაში, გარეგნობაში გამოიხატება – ტყავი, ჯაჭვი, ბაიკერის ფეხსაცმელები (მთელი ან დახეული), აკი დაიბარა კიდეც, რომ მოვკვდები ჩემი ტყავის ქურთუკით დამასაფლავეთო . . . Continue reading →
ეს პირველი ჯეიმს ბონდია, რომლის სცენარის წაკითხვაც მომინდა და რომელსაც კიდევ ბევრჯერ ვნახავ, იმ სიამოვნების გამო რაც მივიღე და იმის გამო რაც გამომრჩა და რასაც შემდეგი ნახვისას აღმოვაჩენ.
და მაინც რა ხდება ახალში? უნდა გითხრათ მოკლედ და თან ისე რომ ფილმის ყურების მადა არ დაგიკარგოთ
ვემშვიდობებით ძველს, სადღაც გული გვწყდება, გვეტირება, ვეტირებით, მაგრამ იმასაც ვხვდებით რომ შეუცვლელი არავინ არის; ასაკი და გამოცდილება დიდი ძალაა, თუმცა როგორც ჯეიმს ბონდი ამბობს ფილმში “არც ახალგაზრდობაა წარმატების გარანტია”.
დღეს, აქ და ახალ ფილმში უკვე აღარ არის საინტერესო ბეჭედი, რომელიც დიდ შუშის შენობას ამსხვრევს, სათვალე რომელიც ვიღაცას კლავს, საათი ლაზერის ეფექტით, მანქანა რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმში. ტექნოლოგიური თვალსაზრისით წინ წამოწეული უფრო ჯეიმს ბონდის ის სერიები იყო, სადაც პირს ბროსნანი მონაწილეობდა. კარგად გვახსოვს მისი “Die Another Day” რა დიდი როლი აკისრია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ასტონ მარტინს, რომელიც ხან უხილავია, ხან ხილული, ხან დაცურავს, ხან ყინულს ებრძვის. შედარებით უკანა პლანზეა გატანილი სცენარის სისხარტე, სისადავე და ადამიანური ფაქტორი.
აქ კი პირიქით, ესოდენ მინიმალისტური ასტონ მარტინი, თითქმის სიმბოლური აქამდე არ მინახავს, ვოლტერმაც ერთხელ გაიელვა და სადღაც გადავარდა. დაისვა ახალი საფრთხეები – კიბერ საფრთხეები, თუ როგორ შეუძლია პიჟამოში გამოწყობილ ადამიანს, მუხლებზე ლეპტოპით ზიანი მოუტანოს ადამიანებს.
უფრო მეტი ადამიანი დავინახე ახალ ჯეიმს ბონდში, ვიდრე მანამდე, თითქმის ისეთივე პრინციპით გაადამიანურდა ბონდი, როგორც ნოლანის ბეტმენი. უფრო მეტიც, არა მარტო ბონდი, არამედ ყველა ამ ფილმში.
“ხომ არ მოძველდა ეს აგენტობანა, რაღა დროს აგენტები და საიდუმლო სამსახურია” – ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი.
ფილმში ბევრჯერ ამოდის ასაკობრივი მომენტები, ძველი თაობის და ახალი თაობის შეჭიდება, ძველის ნგრევა მთავარის გადასარჩენად და ცხოვრების სრულიად ახალი, სუფთა ფურცლის გადაშლა.
წარმოვიდგენდი რომ ისეთი ამაყი, ზვიადი და შეუვალი რამ როგორიც შოტლანდიის ლანდშაფტს შერწყმული შოტლანდიური ციხე-სიმაგრეა – ფილმში დაინგრეოდა? და ვინ ანგრევს? ამ ციხე-სიმაგრის გაჩენილი და გაზრდილი შვილი.
რა აღმოვაჩინე?
აღმოვაჩინე რომ შოტლანდიის ტბებში ურჩხულები არ ბუდობენ, რომ ესეც ერთი ტრადიციული მითია და იქ ჩვეულებრივი წყალია, უბრალოდ წყალი.
მითები იმსხვრევიან წრიულად და ავტომატის ჯერით.
ეს გვირაბი სად მიდის?
მიგვიყვანს ტაძრამდე?
კი, გვირაბი მიდის ტაძრამდე, საბოლოო წერტილამდე, ისე რომ უკან იმავე გზით ვეღარ ბრუნდები.
როგორ ფიქრობ იჟიმავებდი ვირთხების თანდასწრებით? ქალაქქვეშა საკანალიზაციო ჯურღმულებში, მაშინ როდესაც ძალიან გშია და მწარე ხახვს, მწვანე ვაშლივით ახრამუნებ, მაშინ როდესაც წვიმის დროს შემოვარდნილ წყალში შეიძლება ამოიხრჩიო, მაშინ როდესაც ყოველ წუთს სიკვდილს ელოდები, გერმანელის ან ფულის შოვნის ინსტიქტით მოქსეული პოლონელის ხელით, რომელიც როდის დაგიჭერს და გადაგცემს გერმანელებს კაცმა არ იცის.
და რატომ?
იმიტომ რომ შენ უბრალოდ ებრაელი ხარ, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომია და ყველანაირ ადამიანურ ღირსებას აქ ავტომატის ჯერით აკვირდებიან.
თუმცა არა ყველანაირს.
არის ერთი კაი კაცი, ქალაქქვეშა სამყაროს კაცი, რომელიც საკუთარი ხელის გულივით იცნობს ამ ჯურღმულებს, მას ჩააქვს საკვები და ტანსაცმელი ებრაელებისთვის, რასაკვირველია გარკვეული შინაგანი თუ ცოლის წინააღმდეგობების ფასად და იმის შიშით, ვინმემ არ გაყიდოს ისიც და მის ოჯახს რამე არ დაემართოს.
აქამდე რაც მინახავს, იმ ფილმებში თითქოს მაინც ყველაფერი შელამაზებულია, ზის თავისთვის ტყვე და ამაღლებული გრძნობების გარდა არაფერს არ ავლენს.
შეუძლებელია ასე იყოს.
თავს ყველა კარგავს, რაღაც დროს თავს ყველა კარგავს, მითუმეტეს როდესაც 14 თვის მანძილზე მზის სხივი არ გინახავს. და რომ დაფიქრდე რატომაც არა, რა ვალდებული ხარ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, ხანდახან უნდა აკეთო ის რითაც ეს პოსტი დავიწყე, წუმპეში, კანალიზაციის მილების და ვირთხების, მძინარე და მშიერი ქალების, კაცების და ბავშვების გარემოცვაში, გქონდეს კარგი სექსი.
მსგავსს რეალობას გვიჩვენებს რეჟისორიც.
თუმცა მაინც ისმის კითხვა, რეალობაა ის, რაც გვგონია რომ შეიძლება რეალობა იყოს? ის ხდება, რაც შეიძლება მომხდარიყო ასეთ დროს და ასეთ სიტუაციაში, მოვპარავდით თუ არა სხვას ფულს, საჭმელს, მოვკლავდით თუ არა ამის გამო ვინმეს, ან გავგუდავდით თუ არა საკუთარ შვილს, იმის გამო რომ ერთი ჯურღმული ეკლესიის ქვეშ იყო და იქ არ გაეგოთ ებრაელი ბავშვის ჭყავილი?!
არ ვიცი . . .
–––––––
იცნობდეთ, ეს აგნეშკა ჰოლანდის ფილმია “სიბნელეში”, რომელიც, გამიმართლა და BIAFF-ის ფარგლებში ვნახე.
ფილმი შავ–თეთრია, აბსოლუტურად შავ-თეთრი, უკანასკნელი ნამუშევარი რეჟისორისთვის, ჩემთვის კი პირველი მისი შემოქმედებიდან. ხანგრძლივი და მონოტონური, იმაზე უფრო ხანგრძლივი და მონოტონური ვიდრე თავად ცხოვრება. დრო და დრო შეგიძლიათ წიგნივით ჩაკეცოთ და შეისვენოთ, მერე მოხვალთ და ისევ იმ ადგილიდან შეგიძლიათ გააგრძელოთ სადაც შეჩერდით.
სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გამჩენია იმის შეგრძნება რომ ფილმს იღებენ, ან ეს ფილმია რასაც ვუყურებ, ან ამ ფილმს ჰყავს რეჟისორი; თითქოს ჩვენ, მაყურებლები ვისხედით სწორედ იმ სახლის წინ, რომელსაც ფასადი ჩახსნილი აქვს და ვაკვირდებით ამ ადამიანების ცხოვრებას. ცხოვრება რომელიც მდორე და ერთფეროვანია, უფრო სწორად კი შავ–თეთრი, სადაც არ არის საჭირო არცერთი სხვა ფერი, ზედმეტია.
აქ ყველაფერი ნამდვილია, ამინდი, ცხენი, ადამიანები, სახლი, გარემო, სიღატაკე, მოხარშული კარტოფილი, ხმები და მოშიებული ადამიანის პირის წკლაპუნიც კი. ჭამის პროცესი ხომ ფილმის ყველაზე აქტიური და სიცოცხლით სავსე სცენაა.
ყოველდღიური რუტინა და ცხოვრებისეული ერთფეროვნება ფილმში რამდენჯერმე ირღვევა. დისონანსი შემოაქვთ სახლში დაბუდებულ ხის ჭიებს, რომლებიც ჩუმდებიან 58 წლიანი ხმაურის შემდეგ და ფესვებგამდგარი სიჩუმე კიდევ უფრო უხერხული ხდება.
უხერხულობის გრძნობა რაღაც მომენტში მეც დამეუფლა ფილმის ყურებისას, თავი ისე ვიგრძენი თითქოს სხვის ცხოვრებას ვაკვირდებოდი, გახდას, ჩაცმას, ცეცხლის დანთებას, პირის დაბანას, ჭამას, უბრალოდ არაფრის კეთებას, რომელიც ასევე ძალიან პირადულია.
ოჯახის ოთხფეხი არსება, ცხენი უფრო მგრძნობიარეა ადამიანებთან შედარებით, აღარც სვამს, აღარც ჭამს, აღარც პატრონს ემორჩილება.
თენდება კიდევ ერთი დღე და ერთფეროვნება ისევ ირღვევა; დილით, წყლის მოტანის მორიგი რიტუალისას ქალს დამშრალი ჭა ხვდება. წყალი გაქრა, ისე თითქოს არც ყოფილა, თითქოს უკან შეისრუტა რაღაც ძალამ.
მამა–შვილი სახლს ტოვებს, მიდიან, შვილი მიათრევს ბარგით სავსე ურიკას, მამას და მშიერ ცხენს. ისევ ბრუნდებიან. გრიგალი ისევ არ ჩაწყნარებულა, ის ერთადერთია, რომელსაც მუხლი არ ჩაუხრია ამ დღეების განმავლობაში.
ნგრევით დაღლილი მხოლოდ ბოლო დღეს ისვენებს . . .
ნელ–ნელა ქრება ყველაფერი დიდი ხნის წინათ ბოძებული, ხმაური, ფოთლები, ჭიები, წყალი, ცეცხლი და ნათელი.
და იქმნა ბნელი მეექვსე დღეს . . .
––––––––––
P.S. მსგავსი არაფერი მინახავს აქამდე და წინასწარ გული მიწუხს იმაზე რომ კიდევ დიდხანს ასეთ ფილმს ვერ ვეღირსებით.
როგორც აღვნიშნე ფესტივალზე ნაჩვენები ”ტურინის ცხენი” რეჟისორის უკანასკნელი ფილმია, კინოდან მიდის და ალბათ მართალიც არის, ამომშრალი ჭასავით არის ეს ფილმი, უბრალო კი არა, ნამდვილი, დასასრულით, უფლება არ აქვს გააგრძელოს.
დღეს ბელა ტარის მასტერკლასს დავესწარი, შეხვედრას სხვადასხვა დაინტერესებული პირების გარდა, მოქმედი ქართველი კინორეჟისორები ესწრებოდნენ. საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია/საუბრიდან ორს, მსოფლიო კინო კრიზისს და სცენარის შესახებ დასმულ კითხვას გამოვყოფ, როგორც მეტად მტკივნეულ ადგილს თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფში.
კითხვა დაახლოებით ასე ჟღერდა: „რას იტყვით მსოფლიო კინო კრიზისზე, აღარ იღებენ ისეთ კარგ ფილმებს, როგორც ადრე, მომრავლდა უგემოვნო ფილმები თანამედროვე კინემატოგრაფში“
„სად არის კრიზისი?“ (აქ რეჟისორის გაკვირვებული სახე წარმოვიდგინოთ) მე არ ვფიქრობ რომ კრიზისია, უამრავი ფილმი კეთდება, ყველა რაღაცის გაკეთებას ცდილობს, ყველა მუშაობს, შენ თუ შეგიძლია მიდი და დაეხმარე; თუ ყველა ფილმი შედევრი არ არის, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას, მე ვერ ვხედავ კრიზისს.
იცით რა არის ნამდვილი კრიზისი, როდესაც არ გაქვს წინააღმდეგობის გაწევის ძალა და ენერგია და როდესაც აღარ გჯერა სხვა სამყაროს არსებობის.
მე მჯერა კინოსი, მე მჯერა ახალი თაობის და ძველი თაობისაც.
დრამატურგიის, სცენარის განვითარების პრობლემა, რას გვეტყვით ამის შესახებ?
სცენარს არასოდეს მივყვები, კინოში მთავარი ცხოვრებაა, გამოცდილება, პირველად 16 წლის ასაკაში გადავიღე, ვერავინ გასწავლის ფილმი როგორ გადაიღო, ამ ყველაფერს ცხოვრება გასწავლის, ხალხთან ურთიერთობა, გაცნობა, მე არ მქონდა დრო ვინმეს ამ მხრივ გავლენა მოეხდინა ჩემზე.
რეალური ადამიანები, საგნები, გარემო, რეალური შენ – აი ეს ქმნის რეალურ კინოს.
არ იფიქრო ქაღალდებზე, სცენარზე, იფიქრე რეალურ ადამიანებზე, რეალურ სიტუაციებზე, გარემოზე, სადაც ფილმი უნდა გადაიღო, სცენარზე თუ იფიქრე, კინორეჟისორი ვერ გახდები.
რასაკვირველია, ფილმს ძლიერი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, რაც პირველ რიგში შენი თვალთახედვიდან უნდა გამომდინარეობდეს, ანუ როგორც ხედავ მომავალ ფილმს და არა იჯდე და მუდმივად წერო, წერო, წერო და აფრიალო ქაღალდები.
რას ხედავ, რას ფიქრობ, რას გრძნობ – აი ეს გაგვიზიარე.
P.S. რეჟისორთან შეხვედრამდე თავი მისკდებოდა იმაზე ფიქრით თუ რა პრობლემა გვაქვს დრამატურგიაში, სცენარის, ამბავის განვითარებაში, ამ დისკუსიის შემდეგ მივხვდი რომ ქართველ რეჟისორებს აქვთ ერთი მთავარი პრობლემა – ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ სცენარზე, ტექსტზე და არ ფიქრობენ იმ რეალობაზე, იმ რეალურ სიტუაციაზე რის შესახებაც ფილმის გადაღებას აპირებენ ანუ ვერ ხედავენ, ვერ ფიქრობენ, ვერ გრძნობენ მომავალ ფილმს. შესაბამისად, სცენარი მუდმივად მშრალი, სწორხაზოვანი და განუვითარებელი გამოდის.
და ასევე მისი საინტერესო კომენტარი ბათუმში ნანახ მშენებლობებზე:
”მე ვხედავ მშენებარე კაპიტალიზმის ეკლესიებს და არა ჰუმანიზმის ეკლესიებს, რა არის ეს? გაოგნებული ვარ . . .”
ახლა ბათუმში წვიმს, ნუ გაგიკვირდებათ ის რომ ამას აღვნიშნავ, ერთ კვირაზე მეტია რაც აქ ვარ და ჯერ არ უწვიმია. მოჟამული და დეპრესიული ამინდია, ისეთივე როგორიც მე და როგორიც ბევრს არ სჯერა რომ ვარ.
* * *
საცეკვაო სტუდია
დარბაზის მარჯვნივ დოლ–გარმონზე დამკვრელები სხედან
შუაში თმებაწეწილი, თვალებრიალა და ხელში იატაკის პლანკიანი ცეკვის მასწავლებელი
დარბაზის სიღრმეში შავსამოსიანი მოცეკვავეები, ანგელოზები
– ხევსურულიი, იი, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 წავიდაა – ყვირის და თან ყოველ თვლაზე იატაკის პლანკას პარკეტზე ურახუნებს მასწავლებელი.
მოცეკვავეები იწყებენ ცეკვას
– მუსიკა სტოპ, – ყვირის ცეკვის მასწავლებელი, – რას აკეთებთ? თავიდან! და ღიმილით, ხევსურულს მხოლოდ ღიმილით ცეკვავენ Continue reading →
ფული ჯოჯოხეთს თუ ანათებს, იქნებ ისეთი რამეც არის ერთი წლის შვილი დაუმარხავი დაგატოვებინოს ტყეში და მგლების საჯიჯგნად მიგაგდებინოს . . . სიმბოლურადაც კი მომეჩვენა, როდესაც ფილმის მთავარი გმირი ერთ ხელში ფულით სავსე ტომსიკით, ხოლო მეორე ხელში ცეცხლის დასანთები ფიჩხით მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც მამა წერაქვით გამალებით თხრის შვილის საფლავს ჩაყინულ მიწაში.
არადა საქმე თითქოს ერთობ მარტივად გამოიყურება, მდიდარმა მოხუცმა გადაწყვიტა თავისი ქონება ღარიბებისთვის დაერიგებინა იმ ადგილას, საიდანაც თვითონ იყო წარმოშობით, ამ მისიის შესრულება კი თავის შვილებს დაავალა, თუმცა რიგ შემთხვევაში გაუგებარია ვინ არიან მთავარი გმირები, და-ძმა, ცოლ-ქმარი, შეყვარებულები ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს საჭირო როლს ირგებენ შეუფერხებლად.
მიუხედავად იმისა რომ „და-ძმა“ საკმაოდ ღარიბულ, თითქმის დაუსახელებელ ადგილას ტრიალებდნენ და ცდილობდნენ იქ მცხოვრები ადამიანების დახმარებას, რამდენიმე შემთხვევაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფულის დატოვება და მათ გარკვეული სცენის გათამაშება უწევდათ (ჩხუბის და ა.შ.) რის შემდეგაც ფულს ადრესატს ასე ვთქვათ აჩეჩებდნენ.
თუმცა რაც უფრო ეშხში შევიდა ფილმი, „ძმა“ მით უფრო გათამამდა და რომ ხალხის გრძნობებზე დაიწყო თამაში, ის უფრო და უფრო დაუნდობელი ხდებოდა:
„ყურანზე დაიფიცე რომ ამ ფულს შენს ძმას არ მისცემ“ – ეუბნება მთავარი გმირი კიდევ ერთ იღბლიანს, თავისივე ძმის თანდასწრებით.
„არ დამარხო შვილი და მისი სხეულის ერთ კილოგრამში 1 მილიონს მოგცემ, მგლებიც ხომ ცოცხალი არსებები არიან, მათაც ხომ შიათ“ – ეუბნება შვილმკვდარ მამას.
„არ მოკლა შენი ჯორი და გადაგიხდი“,
- არადა ჯორის პატრონს გული შესტკივა მასზე, წლებია ჯორი მისი განუყრელი და ერთგული თანამგზავრია, ახლა კი გდია ფეხმოტეხილი და პატრონისგან ელის კუთვნილ ტყვიას, რათა დროზე მოეღოს ბოლო მის ტანჯვა-წამებას. თუმცა ამაოდ, ჯორის პატრონი იღებს ფულს და მიდის, მომაკვდავი ჯორი კი რჩება კვლავ სანატრელი ტყვიის მოლოდინში.
თუ რა შეუძლია ფულს, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს თუნდაც ფილმში და თუნდაც ფილმის გარეთ, და ბოლო დროს განვითარებული ამბების და თუნდაც ამ ფილმის შემდეგ არც კი მებადება კითხვა თუ სად დგას ზღვარი ანგარებასა და უანგარობას შორის და რა შეიძლება არ გააკეთოს ადამიანმა ფულის სანაცვლოდ.
ირანული ფილმი “მოკრძალებული მიღება” ბიაფის საკონკურსო მხატვრული ფილმებიდან
XIX საუკუნის შუა პერიოდის ინგლისის ილტერატურული ცხოვრება მდიდარია ჟანრებით და პრობლემატიკით, მაგრამ თუ რომანტიზმის ხანაში წამყვანი პოეზია იყო, 30–იანი წლებიდან უპირატესობა პროზას მიენიჭა, ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე გავრცელებული ფორმა გახდა რომანი.
რომანის ფართო გამომხატველობითი შესაძლებლობები საშუალებას აძლევდა მწერალს ნათლად გადმოეცა კერძო პირებისა თუ ფართო მასების ყოფა.
რეალისტურმა ლიტერატურამ უარი თქვა რომანტიკული გმირის შექმნაზე. მწერალი რეალისტების ფოკუსში ბურჟუაზიული საზოგადოების რიგითი ადამიანი მოექცა, რომელიც, როგორც თეკერეის მიაჩნდა სულაც არ არის გმირი, სიტყვის პირდაპირი გაგებით.
ინგლისელი რეალისტებს ახასიათებთ სატირული განზოგადების ოსტატობა. სატირა მთელი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით დიკენსისა და თეკერეის ყველაზე ბასრი იარაღია.
დიკენსის მსგავსად, უილიამ თეკერეის მთავარი თემა თანამედროვეობაა, თუმცა ასევე დიკენსისგან განსხვავებით, თეკერეი შორს იყო მშრომელი ხალხის ცხოვრებისგან, მისი მოქმედებისა და განხილვის სფერო ინგლისური საზოგადოების უმდიდრესი ფენებია.
„ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოებია, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული რომანია, მისი ისტორიულობა ძალიან თავისებურია. თვით ვატერლოოს ბრძოლა, რომელმაც ისტორიის მნიშვნელოვანი თავფურცელი დახურა და რომელშიც ნაწარმოების საკმაოდ ბევრი მოქმედი პირი მონაწილეობდა, მხოლოდ შორიდან, გმირების განცდათა ფონზე არის აღწერილი. წიგნში, უშუალოდ თითქმის არც ერთი ისტორიული პირი არ არის გამოყვანილი. ნაპოლეონი და უელინგტონიც კი, მაშინდელი ისტორიის ორი მთავარი მოქმედი გმირი, მხლოდ მუნჯ პერსონაჟებს წარმოადგენენ და იქნებ სულაც არ ეხსენებინა ავტორს წიგნში, ნაპოლეონის ომებსა და მის დამხობასთან რომ არ იყოს დაკავშირებული სედლის გაკონტრება, ჯორჯ ოსბორნის დაღუპვა და საბრალო ემილიას ოჯახის გაუბედურება.
ქვესათაურად, რომ „უგმირო რომანი“ შერჩა ამ წიგნს, სულაც არ არის უბრალო დამთხვევა ან სიტყვათა თამაში, მთავარი გმირი მართლაც არ მოიპოვებოდა იმ მანკიერ საზოგადოებაში, რომლის მთავარი გმირი და კერპი მხოლოდ ფული, სიმდიდრე და პატივმოყვარეობა იყო.
ბურჟუაზიული საზოგადოების მომხვეჭელური კანონების ტიპიური წარმომადგენელია ჯონ ოსბორნი. იგი წარჩინებულობას ეპოტინება და დაუნდობლად ექცევა, უკვე გაკოტრებულ, ერთ დროს მის საუკეთესო მეგობარს სედლის, რომელმაც ფეხზე დააყენა იგი და არა ერთი სამსახური გაუწევია მისთვის. ჯონ ოსბორნი უამრავ ფულს აძლევს ქარაფშუტა ვაჟიშვილს ჯორჯს, ოღონდ იცოდეს, რომ ინგლისის ცნობილი წარჩინებული დარდიმანდებში ტრიალებს, რომელიც როგორც მწერალი გვიჩვენებს, მხოლოდ უბადრუკ თაღლითების, გარყვნილების და მფლანგველების ბრბოს წარმოადგენს. შვილს უკრძალავს გაღატაკებული ჯონ სედლის ქალიშვილის ემილიას შერთვას.
ოსბორნებისა და სედლების გარემოცვაში, ასე თუ ისე დადებითი პერსონა ერთის მხრივ ემილიაა, მეორეს მხრივ – უილიამ დობინი, თუმცა მწერალს არცერთი გამოჰყავს გმირად, არც ერთს არ ინდობს და არც აიდეალებს.
„ამაოების ბაზრის“ გმირები თითქმის მთლიანად უარყოფითი ტიპების სახით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ მწერლის დიდი დამსახურებაა, რომ მისი გმირები ამა თუ იმ ნაკლის უბრალო სქემატური განსახიერებანი კი არ არიან, არამედ კარგი და ცუდი მხარეების შეზავებულ ერთიანობას წარმოადგენს – ადამიანებს ადამიანური სიკეთეებით და სისუსტეებით.
უილიამ თეკერეის ნაწარმოების მიხედვით მრავალი ფილმი თუ სერიალი გადაიღეს, მათ შორის პირველი უხმო ფილმი გადაიღო ჩარლზ კენტმა 1911 წელს, ამის შემდეგ კიდევ სამი უხმო ფილმი გადაიღეს, 1915, 1922 და 1923 წელს.
ნაწყვეტები ფილმიდან „ამაოების ბაზარი“ – 1911წ.
ხმოვან ვერსია სულ სამი ეკრანიზაცია არსებობს, 1932, 1935 და უახლესი, 2004 წლის ეკრანიზაცია, დიდებული კოსტიუმებით, ფილმმა მიიღო Golden Satellite Award, ხოლო ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ლომზე, ვენეციის კინო ფესტივალზე. აქ ბექი შარფის როლს რიზ უიზერსპუნის ასრულებს – ამ მსახიობისთვის ზედგამოჭრილი როლს, ჩემი აზრით.
რაც შეეხება სერიალებს, BBC-იმ, ამაოების ბაზარი, პირველად 1967 წელს წარმოგვიდგინა, ამ სერიალს ერთი ემი ხვდა წილად, კერძოდ სიუზან ჰემფშირს, ბექი შარფის როლისთვის.
შემდეგ, არც ისე წარმატებული სატელევიზო ვერსია შემოგვთავაზა 1987 წელს და ბოლოს, მეტ–ნაკლებად საინტერესო 1998 წლის 6 ეპიზოდიანი ტელესერიალი.
თემა დაწერილია ტელე–კინო რეჟისურის I კურსის I სემესტრისთვის
“სოციალურმა მედიამ კინოწარმოების სამი მთავარი მიმართულება შეცვალა. ცვლილებები არა ევოლოციური, არამედ რევოლუციური იყო, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ფილმებზე, მათ წარმოებაზე და ნახვის ფორმებზე, უფრო მძაფრად, ვიდრე თავის დროზე ფილმების ახმოვანებამ მოახდინა.
კინოწარმოება კოლაბორაციული ხელოვნების ფორმაა, ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. სოციალურმა მედიამ უბრალოდ შეცვალა კოლაბორაციის ფორმები, აქამდე არსებული, მხოლოდ კინოწარმოების პროცესის დროს არსებული კოლაბორაცია, შეიცვალა სცენარისტების, ფილმის მწარმოებლების და აუდიტორიას შორის კოლაბორაციით. ამ ცვლილებამ ლამის სეისმოლოგიური ეფექტი მოახდინა კინოინდუსტრიაზე და იმ ტრადიციებზე, რომლებიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა და რაც შობს სწორედ იმ წესრიგს და ატმოსფეროს, სადაც ჩვენი კინოტრადიციები უკვე აღარ გამოგვადგება.”
პირველი ტრადიცია, რომელიც თვალსა და ხელს შუა შემოგვემსხვრევა იქნება ხელოვნებისა და კომერციის გამიჯვნა. ჰოლივუდის კინომაგნატებს აღარ ექნებათ საშუალება ეგრეთ წოდებული კრეატიული პროცესი განსაზღვრონ ფულის, როგორც საზომი ერთეულის საშუალებით და თავად კრეატიულობა განმარტონ, როგორც გამოშვების თარიღის, მეტრიკის და ფინანსების მღვრიე ნარევი. ახალბედა კინომწარმოებლებიც უნებურად ეშვებიან ტორონტოს, სანდენსის და კანის კინოფესტივალების ფინანსურ მორევში. სამომავლოდ, კინომწარმოებლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ორ ბანაკად დაიყოფიან, ისინი ვინც აძაგებენ და უარყოფენ სოციალურ მედიას და ისინი ვინც ხელგაშლილები აიტაცებენ მას.
მეორე ტრადიცია, რომელსაც სოციალური მედიის სამსხვერპლოზე მივიტანთ არის ტრადიციული ბარიერი აუდიტორიასა და მარკეტოლოგებს შორის. აქამდე, მარკეტოლოგს ამ ზღუდის გადავლა და აუდიტორიამდე მისვლა შეეძლო, მაგრამ მხოლოდ დიდი ფულის ფასად. ახალმა ციფრულმა ეპოქამ ეს ზღვარი ფაქტობრივად წაშალა, კინომწარმოებლებს შეუძლიათ მიაწოდონ ან შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია პირდაპირ აუდიტორიას, ტრადიციული ღირებულებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებ ფასად.
თუ კი ახლადგამოჩეკილი კინომწარმოებლები გაითავისებენ ამას და გამოიყენებენ ახალ მარკეტინგულ მეთოდებს, ეს განსაზღვრავს მათ კარიერას მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში.
მესამე ტრადიცია, რომელიც დანებდება სოციალურ მედიას იქნება სცენარების და ამბავის (თხრობის) განვითარების სტრუქტურები. ვინაიდან ახლანდელ და მომავალ კინომწარმოებლებს პირდაპირ აუდიტორიასთან შეუძლიათ დაკავშირება, შესაძლებელია, რომ აუდიტორია იქცეს სცენარის ან ამბავის განვითარების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად, პროექტის დაწყების დღიდანვე.
ახალი კინომწარმოებლები აიტაცებენ და გამოიყენებენ სოციალური მედიის შესაძლებლობებს. ისინი საკუთარ თავს ვიდეოკომუნიკატორებად ჩათვლიან, რომლებიც ამბების გადმოცემის მრავალფეროვან ტექნიკას იყენებენ. მათი ფილმები გადაახტება კინომწარმოებელსა და აუდიტორიას შორის არსებულ უფსკრულს. ამ ახალ ციფრულ ეპოქაში, ხელოვნებისა და კომერციისთვის არსებული შესაძლებლობები ახლებური ფორმატით, ერთმანეთის გვერდით იარსებებენ, რაც კინომწარმოებლებისთვის დიდი სტიმული და შთაგონების წყარო იქნება სოციალური მედიის ამ ახალ ეპოქაში. ისინი, ვინც ვერ მოახდენენ ადაპტაციას სოციალური მედიის ახალ სტრუქტურებთან, უბრალოდ ნელნელა მინავლდებიან და გაქრებიან”.
ასე მოკლედ და მშრალად მოგვითხრობს ცნობილი კინოპროდიუსერი ელიოტ გროუვი კინოინდუსტრიაზე სოციალური მედიის გავლენის შესახებ.
როგორც ზემოაღნიშნულ სტატიაში ამბობს პროდიუსერი ელიოტ გროუვი, სოციალური მედიის ხიბლი არის მისი შესაძლებლობა პირდაპირ დავუკავშირდეთ ფართო საზოგადოებას, შევთავაზოთ ან მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი, გავიგოთ მათი შეხედულებების შესახებ, მივიღოთ კრიტიკა თუ შენიშვნები ონლაინ რეჟიმში; შეგრძნება იმისა, რომ უშუალოდ მონაწილეობ კინოწარმოების პროცესში პოტენციური მაყურებლისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, ის მონდომებულია, აქტიურია, კინომწარმოებელს აწვდის თავის მოსაზრებებს, გამოხატავს მოწონებას ან პირიქით, მეგობრებსაც უზიარებს მომავალი ფილმის გადასაღები მოედნიდან ფოტოებს, თიზერებს, შედეგად ათასობით, ათიათასობით, ასიათასობით მაყურებელი მოლოდინშია, ერთი სული აქვთ როდის გამოვა ახალი ფილმი, რომ დაუყოვნებლივ გაეშურონ კინოთეატრებისკენ და შემდეგ უკვე ნანახით მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს.
გამიჭირდება გითხრათ, ბოლოს როდის შევხედე კინოთეატრის გარეთ გამოკრულ აფიშას, ან გზების გასწვრივ ჩამაგრებულ ბილბორდებს ან კინორეკლამას ტელევიზორში.
ადამიანი, რომელიც მისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს ორიენტირებულია მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის სწრაფად მიღებაზე, მათ შორის კინოს შესახებ. ასეთი ადამიანი ბევრია, მილიონობით, შესაბამისად კომპანიებმა, ამ შემთხვევაში კინოკომპანიებმა, მარკეტინგულ სტრატეგიებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს და სოციალური მედიის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით სასურველ სეგმენტზე გავიდნენ.
თუ კი აქამდე კინომწარმოებლები დიდძალ ფულს ხარჯავდნენ სატელევიზიო რეკლამებში, რადიო რეკლამებში, ბილბორდებზე, ჟურნალებზე და ა.შ., წარმატებული კინოგაქირავებისთვის, დღეს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს, მართალია ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ მაინც ანაცვლებს სოციალური მედიის ფართო შესაძლებლობები – თავისი ყველაზე მიმზიდველი და გემრიელი თვისებით – ადამიანებთან უშუალო ურთიერთობებით.
დაწყებული თვითდაფინანსებული დამოუკიდებელი ფილმებით და მრავალმილიონიანი ბიუჯეტიანი ფილმებით დამთავრებული, ყველა იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს (Facebook, Twitter, Youtube და ა.შ.) წარმოებული კინოპროდუქტის პიარისთვის და შესაბამისი სეგმენტის მოძიებისთვის.
კითხვაზე თუ რომელ ქვეყანაში ან ქალაქში მოიტანს კინოგაქირავება შემოსავალს, პასუხი მარტივია – იქ სადაც მეტი ინტერესია ამ ფილმის მიმართ, რაც სწორედ სოციალურ მედიაში პოტენციური აუდიტორიის აქტივობით მჟღავნდება, სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე და ა.შ.
ამ ახალი სტრატეგიის ერთ–ერთ ნიმუშად გამოდგება პარამაუნტის“პარანორმალური მოვლენები”, ფილმმა, რომლის ბიუჯეტი 15, 000 დოლარს შეადგენდა, 150 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა.
პარამაუნტი აქტიურად იყენებდა ფეისბუქს ფილმის მხარდასაჭერად, ივენთების ფუნქციას, სადაც მომავალი ფანები აქტიურად გამოთქვამდნენ მათ ქვეყანაში ფილმის ჩვენების სურვილს.
კინოკომპანიის მიზანი იყო 1 მილიონი ფანის მოზიდვა, რომლებიც მოითხოვდნენ ფილმის ფართომასშტაბიან ჩვენებას. მიზანი მიღწეულ იქნა, და მომდევნო უიქენდზე შედეგმაც არ დააყოვნა, ფილმი 160 კინოეკრანზე აჩვენეს, თითო კინოჩვენებიდან, საშუალოდ 49,379 აშშ დოლარი შემოვიდა.
ეს ონლაინ კამპანიის ნამდვილი გამარჯვება იყო. შედეგები მაინც შთამბეჭდავი იქნებოდა, მიუხედავად გამოყენებული მარკეტინგული მეთოდისა, თუმცა ის ფაქტი, რომ კამპანია უშუალოდ ინტერნეტ–მიმართული იყო და კერძოდ, სოციალურ მედიაზე ფოკუსირებული, ამ ყველაფერს გაცილებით საინტერესო ელფერი შესძინა.
ბოლო წლებში ასევე ძალიან აქტუალური გახდა ე.წ. ვირუსული კამპანია ფილმის ტრეილერის საშუალებით, ასეთი მძაფრი კამპანიით გამოირჩეოდნენ ფილმები “დასაწყისი” და “ტრონი: მემკვიდრეობა”, ორივე ფილმმა გამოსვლამდე დაამტკიცა უდიდესი მომავალი ფინანსური წარმატება და მაყურებელთა სიყვარული მოიპოვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ Disney Studio–მ პირველად სწორედ ფეისბუქში წარმოადგინა პოსტერები ფილმიდან “ალისა საოცრებათა ქვეყნიდან”, ხოლო შემდეგ კი ფილმის ტრეილერები.
ცოტა სასაცილოა, მაგრამ Sony–მ არ გამოიყენა ფეისბუქი ფილმის “სოციალური ქსელი” მხარდასაჭერად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიამ თავი შეიკავა სოციალური მედია კამპანიისგან, ისინი აქტიურობდნენ ტვიტერზე, მაისფეისზე (MySpace) და სპეციალურ ვებგვერდზე.
რასაკვირველია, კინოსტუდიები აგზავნიან პრესრელიზებს, აქვთ კომპანიის ვეგბვერდები, ვებგვერდებზე მიბმული ბლოგები, საიდანაც შეიტყობთ უახლეს ამბებს, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად სტუდიები პირველ რიგში სწორედ ფეისბუქს და ტვიტერს იყენებენ უახლესი ტრეილერების პრეზენტაციისთვის.
საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არც თუ ისე ცოტა ფილმი გამოვიდა, მათგან მხოლოდ რამდენიმე იყენებდა სოციალური მედიის სხვადასხვა საშუალებებს – მიზეზი მარტივია, ჩვენში ეს ახალი ხილია და ხან გამოუცდელობის და ხანაც ახლისადმი შიშით ფეხაკრეფით ეპარებიან.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ქართულ–ამერიკული კინოპროდუქცია “2470F”, ფილმს აქვს შესაბამისი ვებგვერდი, არხი Vimeo–ზე, სადაც ატვირთულია ტრეილერები და ფეისბუქ გვერდი ოციათასამდე ფანით; ფილმის ფეისბუქ გვერდს აქვს ბილეთების დაჯავშნის აპლიკაცია, ამ მხრივ კინომწარმოებელი საკმაოდ აგრესიულ კამპანიას ეწეოდა, ვინაიდან ფილმი საქართველოში მხოლოდ 10 დღე გადიოდა; აქვე ნახავთ აპლიკაციას “გაგვიზიარეთ თქვენი აზრი”, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ფეისბუქი და სოციალური მედიის ნებისმიერი სხვა საშუალება უკვე თავისთავად აზრის გამოხატვის უამრავ ფორმას გვთავაზობს, მაგალითად როგორიცაა მოწონება (Like), კომენტარი (comment) და გაზიარება (Share), ეს აპლიკაცია ზედმეტია.
ფორმულა კრეატივის პროდუქცია “ჭამა და სექსი” ერთ–ერთი პირველი ფილმი იყო, რომელიც ფრიად აქტიურად ჩაება სოციალური მედიის ფერხულში. ფილმის გადაღებების პროცესში, ფილმის გამოსვლამდე სულ რაღაც 3 კვირით ადრე შეიქმნა ფეისბუქ ფანგვერდი, დაახლოებით 4000–მდე ფანით, სადაც აქტიურად დებდნენ ფოტოებს გადაღების მოედნიდან, ვიდეო რგოლებს, სტატუსებს, ფანებს შესთავაზეს ფოტოკონკურსი ფილმის თემაზე და გამარჯვებულებს კინოს ბილეთები გადასცეს; ფილმის გამოსვლამდე და ფილმის ჩვენების პროცესში სწორედ ფეისბუქზე, ბლოგებზე დაიწერა უამრავი პოსტი, ზოგი დადებითი, ზოგი უარყოფითი, რამაც ასევე დიდი როლი შეასრულა აუდიტორიის მოზიდვაში.
და ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ ქსელებს უკვე საქართველოშიც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს (ფეისბუქზე 700 000–მდე 17+ წლის), სასურველია, საქართველოში მოქმედმა კინომწარმოებლებმა აქტიურად გამოიყენონ სოციალური ქსელები და უშუალო კონტაქტში შევიდნენ სამიზნე აუდიტორიასთან, მათი ფილმების პოპულარულობის და ფინანსური წარმატების მოსაპოვებლად.
1950 წელს გადაიღეს სრულმეტრაჟიანი ფერადი დოკუმენტური სურათი “საბჭოთა საქართველო” (რეჟისორი ს. დოლიძე, რ. კარმენი).
“კინოსურათი ამაღელვებლად მოგვითხრობს ქართველი ხალხის შემოქმედებითი პათოსით აღსავსე შრომაზე, რომელმაც მთლიანად უცვალა სახე საქართველოს, ააყვავა იგი და დიადი საბჭოთა ქვეყნის ერთ–ერთ მოწინავე რესპუბლიკად აქცია” – სწერდა გაზეთი “კომუნისტი”.
საბჭოთა საქართველოს ახალი ადამიანები – კოლმეურნეები, მუშაკები, ინჟინრები, მეცნიერები, ხელოვნებისა და ლიტერატურის მოღვაწენი, მათი ყოველდღიური ცხოვრება – აი, ის, რაც ძირითადად აინტერესებდათ სურათის შემქმნელებს.
სურათის ავტორებმა განიზრახეს მთელი სისავსით ეჩვენებინათ საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრება, მისი მიღწევები, მაყურებლისათვის გადაეშალათ საქართველოს ულამაზესი ბუნების მთელი სიდიადე და მრავალფეროვნება. რაც უთუოდ შეასრულეს სურათის ავტორებმა.
დიდი ზომიერებითა და გემოვნებით არის მოცემული სურათში ქართველი ხალხის ისტორია. ეკრანზეა მეფე ერეკლე II–ის მიერ ხელმოწერილი ტრაქტატიმ რომლის შედეგად ქართველმა ხალხმა სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ბედი დიდ რუს ხალხს.
საქართველოს გული – თბილისი მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც 15 საუკუნის ისტორია აქვს. ეკრანზე ვხედავთ ახალ სოციალისტურ თბილისს, მის მონუმენტურ ნაგებობებს, ახალ, ფართო ქუჩებს, პარკებსა და ბაღებს, შესანიშნავ ხედებს, საწარმოებს, სამეურნეო და კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს . . .
ეკრანზე ვხედავთ ტყიბულისა და ტყვარჩელის მოწინავე მეშახტეებს, რომლებმაც თავდადებული, ნოვატორული შრომით მაღლა ასწიეს სოციალისტური შეჯიბრების დროშა.
ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს კადრები, რომლებშიც აღბეჭდილია საქართველოს მძიმე ინდუსტრიის პირმშო–რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. სურათში შესანიშნავად არის ნაჩვენები ქარხნის მოწინავე ადამიანების ცხოვრება და შრომა.
დიდი რეჟისორული და ოპერატორული ოსტატობით არის გადაღებული ქართული ფოლადის შექმნის პროცესები.
თბილისის გვერდით აყვავდნენ საქართველოს ქალაქები – ქუთაისი, სოხუმი, ბათუმი, ფოთი, თელავი;
სურათში განსაკუთრებით გამოირჩევა კადრები, სადაც ასახულია საქართველოს ულამაზესი კურორტები: გაგრა, ბორჯომი, რიწა, ახალი ათონი, წყალტუბო, ქობულეთი, ბაკურიანი, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხთა ჯანმრთელობის კერებს წარმოადგენენ.
ასევე ჩანს ქართველი მწერლების შემოქმედებითი მეგობრობა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მუშაკებთან, ქართველი მხატვრების დაძაბული შემოქმედებითი შრომა.
სურათი თავდება სამგორის არხის გახსნისადმი მიძღვნილი საყოველთაო სახალხო ზეიმით.
ასრულდა ხალხის სანუკვარი ოცნება – მოდის წყალი! ივრის წყალი!
ოსკარის ნომინანტი აშვინ ქუმარისთვის ეს არ არის პირველი ფილმი, რომლის დიდ ეკრანებზე ჩვენება აკრძალეს ინდოეთში. 2010 წელს, ორმა ფილმმა „Inshallah, Football“ და „Dazed In Doon“ ვერ გაუძლო ცენზურის საბჭოს.
9 თვე დასჭირდა 300 საათიანი მასალის 80 წუთამდე მონტაჟს და ამგვარად, რეჟისორის მორიგი ფილმი, იშვიათი და ძვირფასი კადრებით – „Inshallah, Kashmir: Living Terror “, 2012 წლის იანვარში დასრულდა. მას შემდეგ რაც ფილმმა სათანადო ცენზურის სერთიფიკატი ვერ მოიპოვა, რეჟისორმა გადაწყვიტა ფილმის ონლაინ სივრცეში გაშვება, რაც სიმბოლურად ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს – 2012 წლის 26 იანვარს დაემთხვა.
„ინდოეთის სახელმწიფო დროშის აღმართვის პარალელურად, ფილმის მნახველები ინტერნეტის საშუალებით შეიტყობენ ინდური დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ“ – განაცხადა რეჟისორმა.
ახალი დოკუმენტური ფილმი ქაშმირელების პირით მოგვითხრობს „თუ როგორ ჩაანაცვლა მათი თავისუფლება შიშმა და ინსტიტუციონალურმა ჩაგვრამ . . . ფილმი შედგება გულისგამგმირავი ისტორიებისგან, იმ სისასტიკის და ტერორის შესახებ, რომელსაც ინდოეთის შეიარაღებული ძალები და ანალოგიურად მებრძოლებიც (არალეგალური) ახორციელებენ“.
ფილმი ზუსტად პასუხობს შეკითხვას, რომელიც ხშირად გაღიზანებით უჩნდებათ დანარჩენ ინდოეთში მცხოვრებ ადამიანებს, „რა ჯანდაბა უნდათ ქაშმირელებს?“
„ფილმში იხილავთ და მოისმენთ ყოფილი და ამჟამინდელი მებრძოლების, ქაშმირის ყოფილი მმართველის ვაჯაჰატ ჰაბიბულაჰის, ნობელის ნომინანტი აქტივისტის ფარვეენა აჰანგარის (ორი ათეული წელი იბრძოდა იმისთვის რომ დაკარგული ხალხისთვის ყურადღება მიექციათ ანუ როგორც ის უწოდებს „იძულებითი გაუჩინარებები“), მებრძოლების მიერ გატაცებული ინდოელი წყვილის საუბრებს და ა.შ.
ყველაზე შემაშფოთებელი და კონტროვერსიულია სოფელ ქუნან ფოშფურას მაცხოვრებელი ინდოელი ქალების მონათხრობი, რომლებიც ინდოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გააუპატიურეს 1991 წლის 23 თებერვალს“.
„ფილმის მთავარი არსი არის ის, რომ ამ ქაოსში სწორედ უბრალო ხალხი იჩაგრება. ქალები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში დაკარგულ, დიდი ალბათობით გარდაცვლილ შვილებს, ქმრებს და ძმებს ეძებდნენ; დაუცველი ქალების გაუპატიურების ფაქტები და სხვა“.
„მთავრობებს სჩვევიათ გვიკარნახონ რას ვუყუროთ, რას მოვუსმინოთ და აიძულონ საზოგადოება მიმდინარე და ისტორიული მოვლენები მიიღონ იმ ვერსიით, რომელსაც ისინი სთავაზობენ“ – აღნიშნავს ინდოელი ბლოგერი პროტიკ ბასუ თავის ბლოგზე.
იხილეთ დოკუმენტური ფილმი სრულად
UPDATED
გუშინ დავდე ეს პოსტი და სამწუხაროდ, დღეს ფილმის სრული ვერსია თითქმის ყველგან გამქრალია, გთავაზობთ მცირე მონაკვეთს რაც შემორჩა
ჩვენთვის დღეს კარგად ნაცნობი და ცხვირწინ მოტრიალე რეკლამები როგორი იყო რამდენიმე ათეული წლის წინ, ჩემი აზრით ნაკლებად გამაღიზიანებელი და საინტერესო, ან შეიძლება ახლა მეჩვენება ასე და ვუყურებ როგორც კლასიკას
ესეც ჩემი რჩეული რეტრო რეკლამები
სიგარეტი “Gitanes” – ომარ შარიფი, 1982 წელი, ეგვიპტე