გუშინ, სრულიად შემთხვევით შევიძინე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის ანგარიში
ბლოგზე პერიოდულად შემოგთავაზებთ ამონარიდებს აღნიშნული ანგარიშიდან, რასაკვირველია სტილის დაცვით.
1. ტფილისში არსებობს „ტფილისის საქველმოქმედო საზოგადოება“, რომლის სახელობაზე დაარსებულია ორ კლასიანი ქალთა სკოლები ვერაზე, კუკიაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე და ავლაბარში. თუმცა მოწაფეთა უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, მაგრამ დირექციას საჭიროდ არ მიაჩნდა ამ სკოლებში ქართულის სწავლება. წ.კ. საზოგადოების მეცადინეობით შემოღებულ იქმნა ქართული ენის (როგორც საგნის) სწავლება. 1912 წლის შემოდგომიდან ვერის სკოლაში, ხოლო 1914 წლის შემოდგომიდგან სოფიოს სახელობისა (ჭავჭავაძის ქუჩაზე), კუკიის და ავლაბრის სკოლებში. საანგარიშო წელს ვერის სკოლაში 100 ქართველი სწავლობდა, სოფიოს სახელობაში – 60, კუკიისაში – 55, ავლაბრისაში 50. ვერის სკოლაში ქართულს ასწავლის ანნა შარაშიძე, დანარჩენ სკოლებში ბარბარე გარსიაშვილი. ორთავეს დასრულებული აქვს საეპარქიო დედათა სასწავლებელი და ნაკისრ მოვალეობას კარგად ასრულებენ.
1915 წლის განმავლობაში ამ სკოლებზე წ.კ. საზოგადოებამ დახარჯა 692 მან. 76 კაპ.
2. გალის სკოლა. სამურზაყანოში, დაბა გალში, არსებობს მეორე ხარისხოვანი სამრევლო სამასწავლებლო სასწავლებელი. აქ სწავლობენ მხოლოდ მეგრელები, სვანები და ქრისტიანი აფხაზები. სკოლის დასრულების შემდეგ ყმაწვილებს ამწესებენ სამურზაყანოში და სამეგრელოში მასწავლებლად და მედავითნედ, შემდეგ ზოგი მათგანი მღვდლადაც მიდის. გალის სკოლაში ყველაფერს ასწავლიდნენ გარდა ქართულისა, ადვილად წარმოსადგენია, ქართულის უცოდინარი მასწავლებელი, მედავითნე ან მღდველი როგორი დამცველი იქნება ქართულის ინტერესებისა.
წ.კ. საზოგადოების გამგეობის მაცადინეობით 1915 წლის შემოდგომიდან წ.კ. საზოგადოების ხარჯით გალის სკოლაში შემოღებულ იქმნა ქართული ენის სწავლება, როგორც საგნისა. მასწავლებლად გამწესებულ იქმნა ქართულ ლიტერატურაში ცნობილი პეტრე ჭარაია.
1916 წლის განმავლობაში, გალის სკოლაზე დახარჯა 198-90.
——————
თბილისი, მსწრაფლ-მბეჭდავი სტამბა ვ. რუხაძისა, გაბაევის შესახვევი #1
1916

კაი პოსტია