პიანინოზე დადიოდით?

მე დავდიოდი პიანინოზე, რასაკვირველია არა ბუკვალურად, უბრალოდ მაშინ ასე ამბობდნენ.

რატომ დავდიოდი არ ვიცი, უბრალოდ მთელი რიგი მშობლების ატაცება/გატაცება იყო ასეთი, რომლებსაც შვილები პიანინოზე დაყავდათ.

ადრეული 90–იანი წლები იყო და მეც დავიწყე პიანინოზე სიარული. ყველას ჰყავდა მეზობლად მუსიკის მასწავლებელი, ლეილა, ნუნუ, მადონა, ლამზირა, ჩვენს მეზობლად მუსიკის მასწავლებელი ნელი ცხოვრობდა და მიუხედავად გაჭირვების წლებისა, მთელი უბანი ნელისთან დადიოდა. ყველას უჭირდა, მაგრამ ნელის არ უჭირდა. უბანში სამი შეძლებული ადამიანი იყო, ნელი – ის ვინც მუსიკას ასწავლიდა, მანანა ის ვინც დიდ ტორტებს აცხობდა და კიდევ ერთი (სახელი არ მახსოვს) ვინც ოთახებს აქირავებდა.

პიანინო ვერ ვისწავლე, 4 წელი ვიჩანჩალე, ყოველ წასვლაზე ცრემლ–ხავილნარევი ვოკალის თანხლებით, შეწუხდნენ მშობლები, შეწუხდა ბაბო “ბალღს ნუ აწვალებთო”. აქვე მუსიკის მასწავლებელმა ნელიმ ოტორინოლარინგოლოგობაც იტვირთა და დასვა დიაგნოზი: “სმენა არ აქვს”. – და მოხდა დიდი ტრაგედია – შვიდწლედი ვერ დავამთავრე!

გაუსაძლისი იყო პიანინოზე სიარული, ან რა გასაძლები იქნებოდა ყოველ გაკვეთილზე “დგაფაააან” – სახაზავი ხელებში. ვერ ვიტანდი ბახს, შორიდანვე ვცნობდი, სხვებთან შედარებით მისი ნოტები უფრო მუქი იყო, უფრო მუქი კი ნიშნავს უფრო რთულს და მძიმეს. როგორც კი ნელი მასწავლებელი გვერდით ოთახში გავიდოდა, გავლაღდებოდი და მივუშვებდი ხოლმე თითებს თავის ნებაზე, თუმცა მყისიერად მესმოდა ნელის გამკივანი ხმა “თავიდაააან”. ანუ შემეშალა და თავიდან უნდა დამეწყო.  მაშინ ვერა და წლების მერე მივხვდი, როგორ ხვდებოდა მეორე ოთახში გასული მუსიკის მასწავლებელი ჩემს შეცდომას. პასუხი შემაშფოთებლად მარტივი აღმოჩნდა: მას სმენა ჰქონდა და მე არა.

კლასიკა არ მაინტერესებდა, სახლში მისული მეზობელს ვთხოვდი ჭრელო პეპელა გაფრინდინელას დაკვრა ესწავლებინა; არ მქონდა ისეთი ასაკი რომ კლასიკაზე გამეფრინა ან მეგრძნო მთელი თავისი არსით, როგორც ვიგრძენი მოგვიანებით და მომინდა კიდეც სწავლა, მაგრამ უკვე QWERTY–ზე მორგებული თითების დამორჩილება გვიანი აღმოჩნდა.

შვიდწლედი რომ ვერ დავამთავრე ეს დიდი სირცხვილი იყო მაშინ, თუმცა, მართალია სმენა ყურებში არ აღმომაჩნდა, ის წარმატებით განვითარებულიყო ფეხებში, რამაც 7 წელზე მეტი წარმატებით მაცეკვა ქართული ცეკვები.

ამოცანა თუ გამოცანა, რომელიც 90–იან წლებში პიანინოზე სიარულს უკავშირდება მაინც ვერ ამოვხსენი, რა იყო ეს? საშუალება რომ როგორმე ცარიელი სივრცე შეევსოთ? ბავშვისთვის არაფერი მოეკლოთ? როგორმე უფერული ცხოვრება გაეფერადებინათ? თუ, თუ რა? არადა რა სირცხვილი ვჭამე შვიდწლედი ვერ დავამთავრე.

და როგორ ფიქრობთ, ვინც დაამთავრა შვიდწლედი, დიპლომიც აქვს და ერთი ნოტის აღებაც არ შეუძლიათ, სახე მოიხიეს კლასიკით? არა, მათ უბრალოდ მეტი ნებისყოფა აღმოაჩნდათ ალბათ და მეტი წნეხი მშობლებისგან. ეს არის და ეს.

უკაცრავად და, თქვენ დადიოდით პიანინოზე?   :)

ქართული ენის შემოღება სხვა და სხვა სკოლებში

გუშინ,  სრულიად შემთხვევით შევიძინე  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის  ანგარიში

ბლოგზე პერიოდულად შემოგთავაზებთ  ამონარიდებს აღნიშნული ანგარიშიდან,  რასაკვირველია სტილის დაცვით.

1. ტფილისში არსებობს „ტფილისის საქველმოქმედო საზოგადოება“, რომლის სახელობაზე დაარსებულია ორ კლასიანი ქალთა სკოლები ვერაზე, კუკიაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე და ავლაბარში. თუმცა მოწაფეთა უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, მაგრამ დირექციას საჭიროდ არ მიაჩნდა ამ სკოლებში ქართულის სწავლება.  წ.კ. საზოგადოების მეცადინეობით შემოღებულ იქმნა ქართული ენის (როგორც საგნის) სწავლება. 1912 წლის შემოდგომიდან ვერის სკოლაში, ხოლო 1914 წლის შემოდგომიდგან სოფიოს სახელობისა (ჭავჭავაძის ქუჩაზე), კუკიის და ავლაბრის სკოლებში. საანგარიშო წელს ვერის სკოლაში 100 ქართველი სწავლობდა, სოფიოს სახელობაში – 60, კუკიისაში – 55, ავლაბრისაში 50. ვერის სკოლაში ქართულს ასწავლის ანნა შარაშიძე, დანარჩენ სკოლებში ბარბარე გარსიაშვილი. ორთავეს დასრულებული აქვს საეპარქიო დედათა სასწავლებელი და ნაკისრ მოვალეობას კარგად ასრულებენ.

1915 წლის განმავლობაში ამ სკოლებზე წ.კ. საზოგადოებამ დახარჯა 692 მან. 76 კაპ.

2.  გალის სკოლა. სამურზაყანოში, დაბა გალში, არსებობს მეორე ხარისხოვანი სამრევლო სამასწავლებლო სასწავლებელი. აქ სწავლობენ მხოლოდ მეგრელები, სვანები და ქრისტიანი აფხაზები. სკოლის დასრულების შემდეგ ყმაწვილებს ამწესებენ სამურზაყანოში და სამეგრელოში მასწავლებლად და მედავითნედ, შემდეგ ზოგი მათგანი მღვდლადაც მიდის. გალის სკოლაში ყველაფერს ასწავლიდნენ გარდა ქართულისა, ადვილად წარმოსადგენია, ქართულის უცოდინარი მასწავლებელი, მედავითნე ან მღდველი როგორი დამცველი იქნება ქართულის ინტერესებისა.

წ.კ. საზოგადოების გამგეობის მაცადინეობით 1915 წლის შემოდგომიდან წ.კ. საზოგადოების ხარჯით გალის სკოლაში შემოღებულ იქმნა ქართული ენის სწავლება, როგორც საგნისა. მასწავლებლად გამწესებულ იქმნა ქართულ ლიტერატურაში ცნობილი პეტრე ჭარაია.

1916 წლის განმავლობაში, გალის სკოლაზე დახარჯა 198-90.

——————

თბილისი, მსწრაფლ-მბეჭდავი სტამბა ვ. რუხაძისა, გაბაევის შესახვევი #1 

1916

Efes რეტრო & არტი

ლუდი რომ ძალიან მიყვარს ამ პოსტიდან გეცოდინებათ , თუმცა ჩემი ოთხბორბლიანი მეგობრის გადამკიდე ხშირად ვერ გეახლებით.

ასევე ჯიუტად ვესწრები ხოლმე ლუდის ფესტივალებსაც საქართველოში, თუმცა უშედეგოდ ყოველ წელს ნატახტარის ფესტივალი ტარდება, სამწუხაროდ.  ისიც მახსოვს რომ ბოლო  ფესტივალზე მცირე კუთხის სახით იყო Efes Pilsen წარმოდგენილი, მაგრამ ვეღარ მივუსწარით, მალე გათავდა.

ყველაზე ხშირად ლუდს მივირთმევ როდესაც დასასვენებლად მივდივარ, მათ შორის თურქეთში, რა დროსაც სასმელებიც შედის სასტუმროს ტურისტულ პაკეტში, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები და მათ შორის ლუდი Efes, რომლის რეკლამებიც მთელ თურქეთში ისეა მიმოფენილი როგორც ტრიალ მინდორზე ყაყაჩოები.

სანაპირო ზოლი პრაქტიკულად ეფესის ფერებშია გადაწყვეტილი ეფესის ქოლგების მეშვეობით.

თურქეთი, 2009წ.

ერთი სიტყვით, ზაფხული ჩემთვის ის დროა როცა ლუდი მდინარედ მოედინება . . .  :)

ლუდის სიყვარულში მოვხვდი  Efes კარაოკე ფართიზე ბლოგერებთან ერთად, გვარიანად ვიჩხავლე (ვერ გამაგდებინეს ხელიდან მიკროფონი), და თურქეთში გატარებული დღეებიც გავიხსენე, მიუხედავად მანქანისა, მაინც დავლიე, თან ერთ ბოთლს ზუსტად  ჩემი სახელი ეწერა და როგორ შეიძლებოდა არ დამელია :(

Continue reading

“იქ” სადაც კოსმონავტები თავისი ფეხით მიდიან

ანუ, როგორ მიდიან კოსმონავტები კოსმოსში იქ, სადაც ჩვენც და მეფეებიც თავისით მიდიან აქ, დედამიწაზე :D

რასაკვირველია, აბსოლუტური უწონადობის პირობებში დაფრინავენ, ფეხსალაგამდე მისაღწევად და შემდეგ იქ კომფორტულად მოწყობისთვის კოსმონავტები წინდაწინ ტრენინგს გადიან.

ამისთვის ფეხსალაგის წინ არის ფეხების გასაყოფი და დასამაგრებელი ადგილი, პარალელურად მარცხნივ და მარჯვნივ არის ხელჩასაჭიდი და კოსმონავტმა უნდა იყოჩაღოს რომ ყველაფერი მოხვდეს ამ ერთ პატარა ხვრელში :D წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი (ექსკრემენტები) ჰაერში იფრენს ცხადია.

ტრენინგი კი მოიცავს ვიდეოკამერიან ფეხსალაგზე ვარჯიშს, ანუ ე.წ. უნიტაზის ხვრელის ქვეშ ჩამაგრებულია ვიდეოკამერა და მონიტორზე შეგიძლია დააკვირდე რამდენად კარგი სნაიპერი ხარ :D

რაც შეეხება მოშარდვას, ამისთვის არსებობს, პატარა მილი–საქაჩი (насос), რომელიც გაქაჩავს შარდს, შარდი მუშავდება, დამუშავების შემდეგ მიიღება სასმელი წყალი, რისი მეშვეობითაც შატლზე ამზადებენ კერძებს.

SPACE TOILET