სოფელში სეირნობის დროს, ხშირად ავუვლიდით–ჩავუვლიდით ხოლმე ამ ეკლესიას, თუმცა ეკლესიას ვერც მიამსგავსებდით, ძალიან უცნაური ფორმა ჰქონდა; 20–იანი წლებიდან მოყოლებული, ამ ეკლესიის სივრცეში არც მეტი, არც ნაკლები კინოკლუბი იყო განთავსებული – კინოდანადგარი, ასე მოიხსენიებდნენ მაშინ;
ანაგელების მონათხრობის მიხედვით, აქ უჩვენებდნენ ინდურ, რუსულ, ქართულ ფილმებს, მოგვიანებით კინოკლუბმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ისევე როგორც ბევრმა კინოკლუბმა საქართველოში და ანაგა–ვაქირის მიჯნაზე აღმართული XVII საუკუნის ფერისცვალების ეკლესია უბრალოდ, ერთ მიტოვებულ შენობად იქცა.
როგორც მეზობელ ბლოგზე ვკითხულობ:
“აქ შეასრულა თავისი უკანასკნელი სიმღერა ,,თავო ჩემო ბედი არ გიწერია” ლეგენდარულმა ვანო სარაჯიშვილმა. ამ ფაქტს ცოდვად მოიხსენიებენ ფანატიკოსი მორწმუნენი და აღნიშნავენ, რომ ეკლესიის საკურთხეველში შესრულებული სიმღერის ცოდვამ უწია ვანოს, რომელსაც ამ კონცერტის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია.”
წინა შაბათ–კვირას სოფელს ვესტუმრე, როგორც მივხვდი ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს და როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მითხრა სამება იქნებაო, თუმცა რამდენად მართალია არ ვიცი.
სამწუხაროდ კინოკლუბი აღარ იქნება არც აქ და არც სხვაგან
პ.ს. ეს არის ყველაზე დიდი ეკლესია და ალბათ ერთ–ერთი მიზეზი კინოკლუბად ქცევისა შეიძლება ესეც იყო. დანარჩენი ეკლესიები რაც ვნახე, ყველა ძალიან პატარაა, მინიმალისტური.
ვაქირის მხრიდან

