სულ ახლახან, ჩემს ძველ, 6 წლის წინანდელ ტელეფონს შეველიე, დაფნის გვირგვინი დავკიდე გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო ადგილი მივუჩინე კარადაში.
აი ისიც, 3.5 პx კამერით, კარგი დამრტყმელი და კარგი პურისმჭამელი ბიჭი იყო, ნორმალური ფოტოებით, ყოველ შემთხვევაში გადაუდებელ თუ გადმოდებულ სიტუაციებშიც კარგად უმკლავდებოდა დაკისრებულ მოვალეობას.
ახალ ტელეფონს, რაც შეეხება მადარდებდა თაჩი, თუმცა დაახლოებით 1–2 კვირაში შევეჩვიე.
რატომ ავირჩიე სწორედ ეს ტელეფონი?
რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:
– Android OS, v2.3.4 (Gingerbread), შესაძლებელია განახლდეს v4.0
არ მახსენდება თუ არსებობს ტონი მორისონის თარგმანები ქართულ ენაზე, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნამდვილად არ შემხვედრია, სამწუხაროდ მაშინ (1999–2003) პროგრამაშიც არ იყო აფრო–ამერიკული ლიტერატურა, მიმოხილვის დონეზე მაინც, რომ გაევლოთ სტუდენტებს.
შესაბამისად ვუბრუნდები მაშინდელ თუ ახლანდელ მოგროვილ მასალას და პერიოდულად ბლოგზეც დავწერ, თუმცა არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამით ის ცარიელი ადგილები შეივსება, რაც ქართულ ენაზე ნათარგმნ ამერიკულ ლიტერატურის ისტორიაში და ზოგადად საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიაშია.
აფრო–ამერიკული ლიტერატურა ჩემთვის ყველაზე მიმზიდველია. განსაკუთრებით კი 70–იანი ანუ დაახლოებით იმ პერიოდიდან, როდესაც კონსოლიდაციის ეპოქა დაიწყო, დასრულდა ვიეტნამის კონფლიქტი, რასაც მალე აშშ–ს მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარება და ამერიკის დამოუკიდებლობის ორასი წლისთავი მოჰყვა.
შედეგად, 1980–იანი წლების “Me Decade” დადგა, სადაც ადამიანები, უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ პირად საკითხებზე, ვიდრე ზოგადსაკაცობრიო, სოციალურ თემებზე.
რაც შეეხება ლიტერატურას, აქ ძველი ტენდენციები შემორჩა, თუმცა აქა–იქ სუსტი ექსპერიმენტული ნაპერწკლებიც გაიელვებდა.
60–იანი წლების ექსპერიმენტული მწერლების მიერ მიტოვებული რეალიზმიც უკან იხევდა, რომელიც ხშირად მკვეთრად გამოხატულ ელემენტებთან შეზავდებოდა ხოლმე – თამამი სტრუქტურა, რომანი რომანში, როგორიცაა ჯონ გარდნერის “ოქტომბრის სინათლე” ან შავკანიან ამერიკელთა დიალექტი, ალისა უოლქერის ნაწარმოებში “იასამნისფერი”. უმცირესობის ლიტერატურაც უფრო და უფრო ვითარდებოდა. დრამა რეალიზმიდან უფრო კინემატიკურ, კინეტიკურ ფორმებს იღებდა.
ამ პერიოდში გამოჩნდა ასპარეზზე, ცნობილი აფრო–ამერიკელი ნოველისტი ტონი მორისონი. იგი ოჰაიოში დაიბადა, დაამთავრა ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით (დიახ, ჩემი კოლეგა გახლავთ ), შემდეგ მაგისტრატურა, აქ ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მისი სამაგისტრო ნაშრომი “სუიციდის თემა უილიამ ფოლკნერის და ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში”. შემდეგ ვაშინგტონის მთავარ საგამომცემლო სახლში მთავარ რედაქტორად მუშაობდა, და ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს.
მორისონს, მდიდარი ფერებით და ხასიათებით შექმნილმა ნაწარმოებებმა საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თავის მასშტაბურ, ყოვლისმომცველ რომანებში, შავკანიანთა კომპლექსურ ბუნებას, მრავალმხრივ ჭრილში გვიჩვენებს. მის ერთ–ერთ ადრეულ ნაწარმოებში “ლურჯი თვალი” (1970), პრინციპული ახალგაზრდა გოგონა, გვიყვება პეკოლა ბრიდლოვის ამბავს, რომელიც გადაურჩება მოძალადე მამის კლანჭებს. პეკოლა დარწმუნებულია, რომ მისი მუქი ფერის თვალები, რაღაც სასწაულით ლურჯად გადაიქცევა და ამის შემდეგ მას უფრო შეიყვარებენ. მორისონმა აღნიშნა, რომ მან, როგორც მწერალმა, ამ რომანის მეშვეობით შექმნა იდენტობის მისეული გაგება: “მე ვიყავი პეკოლაც, კლაუდიაც და ყველა.”
“სულა” (1973) მოგვითხრობს ორი ქალის ახლო მეგობრობის შესახებ. მორისონი აფრო–ამერიკელ ქალებს გვაცნობს, როგორც უნიკალურ, სრულად ინდივიდუალურ ხასიათებს, ვიდრე გავრცელებული სტერეოტიპებია.
მორისონის ნაწარმოებმა “სოლომონის სიმღერა” (1977) რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. ნაწარმოები მოგვითხრობს შავკანიანი მამაკაცის ოჯახთან და საზოგადოებასთან დაძაბული ურთიერთობების შესახებ.
ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა “შეყვარებული” (1987) მოგვითხრობს მძიმე, ტრაგიკულ ისტორიას ქალზე, რომელიც მოკლავს თავის ორი წლის შვილს, მონურად ცხოვრების სანაცვლოდ. ნაწარმოებში გამოყენებულია მაგიური რეალიზმის არარეალური, მითიური თხრობის ტექნიკა, აღწერს რა იდუმალ პერსონაჟს, სულს, რომელიც თავის თავს უწოდებს შეყვარებულს; სული საცხოვრებლად ისევ თავის სახლს უბრუნდება და აქ იწყება საინტერესო ისტორიები, დედისა და შვილის ურთიერთობები, მონების მძიმე მდგომარეობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს ის თემებია, რაც ამ წიგნში კარგად არის გაშლილი და დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მკითხველების, ასევე კრიტიკოსების მხრიდან.
ამ ნაწარმოებისთვის, 1988 წელს, მწერალს პულიცერის პრემია გადაეცა.
მორისონი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი რომანები ხელოვნების სრულყოფილი ნიმუშებია, ისინი შეიცავენ პოლიტიკურ მესიჯებსაც:
“ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ ჩემი ფანტაზიის რეალიზაციით სიამოვნების მიღება. . . დიახ, ნაწარმოები პოლიტიკური უნდა იყოს”.
1993 წელს, ტონი მორისონი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში.
დღემდე, 81 წლის ასაკშიც, იგი აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას და გახლავთ ჟურნალის “The Nation” სარედაქციო კოლეგიის წევრი.
პ.ს. ამ პოსტის წერისას, აღმოვაჩინე, რომ პროექტის “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”, არის შესაძლებლობა ითარგმნოს მწერლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები “შეყვარებული”.
–––––––––––
მიუხედავად თეთრი კანისა, იგი ჩვენი პირველი შავკანიანი პრეზიდენტია. უფრო მეტად შავკანიანი, ვიდრე ნამდვილი შავკანიანი, რომელსაც ოდესმე ჩვენი შვილების თაობა აირჩევს. ესეც, რომ არ იყოს, მას აქვს ყველა ის შტრიხი, რაც ახასიათებთ შავკანიანებს: მარტოხელა მშობლის მიერ სიღარიბეში გაზრდილი, საქსოფონისტი, მაკდონალდსის მოყვარული ბიჭი არკანზასიდან.
– წერს ტონი მორისონი, წერილში 1998 წლის იმპიჩმენტის შესახებ. :)
როგორ მოხდა აღარ მახსოვს, მაგრამ არც ასლის გადაღების საშუალება იყო და არც წიგნის შოვნის, უნივერსიტეტში დიდი ბრიტანეთის მთელი ისტორიის ხელით დაკონსპექტება მომიწია, ხან ქართულიდან და უფრო მეტად ინგლისური წყაროებიდან. ხელით წერისას თითქოს უფრო გამახსოვრდება ყველაფერი, შეიძლება თითებსაც აქვთ მეხსიერება . . .
მეც, მეტ–ნაკლებად მახსოვს ამ ქვეყნის ისტორია, შეიძლება წლები ტყვიის სიზუსტით ვერ მიგითითოთ, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდები, როგორიცაა დედოფალ ელისაბედ I–ს ხანა, კარგად მახსოვს;
მით უმეტეს, ამ პერიოდს უკავშირდება ლიტერატურაში (და არა მხოლოდ), აღორძინების ხანაც, მარლო, შექსპირი . . .
ორი დედოფალი ერთ ქვეყანაში . . . ან ერთი უნდა დარჩეს, ან მეორე, დიდი ხანი ვერ აიტანდა ქვეყანა ორ დედოფალს, ქვეყანა დუღდა, გაეხვა შეთქმულებების ხან რეალურ და ხან არალეალურ ღრუბლებში . . .
შილერის ნაწარმოების ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო სცენაა ამ ორი მოქიშპე ქალბატონის შეხვედრა ფოთრინგეის ციხეში, სადაც მარიამი ქცევით თუ სიტყვებით ცდილობს დასცინოს და დაამციროს, მკაცრი და თავდაჯერებული დედოფალი ელისაბედი.
სწორედ აქ ჩანს ყველაზე კარგად, თუ რა დიდი განსხვავებაა ამ ორ ქალს შორის, მარიამი ვნებებს აყოლილი, თამამი ქალი, ხოლო ჟღალთმიანი მედიდური, ზვიადი, ნამდვილი მონარქის თვისებებით.
მაგრამ ეს შეხვედრა შედგა მხოლოდ შილერის პიესაში.
სინამდვილეში . . .
სინამდვილეში კი, მარიამ სტიუარტი თითქმის 20 წელი იყო ჟღალთმიანის ტყვეობაში და ამ დროის განმავლობაში, ისინი ერთხელაც არ შეხვედრიან ერთმანეთს.
მისი სილამაზეც თაყვანისმცემლების შექმნილია . . .
ფილმებში, სპექტაკლებში, წიგნებში ყველგან ულამაზესი და მომხიბვლელია, არც სინამდვილეში იყო მახინჯი, თუმცა არა ისეთი, როგორსაც წარმოვიდგენთ, დაახლოებით 40 წლამდე, ფუმფულა, ჭაღარა შეპარული ქალბატონი გახლდათ.
ელისაბედის გარშემოც უამრავი საყვარელი ირეოდა, მაგრამ მათ ანგარება ამოძრავებდათ ქალწული დედოფლისადმი და მხოლოდ გამორჩენის მიზნით ეტრფოდნენ მას.
რატომ ასეთი კონტრასტი? იქნებ იმიტომ, რომ მსხვერპლი ყოველთვის ლამაზია, მომხიბვლელია, რაც არ უნდა ცუდი იყოს და შეიძლება სინამდვილეში ცუდიც იყოს და ბოროტიც, მსხვერპლი ყველას გვეცოდება, ყველა მხარს ვუჭერთ და ვცდილობთ სადღაც ღობე–ღობე მისი გამამართლებელი საშუალებები ვეძებოთ.
ელისაბედისთვის არ იყო ადვილი სამეფო სისხლის დაღვრა, დედოფლის დასჯა, არც პიესაში და არც სინამდვილეში. იგი დიდ ხანს ფიქრობდა დაესაჯა თუ არა შოტლანდიის დედოფალი, მართალია ჩვენ, მაყურებლები ამას მხოლოდ სამი საათი ველოდით, მაგრამ ისტორიულად ეს ლოდინი თითქმის 20 წელი გაგრძელდა.
სიტუაცია დაიძაბა, რელიგიურ–პოლიტიკურ ნიადაგზე, პროტესტანტების და კათოლიკეების შუღლი პიკს უახლოვდებოდა, კათოლიკურ სამყაროს მარიამ სტიუარტის ხილვა სურდა სამეფო ტახტზე, საშიშროება იყო, რომ პაპი საფრანგეთს და ესპანეთს მოუქსევდა, ამ ამბავს ისიც ამძაფრებდა, რომ მარიამი დედით ფრანგი იყო, საფრანგეთში გაიზარდა, როგორც ნამდვილი კათოლიკე და მხარდაჭერის დიდი იმედი ჰქონდა.
აკი რამდენჯერმე ჩაიშალა კიდეც, მათ მიერ დაგეგმილი შეთქმულება ელისაბედის წინააღმდეგ.
ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ პიკს მიაღწია, ელისაბედი იძულებული შეიქნა მძიმე გადაწყვეტილება მიეღო.
კათოლიკურმა შეთქმულებებმა და კათოლიკური ქვეყნებიდან წამოსულმა საშიშროებამ, ხალხის შეხედულებებიც შეცვალა; მათთვის ყველაფერი კათოლიკური ინგლისის მტერი იყო. სწორედ ეს სიძულვილი ყოველივე კათოლიკურისადმი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცა სამომავლოდ.
განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი . . .
პ.ს.
პიესა ელისაბედის ტრაგედიით მთავრდება. შოტლანდიის დედოფალი ამაყად, თავაწეული მიემართება ეშაფოტისკენ, გარშემოტყმული თვალცრემლიანი. ერთგული და მოსიყვარულე მეგობრებით . . . და იმედით, რომ მისი შვილი, ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ დაიდგამს ორივე გვირგვინს . . .
ელისაბედი კი რჩება მარტო, მას ის ადამიანებიც მიატოვებენ, რომლებიც მართლაც ერთგულად ემსახურებოდნენ ბოლომდე.
ბეოვულფი არის ძველ ინგლისურ ენაზე დაწერილი ყველაზე დიდი ეპიკური პოემა, – ენა, რომელზეც საუბრობდნენ ანგლო–საქსურ ინგლისში, ნორმანების დაპყრობამდე. ნაწარმოები შეიცავს 3182 სტრიქონს და მოგვითხრობს მთავარი გმირის ბეოფულფის საგმირო საქმეების, ურჩხულ გრენდელთან, გრენდელის შურისძიების წყურვილით ანთებულ დედასთან და საგანძურის მცველ დრაკონთან წარმატებული ბრძოლების შესახებ.
ამბავი ბეოვულფისა
ბეოვულფი, სამ აქტად წარმოდგენილი “ბოროტსა სძლია კეთილმან” ხაზის კლასიკური ნაწარმოებია.
თხრობა იწყება დანიაში – სამეფოში, რომელსაც ყოველდღიურად თავს ესხმოდა და მუსრს ავლებდა გრენდელი.
როგორც კი, გითების პრინცმა ბეოვულფმა შეიტყო მეზობლების მძიმე ყოფის შესახებ, თავის მეომრებთან ერთად, მათ დასახმარებლად ნავით გაეშურა.
ისე ხდება, რომ ბეოვულფი და გრენდელი უიარაღოდ შეებრძოლებიან ერთმანეთს და კლავს მონსტრს, მოაგლეჯს რა ტორს.
დანიაში დიდმა მხიარულებამ დაისადგურა; მაგრამ ვერ ისვენებს გრენდელის პირსისხლიანი დედა, რომელსაც შურისძიება სწყურია; იგი მოულოდნელად თავს ესხმის მეფის სასახლეს. ბეოვულფი ურჩხულს მიაგნებს მის წყალქვეშა სამფლობელოში და განგმირავს დაუნდობელ ბრძოლაში.
ქვეყანას სიხარული დაუბრუნდა, ბეოვულფი უხვად დააჯილდოვეს.
პოემის კულმინაცია 50 წლის შემდეგ დგება, როდესაც ბეოვულფი უკვე ხანშიშესულია. ახლა უკვე გითების მეფეა და მისი სამეფო დგას საფრთხის წინაშე; მრისხანე დრაკონმა გამოიღვიძა, რომელიც აქამდე აურებელი სიმდიდრით სავსე საცავს იცავდა.
ბეოვულფი მიაგნებს დრაკონის სამფლობელოს, მოკლავს მას, თუმცა თვითონაც სასიკვდილოდ დაიჭრება.
პოემა სრულდება მეფის დაკრძალვით და საგმირო–სამგლოვიარო პროცესიით.
როდის დაიწერა ბეოვულფი?
ზუსტად არავინ უწყის, პირველად როდის დაიწერა ეს პოემა. ბეოვულფის მოქმედება გაშლილია მეეექვსე საუკუნის სკანდივანიის წარმართულ სამყაროში, თუმცა, ასევე შეიმჩნევა ქრისტიანული ტრადიციების გამოძახილიც. ჩანს, რომ პოემა თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა და ყოველი მომდევნო ბარდი თავისებურად ცვლიდა, ვიდრე არსებული ეგზემპლარი არ შეიქმნა, ანგლო–საქსური ინგლისის უცნობ ადგილას.
რამდენი წლისაა ხელნაწერი?
ამ დროისთვის, ბეოვულფი შემორჩენილია ერთადერთი, შუასაუკუნეობრივი ხელნაწერის სახით, რომელიც ინახება ლონდონში, ბრიტანულ ბიბლიოთეკაში.
ხელნაწერზე თარიღი არ არის მითითებული, ამგვარად, მისი ასაკის გამოთვლა შესაძლებელია გადამწერთა ხელწერის ანალიზით. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ხელნაწერი შეიქმნა X საუკუნის ბოლოს, ზოგი ადრეულ XI საუკუნეზე მიუთითებს, სავარაუდოდ, მეფე კნუდის პერიოდში, რომელიც 1016–1035 წლებში მართავდა ინგლისს.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბეოვულფის ეგზემპლარი შეიქმნა XI საუკუნის დასაწყისში, შესაბამისად, გამოდის, რომ ხელნაწერი დაახლოებით 1000 წელს ითვლის.
ხელნაწერი
ბეოვულფის გარდა, ხელნაწერი ასევე შეიცავს შუასაუკუნეების სხვა ნაწარმოებებსაც: წმ. ქრისტოფერის ქადაგება, აღმოსავლეთის საოცრებები, ილუსტრირებული სასწაულებრივი ურჩხულებით და უფორმო მონსტრებით, ალექსანდრეს წერილები არისტოტელეს და კიდევ ერთი, ძველი ინგლისური პოემის “ჯუდითი” არასრული ვერსია.
ამ კოლექციაში, ბეოვულფი ბოლოსწინა ნაწარმოებია, ხოლო მთლიანად კოლექციაზე ორი ანგლო–საქსი მწერალი (გადამწერი) მუშაობდა.
ვინ იყო ხელნაწერის მფლობელი?
ხელნაწერის ჩვენთვის ცნობილი პირველი მფლობელი იყო ლორენს ნოუელი, ძველი ინგლისური ენის პირველი მკვლევარი, რომლის სახელიც (1563წ) მითითებულია ხელნაწერის პირველი გვერდის თავში.
შემდეგ, ბეოვულფის ხელნაწერს ვხედავთ სერ რობერტ ქოთონის ცნობილ კოლექციაში, რომელიც ასევე ფლობდა ლინდისფარნის სახარებებს და თავისუფლების დიდი ქარტიის ბრიტანული ბიბლიოთეკის ორ ეგზემპლარს – ვიდრე გადავიდოდა მისი ვაჟის სერ თომას ქოთონის, შემდეგ კი შვილიშვილის – სერ ჯონ ქოთონის საკუთრებაში, რომელმაც ხელნაწერი თავის ქვეყანას უანდერძა. ქოთონის ბიბლიოთეკა, ბრიტანული მუზემის ერთ–ერთ სადამფუძნებლო კოლექციას წარმოადგენდა 1753 წელს, ვიდრე 1973 წელს მთლიანად ბრიტანული ბიბლითეკის ნაწილად არ იქცა.
რატომ არის ხელნაწერი დაზიანებული?
XVIII საუკუნეში, ქოთონის ხელნაწერები უსაფრთხოების მიზნით გადაიტანეს ვესტმინსტერში, ეშბერნამის (Ashburnham) სახლში.
1731 წლის, 23 ოქტომბრის ღამეს, სახლში ცეცხლი გაჩნდა, სამწუხაროდ ბევრი ხელნაწერი დაზიანდა, ზოგიერთი კი საერთოდ განადგურდა.
ბეოვულფი შედარებით გადაურჩა ხანძარს, მაგრამ მომდევნო წლების შეუსაბამო მოვლით და დაუცველობით, ხელნაწერს დიდი ზარალი მიადგა, ფურცლების ზედაპირიდან ასოები ქრებოდა და იცრიცებოდა. 1845 წელს, ჩარჩოებში მოათავსებული ხელნაწერი უაღრესად მოწყვლადია და ხელთ იპყრობენ მხოლოდ უდიდესი რუდუნებით და სიფრთხილით.
ბეოვულფის თანამედროვე ვერსიები
მიუხედავად იმისა, რომ ბეოვულფი შექმნილია ანგლო–საქსურ ეპოქაში, იგი კვლავ იპყრობს თანამედროვე აუდიტორიის ყურადღებას. პოემა საფუძვლად დაედო მრავალ ფილმს, სპექტაკლს, ოპერას, გრაფიკულ ნაწარმოებებს და კომპიუტერულ თამაშებს. უახლეს ვერსიებს შორის აღსანიშნავია მე-13 მებრძოლი (1999); ისლანდიურ-კანადური ერთობლივი პროდუქტი „ბეოვულფი და გრენდელი“ (2005); და ბეოვულფი (2007),რეი უინსთონის, ენთონი ჰოფქინსის და ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით.
ბეოვულფი ნათარგმნია მრავალ ენაზე, მათ შორის, თანამედროვე ინგლისურ, ჰოლანდიურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, იტალიურ, იაპონურ, რუსულ, ტელუგუ, ქართულ და ა.შ. ენებზე.
საუკეთესო თარგმანად მიიჩნევენ ნობელის პრემიის ლაურეატის სიმუს ჰინის მიერ, თანამედროვე ინგლისურ ენაზე შესრულებული ვერსიას, ანგლო–საქსური ელფერის შენარჩუნებით. პოემის ეს თარგმანი გახდა წლის წიგნის ჯილდოს მფლობელი 1999 წელს.
ჰარიეთ ჯაქობსი დაიბადა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, მაშინ როდესაც მონათმფლობელობა ჯერ კიდევ დუღდა; ცხოვრობდა იმ პერიოდში, როდესაც სახეზე იყო ყველა სახის უთანასწორობა მდედრობით სქესთან მიმართებაში, და ორმაგი დატვირთვით შავკანიანი ქალებისთვის.
მომავალ მწერალს წერა–კითხვა თეთრკანიანმა ქალბატონმა ასწავლა (პატრონმა). კეთილი ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ ჰარიეტი მიყიდეს თეთრკანიან ბატონს, რომელიც იძულებით ამყარებდა მასთან სქესობრივ კავშირს. მას გაექცა და თავი შეაფარა ასევე თეთრკანიან საყვარელს, რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა და რომლებიც ჰარიეტის ბებიასთან იზრდებოდნენ.
“ნაკლებად დამამცირებელია საკუთარი “მე”–ს დათმობა, ვიდრე ძალადობის მორჩილება” – მოგვიანებით, გულახდილად წერს ჰარიეტი.
იგი გამოექცა მფლობელს და ხმები დაყარა, რომ ჩრდილოეთს შეაფარა თავი.
დაჭერის და მონობის უღელში დაბრუნების შიშით, ჰარიეტი თითქმის 7 წელი იმალებოდა, თავისი ბატონის ქალაქში, ბებიის სახლის ძალიან პატარა, ბნელ სხვენში. ერთადერთი რამ, რაც სიცოცხლეს მატებდა იყო საკუთარი ხელით გახვრეტილი ჭუჭრუტანიდან თავისი შვილების ცქერა.
საბოლოოდ, მან ჩრდილოეთს შეაფარა თავი და დასახლდა როჩესტერში, ნიუ იორკში, სადაც ფრედერიკ დუგლასი გამოსცემდა ანტიმონათმფლობელურ გაზეთს “ჩრდილოეთის ვარსკვლავი”, სწორედ მის სიახლოვეს (სენეკა ფოლსში) მიიღეს ქალთა უფლებების კონვენციაც (სენეკა ფოლსის კონვენცია).
აქ ჰარიეტი შეხვდა და დაუმეგობრდა ემი პოსტს – კვაკერ ფემინისტ აბოლიციონისტს, რომელმაც ურჩია ჰარიეტს დაეწერა ავტობიოგრაფია.
წიგნში ავტორი მძაფრად ამხელს შავკანიანი მონა ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას.
ჯაქობსის წიგნი, ისევე როგორც დუგლასის, წარმოადგენს მონათმფლობელური ნარატიული ჟანრის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ კოლონიური პერიოდიდან იღებს.
ჰარიეტ ჯაქობსის შესახებ სტატიის თარგმნისას, ფოსტაზე მომივიდა CNN ბლოგის შეტყობინება ახალი პოსტის შესახებ, საკმაოდ მძიმე სათაურით “ჰაიტის დაზარალებულთა უბედურებას გაუპატიურების შემთხვევებიც დაემატა” და კიდევ უფრო მძიმე ფოტოებით.
მარი კენა მიშელი
ჰარიეტის და ჰაიტის ბანაკებში მცხოვრები ქალების ამბავი შეიძლება ძლიერ კავშირში არ იყოს ერთმანეთთან, მაგრამ ვფიქრობ, ძალადობა არ ცნობს ეპოქებს და იმ ფონზე, რომ დღეს ქალის როლი გაცილებით ძლიერია, აქვს უფლებები, არსებობს უამრავი ქალთა ორგანიზაცია თუ ზოგადად ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები, ეს ადამიანები კი კვლავ ასეთ პირობებში, დაუცველები და მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.
მარი კენა მიშელის ამბავიც ტრაგიკულია. დედა მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში იპოვა გარდაცვლილი.
ღამით, ბანაკისკენ მიმავალ მარი კენას თავს დაესხა რამდენიმე მამაკაცი, სახეზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და გააუპატიურეს. 19 წლის ასაკში გოგონა დარჩა უიმედოდ და უმწეოდ.
ფოტოჟურნალისტმა, ნადაი ნიუჰაუსმა, თავის ფოტოობიექტივზე დეტალურად ასახა ათეულობით, ძალადობის (გაუპატიურების) მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის ცხოვრება – ცხოვრება, რომელიც საფუძვლიანად შეიცვალა მიწისძვრის შემდეგ.
არ მჯერა ადამიანის, რომელიც გულუბრყვილოს როლის მორგებას ცდილობს.
არ მჯერა ადამიანის, რომელიც თბილ ადგილას წამოსკუპული ქვეყნის ბედზე დარდობს..
არ მჯერა ადამიანის, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს და აქციებს „გეგმავს“ უსამართლობის წინააღმდეგ.
არ მჯერა ბლოგერის, რომელსაც სულ სამიოდე პოსტი აქვს ბლოგზე და ამის გამო იგი ცემეს, უფრო სწორად არა ის, არამედ მისი თანმხლები პირები.
არ მჯერა უსისხლო ჭრილობის . . .
არ მჯერა ადამიანების, რომლებიც ყველანაირი პროტესტის ფორმას სასაცილოდ იგდებენ და შემდეგ ე.წ. „ნაცემ“ სტუდენტებზე სახეს იხევენ.
არ მჯერა ადამიანის, რომელიც მეორე ადამიანს ცემს და შემდეგ პირს მობანს.
არ მჯერა ადამიანების, რომელსაც ვერ უკავშირდება სახალხო დამცველი, პალიტრა და ა.შ. ან უკავშირდება, მაგრამ უარს იღებს ან თავს არიდებს, სამაგიეროდ ადვილად პოულობს და ინტერვიუს წერს ჟურნალი „ტაბულა“.
არ მჯერა ხელოვნურად მოწყობილი საპროტესტო აქციების . . . .
არ მჯერა ხელოვნურად და სახელდახელოდ შექმნილი ბლოგის . . .
არ მჯერა ადამიანის, რომელიც მიუხედავად დიდი გამოხმაურებისა, უარს ამბობს ჩივილზე და ელოდება გამოძიებას (ლოლ)
არ მჯერა სტუდენტის, რომელიც წერს სტუდენტურ პრობლემებზე და მისთვის პრობლემას მხოლოდ თვითმმართველობის რამდენიმე სახელი და გვარი წარმოადგენს, დანარჩენი ყველა პრობლემა კი მოგვარებულია . . .
ვისაც გჯერათ, მიბრძანდით ფლეშმობში მიიღეთ მონაწილეობა
ავტორი გვიამბობს თუ როგორი გასაოცარი გრძნობით იყო შეთვისებული მორელასთან, როგორ აქცია მორელამ საზოგადოებას ზურგი და ბედნიერი გახადა იგი.
მორელა ფრიად განსაწავლული და ნიჭიერი ქალი იყო, მან გააცნო ავტორს უამრავი მისტიკური ლიტერატურა. მაგრამ ცოტა ხანში მას შეზარდა მორელას ხმა, ცივი თითები, სევდიანი თვალები . . . მორელა ხვდებოდა ამას, მაგრამ არაფერს ამბობდა, უთქმელობით კი ნელ–ნელა ილეოდა.
ავტორს ძლიერ შეებრალა მეუღლე, მაგრამ არ მალავდა, რომ მის სიკვდილს ელოდა და ღიზიანდებოდა რომ ეს პროცესი ასე ჭიანურდებოდა . .
არაერთხელ მოიხმო მორელამ სასთუმალთან, უთხრა რომ კვდება, მაგრამ მაინც იცოცხლებს, ხოლო სული რომ გაეყრება მათი შვილი იცოცხლებდა.
“I am dying, yet shall I live.”
ავტორს აუხდა მისი სიტყვები, დედის სიკვდილამდე დაიბადა ბავშვი.
პატარა გოგო რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო ემსგავსებოდა დედას არა მარტო გარეგნობით, არამედ აზროვნებითაც. მამამ შვილი დაუმალა საზოგადოებას, ისინი არასოდეს საუბრობდნენ დედაზე. სახელიც კი არ დაურქმევია და “ჩემს შვილს” და “ჩემს გოგოს” ეძახდა. თუმცა ბავშვის მონათვლისას მამას უეცრად აღმოხდა – “მორელა” და ბავშვმაც გასცა პასუხი – “აქ ვარ!” საგვარეულო სამარხის შავ ფილებზე გადავარდა. ის მოკვდა, თავისი ხელით წაიღო მამამ შვილი და დიდხანს საწყალობლად იცინია, როდესაც პირველის ნაკვალევსაც ვერ მიაგნო, როცა საძვალეში მეორე მორელა ჩაასვენა.
სხვისი ქონების გაფუჭება/განადგურება ვერ არის კარგი საქმე, მაგრამ ალბათ ბევრ თქვენგანს შეუქმნია “შედევრები” სკოლის, უნივერსიტეტის თუ ბიბლიოთეკის მერხებზე, ისინი რჩება და რჩება, სანამ ვინმე მერხების გამოცლისთვის არ გამოყოფს ფულს ან სულ არ დაიმტვრევა.
რაც უფრო ძველია მერხი მით უფრო მრავალფენიანია მასზე წარმოდგენილი ნახატები
ამ შემთხვევაში გთავაზობთ ერთ–ერთ ასეთ ფოტოკოლაჟს, პირობითად “მერხების არტი” – თეატრისა და კინოს სახ. უნივერსიტეტიდან (სადაც ახლა ვსწავლობ)
4ever
ალბათ სასურველი ქალაქები
პ.ს. და მაინც მგონია რომ ბევრი რამის გამოცვლის და განახლების დროა ;)
გარდა შაბათ–კვირისა თვეში რამდენჯერ ვისვენებთ ოფიციალურად და არაოფიციალურად? ერთი შეხედვით და მეორე შეხედვითაც ძალიან ბევრჯერ, უფრო სწორად ზედმეტად ბევრჯერ.
შრომის კანონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ შედარებით ნაკლებია დასვენების დღეები, აი საეკლესიო კალენდარს თუ მივყევით, ზოგზოგიერთის ნება რომ იყოს ყოველ მეორე დღეს დასვენების დღე იქნებოდა, უფრო სწორად კურთხეული უსაქმურობის დღე.
ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში, როდესაც ისე ხდება რომ სამსახურში საქმე არ გაქვთ, რას აკეთებთ? ეგ დასვენება არ არის? კიდევ ოფიციალურად რომ არ დაგვემატოს დასვენების დღეები.
იანვარი, იგივე დასვენების თუ გასვენების თვე, კალენდრიდან ამოსაგდებია საერთოდ, დასაქმებულებსაც მეტი რა უნდათ, გაქცევაზე უჭირავთ თვალი, დამსაქმებელს დასაქმებულზე უჭირავს თვალი რომ არ გაექცეს, დროზე ადრე სახლში.
და ასე მუდმივად . . .
მოკლედ, ვინც ვმუშაობთ გაგვატარეთ ბატონო, არ გვინდა ამდენი უსაქმური უქმე დღეები, შეიძლება რომ კვირაში ერთხელ მქონდეს ლექციები შაბათ დღეს და ისიც დედის დღე დაემთხვეს?! გვეყო ამდენი დასვენება! ვიმუშაოთ, თუ იქნებ იმის იმედი გვაქვს რომ ჩვენს გასაკეთებელს მოვა და ვინმე კეთილი ფერია გააკეთებს?!
თემა დაწერილია ტელე–კინო რეჟისურის I კურსის I სემესტრისთვის
“სოციალურმა მედიამ კინოწარმოების სამი მთავარი მიმართულება შეცვალა. ცვლილებები არა ევოლოციური, არამედ რევოლუციური იყო, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ფილმებზე, მათ წარმოებაზე და ნახვის ფორმებზე, უფრო მძაფრად, ვიდრე თავის დროზე ფილმების ახმოვანებამ მოახდინა.
კინოწარმოება კოლაბორაციული ხელოვნების ფორმაა, ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. სოციალურმა მედიამ უბრალოდ შეცვალა კოლაბორაციის ფორმები, აქამდე არსებული, მხოლოდ კინოწარმოების პროცესის დროს არსებული კოლაბორაცია, შეიცვალა სცენარისტების, ფილმის მწარმოებლების და აუდიტორიას შორის კოლაბორაციით. ამ ცვლილებამ ლამის სეისმოლოგიური ეფექტი მოახდინა კინოინდუსტრიაზე და იმ ტრადიციებზე, რომლებიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა და რაც შობს სწორედ იმ წესრიგს და ატმოსფეროს, სადაც ჩვენი კინოტრადიციები უკვე აღარ გამოგვადგება.”
პირველი ტრადიცია, რომელიც თვალსა და ხელს შუა შემოგვემსხვრევა იქნება ხელოვნებისა და კომერციის გამიჯვნა. ჰოლივუდის კინომაგნატებს აღარ ექნებათ საშუალება ეგრეთ წოდებული კრეატიული პროცესი განსაზღვრონ ფულის, როგორც საზომი ერთეულის საშუალებით და თავად კრეატიულობა განმარტონ, როგორც გამოშვების თარიღის, მეტრიკის და ფინანსების მღვრიე ნარევი. ახალბედა კინომწარმოებლებიც უნებურად ეშვებიან ტორონტოს, სანდენსის და კანის კინოფესტივალების ფინანსურ მორევში. სამომავლოდ, კინომწარმოებლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ორ ბანაკად დაიყოფიან, ისინი ვინც აძაგებენ და უარყოფენ სოციალურ მედიას და ისინი ვინც ხელგაშლილები აიტაცებენ მას.
მეორე ტრადიცია, რომელსაც სოციალური მედიის სამსხვერპლოზე მივიტანთ არის ტრადიციული ბარიერი აუდიტორიასა და მარკეტოლოგებს შორის. აქამდე, მარკეტოლოგს ამ ზღუდის გადავლა და აუდიტორიამდე მისვლა შეეძლო, მაგრამ მხოლოდ დიდი ფულის ფასად. ახალმა ციფრულმა ეპოქამ ეს ზღვარი ფაქტობრივად წაშალა, კინომწარმოებლებს შეუძლიათ მიაწოდონ ან შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია პირდაპირ აუდიტორიას, ტრადიციული ღირებულებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებ ფასად.
თუ კი ახლადგამოჩეკილი კინომწარმოებლები გაითავისებენ ამას და გამოიყენებენ ახალ მარკეტინგულ მეთოდებს, ეს განსაზღვრავს მათ კარიერას მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში.
მესამე ტრადიცია, რომელიც დანებდება სოციალურ მედიას იქნება სცენარების და ამბავის (თხრობის) განვითარების სტრუქტურები. ვინაიდან ახლანდელ და მომავალ კინომწარმოებლებს პირდაპირ აუდიტორიასთან შეუძლიათ დაკავშირება, შესაძლებელია, რომ აუდიტორია იქცეს სცენარის ან ამბავის განვითარების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად, პროექტის დაწყების დღიდანვე.
ახალი კინომწარმოებლები აიტაცებენ და გამოიყენებენ სოციალური მედიის შესაძლებლობებს. ისინი საკუთარ თავს ვიდეოკომუნიკატორებად ჩათვლიან, რომლებიც ამბების გადმოცემის მრავალფეროვან ტექნიკას იყენებენ. მათი ფილმები გადაახტება კინომწარმოებელსა და აუდიტორიას შორის არსებულ უფსკრულს. ამ ახალ ციფრულ ეპოქაში, ხელოვნებისა და კომერციისთვის არსებული შესაძლებლობები ახლებური ფორმატით, ერთმანეთის გვერდით იარსებებენ, რაც კინომწარმოებლებისთვის დიდი სტიმული და შთაგონების წყარო იქნება სოციალური მედიის ამ ახალ ეპოქაში. ისინი, ვინც ვერ მოახდენენ ადაპტაციას სოციალური მედიის ახალ სტრუქტურებთან, უბრალოდ ნელნელა მინავლდებიან და გაქრებიან”.
ასე მოკლედ და მშრალად მოგვითხრობს ცნობილი კინოპროდიუსერი ელიოტ გროუვი კინოინდუსტრიაზე სოციალური მედიის გავლენის შესახებ.
როგორც ზემოაღნიშნულ სტატიაში ამბობს პროდიუსერი ელიოტ გროუვი, სოციალური მედიის ხიბლი არის მისი შესაძლებლობა პირდაპირ დავუკავშირდეთ ფართო საზოგადოებას, შევთავაზოთ ან მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი, გავიგოთ მათი შეხედულებების შესახებ, მივიღოთ კრიტიკა თუ შენიშვნები ონლაინ რეჟიმში; შეგრძნება იმისა, რომ უშუალოდ მონაწილეობ კინოწარმოების პროცესში პოტენციური მაყურებლისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, ის მონდომებულია, აქტიურია, კინომწარმოებელს აწვდის თავის მოსაზრებებს, გამოხატავს მოწონებას ან პირიქით, მეგობრებსაც უზიარებს მომავალი ფილმის გადასაღები მოედნიდან ფოტოებს, თიზერებს, შედეგად ათასობით, ათიათასობით, ასიათასობით მაყურებელი მოლოდინშია, ერთი სული აქვთ როდის გამოვა ახალი ფილმი, რომ დაუყოვნებლივ გაეშურონ კინოთეატრებისკენ და შემდეგ უკვე ნანახით მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს.
გამიჭირდება გითხრათ, ბოლოს როდის შევხედე კინოთეატრის გარეთ გამოკრულ აფიშას, ან გზების გასწვრივ ჩამაგრებულ ბილბორდებს ან კინორეკლამას ტელევიზორში.
ადამიანი, რომელიც მისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს ორიენტირებულია მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის სწრაფად მიღებაზე, მათ შორის კინოს შესახებ. ასეთი ადამიანი ბევრია, მილიონობით, შესაბამისად კომპანიებმა, ამ შემთხვევაში კინოკომპანიებმა, მარკეტინგულ სტრატეგიებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს და სოციალური მედიის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით სასურველ სეგმენტზე გავიდნენ.
თუ კი აქამდე კინომწარმოებლები დიდძალ ფულს ხარჯავდნენ სატელევიზიო რეკლამებში, რადიო რეკლამებში, ბილბორდებზე, ჟურნალებზე და ა.შ., წარმატებული კინოგაქირავებისთვის, დღეს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს, მართალია ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ მაინც ანაცვლებს სოციალური მედიის ფართო შესაძლებლობები – თავისი ყველაზე მიმზიდველი და გემრიელი თვისებით – ადამიანებთან უშუალო ურთიერთობებით.
დაწყებული თვითდაფინანსებული დამოუკიდებელი ფილმებით და მრავალმილიონიანი ბიუჯეტიანი ფილმებით დამთავრებული, ყველა იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს (Facebook, Twitter, Youtube და ა.შ.) წარმოებული კინოპროდუქტის პიარისთვის და შესაბამისი სეგმენტის მოძიებისთვის.
კითხვაზე თუ რომელ ქვეყანაში ან ქალაქში მოიტანს კინოგაქირავება შემოსავალს, პასუხი მარტივია – იქ სადაც მეტი ინტერესია ამ ფილმის მიმართ, რაც სწორედ სოციალურ მედიაში პოტენციური აუდიტორიის აქტივობით მჟღავნდება, სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე და ა.შ.
ამ ახალი სტრატეგიის ერთ–ერთ ნიმუშად გამოდგება პარამაუნტის“პარანორმალური მოვლენები”, ფილმმა, რომლის ბიუჯეტი 15, 000 დოლარს შეადგენდა, 150 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა.
პარამაუნტი აქტიურად იყენებდა ფეისბუქს ფილმის მხარდასაჭერად, ივენთების ფუნქციას, სადაც მომავალი ფანები აქტიურად გამოთქვამდნენ მათ ქვეყანაში ფილმის ჩვენების სურვილს.
კინოკომპანიის მიზანი იყო 1 მილიონი ფანის მოზიდვა, რომლებიც მოითხოვდნენ ფილმის ფართომასშტაბიან ჩვენებას. მიზანი მიღწეულ იქნა, და მომდევნო უიქენდზე შედეგმაც არ დააყოვნა, ფილმი 160 კინოეკრანზე აჩვენეს, თითო კინოჩვენებიდან, საშუალოდ 49,379 აშშ დოლარი შემოვიდა.
ეს ონლაინ კამპანიის ნამდვილი გამარჯვება იყო. შედეგები მაინც შთამბეჭდავი იქნებოდა, მიუხედავად გამოყენებული მარკეტინგული მეთოდისა, თუმცა ის ფაქტი, რომ კამპანია უშუალოდ ინტერნეტ–მიმართული იყო და კერძოდ, სოციალურ მედიაზე ფოკუსირებული, ამ ყველაფერს გაცილებით საინტერესო ელფერი შესძინა.
ბოლო წლებში ასევე ძალიან აქტუალური გახდა ე.წ. ვირუსული კამპანია ფილმის ტრეილერის საშუალებით, ასეთი მძაფრი კამპანიით გამოირჩეოდნენ ფილმები “დასაწყისი” და “ტრონი: მემკვიდრეობა”, ორივე ფილმმა გამოსვლამდე დაამტკიცა უდიდესი მომავალი ფინანსური წარმატება და მაყურებელთა სიყვარული მოიპოვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ Disney Studio–მ პირველად სწორედ ფეისბუქში წარმოადგინა პოსტერები ფილმიდან “ალისა საოცრებათა ქვეყნიდან”, ხოლო შემდეგ კი ფილმის ტრეილერები.
ცოტა სასაცილოა, მაგრამ Sony–მ არ გამოიყენა ფეისბუქი ფილმის “სოციალური ქსელი” მხარდასაჭერად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიამ თავი შეიკავა სოციალური მედია კამპანიისგან, ისინი აქტიურობდნენ ტვიტერზე, მაისფეისზე (MySpace) და სპეციალურ ვებგვერდზე.
რასაკვირველია, კინოსტუდიები აგზავნიან პრესრელიზებს, აქვთ კომპანიის ვეგბვერდები, ვებგვერდებზე მიბმული ბლოგები, საიდანაც შეიტყობთ უახლეს ამბებს, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად სტუდიები პირველ რიგში სწორედ ფეისბუქს და ტვიტერს იყენებენ უახლესი ტრეილერების პრეზენტაციისთვის.
საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არც თუ ისე ცოტა ფილმი გამოვიდა, მათგან მხოლოდ რამდენიმე იყენებდა სოციალური მედიის სხვადასხვა საშუალებებს – მიზეზი მარტივია, ჩვენში ეს ახალი ხილია და ხან გამოუცდელობის და ხანაც ახლისადმი შიშით ფეხაკრეფით ეპარებიან.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ქართულ–ამერიკული კინოპროდუქცია “2470F”, ფილმს აქვს შესაბამისი ვებგვერდი, არხი Vimeo–ზე, სადაც ატვირთულია ტრეილერები და ფეისბუქ გვერდი ოციათასამდე ფანით; ფილმის ფეისბუქ გვერდს აქვს ბილეთების დაჯავშნის აპლიკაცია, ამ მხრივ კინომწარმოებელი საკმაოდ აგრესიულ კამპანიას ეწეოდა, ვინაიდან ფილმი საქართველოში მხოლოდ 10 დღე გადიოდა; აქვე ნახავთ აპლიკაციას “გაგვიზიარეთ თქვენი აზრი”, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ფეისბუქი და სოციალური მედიის ნებისმიერი სხვა საშუალება უკვე თავისთავად აზრის გამოხატვის უამრავ ფორმას გვთავაზობს, მაგალითად როგორიცაა მოწონება (Like), კომენტარი (comment) და გაზიარება (Share), ეს აპლიკაცია ზედმეტია.
ფორმულა კრეატივის პროდუქცია “ჭამა და სექსი” ერთ–ერთი პირველი ფილმი იყო, რომელიც ფრიად აქტიურად ჩაება სოციალური მედიის ფერხულში. ფილმის გადაღებების პროცესში, ფილმის გამოსვლამდე სულ რაღაც 3 კვირით ადრე შეიქმნა ფეისბუქ ფანგვერდი, დაახლოებით 4000–მდე ფანით, სადაც აქტიურად დებდნენ ფოტოებს გადაღების მოედნიდან, ვიდეო რგოლებს, სტატუსებს, ფანებს შესთავაზეს ფოტოკონკურსი ფილმის თემაზე და გამარჯვებულებს კინოს ბილეთები გადასცეს; ფილმის გამოსვლამდე და ფილმის ჩვენების პროცესში სწორედ ფეისბუქზე, ბლოგებზე დაიწერა უამრავი პოსტი, ზოგი დადებითი, ზოგი უარყოფითი, რამაც ასევე დიდი როლი შეასრულა აუდიტორიის მოზიდვაში.
და ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ ქსელებს უკვე საქართველოშიც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს (ფეისბუქზე 700 000–მდე 17+ წლის), სასურველია, საქართველოში მოქმედმა კინომწარმოებლებმა აქტიურად გამოიყენონ სოციალური ქსელები და უშუალო კონტაქტში შევიდნენ სამიზნე აუდიტორიასთან, მათი ფილმების პოპულარულობის და ფინანსური წარმატების მოსაპოვებლად.
ინგლისური რომანტიზმის გამორჩეული წარმომადგენლის ჯორჯ გორდონ ბაირონის შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობასთან, ინგლისში ლუდიტების მოძრაობასთან, ირლანდიის ბრძოლასთან ინგლისის კოლონიალური რეჟიმის წინააღმდეგ, ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობებთან ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში.
საკუთარი შემოქმედებით, ბაირონი აშკარა უარყოფით და დამცინავ განწყობილებას გამოხატავდა ინგლისის მაღალი საზოგადოების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ამ საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. ამ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მის ლექსებსა თუ პოლიტიკურ გამოსვლებში კითხულობდნენ დაუნდობელ სიმართლეს, რომელიც მათი პრივილეგიების წინააღმდეგ იყო მიმართული. ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ შეელახათ მისი რეპუტაცია, მოენათლად იგი აღვირახსნილ და უზნეო ადამიანად.
ყოველივე ამან, ბაირონი აიძულა დაეჩქარებინა თავისი გამგზავრება ინგლისიდან.
ბაირონის შემოქმედების განვითარება სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მისი შემოქმედების ის ნაწილი, რომელიც პირელ მოგზაურობამდე შეიქმნა, ჯერ კიდევ აშკარად უმწიფარია, სადაც პოეტი ჯერ კიდევ ვალს იხდის წინამორბედი ლიტერატურული ტრადიციების მიმართ. ბაირონის შემოქმედებაში არსებითი ცვლილება შეინიშნება მისი პირველი მოგზაურბიდან დაბრუნების შემდეგ. შეიძლება უკვე ითქვას, რომ იგი უკვე აყალიბებს საკუთარ პოეტურ ხელწერას, პოეტი ქმნის ორიგინალური გმირის – საზოგადოებიდან განდგომილი, ზედმეტი ადამიანის სახეს.
1816 წლის შემოდგომაზე, ბაირონი იტალიაში მიემგზავრება. მან იტალიაში თავისი მებრძოლი სულისკვეთებისა და შემოქმედებითი ცხოვრებისათვის საუკეთესო ასპარეზი ჰპოვა. მას აქ საშუალება მიეცა თავისი უზარმაზარი ენერგია და მისწრაფება მოქმედებისაკენ ჩაექსოვა იტალიელი ხალხის ეროვნულ–განმათავისუფლებელ ბრძოლაში ავსტრიელი დამპრყობლების წინააღმდეგ. იტალიელი ხალხის დიდი პატრიოტის დანტე ალიგიერის სახეა გამოკვეთილი ბაირონის, ამ პერიოდში შექმნილ პოემაში “დანტეს წინასარმეტყველება”, პოეტი ამ პოემაში დანტეს პირით მეტყველებს, იტალიელ ხალხს ბედ–იღბალს უწინასარმეტყველებს. იგი იტალიელებს ბრძოლისკენ მოუწოდებს, ხოლო ამ ბრძოლის განხორციელების გზა კი, მისი აზრით, იტალიელი ხალხის გაერთიანებაა. ეს ნაწარმოები ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის სულისკვეთებითაა შექმნილი, პოეტი მიმართავს წარსულის ისტორიულ ამბებს, რათა მოძებნოს ბრძოლის სულისკვეთებით შეპყრობილი გმირების სახეები;
ლორდ ბაირონის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს პოემას “ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა”. ამ ნაწარმოების შექმენის იდეა ბაირონს მაშინ ჩაესახა, როდესაც მოგზაურობის თითქმის ნახევარი განვლილი ჰქონდა.
პოემას საფუძვლად დაედო მოგზაურობის დროინდელი დაგროვილი ჩანაწერები, შთაბეჭდილებები, დღიურების ფრაგმენტები.
სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გამოსვლისთანავე პოემის გმირში იცვნეს ავტორი. თუმცა თვით პოეტი უარყოფდა თავის გმირთან გაიგივების ტენდენციას.
ამ ნაწარმოებში უკვე ჩნდება ბაირონის, როგორც რევოლუციური რომანტიზმის წარმომადგენლის სახე. პოემის კომპოზიცია ქაოსურია, აქ ვერ ნახავთ ჰარმონიულ სიუჟეტს, პოემის გმირი ჩაილდ ჰაროლდი შიგადაშიგ ქრება პოემის ფურცლებიდან, ხოლო IV სიმღერაში კი პრაქტიკულად უჩინარდება. მას სხვა გმირებისგან გამორჩეული ხასიათი აქვს. იგი საზოგადოებისგან ზურგშექცეული პიროვნებაა. ჩაილდ ჰაროლდი, არისტოკრატიული წარმოშობის ახალგაზრდა ტოვებს სამშობლოს და მიდის სამოგზაუროდ შორეულ ქვეყნებში. მას მობეზრდა ყველაფერი: მაღალი საზოგადოება, მხიარულება, გარშემო მყოფი ადამიანები, მშობლიური კუთხე, მეგობრები. იგი გაურბის ცხოვრებას.
ჩაილდ ჰაროლდი არ მოგზაურობს რაიმე ცოდნის, გამოცდილების ან შთაბეჭდილების შეძენის მიზნით. მას არც ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა აინტერესებს. მთელი პოემა არის ცხოვრებით უკმაყოფილი პიროვნების პოეტური აღსარება, რომელიც თავდავიწყებას მოგზაურობაში ეძებს. მაგრამ მძლავრი, ყოვლისმომცველი სულის გამო ვერ ახერხებს ამას; მისი გაქცევაც ტრაგიკულად მიმდინარეობს, რადგან ყველა და ყველაფერი, რასაც იგი ნახავს, კიდევ უფრო აღრმავებს მის პიროვნულ ტრაგედიას, რომელიც ფართო ზოგადსაკაცობრიო მასშტაბს იღებს.
პოემის პირველ სიმღერაში მოთხრობილია გმირის მოგზაურობის შესახებ პორტუგალიასა და ესპანეთში. მოცემულია ესპანელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა ნაპოლეონის დამპყრობლური შემოსევის წინააღმდეგ. პოეტი აკრიტიკებს დაპყრობით ომს, მიესალმება განმათავისუფლებელ ბრძოლას და ხედავს ხალხის – იმ უბრალო ესპანელი ადამიანების როლს ამ ბრძოლაში, რომლებმაც სამშობლო მტრებისა და მოღალატეებისგან იხსნეს. იგი აქვე ამხელს მმართველ ძალას, რომლებმაც უღალატეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
მეორე სიმღერა მიეძღვნა ალბანეთს და საბერძნეთს. აღწერს რა ჰაროლდის ყოფნას ალბანეთში, ბაირონი აღწერს თავის თავგადასავალს ამ ქვეყანაში. ის პატივისცემით მოიხსენიებს ალბანელებს მათი სიკეთისთვის, გულუხვობისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის.
იმედგაცრუების ნოტები ჟღერს ჰაროლდის თხრობაში, როდესაც ის შედის საბერძნეთში. ეს ქვეყანა თურქეთის უღელქვეშაა მოქცეული. ბაირონი მათ ბრძოლისკენ მოუწოდებს, თავადაც უშუალოდ მონაწილეობს საბერძნეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელ ბრძოლაში. სწორედ ამ ქვეყანასთან არის დაკავშირებული პოეტის ცხოვრების და შემოქმედების უკანასკნელი ეტაპი.
მესამე სიმღერა იწყება და მთავრდება თავის ქალიშვილ ადასადმი ბაირონის სულისშემძვრელი მიმართვით, რომლის ნახვა მას აღარ ეწერა. მესამე სიმღერა შეიცავს ბიოგრაფიულ და პოლიტიკურ სკეტჩებს. როდესაც მან გადალახა ბელგია, ეწვია ვატერლოოს ბრძოლის ველს. იგი გამოთქვამს აზრს, რომ ეს ბრძოლა მსოფლიო ისტორიის ერთ–ერთი ტრაგიკული ფურცელთაგანია.
რთულია მისი დამოკიდებულება ნაპოლეონის მიმართ. ერთის მხრივ, მან იმპერატორი მიიჩნია ტირანად, მაგრამ მეორე მხრივ მიიჩნევს, რომ იმ რეაქციულმა ძალებმა, რომლებმაც დაამარცხეს ნაპოლეონი, უფრო მეტი ზიანი მოუტანეს ევროპის ერებს.
მეოთხე სიმღერა ბაირონმა იტალიას მიუძღვნა; იგი ხატავს დიდი წინაპრებისა და ტრადიციების ქვეყანას. იგონებს წარსულის საგმირო მოვლენებს და ეს ჟღერს როგორც მოწოდება განმათავისუფლებელი ბრძოლისკენ ქვეყნის გაერთიანებისთვის.
ჩაილდ ჰაროლდის ტრაგიზმს ყველაზე მეტად ზრდის იმის შეგრძნება, რომ ადამიანი ასე დაკნინებულია და დაბეჩავებულია უცხოელი დამპყრობლების წინაშე. ნაწარმოებში არავითარი სიუჟეტური ჩარჩოები არაა დაცული, ბაირონი თავის აზრებს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილებისა თუ იქ მიმდინარე მოვლენების ფონზე გამოთქვამს.
“ჩაილდ ჰაროლდი”–ს დამსახურებაა მისი რევოლუციური სულისკვეთება, თანამედროვე ცხოვრების ფართო კრიტიკული მიმოხილვა, ბუნების სურათების გაცოცხლება, ზოგჰერ მშვიდი და წყნარი, ზოგჯერ ქარიშხლიანი და ბობოქარი, – სრული ანარეკლი პოეტის მოუსვენარი ბუნებისა.