ობობა

რვაფეხა ობობა დამაჯდა გულზე

აბლაბუდები შემომახვია,

შემჭმუხნა და მატირა,

მგუდავდა და მკლავდა

რომ ჰკითხოთ უყვარვარ ობობას

მე ვერ ვკლავ

ცუდი ნიშანია

მხოლოდ ფეხებს თუ მოვაგლეჯ

ეგეც არ გამოდის

მერე ჩემს გულზე დარჩება

უფეხებო, მომაკვდავი

და მატირებს,

გამგუდავს,

მომკლავს

 

ცხრილები, უნივერსიტეტი და მისი ადმინისტრაცია

დავით გოგიშვილის გესტპოსტი 

2005 წელს (დღეს 2011 წლის ოქტომბერია, უკვე), როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენი გავხდი და საზოგადოებრივი გეოგრაფიის სწავლა დავიწყე უნივერსიტეტი ოდნავ განსხვავებული იყო ვიდრე დღეს ანუ მარტივად, რომ ვთქვათ მას მერე ბევრი რამ ნამდვილად არ შეცვლილა. ვეცდები მოკლედ მოვყვე რა არ შეცვლილა, რა მინდოდა შეცვლილიყო და ა.შ.

პირველი რასაც უნივერსიტეტში მისვლისას აკეთებ (და პირველ კურსელის დაბინდული გონება ფიქრობს, რომ ამით პრობლემას პირველივე დღეს გადაწყვეტს) მიდის საკუთარი დეპარტამენტის ოთახთან და იწყებს ცხრილის ძებნას. მეც იგივე გავაკეთე. მივედი და რა თქმა უნდა (თუმცა ამას მაშინ ვერ ვიფიქრებდი) ცხრილი არ დამხვდა… დავიწყეთ ცხრილის ძებნა. შევედით დეპარტამენტის ოთახში (რომელიც ერთადერთი გვქონდა მაშინ, დღეს 4 გვაქვს. თუმცა ესეც თავად დეპარტამენტის დამსახურებაა და არა თსუ-ს ადმინისტრაციის მთლიანობაში) და რას ვხედავ… მაგიდაზე არის გაშლილი დიიიიიდი ფურცელი და მასში ჩვენი დეპარტამენტის ორი თანამშრომელი ქალბატონი ლუიზა და ქალბატონი ლალი წერენ რაღაცეებს. მერე მივხვდი, რომ ეს იყო ცხრილი. ფურცელს ავსებდნენ ფანქრით, რადგან ნამეტანი წინდახედულები იყვნენ და იცოდნენ, რომ ცხრილების შედგენისას არცერთი სპეციალობა ერთმანეთზე არ ფიქრობდა და ყველა ერთმანეთს ექიშპებოდა. შესაბამისად, სტუდენტი მეორე ან მესამე დღეს აღმოაჩენდა, რომ აუდიტორიაში, რომელშიც მას წესით ლექცია უნდა ჰქონოდა ლექცია ან საერთოდ არ ტარდება ან კიდევ 3-4 სხვა სპეციალობის სტუდენტს აქვს კიდევ 3-4 სხვა ლექტორთან ერთად ლექცია. სწორედ ამიტომ ქალბატონი ლალი და ლუიზა წინასწარ დაფიქრდნენ (უკვე მრავალწლიანი გამოცდილების დახმარებით) და ცხრილის შედგენა დაიწყეს ფანქრით, რომ შემდეგ ცვლილებები თუ შევიდოდა ცხრილში იქვე ლამაზად ჩაასწორებდნენ.

ეს იყო პირველ წელს… პირველ სემესტრში… იგივე იყო მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრიც.

მას შემდეგ რაც მესამე კურსზე გადავედი და მესამე კურსის დასაწყებად ჩვენი დეპატამენტისკენ გავეშურე (უკვე ახალ შენობაში ვიყავით და ის 4 ოთახიც უკვე გვქონდა) მივედი და ვნახე ცხრილი. გასული წლებისაგან განსხვავებით ახლა ცხრილი ფანქრით აღარ დგებოდა, არც პასტით, არამედ აკრეფილი იყო word-ში და ამობეჭდის შემდეგ თავსდებოდა კედელზე. ამ ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად ფაკულტეტებს და სპეციალობებს შორის კვლავ გაუგებრობა იყო. ხშირად მაგალითად აუდიტორიას ვერ ვიღებდით იმიტომ, რომ ზოგიერთ სპეციალობაზე აურაცხელი რაოდენობის სტუდენტი აბარაებდა, გაცილებით მეტი ვიდრე საერთოდ იყო საჭირო. იურიდიულზე მაქვს საუბარი. აურაცხელი რაოდენობის სტუდენტებს შესაბამისი ფაკულტეტის ამბიციებიც ემატებოდა და მაგალითად ამიტომ გამოდევნეს ჩვენი ფაკულტეტის ნაწილი მეორე კორპუსიდან. ჰოდა, ვინაიდან ეს აუდიტორიების განაწილება არ იყო დარეგულირებული ცხრილიც იცვლებოდა შესაბამისად. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლებისაგან განსხვავებით ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომლები იმდენად მონდომებულები აღარ იყვნენ და ხშირად პირდაპირ ცხრილში პასტით იყო გადასწორებული აუდიტორიები, რაც მე მგონი მაინცდამაინც კარგი არ არის და სულ რომ არაფერი თვალში გხვდება სტუდენტს.

მეოთხე კურსზე მგონი ის შეიცვალა, რომ ცხრილს ზოგჯერ ერთის მაგივრად ორ (!) ადგილასაც კი აკრავდნენ. ეს ალბათ განვლილი წლების გამოცდილებამ დაანახა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს. მარტივი მისახვედრია, რომ ცხრილი უბრალოდ ერთია და სტუდენტი ბევრი… შესაბამისად დიდი ჯაფა უნდა გაგეწია იმისათვის, რომ ცხრილი დაგენახა ან ცხრილის პირდაპირ მოხვედრილიყავი და ჩაგეწერა (ან 9 საათზე უნდა მისულიყავი უნივერსიტეტში, როდესაც არავინ იქ არავინ არ არის). თუმცა არც ის იყო გამორიცხული, რომ ცხრილში რომელიმე საგანი ვერ გეპოვა. ამის მიზეზი მარტივი იყო – გამორჩათ.

მიუხედავად ამ მწარე გამოცდილებისა (ზემოთ მოყოლილი მხოლოდ 5%-ია იმ სირთულეებისა, რომელიც სტუდენტს ხვდება უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ადმინისტრაციისვე დამსახურებით) მაინც გადავწყვიტე მაგისტრატურაში ჩაბარება. ჩემდა გასაკვირად, მაგისტრატურის უკვე მეორე სემესტრში მომაწოდეს სემესტრის ცხრილი (პირადად მომცესთქო მეგონა) და აჰა გადაიწერეო. თურმე ეს ერთი ასლი იყო მხოლოდ, დანარჩენის ამობეჭდა ან დაეზარათ ან ფურცელი გათავდა ან არ ვიცი რა. თუმცა ეს წინა წლებისაგან გაცილებით კომფორტული იყო… მარა მერე მივხვდი, მაგისტრატურაში ხომ ისედაც ცოტანი ვართ და ასეთი მეთოდით ცხრილის გავრცელება უფრო ადვილია და კედელზე გასაკრავად ზედმეტი ოთხი ჭიკარტის შოვნას არ მოითხოვს.

მაგისტრატრატურა რამოდენიმე თვის წინ წარმატებით დავამთავრე (GPA მაქვს 3.626). ჩავაბარე დოქტურანტურაში. ნაწილობრივ იძულებთ, რადგან მაგისტრატურაში საზღვარგარეთ სწალვის გასასგრძელებლად სქოლარშიფი ვერ მოვიპოვე და ჯარში წასვლაც არ მინდოდა.

დოქტოურანტურანში… ჯერჯერობით არ მინახავს ცხრილი. ამიტომ ის თუ, რა ფორმით მიეწოდება ცხრილი დოქტორანტს ჯერ არ ვიცი. ეჭვია მაქვს, რომ ასეთი რამ საერთოდ ბუნებაში არ იარსებბს და მხოლოდ ზეპირი ისტორიების დონეზე არსებობს.

ამ 6 წლის განმავლობაში, რომელიც ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში გავატარე რამოდენიმე კითხვა მუდამ მაწუხებდა, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ვერც პასუხობდა და ვერც კი ეფიქრა (კაი ხანი), რომ სტუდენტს ასეთი საჭიროებები აქვს და რომ სწორედ ადმინისტრაციაა ის ვისაც შეუძლია სტუდენტს ცხოვრება გაუმარტივოს (ჩვენთან პირიქით ხდება, ადმინისტრაცია მაქისმალურად ართულებს ყველაფერ იმას, რაც მეტნაკლებად ადვილია. მაგალითად სტუდენტის ცნობის აღებას ჭირდება 3 დღე და რომ დაფიქრდე რა საჭიროა ეს სამი დღე ვერ მიხვდები, რადგან თუ „დაჩალიჩდები“ და ოდნავ მოისაწყლებ თავს აღმოჩნდება, რომ ცნობის გაცემა იმ წამსვე შეუძლიათ). მოკლედ კითხვები ასეთი მქონდა (ნაწილია მხოლოდ):

1) რატომ არ შეუძლია უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სხვადასხვა ფაკულტეტებს, რომ ერთმანეთში შეთანხმდნენ და პირველ რიგში მიიღონ იმდენი სტუდენტი, რამდენზეც აუდიტორიები არის გათვლილი და ცხრილების შედგენა დასწრებაზე არ იყოს და მეორე თუნდაც ყველა ეს პრობლემა, რაც ცხრილის შედგენას უკავშირდება სწავლის დაწყებამდე გადაჭრან?;

2) რატომ აკრავენ ცხრილს მხოლოდ ერთ ადგილას და ჰა ჰა ორ ადგილას… ვერ ხვდებიან იმას, რომ ამდენი სტუდენტი სამი ცალი ა4-ის ფორმატის ქაღალდიდან ვერ გადაიწერს ცხრილს? ძალიან რთულია რამოდენიმე ასლის დაბეჭდვა?;

3) რატომ ხდება ისე, რომ საგნის არჩევამდე არანაირი ინფორმაცია (ლექტორის ვინაობის გარდა, ისიც უკეთეს შემთხვევაში… თუმცა შეიძლება ლექტორიც შეიცვალოს) არ მაქვს საგნის შესახებ. რთულია 2-3 აბზაცის დაწერა თუ რას მოიცავს კურსი?;

4) რატომ აგვიანებს ყოვველთვის სილაბუსი, მიუხედავად იმისა (როგორც ვიცი), რომ საგნის კურიკულუმში შეყვანისას აუცილებელია, რომ სილაბუსი თან ახლდეს მას და უკვე გაწერილი იყოს თუ რას გვასწავლის პატივცემული ლექტორი?;

5) იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ფლობს ყველა სტუდენტის ელექტრონულ ფოსტას და მობილური ტელეფონის ნომერს, რატომ არის შეუძლებელი რომ ეს ცხრილები ფაკულტეტის მიხედვით დაიგზავნოს სტუდენტებთან?

6) რატომ არის შეუძლებელი, რომ ცხრილები სპეციალობის მიხედვით დაურიგდეთ სტუდენტებს? ხომ ნათელია, რომ ეს ბევრად იაფი დაჯდება ვიდრე მაგალითად პირველი კორპუსის გარშემო შემოტყუმული საზარელი ღობის ხელმეორედ შეღებვა?

ამ კითხვებზე პასუხი არ მიმიღია არასოდეს. მიუხედავად ამისა პასუხი ყველა სტუდენტს ყოველთვის ქონდა. პასუხი არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა უბრალოდ ეზარება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ფიქრობს, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სტუდენტი. არადა პირიქით არის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვქირაობთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს და რეფერატის შინაარსზე ფიქრის მაგივრად ცხრილების ადგილმდებარეობაზე ფიქრი არ გიწევდეს. დაზარებასთან ერთად ალბათ ადგილი აქვს კვალიფიკაციის არ არსებობას ან ნაკლებობას, ზოგიერთი თანამშრომელი ალბათ საერთოდ ვერ ხვდება რა სჭირდება სტუდენტს და სტუდენტისგან დასმული კითხვებისგან მხოლოდ ღიზიანდება და დასკვნა (თუნდაც შემდეგი სასწავლო წლისათვის) ვერ გამოაქვს.

აი ასე! თავში კი დავწერე ვეცდები ავხსნა რა შეიცვალა, რა არ შეცვლილა და რა მინდოდა შეცვლილიყოთქო, მაგრამ ცოტა გამიგრძელდა ნაწერი და დანარჩენს სხვა დროს დავწერ. სამსახურში ვარ ახლა მაინც და უხერხულია :) )

იოლი წერილი

“არ ვიცი ვინ ხარ?! რა გქვია, სადაური ხარ, ვის ოჯახს ახარებდი და ახარებ შენი პერსონით დღესაც; “დედა” უფრო ადრე თქვი, თუ “მამა”?; 4 წლის წახვედი ბაღში, თუ 5-ის?; იქნებ, საერთოდაც არ გივლია!

სკოლაში “მერხის მეგობარს” უფრო უყვარდი, თუ “უფროსკლასელს”?; სად დაამთავრე უმაღლესი? – ჯავახიშვილი?! – იქნებ “კემბრიჯი”?! :) ????

ჩვენ ხომ ცხოვრების არცერთ ამ ეტაპზე არ შევხვედრილვართ . . . ჩვენი საუბარი ყოველთვის ასე იწყება: “დაიღალე??” . . .

თურმე არ ჰქონია მნიშვნელობა, სად შეხვდები ადამიანს და სად გაიცნობ, მთავარია რამდენად ახლობელი სულის ადამიანს აღმოაჩენ.

სასიამოვნოთ გაოცებული ვარ შენით.

პირველი ნაბიჯი შენი იყო, მიიღე საპასუხოდ ჩემი მოკრძალებული “ამბორი”.

შემიძლია ბევრი ვწერო, მაგრამ არ მინდა ამ ფურცელივით გაიცრიცოს ჩემი სიტყვებიც . . .

იქნებ მეგობრებიც გავხდეთ! (ალბათ ასეც აქვს ჩაფიქრებული “უზენაესს” . . .)

ცხოვრება წინაა . . . ჯერ ბევრი გვაქვს გასავლელი. თუ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე (“იოლის” ეტაპზე) შენნაირი ადამიანი დამრჩება, უფალს მადლობა! . . .

ზრდასრულები ვართ. ვნახოთ რა იქნება შემდეგ . . .

თეო 

—————

თეო კონსულტანტია  ”იოლი”-ს ქსელში და თითქმის ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს, მხიარულად მივიკითხავთ – მოვიკითხავთ ერთმანეთს, ძალიან კარგი, თბილი და საყვარელი ადამიანია.  ამას წინად პატარა საჩუქარი ჩამოვუტანე თურქეთიდან, ძალიან ძალიან გახარებული იყო.

დღეს ეს წერილი დამახვედრა სურპრიზად და მხოლოდ ახლა მოვახერხე წაკითხვა და შემდეგ თქვენთვის გაზიარება.

მადლობა თეოს, უცებ, ერთი პატარა, იოლი წერილით დამაბრუნა ბავშვობაში, ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში :) :)

ღმერთები და არქეოლოგები

არქეოლოგიაზე ორი რამე მახსენდება, პირველი, ბავშვობაში, სოფელში ახალ კარტოფილს როგორ ვიღებდი და სათითაოდ, ფრთხილად, მოპარული კოსმეტიკური ფუნჯით როგორ ვასუფთავდებდი და მეორე, კერამის წიგნი, “ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები”.

ალბათ ყველა არქეოლოგი დამწყები თუ გამოცდილი ოცნებობს მოხვდეს ამ ადგილზე, ან არა მხოლოდ არქეოლოგი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია და გატაცებულია მითოლოგიით, ანტიკური ხანით და არც არის გასაკვირი, ხმელთაშუა ზღვის და პამფილიის რეგიონში მიწის ზემოთ ახლა უკვე ნანგრევების სახით თუ მიწის ქვემოთ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი რამდენიმე ანტიკური ქალაქი მდებარეობს.  შესაბამისად რაც უკვე, პერგეს, პატარას, მირას, ასპენდოსის და ა.შ. გათხრების შედეგად მოპოვებულია სწორედ ანტალიის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში არის დაცული, რომელიც მოიცავს 13 საგამოფენო დარბაზს. ამ დარბაზებში 5000–ზე მეტი ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი, ხოლო დაახლოებით 25000–30000 მუზეუმის საცავებში ინახება.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმ დროისთვის მოპოვებული საგანძური საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან იტალიელებმა, რომლებსაც იმ დროისთვის ოკუპირებული ჰქონდათ ანატოლიის ტერიტორია, მოისურვეს არქეოლოგიური ნიმუშების იტალიაში გატანა. თუმცა გამოჩენილმა თურქმა მხატვარმა და არქეოლოგმა – ოსმან ჰამდი ბეიმ,  თავი აღნიშნული საგანძურის დამცველად, კურატორად გამოაცხადა და იგი გახლდათ პირველი ადამიანი, რომელიც შეეცადა მუზეუმის დაარსებას, ჯერ ალაადინის მეჩეთში, მოგვიანებით ივლი მეჩეთში; ამ ადამიანის დაარსებულია ასევე ანტალიის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც;

საბოლოოდ, მუზეუმი დღევანდელი სახით 1985 წლამდე არ გახსნილა, მუდმივი სამუშაოების, რესტავრაციების და ცვლილებების გამო.

დარბაზი ბავშვებისთვის 

1883 წელი, ოსმან ჰამდი ბეი, არქეოლოგიური გათხრები ნემრუთში, ზევსის ქანდაკების თავი 

Continue reading

ქალაქი კინოფესტივალის მოლოდინში

ქალაქი, სადაც მე ვიმყოფები ახლა, დიდი უმრავლესობისთვის მხოლოდ ხმელთაშუა ზღვასთან, ხუთ ვარსკვლავიან “All Inclusive” სასტუმროებთან და დიდ სავაჭრო ცენტრებთან ასოცირდება. ეს ყველაფერი და ბონუსად თურქული რუჯიც ძალიან კარგია, თუმცა არის კიდევ ბევრი რამ, რაც ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება მავანს გამორჩეს, ასე მაგალითად შეიძლება ვერ შენიშნო სიგრძე–სიგანე გაურკვეველი სავაჭრო ცენტრის წინ მდებარე ვარსკვლავების ხეივანი და თურკერ ინანოღლუს  სახელობის კინო პარკი, სადაც ყოველწლიურად იმართება ანტალიის საერთაშორისო კინო ფესტივალი – ოქროს ფორთოხალი, როგორც აქვე უწოდებენ მას, თურქული ოსკარი.  ფესტივალისთვის ფორთოხალი შერჩეულია როგორც რეგიონის სიმბოლო, ხოლო ქანდაკება ქალღმერთ ვენერას განასახიერებს.

ხეივანის შესასვლელში, თქვენს თვალწინ კინოგადაღების პროცესი იშლება, ერთი შეხედვით თითქოს სრულიად უსულო და უტყვი რკინის ფიგურებით, თუმცა რაღა რკინა, ჯართის გროვიდან ფიცხლად წამომხტარ გადამღებ ჯგუფს უფრო მოგაგონებთ ალბათ.

ხეივანმაც შემიტყუა, მარჯვნივ და მარცხნივ, შავ–თეთრი კინოლენტების სახით აღდგენილია ყოველი წლის ფესტივალის გამარჯვებული ფილმი, მსახიობი ქალი, მსახიობი მამაკაცი . . . დაწყებული 1964 წლიდან დამთავრებული 2009 წლით.

1979 წლის კინოლენტა მხოლოდ შავ ფონზე თეთრი წარწერით მატყობინებს რომ რამდენიმე ფილმს სახელმწიფო ცენზურა შეეხო და შესაბამისად ფესტივალის ორგანიზატორებმა სოლიდარობის ნიშნად ფესტივალი აღარ ჩაატარეს.

 1980 წლის კინოლენტაზე კითხვის ნიშანს დაინახავთ, როგორც მოგვიანებით გავიგე არც არაფერი ჰქონიათ დასაწერი, ეს ხომ ყველაზე სამარცხვინო წელი იყო თურქეთში, 1980 წლის 12 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა; რა დამთხვევაა, გზად,  თურქეთისკენ მიმავალმა გავიგე საინფორმაციო გადაცემიდან, რომ სწორედ ახლა გაიხსნა ანკარაში “სირცხვილის მუზეუმი”,  ამ თარიღთან დაკავშირებით.

და აი ზუსტად 30 წლის შემდეგ, 1979 და 1980 წლის ფილმები წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში ჩართეს, ჟიურის წევრებიც სწორედ ის ვარსკვლავები იქნებიან, რომლებსაც მაშინ, იმ წლებში უნდა გამოევლინათ გამარჯვებულები.

დაჯილდოების ცერემონია ამავე ხეივანში მდებარე ისტორიულ, ასპენდოსის ამფითეატრში გაიმართება, საიდანაც უკვე შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის მუსიკალური ნაწილში მონაწილე ჯგუფების რეპეტიციები, ერთ–ერთი ასეთი რეპეტიციის შემსწრე თავად გახლდით.

ხეივანიდან გამოსვლისას ვენერას, დაახლოებით ათი უზარმაზარი ქანდაკება ვიხილე, მათ ალბათ უკვე ფესტივალისთვის ამზადებდნენ.

საინტერესო ამბავი მაქვს ფემინისტებისთვის, წლევანდელი ჟიური იქნება სრულიად ქალური თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორც ქ. ანტალიის მერმა განაცხადა, ფესტივალის მთავარი თემა, რომელიც 8–14 ოქტომბერს გაიმართება, იქნება “Ve Kadın Dünyaya Dokundu” თარგმანში “. . . და ქალი ეხება სამყაროს” – სახელწოდება, რომელიც პირდაპირ ეხმაურება ქალთა წვლილს მსოფლიო კინემატოგრაფში და  შთაგონებულია 1956 წლის ფილმით “და ღმერთმა შექმნა ქალი”.

ქალაქი ემზადება კინოვარსკვლავების და კინომანების დასახვედრად, ჯერ კიდევ შარშანდელ ფესტივალზე, ანტალიამ 500 000 კინომოყვარულს უმასპინძლა. ფესტივალი იწყება გრანდიოზული მსვლელობით, ვარსკვლავებთან შეხვედრით, კონცერტებით, სამწუხაროა რომ ჩემი აქ ყოფნა ამ დღეებს არ ემთხვევა.

1979 წელი (photos by me)