ადამიანი მოცეკვავედ იბადება. ვერა ოსტატი და ვერც წლები ვერ მოახდენს სასწაულებს და უნიჭო შეგირდისგან კარგ მოცეკვავეს ვერ შექმნის. შეიძლება შეიძინო კონკრეტული ცეკვის ტექნიკა, მაგრამ ვერასოდეს შეიძენ განსაკუთრებულ და გამორჩეულ ტალანტს; ვერასოდეს ვიამაყებ, რომ მე ოდესმე განსაკუთრებულად ნიჭიერი შეგირდი მყავდა. პავლოვა არა ჩემი, არამედ თვით ღმერთის შეგირდია”.
ჯორჯ ბალანჩინი
ბოლო ეპიზოდი
მთელი დღე მუშაობ, ყოველდღე მუშაობ, მთელი წელი მუშაობ, მოდიხარ საღამოს სახლში და ცდილობ რამე აზრიანი გააკეთო, მაგრამ ისეთი დაღლილი და მისავათებული ხარ მშიერი ან მაძღარი მგელიც რომ გეცეს რეაქცია არ გექნება. სამსახურიდან გამოსულს ვიღაც გხვდება გასასვლელთან, ესალმები ისე თითქოს ფაფუკი ღრუბლიდან ახლა ჩამოხტი, იღიმი და მანქანასთან მისული ხვდები მთელი ეს გზა მიმიკურად შერჩენილი ღიმილით როგორ გამოიარე, არადა ნაცნობს რახანია დაშორდი.
მანქანში ჯდები და აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებლად გადიხარ რუტინულ გზას, იმდენად რუტინულს, რომ იქნებ ერთ დღეს საჭეს ხელი გაუშვა და მანქანა თავისით წავიდეს.
აი უკვე სახლშიც მიხვედი და სამი დღის წინ გადმოწერილ ფილმს რთავ; პოლონური ფილმია თანამედროვე ცეკვებზე, მარტივი სახელწოდებით “Kochaj i Tancz”. იმედოვნებ, რომ რთული და დაძაბული დღის შემდეგ, ფილმი სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს, მაგრამ უდიდესია სიამოვნება, როდესაც იმედი მოლოდინს აჭარბებს და უფრო მეტიც, ფილმის შემდეგ ცეკვით იწყებ სუნთქვას. უჯერებ ფილმს და ამის შემდეგ ყოველ ნაბიჯს შენს მეწყვილესთან ერთად ისე დგამ, თითქოს აი სადაცაა ყინულის თხელი ფენა ჩაგიტყდება.
ბოლოსწინა ეპიზოდი
თითქმის ყოველთვის უნდა დაუჯეროთ დიდ მაესტროს, შეიძლება უსმენთ, მაგრამ სათანადადოდ ვერ აღიქვათ ნათქვამი. მე მოვისმინე პინას ნათქვამი – ეს ფილმი არის მათთვის ვინც ცოტა რამ იცის ცეკვის შესახებ. დიახ, ეს სიტყვები კარგად რომ გამეთავისებინა ფილმის შემდეგ უფრო მეტი სიამოვნების განცდა მექნებოდა ალბათ, ვიდრე უკმარისობის. თუმცა საინტერესო იყო ფილმის კონცეფცია – ცეკვას და მოცეკვავეს არ აქვს ასაკი, უასაკოა, დროსთან და სივრცესთან შეზავებული, როგორც იტყვიან მთავარია სულს ეცეკვებოდეს, ან როგორც თავად პინას უყვარდა თქმა, “მე არ მაინტერესებს როგორ მოძრაობ, მე მაინტერესებს რა გამოძრავებს შენ”, დიახ, მთავარია ყოველთვის იყოს მოძრაობის მიზეზი, აუცილებლად წინ მოძრაობის, და აქ უკვე ასაკს, სქესს და თმაში ჭაღარას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ბებერი, გამხდარი, ჭაღარა თმებ ჩამოყრილი შემოეწან იატაკს, სკამს, კედელს და პარტნიორს, თუ კი გაგიმართლა და იპოვე!
პირველი ეპიზოდი
5 წლის ხარ და იწყებ ცეკვას, ორიოდე დღე ისე დადიხარ, მაყურებლად, პატარაა და შეეჩვიოსო, შენ მოგწონს როგორ ცეკვავენ უფროსები, თვალებგაფართოებული, შეუმჩნეველი წერტილი ხარ უზარმაზარ დარბაზში, შემდეგ ნელ–ნელა შენც შეურთდი, მორცხვად როგორც ყოველთვის, შეგაპარეს რაღაც–რაღაც ილეთები, მასწავლებელი ხედავს, რომ კარგად მიყვები, უფრო ართულებს, სრულ ხაზებზე გადადის, ქუსლი, წვერი, ქუსლი წვერი, ვაჰ რა ბედენაა, უკვე ცერებზე დგები და ეს ქუსლი, წვერი და ახტომა ვერა და ვერ გამოგდის, გიჟდება მასწავლებელი, უკვე ორ საათზე მეტია ცეკვავთ, შენც დაიღალე პატარა ხარ, მასწავლებლის მოთმინება პიკს აღწევს, ნერვიულად ბოლთას სცემს, მისავათებულს გახსენდება ჰაერში გაელვებული პარკეტის ნაჭერი და კოჭის ძლიერი წვა, ცრემლებს ყლაპავ და გაფიცხებული, ახალი ენერგიით, ჯინიანად შეუჩერებლად იმეორებ, ქუსლი, ახტომა, წვერი, ქუსლი, ახტომა, წვერი და ასე სულ, ბოლომდე . . . დღეს მოვრჩით გაკვეთილს ბავშვებო, ხვალამდე – იტყვის დაღლილი ქორეოგრაფი და ჩქარი ნაბიჯით გადის დიაგონალზე.
მეორე ეპიზოდი
ხანი გამოხდა, ისევ ცეკვავ, ისევ რეპეტიცია, მოთელვა გაქვთ ძელთან, ერთ მწკრივად, შავ სამოსში გამოწყობილი ხაზი ადის და ჩადის სინქრონში, ფეხი გვერდზე, ფეხი წინ, ხელი განზე, ხელი მაღლა . . უეცრად მუსიკა წყდება, მასწავლებელი მოემართება დიაგონალზე, ჯერ არ იცი რას აპირებს, ფიქრობ რომ რაღაც ილეთს გაჩვენებთ, ახლოვდება, არეალიც ვიწროვდება, მზერა შენზე ფოკუსირდება, ახლა ფიქრობ რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთე და ცალკე გამოგიყვანს საჩვენებლად, ნაბიჯების ხმა შეწყდა, სახე სახესთან, ხვდები რას აკეთებ? – გესმის ხმა, თავს იქნევ უარის ნიშნად, ვერ ხვდები? – უფრო გაბრაზებული, ვერა ჩურჩულებ შეშინებული, ემჩნევათ ვერც სხვები ხვდებიან, მოგვიანებით ჰაერში გაელვებული გაშლილი ხელი გახსენდება, შემოწნული სილისგან ლოყა გეწვის, ვერ ხვდები რა მოხდა, გადააგდე კევა – ისმის ღრიალი. ცრემლები ნიკაპთან გეწვნება, მუსიკა გრძელდება და ისევ აგრძელებთ სინქრონში, ფეხი გვერდზე, ფეხი წინ, ხელი განზე, ხელი მაღლა, ცრემლები ნიკაპთან . .
მესამე ეპიზოდი
წლები გადის შენ წარმატებული მოცეკვავე ხარ, სოლისტი, დიდ სცენაზე გამოდიხარ, ბევრი ტაში გახსოვს, მაგრამ ყოველი გასვლის წინ უფრო ძლიერი ტაშის იმედი გაქვს, დიდია მოლოდინები. ისევ მკაცრი მასწავლებელი გყავს, ახლა უკვე ქალი, ყოველთვის გეჩხუბება, არასოდეს გაქებს, კონცერტზე უსაზღვროდ ბევრი ხალხია, კიბის საფეხურებზე სხედან, გასასვლელებში დგანან, ნემსიც კი არ ჩავარდება იმდენი ხალხია, სამაგიეროდ ერთი ლურსმანი დარჩება სცენაზე, პერსონალურად შენთვის, შენ სოლოს ცეკვავ, სრულ წრეზე გადიხარ ცერებზე, სამ ბრუნს აკეთებ და წუღით ლურსმანს ედები, მთელ დარბაზში ერთადერთ ლურსმანს! ერთმანეთის მიყოლებით ეცემით ძირს, შენ, ნაწნავები და ქუდი, წამიერად სწევ თავს და ეძებ პირველ რიგში მყოფ ქორეოგრაფს, ადექი, ადექი – გესმის მისი ხმა ქვეცნობიერად, წამიერად ხტები და ცეკვავ, ვითომც არაფერი, ეწევი ანსამბლს, ცეკვა სრულდება, დიდი ტაში, ბევრი ტაში!შეშინებული გამოდიხარ და პირველივეს შენს ქორეოგრაფს ეჩეხები, მოემართება გაშლილი ხელებით, შეშინებული, ინერციით უკან ხტები, ის კი, გიხუტებს, მაგრად გიკრავს გულში და გაქებს, პირველად მთელი ცეკვის მანძილზე, ყველაზე მკაცრი ქორეოგრაფი გაქებს! ყოჩაღ, მაგარი ხარ, ვამაყობ შენით . . .
სწორედ მაშინ ხვდები დაცემა ყოველთვის არ ნიშნავს წაგებას, ტალახს, ვარდნას, და რომ ზოგჯერ დაცემა ტაშს და შექებასაც იმსახურებს, მთავარია ღირსეულად ადგე, არ დაიბოღმო და გააგრძელო შენი საქმე ისევ ისე, დაუღალავი ცეცხლით.
—–
Kochaj i Tancz










