პირველად მგონი სკოლაში წავიკითხე ეგნატე ნინოშვილის „პალიასტომის ტბა“, მას შემდეგ ჩემ გონებაში კინოკადრივით დარჩა სცენები მოთხრობიდან, რომლის მიხედვით ფილმის გადაღებაზე დღემდე ვოცნებობ.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე რომ ეს ფილმი პირველად გადაიღო სიკო დოლიძემ, 1963 წელს – „პალიასტომი“ მთავარ როლში გენიალური სერგო ზაქარიაძე.
„პალიასტომს მზის დახედვამ კიდევ უფრო საშიში ფერი დასდო. მთა და მონასტერი ჯერ კიდევ შავად მოჩანდა, რადგანაც მზე ჯერ კიდევ არ მისდგომოდა. წყალს, ჰაერს და არემარეს უსიამოვნო, საიდუმლო ფერი ედო. თითქო მზის შუქს ამოჰყვაო, ქარმა რამდენჯერმე გაიგრიალა პალიასტომზე და გააღვიძა ეს ვეშაპი. “გააგდე ჭოლოკი ხელიდგან, დაჯე ტივზე და მოუჭირე ხელჩასაკრავს!” – შესძახა ივანემ ნიკოს. თითონ კი ლომივით ტრიალებდა, რომ როგორმე ტივი მიეყენებია ნაპირზე. მაგრამ ივანეს ბრძოლა უძლური იყო განძვინვებულ სტიქიონის ძალასთან. ტივს თანდათან აშორებდა ტალღები ნაპირიდან და გაჰქონდა შუაგულისკენ“.
„ . . .მაგრამ, აი აგერ ერთმა ტალღამ ჰკრა, აიყვანა ტივი მაღლა, წამზე უცბად გამოეშალა და ისე დააჯახა წყალს, რომ ვენახი, რომლითაც ტივი იყო შეკრული, ორ-სამ ადგილს გაწყდა; ეს განმეორდა რამდენჯერმე და ტივმა იწყო რღვევა. ეხლა კი დაინახა ივანემ, რომ იღუპებოდა თავიანშვილიანად. ნიკო კი არც რასმე ხედავდა და არც რამესა ფიქრობდა, შიშისაგან გაბრუებულიყო და უაზროდ ჩასციებოდა ტივს. “
„ქარი საშინელის ქუხილით ჰბრუნავდა; მზემ ამოიწია და დაჰყურებდა პალიასტომს, თითქო სეირს უყურებსო, ივანეს ხეები ისე თამაშობდენ ტალღებზე, თითქო დასულდგმულებულან და უხარიათ, რომ თავისუფალი ვართო. ივანეს პატარა ნავიც გარეულიყო ხეებში და მიჰყვებოდა ტალღებს, ხან აღმა, ხან დაღმა. რამდენსამე წამის შემდეგ დამრჩვალი ივანე და ნიკო წყალმა ერთხელ კიდევ ამოიტანა ზემოთ, აჩვენა ქვეყანას და შემდეგ ისევ წაიღო თავის კუპრსავით ბნელ ფსკერისაკენ. “
კადრი ფილმიდან “პალიასტომი” – სერგო ზაქარიაძე








