გაჭედილი მომავალი – TLG Project Fail

ჰმ, როგორც თქვეს საქართველოს მომავალზე ფიქრობენ და მოყარეს ბევრი ინგლისურის მასწავლებელი, აბა მარტო ფიქრი რას უშველის საქმეც თუ არ გავაკეთეთო.

ინგლისურის მასწავლებელი ამ შემთხვევაში ძალიან აბსტრაქტული ცნებაა, მათი შემხედვარე ვფიქრობ, რომ ჩემი ინგლისურის მასწავლებელი საფლავში ტრიალებს, მეორე კი ისედაც დიდი ხანია წასულია, სხვა ქვეყანას ახმარს თავის გენიალურ რესურსებს და კიდევ კარგი რომ არ ესმის და ვერ ხედავს ამ ყველაფერს.

უნივერსიტეტში სწავლის დროს მქონდა შეხება იმ ადამიანებთან, რომლებისთვის ინგლისური ან პირველი ან მეორე მშობლიური ენა მაინც იყო. ეს შეხვედრები ყოველთვის მოკლე ვადიანი და არასასწავლო ხასიათის იყო. ჩემი ინგლისურის მიმართ სხვადასხვა აზრს გამოთქვამდნენ, ერთი კითხულობდა, სად ვისწავლე ასე ინგლისური, მეორე მეუბნებოდა, შენ ისე საუბრობ, როგორც ჩემი და, რომელიც ახლა ლონდონში სწავლობს, მესამე საერთოდ ვერ იჯერებდა, რომ მე მხოლოდ საქართველოში ვსწავლობდი და სხვა ქვეყანაში არ მისწავლია etc.

და არც იყო აქ გასაკვირი არაფერი, მე გენიოსი მასწავლებლები მყავდა, ლარა მაჩაბელი, ალექსანდრე მაჩაბელი, ნონა ქომეთიანი, სულხან ჟორდანია, ეს ის ხალხია, რომელიც ნებისმიერ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანს ფეხებით ჩაკიდებს ლინგვისტურ ორმოში.

საქართველოს მომავალზე მზრუნველთა მიერ ჩამოყვანილი ”უცხოელი მასწავლებლებიდან” რამოდენიმე თუ იქნება რეალურად მასწავლებელი ან ზოგადად ასეთი უნარ-ჩვევების მქონე პირი, მათი უმრავლესობა არის სტუდენტი, რომელსაც უხარია და რომლისთვისაც სხვა ქვეყანაში დროებით მოგზაურობა გართობის და თავისუფალი დროის გატარების ერთ-ერთი სახეა, მისთვის სულერთია პირველ კლასელი თინიკო ან მეორე კლასელი თომა ისწავლის თუ არა ინგლისურს, ან რომელი ინგლისური? რომელიც თავისთვის არ იციან?

კარგია მოგზაურობა და მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამაში ფულს გიხდიან . . .

აღიარეთ რამდენი ქართველი გინახავთ, რომელიც სტუდენტია ან უმაღლესი დამთავრებული აქვს და რამდენ შეცდომას უშვებს წერის ან კითხვის დროს? გაუშვებს მათ ქართულის სასწავლებლად ჩვენი სახელმწიფო სადმე? ან მიიღებს რომელიმე სხვა სახელმწიფო მათ დამახინჯებული ქართულის მასწავლებლებად?

აღიარეთ, ახლა მე – ფილოლოგმა, აქ, ამ ნაწერში რამდენი შეცდომა დავუშვი?

მე არც გავიფიქრებ, რომ ვინმეს, ქართველს ან არაქართველს ქართული ენა ვასწავლო! უბრალოდ არ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვიზრუნო სხვისთვის იმ ცოდნის შეძენაზე, რომელიც მე თავად არ მაქვს სრულყოფილად განვითარებული.

ყველა პრობლემის სათავე არაპროფესიონალიზმია. არაპროფესიონალებმა მოყარეს არაპროფესიონალები, აერიათ დრო და სივრცე.

ყველა ლინგვისტმა კარგად უწყის, რომ მხოლოდ წერით და კითხვით ენა სრულყოფილად  არ ისწავლება, ინტერაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეთვისებული მასალა ინტერაქციის საშუალებით ცნობიერების აქტიურ ნაწილში მოიპოვებს სავანეს, რასაც ინარჩუნებს პერმანენტული აქტივობით და დანამდვილებით გონებრივი სიკეთის მომტანია ორივე მხარისთვის.

მე მაინტერესებს ერთი რამ, როგორი ინტერაქცია უნდა შედგეს უცხოელ მასწავლებელსა და პირველ, მეორე, მესამე კლასელ მოსწავლეს შორის? რა იცის ამ კლასის მოსწავლემ, რაზე უნდა ისაუბროს მასწავლებელთან და რა უნდა დაამახსოვრდეს?

ჩემი ინგლისური მეხსიერება იწყება დაახლოებით მე-9 კლასიდან, ანუ ვგულისხმობ, რომ მაგ დროს ნასწავლი რაღაცეები აქა-იქ მახსოვს.

მე-5 და მე-6 კლასში ნასწავლი გერმანული რამოდენიმე სიტყვის და თვლის გარდა საერთოდ არ მახსოვს, არადა იგულისხმებოდა, რომ კარგად ვსწავლობდი.

ჩემი აზრით, გაცილებით გონივრული ნაბიჯი და უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა აღნიშნული პროექტის მასწავლებლების შეყვანა ბოლო სამ – მე-10, მე-11, მე-12 კლასებში და უნივერსიტეტის 1-ელ, მე-2 კურსზე.

აქ უკვე შედგებოდა ნამდვილი ინტერაქცია, მონაწილე მხარეთა სასარგებლო შედეგით, მათ სასწავლო ურთიერთობას ექნებოდა გამართლება, ამ ასაკის კონტიგენტისთვის ეს იქნებოდა მათ გონებაში უკვე არსებული თეორიის პრაქტიკაში გაშვება.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ივენთს, რა თქმა უნდა აღნიშნული ივენთი შორს იყო სიტყვა ორგანიზებისგან და საერთოდ სოფელში რიგითი ქელეხი ან ქორწილი უკეთესად არის ორგანიზებული, ვიდრე გუშინდელი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მასწავლებლების წაყვანა სიღნაღობაზე, სიღნაღში.

მართალია, მე სიღნაღში დავიბადე, ისიც მართალია, რომ სიღნაღი პატარაა და ბევრი სანახავი არაფერია, მე მაინც მგონია, რომ ამ ხალხს გიდი სჭირდებოდათ, შეიძლებოდა მათ უფრო მეტი დაეთვალიერებინათ და სცოდნოდათ რას ათვალიერებდნენ და  საერთოდ რისთვის იყვნენ ჩამოსული სიღნაღში.

ან იქვე 2 კილომეტრში მდებარე ბოდბის მონასტერი დაეთვალიერებინათ, წყლებზე ჩაეყვანათ და საერთოდ რაღაც მაინც ენახა ამ ხალხს ქორწინების სახლის, ავერსის და პოპულის ქანთრი სტილში გადაწყვეტილი შენობების გარდა.

დასკვნა

TLG Project – fail

Signagi Event – fail

Meeting with friends – success and complete relaxation!

სიღნაღობა და ტაქსები

წუხანდელი ღალატის გამო, ჩემი მანქანა დაისაჯა და დილით სახლიდან ტაქსით წავედი, მძღოლი გუბაზ სანიკიძე იყო, მისგან განსხვავებით ხმა არ ამოუღია, ისე მივედით დანიშნულების ადგილას – სასტუმრო რედისონთან, საიდანაც უნდა გავსულიყავით ავტობუსებით – ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” (“Teach and Learn with Georgia”) პროექტის მასწავლებლები (a.k.a. ყივჩაღები) და ბლოგერები. დაახლოებით 2 საათში ჩავჩაქჩაქდით.
Continue reading

C’est la vie

მანქანა ძლივს დავქოქე, ხმა არ მომეწონა, დილა ცუდად დაიწყო, კარგად რომ მომესმინა მეტყოდა დღეს სახლში დარჩი ნუ წახვალო. მერე სამსახურში ვიყავი, ვიმუშავე, ქაოსურად მიდიოდა, მოდიოდა ხალხი, წრეზე ტრიალებდა ყველაფერი, ჩემი ჩათვლით, ამ ბოლო დროს აჩრდილივით დამყვება დეჟავიუს შეგრძნება. ერთი და იგივე  სულ, სამსახური, სახლი, სახლშიც მუშაობა, ისევ იგივე, თავბრუ მეხვევა. იქნებ ისე დამეხვეს თავბრუ, რომ დედამიწიდან გადავვარდე და სადღაც გავიშალო ვარსკვლავებად, არა მტვრად არა, მე ვიცი, რომ ვარსკვლავებად დავიშლები და მერე სხვებს გავუნათებ გზას დავეხმარები.

მინდოდა ჩემი წრისთვის, რაღაც კუთხე მიმეცა და თან გამეფერადებინა, კინოში წავედი ექვს საათზე იწყებოდა, მაგრამ თარგმანს ვერ მოვრჩი და ერთი საათის დაგვიანებით მივედი, მიყვარს კინო! ფილმი არ იყო შვების მომგვრელი ”The Fountain”, პირიქით უფრო ჩამაფიქრა, დამანაღვლიანა და ვაპირებდი რამე დამეწერა ამაზე . . . აპირებდი კარგია . . . სად არის ეგრე რამე დააპირო და ვინმემ გაცალოს, ისე როგორ შეიძლება რამე ჩაიფიქრო და ფიქრი არ ჩაგიფარცხონ, რამე იოცნებო და ოცნება არ გაგიქარწყლონ, ”ჩვენ ხომ შენთვის კარგი გვინდა”-ს სახელით. მე ვერ ვეგუები შენს მეგობრებს, მეუბნება დედაჩემი და რატომ არის აუცილებელი დედაჩემი შეეგუოს ჩემს მეგობრებს?! უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია, ასაკობრივი ზღვარი, განსხვავებული ინტერესები, მსოფლმხედველობა . . . არ მაინტერესებს მე ეს ყველაფერი, მუდმივი შეთქმულების თეორიები უკვე მაგიჟებს . . . ყველაფერს აქვს დასასრული . . . და ზღვარი .. .

ფილმის შემდეგ მივდიოდით სახლისკენ, მარჯანიშვილზე ხიდზე გადმოვდიოდით, უცებ ჩემი მეგობარი მეუბნება, გააჩერე, ვაიმე, გავიხედე უკანა სარკეში და ვიღაც ახალგაზრდა ზის ხიდზე ფეხები გადაყოფილი და იწერს პირჯვარს, ჩავიდა ჩემი მეგობარი და ელაპარაკება უცნობს, ჩამოვიდა ხიდიდან, რაღაც წერილი ჰქონდა თან, რაღაცას წუხდა, ჩიოდა, ყველგან კარი დამიკეტეს, არსად მიღებენ, ყველგან უარით მისტუმრებენ, აქ თავშესაფარი არ მაქვს, ტვირთის გადაზიდვით ვირჩენ თავს . . . . მოკლედ ამ კაცს სიკვდილი უნდოდა და არ ვაცალეთ . . . მაინც როგორი ეგოისტები ვართ ადამიანები, არაფერს ვაცლით ერთმანეთს, ხან სიკვდილს არ ვაცლით, ხან სიცოცხლეს . . .

აქა იქ ფილმიდან ფრაზები მახსენდება, უკურნებელი სენით კვდება მთავარი გმირი, ქალი, ცოლი, მაგრამ არა დედა, რომელსაც კაცი, ქმარი არ უშვებს, ვერ ელევა, ქალი ეუბნება: ”მე უკვე აღარ მეშინია”, ის მზად არის წავიდეს, ის შეგუებულია, მას უნდა, მოდი აცალე რა სიკვდილი, ნუ ცდილობ გაცოცხლებას და ნუ ამბობ, რომ სიკვდილი დაავადება და მისი მორჩენა შეიძლება და ნუ წახვალ წამლის საძიებლად.

მოდი ვაცალოთ ერთმანეთს სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, მეგობრობა, სიძულვილი და სხვა ათასი ქვენა და ზენა გრძნობა.

ვინ იცის ხიდზე მყოფმა ადამიანმა გაგვაბითურა, იქნებ მოგვატყუა, იქნებ, იქნებ . . . . ათასი იქნებ არსებობს . . . .

სიკვდილი კარგია, მაგრამ გამოსავალი მაინც სიცოცხლეშია . .

მეგობარი სახლში წავიდა, ვიღაც გადარჩა, ვიღაც მოკვდა,  ვიღაც დაიბადა, ვიღაცას ძალიან შესძულდა ან შეუყვარდა . . . ყველას რაღაც საქმე ჰქონდა, თუნდაც სუიციდური . . .

მე კი გიჟივით მოვქროდი და სახლში მეჩქარებოდა,. . .

და წითელზე, რომელზეც თითქმის არასოდეს ვჩერდები, მანქანა ჩაქრა . . . .

წერილი რომელიც იმ ბიჭმა გადმოგვცა – იხილეთ ამ ბმულზე

ბლოგი და საავტორო უფლებები

1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.

2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.

3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.

მუხლი 23, საქართველოს კონსტიტუცია

რასაკვირველია მე ვერცერთ კანონში კონკრეტულად ბლოგინგზე არაფერი მინახავს, ამ მხრივ კანონმდებლობა მოიკოჭლებს. გთავაზობთ ამონარიდებს, განმარტებებს რაც მეტ-ნაკლებად დაეხმარება სხვადასხვა ბლოგებზე მოხვედრილ გზააბნეულ ადამიანებს და მიუთითებს მათ, რომ დაუკითხავად არ უნდა წაიღონ ბლოგზე განთავსებული მასალა, ის მასალა, რომლის ავტორობაზეც პრეტენზია აქვს კონკრეტულ ბლოგის კონკრეტულ მფლობელს.

დავიწყოთ ავტორით, რა არის ან ვინ არის ავტორი?

კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ტერმინს ”ავტორი”  განმარტავს შემდეგნაირად:

ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;

ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა  ??????????

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლი ადგენს: `საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს~.

რა საზომით შეიძლება განისაზღვროს `ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის დონე~? _ ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციისათვის არის დატოვებული. მრავალ პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით მიღებულია, რომ

საავტორო სამართლით დაცვის თვალსაზრისით საკმარისია ნაწარმოები ორიგინალურ ქმნილებას წარმოადგენდეს, ანუ ის კონკრეტული პირის შემოქმედების შედეგი იყოს. სხვა სიტყვებით _ ნაწარმოები `ახალი~ უნდა იყოს. თუ ნაწარმოები სხვა ნაწარმოებს იმეორებს, ბუნებრივია ის საავტორო უფლებებს ვეღარ წარმოშობს _ საავტორო უფლებით პირველი (ორიგინალური) ნაწარმოები ისარგებლებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ნაწარმოების დაცვისათვის დადგენილია კრიტერიუმები _ `ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი~ და `ორიგინალობა~. ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი ზემოთ იქნა დახასიათებული.

კანონი ძალიან ზოგადად გვთავაზობს საავტორო უფლების ობიექტებს:

1. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

2. საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით.

3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

მუხლი 10. ავტორობის პრეზუმფცია

1. პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია,  როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს დებულება გამოიყენება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია.

ბლოგებისთვის საინტერესოდ ეს მუხლიც მეჩვენა:

მუხლი 12. შედგენილი ნაწარმოების ავტორის (შემდგენლის) უფლებები

1. შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.

2. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება.

4. შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავიანთ შედგენილ ნაწარმოებ-თა შესაქმნელად.

ბლოგებიდან მასალის დაუკითხავად აღების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ეს კანონი არ არის მოქნილი მსგავსი შემთხვევებისთვის და რადგან საავტორო უფლებების არეალი ფართოვდება, კანონიც შესაბამისად საჭიროებს განახლებას და მეტ კონკრეტიკას, რათა ბლოგერებმა (ამ შემთხვევაში) შეძლონ და თავი დაიცვან ბლოგიატორებისგან.

დამატებით იხილეთ აქ წიგნი

 

80

ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარს ციფრები/რიცხვები, 9, 300, 100 000 . . . .

ბევრი იდავეს თუ ცოტა, სადავო დარჩა მხოლოდ ერთი საკითხი – სად დავდგათ 80 ქალის მემორიალი, ლისაბონში თუ საქართველოში?

ამაზე ნუ ვიდავებთ! – 40 ლისაბონში დავდგათ და 40 საქართველოში.! :D

Ребята, довайте жить дружно! :D

გრძელი მოკლედ

არა – ბორჯომის ბოთლის დესოვიეტიზაციას!!

კი  - სექსის დესოვიეტიზაციაას!!

 

 

პ.ს. მართალია პოსტი მოკლეა, მაგრამ ჭარბი რაოდენობით შეიცავს იოდიზირებულ მარილს :D

 

საბჭოთა მოდა – N/A

იტყვით ალბათ, რა ამოიჩემა ეს საბჭოთა კავშირიო, მაგრამ დამიჯერეთ იმათზე მეტად არ მაქვს ამოჩემებული, ვინც დღენიადაგ საბჭოთა კავშირის ნარჩენებს ებრძვის უცვლელ წარმოსახვაში.

უბრალოდ ვნახე საინტერესო სტატია, სურათები და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

საბჭოთა მოდა ცოტა არ იყოს ხმამაღალი სათაური გამომივიდა, მაგრამ რაღაცას ხომ იცმევდა ხალხი, იკერებოდა ტირაჟულად, მუშაობდა ქარხნები, უშვებდა ერთნაირ, მდარე ნაწარმს, მაგრამ ასეთ მდარე ტირაჟს ერთ დადებით შტრიხი ჰქონდა – მაშინ უფრო მხიარული, ღია ფერები იყო აქტუალური, შავი ფერი არ სჭარბობდა, როგორც ახლა.

დასავლური ქვეყნების წარმოებული ტანსაცმელი ისეთივე აკრძალული იყო, როგორც ზოგადად დასავლური ღირებულებები. ზედმეტად მოდური ჩაცმულობა დაუშვებელი და საშიშიც კი იყო. რაც შეეხება ქალებს ისინი ძალიან მიმზიდველები არ უნდა ყოფილიყვნენ.

შოკი იყო დიორის ”ულმობელი ჩვენება” მოსკოვის ქუჩებში. მდიდრულ, ძვირფას სამოსში გამოწყობილ დიორის მოდელებს ათასობით უღიმღამო სამოსში გამოწყობილი ადამიანის თვალი უმზერდა.

რას გრძნობდნენ საბჭოთა ქალბატონები?! მათ ხელი არ მიუწვდებოდათ ასეთ ტანსაცმელზე, არა სტილი, არა მოდა, ერთ თარგზე მოჭრილ სამოსში იყო ყველა უტყვად გამოწყობილი, ერთი ქარხნიდან გამოშვებულ თოჯინებს ჰგავდნენ. თვით ლევისის ჯინსიც კი მიუწვდომელ ოცნებად აღიქმებოდა მაშინდელ საზოგადოებაში, რკინის ფარდას გამოსწრებული ნებისმიერი ნივთი რაღაც რელიქვიად მიიღებოდა, რომელსაც რუდუნებით ეპყრობოდნენ და აი სწორედ ასეთ ატმოსფეროში მოაწყო დიორმა მოდური სეირნობა მოსკოვის ქუჩებში.

გადახედეთ ფოტოებს :D

”კასინკები” არ დაგეკარგოთ არსად :D

ტბის სკოლის პოეტები

”ახლოს ბუნებასთან და ბუნებიდან ღმერთთან” – ”ტბის სკოლის” პოეტების დევიზი. ეს იყო ინგლისელ პასიურ რომანტიკოს პოეტთა დაჯგუფება XVIII საუკუნის დასასრულს და XIX დასაწყისში. პოეტები ეტრფოდნენ რაინდულ შუა საუკუნეებს, პატრიარქალურ ყოფას, აღმერთებდნენ ბუნებას, რომელსაც ჯერ არ შეხებოდა ინდუსტრიის მსახვრალი ხელი. უორდსუორთი, ქოლრიჯი და საუთი – ტბის სკოლის სამეული.

როგორ დაიწყო ყველაფერი:

გვიანი საღამო იყო, 1802 წლის აპრილი, ხუთშაბათი, როდესაც უილიამ უორდსუორთმა და მისმა დამ დოროთიმ  პირველად ნახეს ეს ადგილი. ალზუოთერსის გავლით, სახლისკენ მიმავალნი უმშვენიერსმა ლანდშაფტმა შეაყოვნა. როგორც დოროთი მოგვიანებით წერდა: ”ასეთი ლამაზი  ნარცისები არასოდეს მინახავს . . . [ისინი] ერთმანეთში ირეოდნენ, ლივლივებდნენ, ცეკვავდნენ და ისე ჩანდა თითქოს ტბაზე მოლამუნე სიოს ეკისკისებოდნენ”.

დის ეს სიტყვები მოგვიანებით ძმამ, უილიამმა უკვადვყო მის, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთ ცნობილ ლექსში:

”როგორც ღრუბელი ცის ნაზ ტატნობზე

ვხეტიალობდი კენტად, ეულად,

მაშინ შევნიშნე მე ტბის არშია,

ხეების პირზედ, სიოს არშიყად

მიუყვებოდა

მოცეკვავე ნარცისების მთელი არმია.”

(c) თარგმანი

გაზაფხულზე, ოქროსფერი ფურცლებს, ნარცისებს და მათ ზეგავლენას პოეტის შემოქმედებაზე, კრიტიკოსები ადრეული ინგლისური რომანტიზმის განმსაზღვრელ ატრიბუტად თვლიდნენ. უორდსუორთისთვის კი ეს მომენტი კიდევ უფრო აძლიერებდა რწმენას ბუნების შესაძლებლობებში და მათ გავლენაზე  ადამიანის სულზე.  მრავალი პოეტი, მხატვარი და მწერალი სტუმრობდა ტბის რაიონს შთაგონების წყაროს ძიებაში. თავად უორდსუორთი იქ თითქმის 50 წელი ცხოვრობდა, გარდაცვალებამდე. მან და მისმა თანამედროვე პოეტებმა, ასევე ტბის სკოლის წარმოამდგენლებმა სემუელ თეილორ ქოლრიჯმა და რობერტ საუთიმ სახელი გაუთქვეს პატარა გრასმირს, ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველ ადგილად აქციეს, დღეს უკვე ადგილობრივები გრასმირს გრას ვეგასსაც კი ეძახიან.

უორდსუორთის კოტეჯს – მტრედის კოტეჯს კი წელიწადში 65,000-ზე მეტი მნახველი ჰყავს. კოტეჯიდან ქვის სასროლ მანძილზე გაიხსნა ჯერვუდის ცენტრი, სადაც ინახება ინგლისელ რომანტიკოსთა ხელნაწერები, მათ შორის 90% ეკუთვნის უორდსუორთს.    უორდსუორთს ძალიან უყვარდა ტბის მიდამოებში სეირნობა,  დასთან ერთად ის რეგულარულად 16 მილს გადიოდა გრეტა ჰოლამდე, სადაც ქოლრიჯს სტუმრობდნენ. ქოლრიჯის სახლი ახლა კერძო საკუთრებაშია, თუმცა მისი საფლავის მონახულება შეგიძლიათ წმინდა კენტიგერნის ეკლესიასთან ახლოს.

სანამ ტბის რაიონიდან წამოხვიდოდეთ, ალზოუთერსის ჩრდილოეთით, გაუბაროუს პარკს ესტუმრეთ. იქ შეგიძლიათ სწორედ ის ერთ-ერთი ხედი იხილოთ, საიდანაც დაიწყო ყველაფერი: ტბის არშიად, ხეების პირზე, იქნებ გაგიმართლოთ და კვლავაც იხილოთ მოარშიყე ნარცისების ცნობილი არმია.

ჯერემი აირონსი კითხულობს უორდსუორთის ლექსს ”ნარცისები”

ტბა ალზოუთერსი

მტრედის კოტეჯი

უფრო მეტი იხილეთ ამ ლინკზე და სასურველი სასტუმრო თანამედროვე რომანტიკოსებისთვის აი აქ ;)

ხერხი VII

ან იცოცხლებს ან მოკვდება

შანსი შენს ხელთ არის

სიცოცხლის გასაღები კი ხან ვიღაცის ხორხში, ხან უძირო ოთახის ჭერზე

ტყუილი, ღალატი, მლიქვნელობა . . . ეს ის თემებია, რასაც სხვადასხვა ხერხებით ებრძვიან ფილმში.

როგორ დაისაჯნენ რასისტები . .. . ჩვენ შინაგანად ყველა ერთი ფერის ვართ

ყველაზე დიდ ტყუილს რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

არასწორ გადაწყვეტილებებს კიდევ უფრო მეტი . .

ყველა დეტალი სიმბოლურია

ფრთები არავის აქვს, მომპალ ფიცარზე მყარად ვერ დადგები, ვერც უძირო ოთახში ივლი ცერებზე

მთავარი მიზანი

გადარჩი და გადაარჩინე

ხერხს არ აქვს მნიშვნელობა, მიზანს უნდა მიაღწიო !

ორივეს შესრულება ძნელია

დრო არასოდეს არის საკმარისი . . . წამები, წუთები ისე გარბის ვერაფერი ესწრება

კარგად გაეცანი შენს პრობლემებს

შეაფასე შენი პრიორიტეტები

ყოველ დღეს ისე შეხედე თითქოს ის უკანასკნელი იყოს

დააფასე შენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანები

ეს ფრაზები კარგად დამამახსოვრდა ფილმიდან, წინა სერიებს რა თქმა უნდა ვერ სჯობს, მაგრამ დაგაფიქრებთ ბევრ რამეზე, როგორც ყოველთვის;

პ.ს. სამ განზომილებაზე კი გული ნუ დაგწყდებათ, ჩვენი რეალობაც გვყოფნის მრავალგანზომილებაში ;) ;)

უბრალოდ იპოპკორნეთ ან (ივალერიანეთ) და ფილმით ისიამოვნეთ :) :)

 

ოფიციალური ტრეილერი

 

033 გულწასულების მოლოდინში :D :D

ვინც პოპკორნს და კოკა კოლას შეიძენდა ბონუსად ვალერიანის ტაბლეტები ერგებოდა

:D :D

ესეც იქ იყო :D

მე, სოხუმში

ღამე წავედით, მე და ჩემი მეგობარი ნოჩურა, საზღვარზეც ღამე გადავედით, გამთენიისას უკვე სოხუმში ვიყავით, ფეხით მივდიოდით, ციოდა . . . პირველად ვიყავით სოხუმში, დაბნეული და მოწყურებული ადამიანივით ვიყურებოდი აქეთ-იქეთ, საით გამეხედა და რა დამეთვალიერებინა არ ვიცოდი, ხანდახან ვჩერდებოდით, ვისვენებდით და ტელეფონით სურათებს ვიღებდი, არავინ გვიშლიდა, არც არავინ შეგვხვედრია პრინციპში. მხოლოდ ჩვენ მივდიოდით გზაზე, ზღვის ხმაური, მინგრეული გზა, ჩამოშლილი შენობები, ასე მეგონა მეოთხე დონის სიზმარში მოვხვდი, ისე როგორც ფილმში ”დასაწყისი”. სახლები იშვიათი იყო, სულ სასტუმროები, წინა ფასადზე ჩამონგრეული, შიგნიდან კი შედარებით მოწესრიგებული. მივათრევდით ჩემოდნებს, კამერას, შტატივს, ფილმის გადასაღებად ჩამოვედით და ალბათ ასე ორი კვირა დავრჩებოდით.

წვიმა დაიწყო, კოკისპირულად წვიმდა, როგორც იქნა მივადექით იმ სახლს, სადაც გველოდებოდნენ. ხო დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენთან ერთად იყო კატაც, ოღონდ მოგყვავდა თუ მოგვყვებოდა კარგად არ მახსოვს.

დიასახლისი შემოგვეგება, ვკანკალებდით, სიცივე ძვალ-რბილში გვქონდა გამჯდარი, ოთახში შეგვიძღვა, მაგრამ გვთხოვა, რომ კატა ცალკე ოთახში დაგვეტოვებინა მის ძაღლთან ერთად. ცოტა შევცბუნდი, კატა ძაღლთან როგორ უნდა შემეგდო, მაგრამ დიასახლისმა დამამშვიდა, პირველი შემთხვევა არ არის და მორიგდებიანო.

სითბოთი და ცხელი ჩაით ცოტა გონს მოვედით, სახლში კომპიუტერი იყო, სასწრაფოდ ჩავრთე, რომ უკვე გადაღებული სურათები არავის წაერთმია და საიტზე დამედო. დიასახლისს არ გამოჰპარვია ჩემი ნერვიული ფორხიალი და დამამშვიდა, არავინ დაგიშლის გადაღებას და არც არავინ წაგართმევს რამესო. ცოტა გულზე მომეშვა, ჩვენ ხომ აქ მთელი ორი კვირა უნდა გვემუშავა, არავის ვიცნობდით, არც ხალხს, არც გარემოს, მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი, რომ იქ თბილად დაგხვდებოდნენ და იქ გველოდნენ.

მეორე დღეს ადრიანად უნდა გავსულიყავით, ამიტომ ადრე დავიძინეთ, მთელი ღამე ვბორგავდი ნერვიულობისგან, თან მეშინოდა, თან კატაზე ვნერვიულობდი, არ ვიცოდი ხვალ სად მივდიოდით, ვის უნდა შევხვედროდით, როგორ შევხვდებოდნენ, გადმოცემაც არის და გადმოცემაც, წვიმის ხმა სადღაც მიწყდა, არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ან თუ მეძინა საერთოდ.

მაღვიძარამ დარეკა, ყოველ დილით პიაცოლა მაღვიძებს თოლიების და ზღვის ხმაურით, ყოველ დილით მინდა ეს ხმაური ნამდვილი იყოს და მე ფეხშიშველი დავდიოდე ზღვის სანაპიროზე.

მზემ ჩემი საძინებლის ფარდა გადასწია, დაღლილი და შეწუხებული ვახელ თვალებს, ვფიქრობ ჩემს ღამეულ სიზმარზე, აფხაზეთზე, ზღვაზე, ფილმზე, რომელიც ვერ გადავიღე, კატაზე, რომელიც იქ დავტოვე . . . და რატომ ეს ყველაფერი, მე ხომ მხოლოდ ზაფხულობით დასასვენებლად დავდიოდი იქ, მე ხომ არ ვარ აფხაზეთიდან, სადღაც ვიღაც გადაჭარბებულ პათოსში ჩამითვლის ყოველივეს, ვიღაცას გული აუჩუყდება, ვიღაც ჩაიქირქილებს, მე კი ყველას გეტყვით, რომ თქვენ ჩემს სიზმარში იყავით და ჩვენ ყველა ერთად სოხუმში ვიყავით, ეს არის და ეს.

”არ დგები?” საძინებელში შემოდის დედაჩემი.

”კი” ვპასუხობ, და მეც, მთელი ღამის ნამგზავრი და გადაღლილი ისევ ვდგები და სამსახურში მივდივარ.

ჩანაწერს ვუძღვნი ჩემს ყველა მეგობარს აფხაზეთიდან.

17 ნოემბერი, 2010წ.

ჩემი ძროხები, ჭამკვატარა და ლიტერატურა

”სხვა რომ არა იყოს რა, უბრალოდ წარმოუდგენელია, წაიკითხო ყველა მოთხრობა, რომლებიც საქორწილოდ გამომცხვარი უმარილო ხაჭაპურებივით გვანან ერთმანეთს . .”

დუმბაძის წიგნზე ჩამეძინა და დუმბაძის წიგნზე გამეღვიძა, სადღაც შუალედში წაკითხვაც და ძილიც მოვასწარი, რომ გავიღვიძე ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში, მისი წიგნის წაკითხვის შემდეგ კარგი არაფერი რა თქმა უნდა. ხან მინდოდა პრეზიდენტზე დამეწერა რამე, ხან თანამედროვე მწერლებზე ან პოეტებზე, რომლებიც სოკოებით მომრავლდნენ ამ ბოლო დროს და კატეგორიულად ვერ იტანენ ძველ მწერლებს, ის კი არა და ვიღაცამ თქვა კიდეც, მავანი და მავანი მწერალიო (გვარი არ მახსოვს მე მაპატიოს) დუმბაძეს ჩახდისო, პროზაშიო, ვაი თქვენს პატრონს უბედურს! ხშირად აიღეთ დუმბაძის წიგნები და იკითხეთ, ის თქვენ ცოცხალიც გხდიდათ და მკვდარიც გახდილებს დაგატანტალებთ, უფრო მეტიც, გხდით და თან ჩახდილ ტრაკზე წკეპლას გიშხუილებთ!!

მაგრამ, გადავწყვიტე არ დამეწერა დღეს ქართველ მწერლებსა თუ პოეტებზე, რომლებიც უკვე დოხუია არიან და დამეწერა ძროხებზე, დიახ, ძროხებზე, ანუ მომეგონებინა  ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ეპიზოდი.

რა თქმა უნდა ის ძროხა არ წერდა, არც ის და არც ჩემი ნაცნობი სხვა ძროხა არ წერდა, ისინი ძალიან თავმდაბლები იყვნენ, ნუ  ახლა, შეიძლება რომელიმე მათგანი წერდა კიდეც, მაგრამ არ გამოუქვეყნებიათ არაფერი, რადგან ჩემი დაკვირვებით ძროხებს აქვთ ძალიან სქელი შუბლის ძარღვი, რომელიც არ წყდება, ყოველშემთხვევაში მე, შუბლისსქელძარღვგაწყვეტილი ძროხა არ მინახავს.

2 წლის ვიყავი, ქართულად უკვე ვსაუბრობდი, ნუ ბოდლერზე არა, მაგრამ ზღარბო, ზღარბო ქაცვიას და სხვა ქაცვურ ლექსებს მაგრად ვსხლავდი. აქ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო მეორე ენის შესწავლის და პირველად, მთელი ზაფხულის გასატარებლად ბებიასთან, სოფელ ახალ აბასთუმანში გამამწესეს. აქედან დაიწყო ჩემი მეგრული ეპოპეა.

დედა უნდა წასულიყო, ამას როგორც მიხვდებოდი, ნიკაპი კანკალს იწყებდა და ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა თვალთაგან.

დედაჩემი რამდენჯერაც წავიდოდა ჭიშკრისკენ, იმდენი აკანკალდებოდა ნიკაპი.

ასე არ გამოვა საქმეო და ბებიამ ჩემი დაშოშმინების მიზნით წამიყვანა ძროხების და ხბოების ფერმაში, მაშინ იქ ძალიან დიდი ფერმა იყო, მდინარე ენგურის პირას.

”აბა, ჩემო, ჭამკვატარაო (სიტყვის ეტიმოლოგიაზე ახლა ჩავფიქრდი), წავიდეთ ახლა ბევრი, საყვარელი, პატარა ხბოები ვნახოთოოო”.

გზადაგზა თან მახსენდება, რომ დედაჩემი მიდის და მე ვტირი, მაგრამ თან ხბოებიც მაინტერესებს.

მივედით, იქ, ფერმის მენეჯერი (მაშინ რა ერქვა არ მახსოვს) შეხვდა ბებიას, მეც ხელში ამიტატა, უწიპუწიპუწი, რა კარგი ბავშვია, აბა ლექსები მითხარიო და ა.შ. სტანდარტული საბავშვო კურსი ჩაატარა, მაგრამ მე ხომ ასეთი სტანდარტული ბავშვი არ ვიყავი! მე მაინც ვტიროდი და ”სახლში მინდა”-ს გავყვიროდი.

მენეჯერმა (ნუ მე ჩავთვალე, რომ ის როგორც მინიმუმ მენეჯერი იყო) მითხრა, თუ შენ არ იტირებ, და კარგად მოიქცევი, აი ამ ფერმას მთლიანად შენ გაჩუქებო.

შემიყვანა ფერმაში, მომატარა, ვნახე, ძროხები როგორი ნაღვლიანი თვალებით ძოვდნენ ბალახს, პატარა ხბოები, რომელსაც არ უშვებდნენ სადგომიდან, შემეცოდნენ, მე ვთქვი, რომ ყველას გამოვუშვებდი და მოვუვლიდი.

ფერმა მაჩუქეს და დავმშვიდდი, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, 2 წლის ვიყავი და უკვე ჩემი ფერმა მქონდა!!!!

ის დღე იყო და ის დღე, ჩავუჯექი მეგრულ ენას (ვინც მეტყვის, რომ მეგრული ენა არ არის, ჩუანის საცეცხლურზე ჭლიკვით ჩამოვკიდებ და ტრაკზე მოვცხებ დიდ ჩოგანს!), რა თქმა უნდა კარგად ავითვისე, ახლა უკვე ვეღარ გამირკვევია მაშინ გამოვაჟმღავნე პირველად ჩემი ლინგვისტური ნიჭი, თუ სწორედ მეგრულმა ენამ ჩაუყარა საფუძველი ამ ნიჭს?! საინტერესოა.

გამოხდა ხანი, დავბრუნდი თბილისში, მოვიდა შემდეგი ზაფხული და დავბრუნდი ახალ აბასთუმანში.

ბებიას ძალიან გაუხარდა ჭამკვატარას  დანახვა, ჭამკვატარას  კი მისი.

აღარ ვტიროდი.

ყველას ეგონა და ახლა თქვენც გგონიათ, რომ მე ფერმა დამავიწყდა, მაგრამ არა, თქვენ უნდა გენახათ სახლში სტუმრად მოსული ხალხის გაოცება და გადაფიჩინება, როდესაც ამაყად და თამამად წინა წელს ნაჩუქარი ჩემი ფერმა და ძროხები მოვიკითხე; :D :D :D

სწორედ ამ დროს შეიქმნა მითი ჩემი კარგი მეხსიერების შესახებ. ;)

არა, რას დამცინეს, ხომ მაჩუქეს!

პახმელია ვარ და ბორჯომი დამალევიეთ

”ბრალდებულო გიგილო, რას ითხოვთ სასამართლოს ბოლო სიტყვაში, – მიმართა მოსამართლემ.

- პახმელია ვარ და ბორჯომი დამალევიეთ.”

მოდი დავთვრეთ, მოდი დავლიოთ, მიდი დაასხი, არა, რა საჭმელი, მხოლოდ სასმელი.

ყოველ თვე, ყოველ კვირა, ყოველ დღე სასმელზე ფიქრი, ფიქრი, რომელიც უკვე დამოკიდებულებაა, ცუდი ჩვევა, რომლის ტყვეც ხარ. რა არის ეს? პრობლემებისგან გაქცევა? თავის დაღწევა? სითამამის ილუზიის შექმნა? საზოგადოების რაღაც სახასიათო ნაწილში თავის დამკვიდრების საშუალება? ასეთი კითხვები ულევია, უფრო ხშირად კი რიტორიკული, პასუხები ნაკლები და კიდევ უფრო გაურკვეველი.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღვინოში არსებული ჭეშმარიტება ილუზიაა, გარემოც ილუზიურია და შენს გარშემოც ილუზიური ორფეხა არსებები დარბიან, ამ არსებებში მხოლოდ ერთი გენიოსია, ის, რომელიც სვამს, აბა რა! ჭეშმარიტება თუ ღვინოშია, ის ვინც სვამს შესაბამისად ისრუტავს მას და შემდეგ ღაღადებს ამ ჭეშმარიტებას, რაღაც ტრანსფორმირებული სახით, ასე არ არის?  ან წერს.

”ოცი წლის კაცმა ყველა მარკის ღვინო ვიგემე,

ვაგლახ, ცხოვრების მარიფათს, რომ ცუდად მიგებენ!

ზემელზე ვდგავარ დღე და ღამე რუსთაველის ძეგლთან

და, ღმერთო, მაინც უგნურები ძეგლს არ მიგებენ.”

 

და ვიღაც იტყვის, უნდა და დალიოს, თუნდაც ყოველდღე, რა არის ამაში ცუდი?

კი, დალიოს თუ უნდა, უბრალოდ მე გეტყვით რა არის ამაში ცუდი, მერე თქვენ გადაწყვიტეთ.

პონტი

თქვენ სვამთ, რაც დრო გადის, უფრო მეტს და რეგულარულად, ისეც ხდება, რომ ყოველდღიური გეგმები სწორედ სასმელის გარშემო იკერება, დააკვირდით თქვენ თავს, მიდიხართ იქ სადაც პონტია სასმელის, სადაც დღე ან იწყება ან დასრულდება სასმელით, თუ  გეგმიურად არც იწყება და არც სრულდება სასმელით, მაშინ თქვენ ყველანაირად ცდილობთ თავს მოახვიოთ თქვენი აზრები სხვებს და როგორმე გეგმა სასმელით დაასრულოთ – აი ეს უკვე დამოკიდებულებაა! SOS!

ლოთიანად, თავი დაგანებოთ? ჰმ, არავითარ შემთხვევაში! განაგრძეთ კითხვა!

თინეიჯერი

თინეიჯერი, მოზარდი, რომლის სხეული ამ ასაკში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, ჰორმონალური ცვლილებები, ტვინის განვითარება ა.შ. ხასიათის, სხეულის ცვლილებები, თან ეს ის დროა, როდესაც იგი ადაპტაციას ახდენს უფრო და უფრო მეტ მეგობართან, არკვევს ურთიერთობას ბავშვობის მეგობრებთან. უფრო მეტად აწევთ ”მორგების” ან ”ხალხში გარევის” ტვირთი, რათა თავი დაიმკვიდრონ ამა თუ იმ სოციალურ ფენაში.  ეს ძნელია, ვიღაც მიიღებს, ვიღაც არ მიიღებს, გააგდებს, დასცინებს, დაჩაგრავს ან პირიქით, ადაპტაციის შედეგად ვიღებთ სხვადასხვა კომპლექსს, რაც სასმელით კიდევ უფრო გაუგებარ ფორმებს იღებს, უფრო ძნელდება ახალ გარემოსთან შეგუება, მარტოობა, განდეგილობა, შემდეგ მიდის ამ ასაკში გაჩენილი კომპლექსები ჩქმალვა, შენიღბვა, რომელიც სინამდვილეში შეიძლება არც იყოს კომპლექსი, მაგრამ ასე ესმოდეს, რომ ეს კომპლექსია. ამ პერიოდში სასმელი, როგორც ზემოთ ვახსენე, აფერხებს ტვინის განვითარების მნიშვნელოვანი პროცესებს, რაც იწვევს სუსტად, მაგრამ ტვინის კოგნიტურ დაზიანებას და სმის შემდგომ ესკალაციას.

ესკალაცია

ალკოჰოლი, სწრაფად, 5-10 წუთის მანძილზე აბსორბირდება ორგანიზმის მიერ,  მისი გავლენა კი გრძელდება რამოდენიმე საათს, გააჩნია რა დოზა მიიღეთ და რამდენად სწრაფად შეითვისეთ.  ქალები უფრო სწრაფად ითვისებენ ალკოჰოლს, ვიდრე კაცები, რადგან მათი სხეული უფრო მეტ წყალს შეიცავს.  თუმცა ქალებში ალკოჰოლის მიღება უფრო მეტი რისკის მატარებელია, მატულობს სხვადასხვა დაავადების რისკი, როგორიცაა მაგალითად ძუძუს კიბო.  ნაადრევი მენოპაუზა, შეიძლება რაც საშვილოსნოს, ღვიძლის სიმსივნის წინაპირობად იქცეს.

აღელვება, აგრესია, დეპრესია, სუიციდური შეგრძნებები, ეს ალკოჰოლური დამოკიდებულების ფსიქოლოგიური სიმპტომებია. უძილობა, მეხსიერების დაკარგვა, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობის მოშლა, ესენიც დამოკიდებულების მარგალიტებია.

სექსი

იმპოტენცია, ზედმეტი აღგზნებადობა და შემდეგ არაფრის ტრაკის ქონა, სექსუალური ასევე არაფრის არც მომცემი და არც მიმცემი ფანტაზიები, სურვილის გაქრობა;

ახალი სამეცნიერო კვლევებით ალკოჰოლური დამოკიდებულების კლინიკური დიაგნოზი მოზარდებში დაკავშირებულია სექსუალური პარტნიორების სიმრავლესთან, რაც თავისთავად ზრდის ვენერიული დაავადებების, დაუგეგმავი ორსულობის და ჯანმრთელობის სხვა გართულებების რისკს.

”კვლევის ზოგიერთმა მონაწილემ 50 ან 100 პარტნიორი დაასახელა, მიხვედრაც ადვილია და კვლევამაც დაადასტურა, რომ რაც უფრო მეტი სექსუალური პარტიორი გყავს, მით უფრო მეტია ვენარასგან საჩუქრის მიღების შანსი”- აღნიშნავს მედიცინის დოქტორი, პატრისია ქავაზოს-რეგი.

 

—————————————————-

მე დამილევია თუ არა? და საერთოდ აზრზე ვარ თუ არა რა არის სასმელი? მე მეკითხებით?

აა, ხოო კაი . . .

კი, რამოდენიმეჯერ მაგრად ჩავთვერი, ერთხელ ღვინოში, მეორედ არაყში, მესამედ ჩაკიდულში ჩავვარდი.

რატომ ჩამოვთვალე ასე გარკვევით?

ესენი ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო, ამ პოსტის წამკითხავთა შორის ყველაზე დიდი ალკოჰოლიკიც ვერ დალევს იმდენს, რამდენიც მე მაშინ დავლიე.

მოვყვე? რა? სად? როგორ?

ლოთიანად თავი დამანებეთ რა, თითო ამბავს უნდა თითო პოსტი, ეგრე სად არის!

დამიწერია თუ არა რამე სიმთვრალეში?

კი, იხილეთ ”ჩემ შესახებ” :D და არა მარტო ეგ :) :)

ყველაზე ორიგინალური გამიკეთებია?

ნაბახუსევზე მოხარშული სტაფილოთი გამოვედი

სხვა რას გავიხსენებდი?

რამდენი კითხვები გაქვთ, თქვენ ნასვამი ხომ არ ხართ?

 

———————-

”ვსვი აზარფერშით ყურძნის სისხლი შვიდ დღეს კვირაში,

მსურდა მოხვედრა სასამოთხო კაცთა სიაში,

მაგრამ, ჰე, ღმერთო, სამართალი სად არი შენი,

სამოთხის ნაცვლად რად ვიღვიძებ მილიციაში?!”

 

 

მტვერი

ოცნება მტვრისფერია,

უფრო ზუსტად კი, მტვერია

რაც უფრო შორს მიდის

კიდევ უფრო იმტვერება

იზრდება, იგორგლება

ხან შენს წინ მიგორავს,

ხან უკან ჩამორჩება,

ხან აწვები და ხან უკან მისდევ

ქარი შენი მტერია

ან იქნებ მოყვარეც

გიფანტავს მტვრიან ოცნებებს

შენ გახველებს, იხრჩობი

შენს მტვრიან ოცნებებში

დაჭლექიანდი

რა ამბავია ამდენი ოცნება

თავს გაუფრთხილდი,

გადი, გაისეირნე

სუფთა ჰაერზე

ნაძვნარში

მგონი შველის მტვრიან ოცნებებს . . .

 

 

ჩემი პირველი პარტნიორი

დიდი ხანი ვემზადებოდი, წიგნებით, დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმებით, ვიცოდი, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა,  ვიცოდი, რომ მალე შეგხვდებოდი . . . მე მახსოვს და შენც ხშირად გაგიხსენებია ჩვენი პირველი შეხვედრა, დამცინოდი, პირველად, რომ მაკოცე ასე მეგონა ფიჩხის კონა დამეცა ტუჩებზეო და შემდეგ რამდენჯერ გვიცინია ამაზე ერთად.

ძალიან დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი სად წამეღო ხელები, ტუჩებს ნერვიულად ვიკვნეტდი, წარამარა თმებს ვისწორებდი . . . ხან წინ მივდიოდი, ხან უკან ვრჩებოდი, ხმამაღლა და ბევრს ვლაპარაკობდი . . .

რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ მოხდა ის, რაც აუცილებლად მოხდებოდა, პირველი კონტაქტი შედგა, სრულიად გაშლილ სივრცეში, ჩვენ არ ვიყავით მარტო, უკიდურესად დავიბენი, ახლა უკვე მართლა არ ვიცოდი სად წამეღო ხელები, სად კიდევ ფეხები . . . აქეთ-იქეთ ვიქნევდი უაზროდ, ჩამჩურჩულებდი ”ნუ, გეშინია”, ამ ქაოსური მოძრაობებით კინაღამ ამოვტრიალდით, მაგრამ გადავრჩით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ცოტა შენც დაზიანდი, ცოტა მეც, მთავარია სახლში ჩემებმა არ გაიგონ . . .

შემდენ ნელ-ნელა შევეჩვიეთ ერთმანეთს, უკვე ძალიან მომწონდა შენთან, მიფრთხილდებოდი, ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი იყავი, ცდილობდი ურთიერთობის დროს უფრო თამამი ვყოფილიყავი და კარგად გამოგდიოდა ეს! მეც მინდოდა შენთვის სასიამოვნო ყოფილიყო ჩემთან ურთიერთობა, უკვე გასწრებდი კიდეც რაღაცეების მოფიქრებას, ინიციატორი გავხდი და შენ ეს გიხაროდა, რატომაც არა, ჩემი სითამამე ხომ შენი დიდი გამოცდილების დამსახურება იყო.

განსაკუთრებით თბილი და საოცარი ჩემი კრიტიკული დღეების განმავლობაში იყავი, ქალი ხომ ამ დროს ყველაზე მეტად აღგზნებულია ;) ძალიან მიმზიდველი იყავი ამ დროს, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მინდოდა შენთან ყოფნა და შენც ხელებგაშლილი მელოდი, თუ შეიძლება, რომ ამისთვის კრიტიკული დღეები ვინატრო, მაშინ ვინატრებ ხოლმე ხშირად :)

და კიდევ როდის მიყვარდა იცი? როდესაც ძალიან, ძალიან წვიმდა, შეუდარებელი იყო შენთან ურთიერთობა ამ დროს, შენ მხოლოდ ჩემთვის იყავი, მთლიანად ჩემში იყავი . . . და არ მინდოდა რომ ეს დასრულებულიყო . . . წვიმის ხმაური, მე და შენ, ტანში მცრის რომ მახსენდება . . . მენატრება ის დრო . . .

შემდეგ იყო ღალატი, მე გიღალატე, სხვასთან წავედი, შენ იცოდი, გაგებით შეხვდი, მერე რა რომ თვალები აგვიწყლიანდა, მერე რა რომ ერთად საუკეთესო დრო გავატარეთ, მერე რა რომ შენთან ყველაზე დიდ ხანს ვიყავი და ეს დიდი ხანი ჩემი რეკორდია, მერე რა რომ შენ ყველაზე მეტად მიგებდი და ყველაზე მეტად მიტანდი, მერე რა რომ გიყვარდი და ახლაც ასეა, ეს ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, ჩვენ დავშორდებოდით და ვიღაც სხვა გამოჩნდებოდა . . . რაც მოხდა კიდეც . . .

 

ახლა მე უკვე დიდი გოგო ვარ და შენი დამსახურებით საკმარისად გამოცდილი, მგონი დროა ხელის მუხრუჭი ამოვწიო და დრიფტით შევიდე მოსახვევში.

ამ ლინკზე ჩემი პირველი პარტნიორია – დაწკაპეთ :)