სპექტაკლის დროს შევნიშნე იგი, ოდნავ თავის დაკვრით მომესალმა, ანტრაქტის დროს კი მის გვერდით გადავინაცვლე. დიდი ხანი არ მენახა და ვინმეს შემთხვევით რომ არ ეხსენებინა მისი სახელი ალბათ ვერც ვიცნობდი. „ეჰ, რამდენი წელი გავიდა რაც ერთმანეთი არ გვინახავს. როგორ მიფრინავს დრო!“ – შემომეგება გულღიად. ”წლები გვემატება, ვეღარ დავიბრუნებთ ახალგაზრდულ სინორჩეს. გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? ლანჩზე დამპატიჟე მაშინ”. არ ვიცი მახსოვდა კი?
ეს იყო ოცი წლის წინ, მაშინ პარიზში ვცხოვრობდი. მოკრძალებული ბინა მქონდა ლათინურ კვარტალში, ხედით სასაფლაოსკენ და ფულს იმდენს ვშოულობდი, რომ თვიდან თვემდე თავი ძლივს გამქონდა. მან ჩემი წიგნი წაიკითხა და მომწერა ამის შესახებ. მეც საპასუხო – მადლობის წერილი გავუგზავნე, შემდეგ კვლავ მომწერა, სადაც მატყობინებდა, რომ პარიზში გავლით იყო და ჩემთან შეხვედრა სურდა; თან აღნიშნავდა, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქოდა და მხოლოდ მომდევნო ხუთშაბათს ეცლებოდა, დილით ლუქსემბურგის ბაღში გაისეირნებდა და თან შემეკითხა ამის შემდეგ ლანჩზე დავპატიჟებდი თუ არა ფოიოტში. ფოიოტი ეს იყო რესტორანი, სადაც ფრანგი სენატორები დადიოდნენ სასადილოდ თუ სავახშმოდ და იმდენად აღემატებოდა ჩემს შესაძლებლობებს, რომ არც კი ვოცნებებდი იქ შესვლაზე. თუმცა, უკან არ დავიხიე, თავის წარმოჩენა მინდოდა, თან ძალიან ახალგაზრდა ვიყავი საიმისოდ, რომ ქალისთვის უარი მეთქვა. (ძალიან ცოტამ თუ ისწავლა და ისიც უკვე ასაკში, რომ არ მიაქციოს ყურადღება ქალის ნათქვამს); მოკლედ მე ოთხმოცი ფრანკი (ოქროს ფრანკი) მქონდა, რომელიც მთელი დარჩენილ თვეზე მქონდა განაწილებული, ხოლო მოკრძალებული ლანჩი თხუთმეტ ფრანკზე მეტი არ ეღირებოდა. ხოლო თუ ყავაზეც უარს ვიტყოდი მომდევნო ორი კვირის მანძილზე, უფრო იოლად გავიდოდი, მოკლედ, წერილობით ვუპასუხე, რომ ხუთშაბათს, თორმეტის ნახევარზე ფოიოტში შევხვდებოდი.
არც ისეთი ახალგაზრდა აღმოჩნდა, როგორც ველოდი, ვერც მიმზიდველს უწოდებდი; სინამდვილეში, ის გახლდათ ორმოცი წლის ქალბატონი (მომხიბლავი ასაკი, მაგრამ არა ისეთი ერთი შეხედვით და უეცრად რომ აგაღელვებს) და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს უფრო ბევრი თეთრი და ჩამწკრივებული კბილები ჰქონდა ვიდრე სინამდვილეში ესაჭიროებოდა. მოლაპარაკე იყო, შევატყვე, საუბარი უყვარდა, მაგრამ რადგან ჩემს შესახებ აპირებდა საუბარს, მოვემზადე მოსასმენად. როდესაც მენიუ მოგვიტანეს ავღელდი, რადგან ფასები უფრო მაღალი იყო ვიდრე მეგონა. თუმცა მისმა სიტყვებმა დამამშვიდეს.
”ლანჩზე არაფერს მივირთმევ” – თქვა მან.
”რას ამბობთ?” – შევიცხადე გულუხვობის ნიშნად.
”ლანჩზე არაფერს მივირთმევ, გარდა ერთი თავი კერძისა. ვფიქრობ დღეს ადამიანები ძალიან ბევრს ჭამენ. ცოტაოდენი თევზი, ალბათ. ნეტავ ორაგული თუ აქვთ”.
ორაგულის სეზონი ჯერ არ იყო და არც მენიუში ეწერა, მაგრამ ოფიციანტს მაინც ვკითხე ჰქონდათ თუ არა. დიახ, დიდებული ორაგული შემოვიდა დღეს, პირველად. და მეც ცხადია ჩემი სტუმრისთვის შევუკვეთე. ოფიციანტმა ჰკითხა მას, კიდევ რას ინებებდა ვიდრე ორაგული მზადდებოდა. ”არაფერს” უპასუხა მან. ”მე ერთი თავის მეტს არ მივირთმევ, თუ რა თქმა უნდა ხიზილალა არ გაქვთ, ხიზილალაზე თანახმა ვარ”.
გული შემეკუმშა. ვიცოდი, რომ ხიზილალის ფასს ვერ გავწვდებოდი, მაგრამ ამას ხომ არ ვეტყოდი. ოფიციანტს ვთხოვე, რომ ხიზილალა მოეტანა. ჩემთვის კი მენიუში ყველაზე დაბალ ფასიანი კერძი შევარჩიე – ცხვრის ნეკნი.
”ვფიქრობ არასწორად იქცევი ხორცს რომ ჭამ” – თქვა მან. ”არ ვიცი როგორ უნდა იმუშაო იმის შემდეგ რაც ასე ძნელად მოსანელებელ ნეკნებს მიირთმევ”. ”რაღაც არ მგონია ამით გადავიტვირთო კუჭი”.
დადგა სასმელის საკითხი.
”მე არაფერს არ ვსვამ ლანჩზე” – თქვა მან.
”არც მე” – ვუპასუხე სწრაფად.
”გარდა თეთრი ღვინისა” – განაგრძო მან, ისე თითქოს არც გაუგია ჩემი ნათქვამი. ”ფრანგული თეთრი ღვინო ისეთი მსუბუქია და შესანიშნავი საჭმლის მონელებისთვის”. ”რას ინებებთ?” – შევეკითხე თბილად, მაგრამ არადამაჯერებლად. თბილმა და მეგობრულმა ღიმილმა გაიელვა მის თეთრ კბილებზე.
ექიმმა მხოლოდ შამპანურის დალევის ნება დამრთო.
ვიგრძენი, რომ ფერი დამეკარგა. ნახევარი ბოთლი შევუკვეთე. და აღვნიშნე, რომ მე ექიმმა საერთოდ ამიკრძალა შამპანურის დალევა.
”და რის დალევას აპირებ? წყლის?”
მან მიირთვა ხიზილალა, შემდეგ ორაგული. მხიარულად საუბრობდა ხელოვნების, ლიტერატურის და მუსიკის შესახებ. მე კი ანგარიშზე ვფიქრობდი. ხოლო როდესაც ჩემი შეკვეთა – ცხვრის ნეკნები მოიტანეს, მან სერიოზულად დაიწყო ამ საკითხის გარჩევა.
”ვხედავ, რომ მძიმე ლანჩი შენი ჩვევაა. ეს შეცდომაა. რატომ არ მომბაძავ და მხოლოდ ერთ თავ კერძს არ მიირთმევ? დარწმუნებული ვარ უფრო უკეთ იგრძნობ თავს”.
”სწორედ რომ ერთ თავს გეახლებით” – ვთქვი მე, როდესაც ოფიციანტი კვლავ მენიუთი მოვიდა.
მან ჰაეროვანი ჟესტით ანიშნა ოფიციანტს, წასულიყო.
”მე არაფერს მივირთმევ ლანჩზე გარდა ერთი თავისა. მეტი არასოდეს მდომებია და მივირთმევ მხოლოდ იმისათვის, რომ დიდ ხანს ვისაუბროთ. მე მეტს ვეღარ შევჭამ თუ რა თქმა უნდა არ გაქვთ ის ცნობილი და დიდებული სატაცური. ძალიან მეწყინება პარიზი ისე დავტოვო, ეგ რომ არ გავსინჯო”
გული შემიწუხდა. მაღაზიებში მქონდა ნანახი და ვიცოდი, რომ საშინლად ძვირი ღირდა. პირი მიწყლიანდებოდა ხოლმე მათი დანახვისას.
”ქალბატონს, აინტერესებს ხომ არ გაქვთ სატაცური” – შევეკითხე ოფიციანტს.
ყველანაირად შევეცადე მეგრძნობინებინა ოფიციანტისთვის, რომ უარი ეთქვა. მაგრამ ნა მის ფართო, მშვიდ სახეს ბედნიერების ღიმილი მოეფინა და მითხრა, რომ აქვთ ძალიან დიდი, გემრიელი და ქორფა სატაცური.
”ოდნავაც არ მშია” – ამოიხრა ჩემმა სტუმარმა, ”მაგრამ რადგან მთხოვ, ცოტას გავსინჯავ” – და მეც შევუკვეთე.
”არ გასინჯავ ცოტას?”
”არა, მე არ ვჭამ სატაცურს”
”ბევრს არ უყვარს სატაცური. საქმე იმაშია, რომ გემოს იფუჭებ ამდენი ხორცის ჭამით”.
ჩვენ ველოდით სატაცურს. პანიკამ შემიპყრო. უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი მთელი დარჩენილი თვისთვის რა თანხა დამრჩებოდა, მე მხოლოდ ვფიქრობდი მეყოფოდა თუ არა ფული ანგარიშის გადასახდელად. ძალიან დამამცირებელი იქნებოდა თუ ათი ფრანკი მაინც დამაკლდებოდა და ჩემი სტუმრისთვის მომიწევდა ფულის თხოვნა. ამას ვერ დავუშვებდი.
ზუსტად ვიცოდი ჯიბეში რამდენი მქონდა და თუ ანგარიში უფრო მეტი მოვიდოდა, ჯიბეში ხელს ჩავიყოფდი და ყვირილს დავიწყებდი, რომ ფული ამომაცალეს. თუმცა უფრო უხერხული იქნებოდა მასაც რომ არ ჰქონოდა საკმარისი თანხა. მაშინ მომიწევდა საათის დატოვება და დაპირება, რომ დავბრუნდებოდი მის წასაღებად.
როგორც იქნა სატაცურიც მოიტანეს, უზარმაზარი, წვნიანი და მადისაღმძვრელი; მდნარი კარაქის სურნელი ნესტოებში ისე მიღიტინებდა, როგორც იაჰვეს კეთილმსახური სემიტის მიერ აალებული მსხვერპლის სურნელი.
ვუყურებდი თუ როგორ ნთქავდა ეს ქალი დიდ, მადიან ლუკმებად ახალ კერძს, მე კი თან მორიდებით ბალკანეთში მიმდინარე მოვლენებზე ვმსჯელობდი. როგორც იქნა მორჩა.
”ყავა?” შევეკითხე.
”დიახ, მხოლოდ ნაყინი და ყავა” – მიპასუხა მან.
მე უკვე არაფერი მადარდებდა, ასე, რომ ჩემთვის ყავა და მისთვის ნაყინი და ყავა შევუკვეთე.
”იცი, ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ” – თქვა მან, თან ნაყინს მიირთმევდა. ”ადამიანი მაგიდიდან ისე უნდა ადგეს, რომ შიმშილის გრძნობა მიჰყვებოდეს”.
”კიდევ გშიათ?” – შევეკითხე შეძრზუნებულმა.
”ოჰ, არა, არ მშია; იცი მე არ მივირთმევ ლანჩზე. დილით ყავას მივირთმევ, მოგვიანებით ვსადილობ, მაგრამ ლანჩზე მხოლოდ ერთ კერძს მივირთმევ. მე შენზე ვამბობდი”.
”ხოო, გასაგებია”.
შემდეგ საშინელება მოხდა. სანამ ყავას ველოდებოდით, მთავარი ოფიციანტი მოგვიახლოვდა პირზე მლიქვნელი ღიმილით და უზარმაზარი, უგემრიელესი ატმებით სავსე კალათით; ატმები უმწიკვლო გოგონას შეფაკლული ღაწვების ფერით და იტალიური ლანდშაფტის მდიდარი ტონებით.
ატმების სეზონი ჯერ არ იყო, მხოლოდ ღმერთმა უწყოდა მისი ფასი, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით მეც გავიგე, რადგან ჩემი სტუმარი შეჰყვა საუბარს და გაუაზრებლად ერთ ცალს ხელი წამოავლო.
”აი ხომ ხედავ, კუჭი ხორცით ამოივსე” – ჩემი ერთი საცოდავი ნეკნი – ”და სხვას ვერაფერს ჭამ. მე მხოლოდ წავიხემსე და ახლა შემიძლია ატამიც მივირთვა”.
ანგარიში მოიტანეს, გადავიხადე, მაგრამ ოფიციანტისთვის დასატოვებლად მეტად სასაცილო თანხა დამრჩა. ჩემმა სტუმარმა შეხედა იმ სამ ფრანკს, რომელიც ოფიციანტს დავუტოვე და დარწმუნებული ვარ იფიქრა, რომ მე ძალიან ძუნწი ვიყავი.
როდესაც რესტორნიდან გამოვედით ჯიბეში ერთი ცენტიც აღარ მიჩხაოდა, წინ კი მთელი თვე მქონდა დარჩენილი.
”მომბაძე” -მითხრა მან, როდესაც მემშვიდობებოდა ”ლანჩზე ერთ კერძზე მეტი არასოდეს ჭამო”.
”მე უფრო უკეთესად მოვიქცევი” – შევეპასუხე, ”დღეს სადილად არაფერს შევჭამ!”
”ხუმარა” – წამოიძახა მხიარულად და კებში ჩაჯდა. ”დიდი ხუმარა ვინმე ხარ!”
ბოლოს და ბოლოს შური ვიძიე მასზე. არ ვარ ის ადამიანი, ვინც წყენას გულში იბრუნებს, მაგრამ როდესაც საქმეში უკვდავი ღმერთები ერევიან, თვითკმაყოფილების განცდა მეპატიება. დღეს ის 134 კილოს იწონის.

პ.ს. დრო გამოვნახე და კიდევ ერთი მოთხრობის თარგმანი დავასრულე. ცოტა შევყოვნდი ერთი წინადადების გამო, მაგრამ
მადლობა მნათეს