4 წერილი ქუცნას – August

კარგა ხანია არ მომიწერია არა? მოიწყინე არა უჩემოდ? მაპატიე ვერ ვიცლიდი; ძალიან გადავიღალე, ცუდად ვიყავი, ომმა ცალკე თავისი ქნა, ძალიან მძიმედ გადავატარეთ ის დღეები, ჰაერიც კი მძიმე იყო, სუნთქვა მიჭირდა, ადგილს ვერ ვპოულობდი; გალიაში გამომწყვდეულივით ვიყავი, ეს ის შემთხვევაა ქუცნა, როცა გრძნობ თუ როგორი უსარგებლო ხარ, არაფრის გაკეთება არ შეგიძლია მათ დასახმარებლად, უმაქნისი ხარ, უბრალოდ უნდა შეეცადო თავი ხელში აიყვანო და შენი საქმე გააკეთო, შენზე დაკისრებული მოვალება შეასრულო, იმ დღეებში ესეც კი ძნელი აღმოჩნდა; ვცდილობდი პანიკას არ მივცემოდი და მხნედ ვყოფილიყავი, სხვებსაც ასე მოვუწოდებდი, არ მინდოდა შეშინებოდათ და სახლში ჩაკეტილიყვნენ, განა რას ფიქრობდნენ? საკუთარ ქვეყანაში სახლში ჩაკეტილები როდემდე იქნებოდნენ? არ სოფლებში როდემდე დარჩებოდნენ? რა განა მათ, რომ სდომოდათ ყველა კუთხე–კუნჭულს არ მიწვდებოდნენ? ნეტა გენახა ქუცნა ისე დადიოდნენ თითქოს ვიღაცამ მოიპატიჟა და უთხრა თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლშიო . . . ამაზრზენია, როცა ფეხდაფეხ მისდევენ შენს თავმოყვარეობას, შენს პრინციპებს, შენს პატრიოტიზმს, შენს ოცნებებს და მითს დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე . . . . სასაცილოა და უკვე ბანალურად რომ ვთქვათ სასაცილოა სატირელი, რომ არ იყოს . . დიახ, ასეა ზუსტად, აი ასე იბადებიან უცვეთი ფრაზები, რომლებიც ყველა დროში სამწუხაროდ თავისუფლად პოულობენ კვლავ ადგილს.
ყველას რაღაცას იმედი აქვს ქუცნა, მე ესეც აღარ მომწონს და რა ვქნა, იმედი ადუნებს ადამიანს, სიფხიზლეს უკარგავს, მონდომებას აჩლუნგებს და სულ აქეთ–იქეთ გაცეცებინებს თვალებს აბა ახლა ვინ დაგვეხმარება, ვინ შეგვიფარებს და ვინ შეგვაწევს ერთ–ორ სიტყვას ამა და ამ მნიშვნელობის ადგილზეო. ეჰ, რა ასე არ არის? ხომ მეთანხმები ქუცნა? შენ თვითონ თუ არ მიხედე შენს ქვეყანას, სხვა მითუმეტეს არ შეიწუხებს თავს თუ მასაც რაღაც დაინტერსება არ აქვს შენთან და შენს ქვეყანასთან დაკავშირებით; მთავარი რა არის იცი ქუცნა? უბრალოდ ყველამ აკეთოს თავისი საქმე, ის რაც იცის და რაც ესმის, მხოლოდ ასეა შესაძლებელი დინებისთვის ნორმალური კალაპოტის გაჭრა. ასეა ქუცნა, ასე!
დროებით ქუუუუც!
აგვისტო, 2008წ.

3 წერილი ქუცნას

ქუცნა, რაც გეკრძალება ის რატომ გიზიდავს? რატომ გინდა? ინტერესის გამო მხოლოდ? აზარტის გამო? რაღაც თვიკმაყოფილების განცდის გამო? ვინ იციხ . . . იქნებ ასეც არის პირველსაწყისებიდან მოდის ყველაფერი, აკრძალულის ვაშლისებრი ნდომა და სურვილება, ვაშლი გინდა შეჭამო და გაიგო, ვაშლი შეიძლება თავში დაგეცეს და გაიგო . . . მაგრამ, რომ მიიღებ, რომ დაკმაყოფილდები? და მერე რა? გინდა უფრო და უფრო მეტი, შემდეგ სხვა მწვერვალებს ეკეკლუცები, გინდა გააბა შენს მახეში, ცოტა ხნით გაიხარებ, გაერთობი, მაგრამ მერე? მერე რა? დაპყრობილი მწვერვალი, ძირს დაცემული, მახეში გაბმული სილამაზე გხიბლავს? გიზიდავს? უკვე აღარ, იმირომ, რომ მისი მიღება ნებისმიერ წუთს შეგიძლია, შენია და სულ შენთან იქნება, ვერ გრძნობ მის ფასს, თავი ქუდში გაქვს; მაგრამ წამითაც, რომ გაფრინდეს, შეიძლება შენი გული თან გაგყვეს, უცებ იგრძნო მისი დანაკლისი და დააფასო ისე როგორც არასდროს; მაგრამ ეს, რომ უკვე გვიანი იქნება ქუუუც? როცა გაფრინდება ის ხომ უკვე შენი აღარ იქნება? ის ხომ შენთან აღარ დაბრუნდება, შენს გულს წაიღებს თან და თუნდაც შენ ნახო სხვა, შენი გული შენთან აღარასოდეს აღარ იქნება და მუდამ მისი ნატრული იქნები . . .

2 წერილი ქუცნას

ქუცნას გაუმარჯოოოს!!!!!!!!!!!!
ქუცნა, ჩემი ქუცცა, ქუცცცა, მაპატიე ძალიააააააააააააააააან დავთვერი რა . . . ჩემი ტვინის უჯრედები ახლა იზმორებიან, უნდათ რომ გარეთ გამოვიდნენ და თავისუფლების გემო გაიგონ რა . . . მაგრამ განა ასე ადვილია თავისუფლების შეგრძნება, ქუცნა? რა არის თავისუფლება? ის, რომ გავარდები მინდვრად, ტყედ და თითოეულ ბუჩქს, ხეს, ფოთოლს ეტყვი, ჩემი ხარო? გაინავარდებ ისე, რომ ხელს არავინ შეგიშლის? არა და არა ქუცნა! ეს ძალიან მეცოტავება, თავისუფლება დიდი შეგრძნებაა, ეს შეგრძნება გაგიჟებს, გაცეტებს, გაგაფირალებს . . . იცი რა არის? როცა შეგიძლია თქვა ის, რასაც მართლა გრძნობ, რაც გულიდან ამოგდის, რაც შენია და გინდა, რომ სხვისიც გახდეს, სხვას გაუზიარო და შენ განთავისუფლდე . . . როცა გრძნობ, რომ ჰაერს, რომელსაც სუნთქავ შენია, ცას, რომელსაც უყურებ შენია, შენ ბატონობ, შენ მბრძანებლობ ან თუნდაც არ ისუნთქებ, არ დაინახავ, არ შეიგრძნობ . . . როგორც შენ გინდა, გესმის? და რატომ??? ასე გინდა და იმიტომ, თავისუფალი ხარ და იმიტომ; ალუბლის ლიქიორს დალევდა ახლა კაცი სამ მეგობართან ერთად, სულ სხვა გემო აქვს ლიქიორს, რატომ? რატომაც არა, როცა ალუბლისფერ მეგობრულ სულს გაიზიარებ და დათვრები . . . რითი? ლიქიორით არა, შენით შეგრძნებული რემარკისეული სულით, მეგობრული აღმაფრენით და წავიდაააააააააააააა, წავიდა ცხოვრება ქუცნა, მიდის და მიდის .. . არ ჩერდება, გავაჩერო? არც მინდა! დაე წავიდეს! მე რა, მეც ხომ მივდივარ, ზოგჯერ გავრბივარ, ზოგჯერ ვჩერდები, მაგრამ მაინც ხომ ვუსწრებ ქუცნა, მაინც ხომ ვუსწრებ და ვივსებ ჩემს თვითკმაყოფილებას, ვაფრქვევ ადრენალინს, სხვებსაც ვუზიარებ, არ მენანება, მაგრამ მაინც, რომ ვერ მეწევიან ქუცნა?? ერთ შენ მომყვები ფეხდაფეხ და მამხნევებ, ჩემი ხარ ისე როგორც არასდროს და ვიცი, დარწმუნებული ვარ ბოლომდე გამატანინებ, ვიცი ამ ცხოვრებას არ დააჯაბნინებ ჩემს თავს იმიტომ, რომ შენ მხოლოდ შენ იცი მე რა ვარ და რა მოდის ჩემგან . . .

1 წერილი ქუცნას

წერილები ქუცნას 13.02.2008წ.
თვალები რაღაც საეჭვოდ მიელავს ქუცნა . . . რომ ვუყურებ თითქოს მისი სხივი ჩემში ირეკლება და სულ მეღიმება, რომ მახსენდება . . . სასიამოვნოდ მეღიმება. კარგია როცა კარგი კარგი შეგრძნებები გაქვს, ცუდი ის არის, რომ ამ შეგრძნებებს სახელს ვერ არქმევ, მაგრამ განა შეიძლება ეს პრობლემა იყოს, როდესაც ასეთი ბედნიერი ხარ? როდესაც ასე დაფრინავ? და როდესაც ასე გიხარია, რომ ბოლომდე გრძნობ ყველაფერს და კიდევ გინდა, რომ უფრო მეტი შეიგრძნო, გაიგო და გაითავისო მეეჭვება ისე სწრაფად ვთარგმნიდე ხოლმე, როგორც სწრაფად ახლე ეს სიტყვები დაიწერა ქუცნა. არ მინდოდა რამე გამომპარვოდა და სევდიანი თვალები გამეყოლებინა ჩემი სიტყვებისთვის, ჩემი გულისნადებისთვის, ჩემი ნაფიქრალისთვის ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი მომეწერა თუ არა შენთხვის, ახლა გადავწყვიტე, თარგმნის დროს, უცებ, ჯერ ცალკე ფაილშიც კი არ ხარ, აქვე გავაგრძელე და სატენდერო წინადადების ერთ–ერთ პუნქტად მოიაზრები, არ გეწყინოს . . . თუმცა ვიცი მაპატიებ, მაპატიებ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ წერილს მოგწერ და კიდევ იმიტომ, რომ ძალიან ძალიან მომენატრე ქუცნა, შენც ხომ? 